Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია ადასტურებს, რომ ორი მოქალაქე რუსთაველის მეტროსთან მათ დააკავეს


შსს-ის ცნობით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები
შსს-ის ცნობით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები

პოლიცია ადასტურებს რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე - ზანდუკელის ქუჩაზე - ორი მოქალაქის დაკავებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174-ე პრიმა მუხლებით.

პირველი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მეორე კი - შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას, - მათ, სავარაუდოდ, სახის დაფარვას ედავებიან.

დაკავებულები, დემონსტრაციების მონაწილეთა და თვითმხილველთა თანახმად, არიან რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია.

ისინი ზანდუკელის ქუჩიდან წაიყვანეს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა, რომლებიც სამი ავტომობილით იყვნენ; თვითმხილველების თანახმად, მათ არ ჰქონიათ პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.

ამასთან, ჰიუნდაის მარკის მანქანას, რომლითაც, სავარაუდოდ, ისინი მიჰყავდათ, სტანდარტული ქართული სანომრე ნიშნები არ ჰქონდა. მისი ნომერი იყო M.040717.

შესაძლოა, ეს იყო ე.წ. ოპერატიული ავტომობილები.

შსს არ პასუხობს დამატებით კითხვებს, - მათ შორის, რატომ არ ჰქონდათ პოლიციის თანამშრომლებს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები/პოლიციის ფორმა, ასევე, ავტომობილი.

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 52-ე დღეს თბილისში, ფილარმონიასთან დაწყებულ აქციაზე დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, სახეები დაიფარეს. ამ საპროტესტო აქტში რამდენიმე ასეული ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

აქციის მონაწილეები სახეს ნიღბებით, კაშნეებით, „ბალაკლავებით“ თუ პირბადეებით იფარავენ მას შემდეგ, რაც პოლიციამ ამავე აქტისათვის დღეს თემქის პოლიციასთან დააკავა ექვსი ადამიანი, მათ შორის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა გაიკეთა ნიღბები, რომლებზეც მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახეა გამოსახული.

რამდენიმე საათით ადრე თემქის (ამჟამად ზღვისუბნის) პოლიციის შენობასთან მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეები დააკავეს - დაკავებები სახის ნიღბით/კაშნით ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ დაიწყო.

სახის დაფარვა აქციებზე რამდენიმე კვირის წინ აიკრძალა „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG