განახლება: შსს-ის ცნობით, დაკავებულია ექვსი ადამიანი. ისინი პოლიციის შენობიდან გადაიყვანეს, თუმცა ჯერ უცნობია, სად.
გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან მყოფი პოლიციელები დემონსტრანტებს ეუბნებოდნენ, რომ აქციაზე აკრძალულია სახის დაფარვა.
ისინი ჯერ აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილთან მივიდნენ და სახის გამოჩნა სთხოვეს, რასაც მოქალაქე დაემორჩილა და, თვითმხილველთა თქმით, საკუთარი ვინაობაც გააცნო პოლიციელებს, მალევე კი ნიღაბი კვლავ გაიკეთა.
„მე არ ვემორჩილები მაგ აკრძალვას“, - უთხრა მათ გურამ მაცხონაშვილმა, რის შემდეგაც პოლიციელებმა მისი დაკავება დაიწყეს, თუმცა აქციის სხვა მონაწილეები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
ამის მიუხედავად, რამდენიმე წამში იგი, - კიდევ ერთ დემონსტრანტთან ერთად, - ძალის გამოყენებით დააკავეს.
დააკავეს აქციის სხვა მონაწილეებიც, მათ შორის ერთ-ერთს ასევე ეკეთა ნიღაბი. ჯამში ექვსი ადამიანი. მათ შორის გურამ მაცხონაშვილი, მსახიობი თამარ ჩუმაშვილი და თეატრ „ჰამაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე.
პოლიციელების მიერ კარის მარჯვენა ფრთის გაღებისას კარის მინა ჩაიმსხვრა.
„სირცხვილია, გოგოები არიან“, - მოუწოდებდნენ პოლიციელებს აქციის მონაწილეები, თუმცა დემონსტრანტები მაინც დააკავეს.
ადგილზე ათობით პოლიციელი იყო.
დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე დემონსტრანტებთან პოლიციელები მივიდნენ დაჯარიმების მიზნით, რადგან სახეს ნიღბით იფარავდნენ. „მოხდება თქვენი დაჯარიმება“, - უთხრა მათ პოლიციელმა.
თუმცა, სოლიდარობის ნიშნად, პროტესტის სხვა მონაწილეებმაც დაიფარეს სახეები და დაიწყეს სკანდირება: „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.
ამის შემდეგ პოლიციელები უკან გაბრუნდნენ, რამდენიმე წუთში კი დაბრუნდნენ და დაკავებები დაიწყეს.
აქცია, ლოზუნგებით „ძირს პოლიციური რეჟიმი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - სარაჯიშვილის მეტროდან დაიწყო და მსვლელობა თემქის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებასთან მივიდა.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი