ევროკავშირის თანამდებობების ბედს 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურები და მთავრობები გადაწყვეტენ დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებებში. ეს საკითხი 17 და 27 ივნისისთვის დაგეგმილ ორ სამიტზე უნდა გადაწყდეს. საკმაოდ რთული ამოცანაა - შერჩეული კანდიდატები უნდა ასახავდნენ გენდერულ ბალანსს, განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვას (პანევროპულ პოლიტიკურ პარტიებს ხშირად ყოფენ მემარჯვენე-ცენტრისტულად, მემარცხენე-ცენტრისტულად და ლიბერალურად) და გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას, თუმცა ამ უკანასკნელის მიღწევას ევროკავშირის წევრები ხშირად ვერ ახერხებენ.
ტრადიციის თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტი შეირჩევა იმ პოლიტიკური ჯგუფიდან, რომელიც ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს 6-9 ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებში. ბოლო ოთხი არჩევნების დროს ეს პარტია ევროპის სახალხო პარტია (EPP) გახლდათ. გამოკითხვების თანახმად პირველ ადგილს ალბათ ახლაც ის დაიკავებს. მათი წამყვანი კანდიდატი, რომელიც გასულ კვირას ბუქარესტში ჩატარებულ კონგრესზე აირჩიეს, ურზულა ფონ დერ ლაიენია. ლოგიკური იქნება, რომ მან კიდევ 5 წლით უხელმძღვანელოს ევროკომისიას.
თუმცა, ახლა უნდა განვიხილოთ რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ნატოს გენერალური მდივნობის კანდიდატები და „გაბრაზებულები აღმოსავლეთიდან“. ვითარება საკმაოდ ჩახლართულია და ახლა მასში გარკვევა უნდა ვცადოთ.
ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა ოფიციალურად არ მიეკუთვნება ევროკავშირის პოსტებს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან 23 სამხედრო ალიანსის წევრიც გახლავთ და ნატოს გენერალური მდივანი ევროპელი უნდა იყოს. შესაბამისად, ეს ორი ორგანიზაცია ერთ „პოლიტიკურ აუზში თევზაობს“. წყაროები ამბობენ, რომ ნატოს სურს პრეზიდენტი აპრილში შეარჩიოს, ივლისში დაგეგმილ ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე კარგა ხნით ადრე და მანამ, ვიდრე ნატოს თანამდებობის საკითხი გადაიხლართება ევროკავშირის ამბებში.
რამდენიმე კვირის წინათ ყველაფერი მოგვარებული ჩანდა. ალიანსის მთავარი წევრები - აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი („ოთხეული“) და კიდევ 17 ქვეყანა, რომლებიც ძირითადად დასავლეთს წარმოადგენენ - ნიდერლანდის პრემიერის, მარკ რუტეს გვერდით დადგნენ. ის მალე თანამდებობას ტოვებს და მიიჩნევა, რომ გამოცდილი, „უსაფრთხო“ კანდიდატია, რომელიც ვაშინგტონშიც მოსწონთ და დონალდ ტრამპთან ურთიერთობაც კარგად გამოსდის. ყველასთვის მისაღები კანდიდატი ჩანდა, ვიდრე აღმოსავლეთი გამოხატავდა უკმაყოფილებას.
„აღმოსავლეთი“ ამ შემთხვევაში არც მაინცდამაინც გეოგრაფიული ცნებაა და არც პოლიტიკური. ლაპარაკია საბჭოთა ბლოკის და იუგოსლავიის ყოფილ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში ბოლო 25 წლის განმავლობაში გაერთიანდნენ - ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. (ნატოს შემთხვევაში მათ ალბანეთი, მონტენეგრო და ჩრდილოეთი მაკედონია ემატებათ.)
ნატოს არცერთი გენერალური მდივანი ამ ქვეყნებიდან არ ყოფილა. 2019 წელს, როდესაც ევროკავშირმა სამი ლიდერი აირჩია, აღმოსავლეთი ფლანგი სრულებით უგულებელყვეს. ერთადერთი „აღმოსავლელი“, რომელსაც ბრიუსელის უმაღლესი თანამდებობა სჭერია, პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერი დონალდ ტუსკი გახლავთ, რომელიც 2014-2019 წლებში ევროსაბჭოს მეთაურობდა. 2024 წელს ოთხიდან ერთი თანამდებობა მაინც ნამდვილად აღმოსავლეთით უნდა წავიდეს.
იოჰანისმა ამიტომაც გადაწყვიტა თამაშში ჩართულიყო. ნატოს უკვე სამი ჰოლანდიელი გენერალური მდივანი ჰყავდა. ნიდერლანდს უჭირს თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ის დახარჯვა - რაც უკვე ათ წელზე მეტია ნატოს ამოცანაა - აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის რუმინეთი კი, ამას ახერხებს. ამასთან, რუტე, მართალია, მხარს უჭერდა უკრაინას 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, მაგრამ მიიჩნეოდა, რომ მას რუსეთის მიმართ უფრო „რბილი“ მიდგომა ჰქონდა. ამის მაგალითია მისი მხარდაჭერა „გაზპრომის“ Nordstream 2-ის მიმართ. ბევრი „აღმოსავლელი“ კი ყოველთვის ლაპარაკობდა კრემლიდან მომავალი საშიშროების შესახებ. ახლა მათი სიმართლე დადასტურდა.
მიიჩნევენ, რომ რუტე მაინც შეძლებს გამარჯვებას. რთულია „ოთხეულს“ გვერდი აუარო და ისინი უკანდახევას არ აპირებენ. იოჰანისის გადაწყვეტილებამაც ბევრი გააღიზიანა - ახლა პროცესი შეიძლება კიდევ რამდენიმე თვით გაიწელოს. ზოგმა იმაზეც იქირქილა, რომ მის მიერ 13 მარტს „პოლიტიკოში“ წარდგენილი ათპუნქტიანი გეგმა იმეორებს ისეთ რამეებს, რასაც ალიანსი უკვე ისედაც აკეთებს.
აღმოსავლეთის წარმომადგენელი რამდენიმე ქვეყნის დიპლომატს ველაპარაკე, რომლებმაც თქვეს, რომ არ გააჩნდათ პოზიცია რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით. საკითხავი ისაა, გამოიკვლია თუ არა იოჰანისმა თავისი პოპულარობა გადაწყვეტილების მიღებამდე. თუმცა, კიდევ ორი ფაქტორი არსებობს.
პირველი ფაქტორი ერთსულოვნებაა. ნატოს 32-ვე მოკავშირე თანახმა უნდა იყოს. უნგრეთმა კი უკვე მიანიშნა, რომ რუტეს წინააღმდეგია. წლების განმავლობაში ჰააგა და ბუდაპეშტი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ძირითადად უნგრეთში კანონის უზენაესობის საკითხთან დაკავშირებით. თურქეთს პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა ანკარასაც ჰქონდა პრობლემები რუტესთან. რამდენიმე წლის წინ თურქეთმა ჰოლანდიაში პოლიტიკური მიტინგების ჩატარება სცადა, რის შემდეგაც ჰააგამ თურქი ოფიციალური პირების იქ ჩასვლა აკრძალა. როგორც ნატოს ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა მითხრა ცოტა ხნის წინ: „თურქეთმა და უნგრეთმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით აჩვენეს, რომ მზად არიან იბრძოლონ, რათა მიიღონ ის, რაც სურთ“. საკითხავია: იოჰანისი უნდათ? თუ უბრალოდ ნებისმიერი, ვინც რუტე არ იქნება? იქნებ ვიღაც მესამე კანდიდატი არსებობს, ვის შესახებაც ჯერ არ ვიცით?
მეორე საკითხი კი ესაა: იქნებ იოჰანისმა თავისი კანდიდატურა იმისათვის წამოაყენა, რომ სინამდვილეში ევროკავშირში სურს თანამდებობის დაკავება?
ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ იოჰანისი EPP-ს წევრია. თუ, როგორც მოსალოდნელია, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი გახდება, რომელიც ასევე EPP-ს წარმოადგენს, ამ პარტიის სხვა წარმომადგენელს ძალიან გაუჭირდება დარჩენილი თანამდებობებიდან რომელიმეს დაკავება. ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილზე სავარაუდოდ მემარცხენე-ცენტრისტები გავლენ და მოითხოვენ საბჭოს ან საგარეო პოლიტიკის გაძღოლას. ლიბერალებს ან უფრო კონსერვატიულ ევროსკეპტიკოსებსაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია რომელიმე თანამდებობაზე, იმის მიხედვით, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები.
ამგვარად, ისმის შეკითხვა: ხომ არ უპირისპირდება იოჰანისი თავის თანაპარტიელ ფონ დერ ლაიენს? ის კომისიის წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევა, განსაკუთრებით უფასებენ კიევის მტკიცე მხარდაჭერას. თუმცა, ბრიუსელში მასზე ცუდსაც ლაპარაკობენ. ზოგი ქვეყნის წარმომადგენლის აზრით, მან კომისია მეტისმეტად გააძლიერა, თავადაც ავტორიტარია და სხვა კომისრებს თავის გამოჩენის შესაძლებლობას არ აძლევს. ევროპარლამენტის საკითხიც გასათვალისწინებელია. კომისიის პრეზიდენტი უმრავლესობამ უნდა აირჩიოს. წინა ჯერზე ფონ დერ ლაიენმა სულ რაღაც 8 ხმით გაიმარჯვა. ახლა, როგორც მესმის, საქმე კიდევ უფრო წკიპზე იქნება. იქნებ ეს იმას ნიშნავს, რომ კონსენსუსის კანდიდატი უნდა შეირჩეს? შეიძლება, რომ ეს კანდიდატი იოჰანისი გახდეს?