Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუდა


იესოს ცხოვრებაში მოხდა ორი სკანდალური ფაქტი, რომლებმაც დიდი დაღი დაასვა ქრისტიანთა პირველ თაობებს. პირველი დაკავშირებულია იესოს სიკვდილით დასჯის მეთოდთან და მეორე - იუდას გაცემასთან. სხვათა შორის, ეს ორი სკანდალი იესოს ისტორიულობის ფაქტს ადასტურებს - აბსურდია, ახალი აღთქმის ავტორებს გამოეგონებინათ ასეთი არასახარბიელო გარემოებები.

რომაულ ეპოქაში ჯვარცმით სიკვდილით დასჯა განკუთვნილი იყო მონებისა და ძალზე სახიფათო დამნაშავეებისათვის. საკმარისია წავიკითხოთ პავლე მოციქულის კორინთელთა ეპისტოლეს პირველი თავი, სადაც პავლე ჯვარცმულის თაყვანისცემას სიშლეგეს ადარებს, რომ მივხვდეთ, თუ რა სახის სკანდალთან გვქონდა საქმე.

იუდა ისკარიოტელი იყო იესოს ერთ-ერთი რჩეული. იუდას მიერ იესოს გაცემამ საგონებელში ჩააგდო ქრისტიანები და საუკუნეების განმავლობაში მისი მოტივაციის მრავალი ვერსია წარმოშვა.

იუდა - კაცი რომელმაც 30 ვერცხლის გამო გაყიდა იესო! რა დგას ამ მარადიული მითის უკან? ვინ იყო იუდა? რა ამოძრავებდა ისკარიოტელს?

მარკოზის, ყველაზე ადრინდელ, სახარებაში ავტორი არ ხსნის, თუ რა ამოძრავებდა იუდას - ის ისკარიოტელს უბრალოდ „იესოს გამცემს“ უწოდებს (მკ. III, 19; XIV, 10-11, 18, 21, 42). მათეს სახარების მიხედვით (რომელიც დაწერილია მარკოზის სახარების რედაქციიდან სულ ცოტა 20 წლის შემდეგ), იუდას ღალატის მიზეზი ანგარება იყო (მთ. XXVI, 14-16). იოანეს სახარებაში (რომელსაც დაახლოებით 20 წელი აშორებს მათეს სახარების რედაქციისგან), იუდა იყო არა მარტო ხარბი, არამედ ქურდიც (იოან. XII, 6).

ამასთან ერთად, ლუკა (XXII, 3) და იოანე (XIII, 27) აზუსტებენ, რომ „სატანა შევიდა იუდაში“ - ფაქტი, რომელიც ნაწილობრივ მაინც ათავისუფლებდა იუდას პასუხისმგებლობისგან, რადგან იგი ხდებოდა მხოლოდ მედიუმი, ვისი საშუალებითაც სატანა შეეცადა, ღმერთის გეგმას წინ აღსდგომოდა. სხვათა შორის, იუდაში სატანის შესვლის უკან „თეოლოგიური რაციონალიზმი“ იდგა - ამგვარად სახარების ავტორები ხაზს უსვამდნენ, რომ იუდას საქციელი იყო არა ისტორიული შემთხვევითობა, არამედ სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის შედეგი.

II-III საუკუნეების გნოსტიკურ ტექსტებში იუდა ხშირად წარმოჩენილია იესოს საყვარელ მოწაფედ: მაგალითად, „იუდას სახარების“ მიხედვით, იესოს გაცემით იუდა ცაში მის დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

III-V საუკუნეების ქრისტიანი ინტელექტუალებისათვის იმდენად ძნელი იყო აღიარება, რომ ღალატი იესოს ინტიმური წრიდან მოდიოდა, რომ ყველანაირად ცდილობდნენ, იუდა გაემართლებინათ. მესამე საუკუნის პირველ ნახევარში ეკლესიის მამა ორიგენე (185-254) ორ მოსაზრებას განავითარებს: პირველი ვერსიის მიხედვით იუდა მოქმედებდა იესოს განკარგულებით და მისი მისია იყო, იესოს სიკვდილით დასჯა გამოეწვია (ორიგენეს ეს ვარაუდი ერთგვარად იმეორებს „იუდას სახარების“ ვერსიას). მეორე ჰიპოთეზის მიხედვით (რომელიც ძალიან წააგავს ლუკას და იოანეს სახარებებს), დემონი შევიდა იუდაში იმ პურთან ერთად, რომელიც ისკარიოტელს იესომ აჭამა. ეს ვერსია ისკარიოტელს არა მარტო ათავისუფლებდა ანგარიშვალდებულებისაგან, არამედ იესოს პასუხისმგებლობაზე მიანიშნებდა.

ბიბლიის ლათინურ ენაზე მთარგმნელი წმინდა იერონიმე (347-420) თავის მეგობარ რუფინუსს, ასევე მთარგმნელსა და თეოლოგს, წერილებში მოფერებით „იუდას“ ეძახის, რაც მიგვანიშნებს, რომ ისკარიოტელის სახელი მთლად დასაძრახი ჯერ კიდევ არ იყო ეკლესიის მამებისათვის.

საინტერესოა იერონიმეს თანამედროვე ნეტარი ავგუსტინეს (354-430) დამოკიდებულება იუდას მიმართ: „ღვთის ქალაქის“ პირველ წიგნში ის მთელ თავს უთმობს იუდას და ისკარიოტელს გმობს არა იესოს გაცემისათვის, არამედ თვითმკვლელობის გამო. თვითმკვლელობა, ავგუსტინესთვის, ერთადერთი ცოდვა იყო, რომლის მიტევება არ შეიძლებოდა და რომელიც იუდას საბოლოოდ აქცევდა დამნაშავედ.

ავგუსტინესგან განსხვავებით, მისი თანამედროვე იოანე ოქროპირი (349-407) ყურადღებას მიაქცევს იუდას წარმომავლობას. კონსტანტინოპოლის პატრიარქის აზრით, იუდას სიხარბე მისი ებრაელობით იყო გამოწვეული (თითქოს ან იესო ნაზარეველი, ან სხვა მოწაფეები, ებრაელები არ იყვნენ). იოანე ოქროპირი ამგვარად საფუძველს ჩაუყრის ქრისტიანული ანტიიუდაიზმის ერთ-ერთ ნაირსახეობას, რომელიც ებრაელებს ფულის განსაკუთრებულ სიყვარულთან გააიგივებს.

მე-17 საუკუნეში ინგლისელი დიდი პოეტი და თეოლოგი ჯონ დონი დაუბრუნდება იუდას თვითმკვლელობის საკითხს, რათა დაასკვნას ავგუსტინეს წინააღმდეგ, რომ იუდას თვითმკვლელობა მისი მონანიების აქტი იყო. ჯონ დონის მიერ ახლებურად დანახული იუდა შექმნის ახალ თავს ხელოვნების ისტორიაში: ხდება რა მონანიების ჭეშმარიტი სიმბოლო, რემბრანდტის იუდა (იუდა აბრუნებს 30 ვერცხლს) სრულად უარყოფს ავგუსტინეს ინტერპრეტაციას: მუხლმოდრეკილი, თავდახრილი, ხელებშეკრული იუდა ბიბლიურ იობს გვაგონებს ჰოლანდიელი ფერმწერის ტილოზე. იმავე ცვლილებას ვხედავთ სასულიერო მუსიკაში: რემბრანდტის თანამედროვე გერმანელი კომპოზიტორი ჰაინრიხ შიუცი ციკლში იესოს ვნებების შესახებ, იუდას არიებს დაწერს ალტისთვის, ხმისთვის, რომლისთვისაც მხოლოდ იესოს არიები იწერებოდა.

მე-18 საუკუნიდან მოყოლებული იუდას მოტივაციის ინტერპრეტაცია ისტორიკოსების საყვარელი თემა გახდება. ერთი ვარაუდის მიხედვით, იუდას გაცემის მიზეზი იყო იესოს ძალადობრივი აქტი იერუსალიმის ტაძრის მიმართ (მკ. XI, 15-16): იუდამ ვერ აიტანა იესოს მიერ იმ ადგილის შებღალვა, რომელიც ებრაელებისათვის წარმოადგენდა არა მარტო რელიგიურ თუ ეროვნულ სიმბოლოს, არამედ ადგილს, სადაც ღმერთი მკვიდრობდა. სხვათა შორის, მათეს სახარება მოწმობს (მთ. XXIII, 21), რომ იესოც განიხილავდა იერუსალიმის ტაძარს ღმერთის სასუფევლად.

კიდევ ერთი ჰიპოთეზა საუბრობს იუდას იმედგაცრუებაზე. ამ ვერსიის თანახმად, გახდა რა ერთი თორმეტთაგანი, ხედავდა რა იესოში ღვთის ხელს, იუდა იმედოვნებდა, რომ ნაზარეველი იხსნიდა ისრაელს უღმერთოთაგან. და მიუხედავად იმისა, რომ იესო ბევრს საუბრობდა ღმერთის სასუფევლის მოსვლაზე და ისრაელის განთავისუფლებაზე, ის არაფერს აკეთებდა მის დასაჩქარებლად და მხოლოდ ხალხის განკურნებით და, შესაბამისად, პოპულარობის მოხვეჭით იყო დაკავებული. და ასე, იესოში განხიბლული იუდა გადაწყვეტს საკუთარი მასწავლებლის გაცემას.

კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, იუდა იმედოვნებდა, იესოს გაცემით და მისი სიკვდილით დასჯით გამოეწვია ღვთაებრივი ჯარების ჩარევა ისტორიაში, რათა ამგვარად დაეჩქარებინა ისრაელის განთავისუფლება რომაული ოკუპაციისგან.

მოკლედ, საუკუნეების მანძილზე იუდას პიროვნება არაერთი თეოლოგის, მწერლის, ფერმწერის თუ კომპოზიტორის შთაგონების წყარო გახდა. მათ შორის მოიძებნება ისეთი „ეგზოტიკური“ პერსონაჟებიც, როგორიც იყო ჰიტლერის მთავარი პროპაგანდისტი იოზეფ გებელსი, რომელიც ხუთაქტიან პიესას დაწერს იუდაზე.

ამგვარად ლიტერატურა თუ ფერწერა უზარმაზარ პროპორციებამდე გაბუქავს იუდას პიროვნებას და სულ დაგვავიწყებს, რომ მის შესახებ მხოლოდ სამი ფაქტი ვიცით: 1. იესომ აირჩია იგი თორმეტიდან ერთ-ერთად; 2. მან გასცა იესო და 3. სახარებების ავტორებმა არ დამალეს ეს ორი გარემოება.

მე ზუსტად ეს უკანასკნელი მხიბლავს ამ ისტორიაში: აღიარო, რომ ღალატი მოდიოდა ყველაზე ახლო წრიდან - უდიდესი ისტორიული სიმამაცის გარდა ამ მოვლენას სხვა სახელს ვერ დაარქმევ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG