Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 27 ოქტომბერი. See content from before

ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

როგორც არ უნდა განვიხილოთ „საკუთარი თავისთვისაც მობეზრებული“ ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ, რამდენადაც არ უნდა ვიფიქროთ მანიპულაციის მისეულ მცდელობებზე, უმთავრესი და უმარტივესი დასკვნა მაინც ერთი იქნება: ეს კაცი ბოდავს.

სხვა აბა რაღაა სამსჯელო, როცა ხანდაზმული ადამიანი კაცის რძეზე და ჰიგიენურ საფენებზე ლაპარაკობს, ფუტურისტულ შიშებს გვიმხელს და თავის კომპლექსზე ჩივის - რახან კუთვნილი ფული არ დამიბრუნეს, ვშიშობ, არ იფიქრონ, რომ საქართველოზე ვიყრი ჯავრსო.

საბჭოთა ადამიანისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა რომელიმე კარიკატურული ბრეჟნევის ქმედება-უმოქმედობა თუ უაზრო ლაპარაკი - ბრეჟნევი სისტემის ვერტიკალში იდგა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას მიედ-მოედებოდა. საბჭოთა ადამიანი დიდ ყურადღებას არ აქცევდა ხელმძღვანელის ენას. ბოდავდა თუ არ ბოდავდა, ეს არაფერს ცვლიდა.

უფროსის ბოდვას ალბათ არც ახლა აქვს მნიშვნელობა. მთავარი თამაშის წესია, სადაც სასაუბრო თემები ოლიგარქისა და მისი მომხრეების შეთანხმების ნაწილია - ბოდავს, მაგრამ ეგრეა ახლა საჭიროო. მით უმეტეს, რომ ბოდვა სულაც არ არის პრობლემა, როცა იდიოტობების მოლაპარაკეზე ფინანსურად ხარ დამოკიდებული. ამაზე უარესსაც მოისმენენ, მიიღებენ და გააკეთებენ კიდეც... ოღონდ ის იხდიდეს.

ინტერვიუდან სხვა შთაბეჭდილებაც დამრჩა, რაც შესაძლოა ნაკლებად ხილულია და ბოდვისგან განსხვავებით, სულაც არ მაყენებს ხუმრობის ხასიათზე. არც კი ვიცი, იმგვარად როგორ აღვწერო ეს შთაბეჭდილება, რომ არც ვულგარული ვიყო და არც ირონია გამეპაროს სადმე, რადგან ყველა ის განსაზღვრება, რომლითაც ეს შთაბეჭდილება უნდა გამოვთქვა, უთუოდ აღქმის სფეროს განეკუთვნება და ემოციის სიბრტყეშია - როცა აღქმა ინტუიციის სფერო უფროა, ვიდრე გონის. თითქოს უსიამოვნო სუნი გეცა. ან ფიზიკურად იგრძენი რამე.

მოკლედ... მე გამიჩნდა განცდა, რომ ამ კაცს ღრმა სულიერი პრობლემები აქვს. ფსიქოლოგიურ პრობლემებს არ ვგულისხმობ, არამედ სწორედ იმას, რასაც ეს სიტყვა - სულიერი - გამოხატავს, სწორედაც რელიგიური თვალსაზრისით. სახელდობრ ბნელს სულიერად. ჩემს ბავშვობაში რომ გამეგონა ვინმეზე ეკლესიურთაგან, შეპყრობილიაო და რომ შევძრწუნებულვარ ამ ეპითეტით, თუმცაღა მივმხვდარვარ, რა შინაარსი იდო ამ ბუნდოვან შეფასებაში. რაღაც არაჯანმრთელი სულიერ პორტრეტში, დაჩრდილული, სახიფათო, - გამოსალოცი, როგორც ამბობენ ხოლმე... არა სიბნელე და უვიცობა, არამედ სწორედ დაბნელებულობა, სულიერი დასახიჩრებულობა... მწერალმა ვლადიმერ სოროკინმა ზუსტად ჩაავლო ხელი ამ ბანალურ მაგიას, რაღაც ეშმაკეულს, შეზავებულს რუსულ ფულსა და ძალაუფლების სქემებში!

განა იმას ვგულისხმობ, ხეებს რომ საკრალურად ეპყრობა ანდა იგივე ბრეჟნევი რომ ჯუნა დავითაშვილის მაგიური ხელებით ცდილობდა ტკივილის დაამებას, არამედ უფრო აბსტრაქტულს, უფრო სულიერს... არაქრისტიანულს! - ამ სიტყვის მართებული, ღრმა გაგებით. კანით რომ იგრძნობ და სიტყვებით ვერ ახსნი.

ეს ბოდვებიც თითქოსდა ამ პრობლემიდანაა - ერთგვარი სულიერი დაჩრდილულობის, შეპყრობილობის. ბიბლიური ენით, ეშმაკისეული იქ ბუდობს, სადაც ჭეშმარიტებას აღარ აქვს ძალა: სადაც სიყალბე სინამდვილეს ანაცვლებს, ილუზია ჭეშმარიტს, ანტიქრისტე - ქრისტეს...

თითქოს რაღაცა თუ ვიღაცა გამოსალოცი იყო ამ საუბრისას...

და ეს არ იყო ჯანმრთელი მდგომარეობა...

მისი მოსმენისას ვერ ვიშორებდი ამ აზრს: რა ცუდად არის ეს კაცი...

საიდან იყურება მისი შიშისგან გაავებული თვალები? რას ხედავს? ვის ხედავს? ვინ სად მიაქანებს?!

და რა მოტყუებულია ის, ვინც მას მიჰყვება...

თუკი მიჰყვება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ოქტომბერს ბრიუსელში ხუთპუნქტიანი „გამარჯვების გეგმა“ ჩაიტანა, ჯერ ევროკავშირის ლიდერებთან, შემდეგ კი ნატოს თავდაცვის მინისტრებთან წარსადგენად.

მართალია, ბელგიის დედაქალაქში ეს გეგმა ღიად არავინ უარყო, თუმცა სამართლიანი იქნებოდა ასეთი შეფასება - ამ ორ ორგანიზაციაში კიევის მოთხოვნების მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი, თუმცა ვალდებულებების აღებას არ ჩქარობენ. ეს გეგმა უკვე პირველი ორი პუნქტის შემდეგაა განწირული - რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნატოში გაწევრიანების მიწვევა და ნება დართონ დასავლეთის მიერ მიწოდებული შორი მოქმედების იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. კიევი უკვე დიდი ხანია ცდილობს ამ ორი პუნქტის მიღწევას და ამჟამად ეს უბრალოდ არ მოხდება.

ავიღოთ ნატოში მიწვევის საკითხი. კიევი ითხოვს, რომ ორგანიზაციაში ახლა მიიწვიონ, გაწევრიანება კი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ მოხდეს. ამით უკრაინა ცდილობს ნატოს წევრები იმ ქვეყნების დაყოლიებას, რომლებსაც მოსკოვთან პირდაპირ კონფრონტაციაში ჩათრევისა ეშინიათ. უკრაინამ ამის მსგავსი რამ მოითხოვა შარშან ნატოს ვილნიუსის სამიტზე და წელს ვაშინგტონის სამიტზე. საპასუხოდ, სამხედრო ალიანსმა უბრალოდ დაადასტურა, რომ ქვეყანა რაღაც დროს, განუსაზღვრელ მომავალში გახდება წევრი და ჩახლართული ფორმულირებები მიიღო, სადაც ლაპარაკია "წევრობისკენ მიმავალ ხიდზე" და, რომ მისი "გზა წევრობისკენ შეუქცევადია".

უკრაინის სამხედრო ალიანსში მიწვევის შესახებ შეკითხვას ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ წინასწარ გამზადებული ფრაზებით უპასუხა და ხაზი გაუსვა ყველაფერს, რასაც მისი ორგანიზაცია აკეთებს ომით განადგურებული ქვეყნის დასახმარებლად. ამერიკის ელჩი ნატოში, ჯულიანა სმიტი, ასევე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. ჩემი წყაროები ალიანსში მეუბნებიან, რომ აქ პოზიციები კვლავ დაშორებულია ერთმანეთს. „ვილნიუსსა და ვაშინგტონს მიღმა აღარ წავსულვართ“, - ყველა ამას იმეორებს.

იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების ნებართვაზე. ეს ძირითადად ამერიკის გადასაწყვეტია და, როგორც ჩანს, ვაშინგტონს ამის დაშვება არ სურს. ზელენსკი სექტემბერში შეერთებული შტატებიდან შინ ხელცარიელი დაბრუნდა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. წინ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებია. მომავალში კიევს შეიძლება დარტყმების შეზღუდულად განხორციელების ნებართვა მისცენ, თუმცა ამას წინასწარ ხმამაღლა არავინ გამოაცხადებს.

პირველი ორი პუნქტის შესრულება უკვე რთულია, ამიტომ დანარჩენ სამზე - რუსეთის შეკავებაზე უკრაინის მიწაზე განლაგებული არაბირთვული სტრატეგიული პაკეტის მეშვეობით; აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ უკრაინის ბუნებრივი რესურსების ერთობლივ დაცვაზე და ომის შემდეგ ევროპაში ზოგიერთი ამერიკელი სამხედროების ჩანაცვლებაზე უკრაინელი ჯარისკაცებით - ლაპარაკს დიდი აზრი აღარა აქვს.

ზელენსკიმ ისედაც იცოდა, რომ მისი გეგმის მიღწევა იოლი არ იქნებოდა. მან მძიმე და დამღლელი ზამთრის წინ გარისკა. ახლა ბურთი დასავლეთის მოედანზეა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG