Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 3 ნოემბერი. See content from before

ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი 2024

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

30 ოქტომბერს ევროკომისიამ ყოველწლიური გაფართოების ანგარიში განსხვავებული ტონით წარადგინა. შარშან ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ისტორიული რეკომენდაციები გასცა:

შესთავაზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მოლდოვასთან, უკრაინასთან და პირობითად ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის. წელს ანგარიშში ნაკლები სიახლე და რეკომენდაციაა.

თავად ის ფაქტი, რომ ის გამოქვეყნდა ბრიუსელში სასკოლო არდადეგების დროს, როდესაც ევროკავშირის მრავალი ოფიციალური პირი ოფისიდან შორს იმყოფება და ასევე ის, რომ ევროკომისიამ პრიორიტეტად მიიჩნია ანგარიში სამოქალაქო და თავდაცვის მზადყოფნის გაუმჯობესების შესახებ, ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ბლოკი ამ ეტაპზე შემდგომ გაფართოებას.

ფაქტობრივად, მთელი ამ პაკეტის ყველაზე საინტერესო ასპექტი ის იყო, თუ რამდენად მკაცრი იქნებოდა ევროკომისია საქართველოს მიმართ, სადაც ახლახან დასრულდა საპარლამენტო არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ დარღვევებზე გავრცელებული ინფორმაციის ფონზე დაუჯერებელი უმრავლესობა მოიპოვა. ევროკავშირის სტანდარტებით მართლაც უმკაცრესი შეფასებაა. ეგრეთ წოდებული „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ და „ანტი-ლგბტ“ კანონების, ასევე „ქართველი თანამდებობის პირების ევროკავშირის საწინააღმდეგო მკვეთრი ნარატივების“ გამო ანგარიშში ნათქვამია, რომ „თუ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე მოქმედების კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ მიმავალ მის გზას და აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გამოთქმული შეშფოთების გადასაჭრელად და ძირითადი რეფორმების გასატარებლად, კომისია ვერ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ განიხილოს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციის გაცემა“.

ევროკომისიამ თბილისს ცხრა რეკომენდაცია მისცა, რომელთა შესრულებაც შემდეგ ეტაპზე გადასვლის, ანუ გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობა იყო. აქ, ბრიუსელმა უბრალოდ დაასკვნა, რომ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკამ მიაღწია „უმნიშვნელო პროგრესს“ და აღნიშნა „ხელისუფლების საკმარისი პოლიტიკური ნების ნაკლებობა“ საჭირო რეფორმების გასატარებლად.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გარდა, რაზეც ევროკავშირის ლიდერები დე ფაქტო ისედაც შეთანხმდნენ ივნისში, სხვა ბევრი სიახლე არ ყოფილა. სიმართლე ისაა, რომ ბლოკმა არ იცის, თუ როგორ გაიგოს 26 ოქტომბრის არჩევნები. ანგარიშში ნახსენებია ეუთოს წინასწარი დასკვნები, რომლებიც კენჭისყრის შემდეგ გამოქვეყნდა და სადაც აღნიშნულია „რამდენიმე ხარვეზები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დაძაბულ და ძალიან პოლარიზებულ გარემოში“, მათ შორის, ამომრჩევლის დაშინება და კენჭისყრის ფარულობის დარღვევა. მასში ლაპარაკია „ყოვლისმომცველ საარჩევნო რეფორმაზე“ და „კონსტრუქციულ და ინკლუზიურ დიალოგზე პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით“. მაგრამ, მანამდე გაკეთებული განცხადებების მსგავსად, არჩევნები აქ ბათილად არ გამოუცხადებიათ. სიმართლე კი ის არის, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე გაყოფილია. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სასწრაფოდ თბილისს მიაშურა და პოლიტიკურ მოკავშირეებს მიულოცა, ევროკავშირის 15 ქვეყნის ევროპის მინისტრებმა კი განცხადება გაავრცელეს, სადაც ეჭვქვეშ იყო დაყენებული შედეგების სამართლიანობა და ხაზგასმული იყო, რომ ორბანი ბლოკის სახელით არ ლაპარაკობდა.

ეს დაყოფა გაართულებს მომავალში საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პოტენციური სანქციების მიღებას. მათ ვეტოს დაადებს უნგრეთი და, ალბათ, სლოვაკეთიც. შემდეგ კი საკითხია, რომ რეალურად აღმოაჩინონ კონკრეტული დანაშაული, რომლის გამოც სანქციების დადება შეიძლება, დაუკავშირონ ის საკმარისად მაღალი თანამდებობის პირებს და შემდეგ ეს ყველაფერი მტკიცებულებებით გაამყარონ. ახლა, როგორც ჩანს, ბრიუსელისთვის ეს რთული მისაღწევი იქნება. ზომებიდან, თბილისისთვის თანხების კიდევ უფრო შემცირების გარდა დარჩა მხოლოდ სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება, რაც მხოლოდ წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერას მოითხოვს.

მაგრამ მართლა სურთ ბრიუსელში მთელი მოსახლეობის დასჯა? ევროკავშირი ამაზე მომავალ კვირას ბუდაპეშტში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე იმსჯელებს და განხილვებს ნოემბერში, ბრიუსელში გააგრძელებს, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. გადამჭრელ ნაბიჯებს არ უნდა ელოდეთ.

რაც შეეხება ანგარიშის უფრო პოზიტიურ ასპექტებს - კომისია იმედოვნებს, რომ მოლდოვაც და უკრაინაც გახსნიან ევროკავშირში გაწევრიანების თავებს „რაც შეიძლება მალე 2025 წელს“. ბრიუსელი კიშინიოვისგან მოელის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას და „დეოლიგარქიზაციის“ გაგრძელებას. კიევმა კი უნდა გააგრძელოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და კიდევ უფრო გააუმჯობესოს კანონმდებლობა ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით.

აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ პოტენციურ კავშირს სერბეთთან. უკვე მესამე წელია, რაც ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, ბელგრადს უფლება მისცენ ევროკავშირში გაწევრიანების მეტი თავები გახსნას. ამაში დაინტერესებულია უნგრეთიც, რომელიც ამჟამად ევროკავშირს მონაცვლეობით თავმჯდომარეობს. თუმცა, ევროკავშირის მრავალი სხვა წევრი ქვეყანა არ არის აღფრთოვანებული ბელგრადის მჭიდრო კავშირებით მოსკოვთან. არ გამოვრიცხოთ, რომ ბუდაპეშტმა სცადოს 2024 წლის ბოლოს სერბეთისთვის მწვანე შუქის ანთების მოთხოვნა 2025 წელს უკრაინის წინსვლის სანაცვლოდ.

კარგი ამბებია ალბანეთისა და მონტენეგროსათვის. ოქტომბრის დასაწყისში ტირანამ გახსნა გაწევრიანების თავების პირველი კლასტერი და დეკემბერში ევროკომისია იმედოვნებს, რომ წევრი ქვეყნები კიდევ ერთ პარტიას გახსნიან. ის ასევე მხარს უჭერს ქვეყნის უაღრესად ამბიციურ მიზანს - დახუროს გაწევრიანების მოლაპარაკებები 2027 წლის ბოლომდე. ეს ნამდვილად წევრი ქვეყნების ხელთაა, მაგრამ ახლა ალბანეთი არის დასავლეთ ბალკანეთის სამაგალითო წევრი ევროკავშირის გაფართოების მხრივ. მონტენეგროსთვის, რომელმაც უკვე გახსნა 30+ თავი, ევროკომისია იმედოვნებს, რომ ზოგიერთი თავი შეიძლება დაიხუროს წლის ბოლომდე, რაც შესაძლებელი უნდა იყოს და, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს 2026 წლის ბოლოს. რთული საქმეა, მაგრამ ამ ათწლეულში კლუბში გაწევრიანების ყველაზე კარგი პერსპექტივა მონტენეგროს გააჩნია.

კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის შემთხვევებში დიდი იმედი არ ჩანს. პრიშტინას ევროკავშირის განაცხადი დიდი ხანია დევს საბჭოში, რადგან წევრ ქვეყნებს ჯერ კიდევ არ სურთ მისი გაგზავნა კომისიაში წევრობის მიზანშეწონილობის შესახებ მოსაზრებისთვის - ყოველ შემთხვევაში ქვეყანაში თებერვლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე მაინც. ჩრდილოეთ მაკედონიის წინსვლა შეჩერებულია, ვიდრე ის არ შეცვლის კონსტიტუციას ბულგარეთის სურვილის შესაბამისად, რაც, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში არ მოხდება. ბოსნია-ჰერცეგოვინას პოტენციურად შეუძლია დაიწყოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ახლო მომავალში, მაგრამ ისეთი საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებს, როგორიც ევროკავშირთან მთავარი მომლაპარაკებლის დანიშვნა ან ევროკავშირის კანონების ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანის გეგმის მიღებაა - რაც მორიგჯერ ასახავს სარაევოს დისფუნქციურ შიდა პოლიტიკას, სადაც ქვეყნის სუბიექტები იშვიათად ახერხებენ წინსვლის რაიმე გზაზე შეთანხმებას.

ზაზა ბურჭულაძის ბლოგი
ზაზა ბურჭულაძის ბლოგი

ო, რა მშვენიერი ადგილია
შენთვის
შენთვის
შენთვის
შენთვის
შენთვის
შენთვის
არა ჩემთვის.

Rage Against the Machine
“Beautiful World

ზოგადად, ყველაფერს ეჭვით ვუყურებ. არ მჯერა ხოლმე, რომ რამე შეიძლება კარგად დამთავრდეს. არ მჯერა, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია. ამიტომაც არასდროს მტოვებს შინაგანი ფორიაქი.

ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ფსიქიკაც კი, რომელიც მუდამ ყოველგვარ საშინელებას ელის, არ აღმოჩნდა მზად რეალობის მისაღებად. რეალობისა, რომელიც მე ყოველთვის იმაზე ბნელი და მღვრიე მგონია, ვიდრე არის.

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, როცა საქართველოს ერთი ნაწილი გამარჯვებას ზეიმობდა, უნებურად სიმწრის ცრემლი წამსკდა. უცბად მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი, რომ ნაადრევი იყო ეს ზეიმი.

ცხადია, წაგვართვეს ხმები, არჩევანი, უფლებები, ბევრი რამ წაგვართვეს. ერთი მუჭა მიწაღა დაგვრჩა, ანუ ის, რაცა ვართ და რადაც უნდა ვიქცეთ, და რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლითა და ოფლით მოგვიტანეს. ჩვენ კი მტერს ჩავაბარეთ. ჩვენ თუ არა, ჩვენმა მეგობარმა, მეზობელმა, ნათესავმა, ახლობელმა, ნაცნობმა და უცნობმა. როგორ მოგვივიდა ეს? ჩვენივე უნიათობით, წინდაუხედაობით, გაუმაძღრობით, გულგრილობით, გულუბრყვილობით, პატიოსნებით თუ სხვა რამით, ამას აღარა აქვს მნიშვნელობა.

მოსახდენი მოხდა. მთავარია, ახლა როგორ მოვიქცევით, ჩამოვყრით ყურებს თუ განვაგრძობთ ბრძოლას? როგორც ბევრი, მეც რამდენიმე დღეა, პირგამეხებული ვზივარ. ერთი მხრივ, უმწეობის განცდა მახრჩობს, მეორე მხრივ, ადამიანური სიბრიყვე მაგიჟებს, რომელიც დღემდე ვერაფრით ვიგუე.

პარაზიტების მიმართ გულგრილი ვიქნებოდი, მათ მიერვე მოვლილ მიწაზე რომ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი ცხოვრობენ მიწაზე, რომელსაც სხვებმა მოუარეს, რომელიც სხვებმა მოიტანეს აქამდე, რომლის გამოც მათ არც ოფლი უღვრიათ, არც სისხლი. ეს მიწა პარაზიტებს მიეცათ. მათ კი იგი ისე გაყიდეს ჩალის ფასად, არც კი გაიაზრეს, რა ფასდაუდებელი რამ გაანიავეს.

ანალიზები და შეფასებანი სხვა დროს იყოს. იმასღა ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ ევრაზიაც კი აღარა ვართ, არამედ აზიოპა. ისიც უკეთეს შემთხვევაში. და თუ ახლა დავთმეთ, მალე სულ ამოგვფხეკენ, როგორც ნაყოფს აბორტისას, ყველაფერ ევროპულს, დასავლურს, ცივილურს. და რაც მთავარია - ჰუმანურს.

დღეს ჩემზე ყოჩაღებს, ათას ფბ-ექსპერტებსა და ტელეთავებს სამოქმედო გეგმებიც აქვთ და უკეთესი მოწოდებებიც. მე აქ ბრაზის ჰანგებს თუღა ვურჩევ ვინმეს. საბრძოლი კიდევ ბევრია. პროტესტს სხვაგვარი სჭირდება რიტმი. მუსიკა-მუშტი, მუსიკა-მუხტი.

თუკი შენი ბრაზი ჯერ არ გაგიფორმებია არანაირი მუსიკით, ეგებ Rage Against the Machine გეცადა.

ამ ჯგუფს („მძვინვარება სისტემის წინააღმდეგ“. ინგლისურის მცოდნენი ნუ გაიჭინთებიან, ასე ხსნის თვითონ ჯგუფი საკუთარ სახელს) აქვს ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი, რომლის ყდაზეც ცნობილი ფოტოა აღბეჭდილი. 1963 წელს სამხრეთვიეტნამელი ბუდისტი ბერი პროტესტის ნიშნად საიგონის ერთ-ერთ ხალხმრავალ გზაჯვარედინზე ლოტოსის პოზაში ჩაჯდა, გადაისხა ბენზინი და აალდა.

აქ ბევრი შეიძლება ილაპარაკო ცალკე ბერზე, ცალკე მის პროტესტზე, მაგრამ ახლა სხვა რამეა მთავარი - მუსიკა, რომელიც ეგებ ოდნავ მაინც დაგეხმაროს დღევანდელ ჟამიანობისას.

სხვა დროს ენთუზიაზმით მოგიყვებოდით ტომ მორელოს რიფებზეც და ზაკ დე ლა როკას (როჩას?) ყვირილზეც, მაგრამ სხვა დრო არ არის. არ არის ახლა ჯაზებისა და ფანქების დროც. არც ტიტების სეზონია ისე. ახლა დროა ბრაზის, პროტესტის, შფოთის. არავინ თქვას, რა დროს მუსიკააო. მუსიკის დრო არის სულ. ჭირშიც და ლხინშიც.

მუსიკა ისევე საჭიროა, როგორც ლოზუნგები, დროშები, სიმბოლოები. ეგებ უფრო მნიშვნელოვანიც, თუნდაც ვერ მოგიშუშოს ვერანაირი იარა. მოუსმინე ჯგუფის Rage Against the Machine ამავე სახელწოდების ალბომს, ზედ აალებული ბერით, და, იმას თუ ვერ მიხვდი, რომ მარტო არა ხარ შენს ბრაზსა და შფოთში, ეგებ შეკუმშული ფილტვები მაინც გაგეხსნას, ბეტონივით რომ გაგქვავებია მკერდში, შიგ ჩამარხული ყმუილით, რომელსაც გზა ვერ უპოვია გარეთ გასასვლელი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG