Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწა შენთვის


ზაზა ბურჭულაძის ბლოგი
ზაზა ბურჭულაძის ბლოგი

ო, რა მშვენიერი ადგილია
შენთვის
შენთვის
შენთვის
შენთვის
შენთვის
შენთვის
არა ჩემთვის.

Rage Against the Machine
“Beautiful World

ზოგადად, ყველაფერს ეჭვით ვუყურებ. არ მჯერა ხოლმე, რომ რამე შეიძლება კარგად დამთავრდეს. არ მჯერა, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია. ამიტომაც არასდროს მტოვებს შინაგანი ფორიაქი.

ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ფსიქიკაც კი, რომელიც მუდამ ყოველგვარ საშინელებას ელის, არ აღმოჩნდა მზად რეალობის მისაღებად. რეალობისა, რომელიც მე ყოველთვის იმაზე ბნელი და მღვრიე მგონია, ვიდრე არის.

არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, როცა საქართველოს ერთი ნაწილი გამარჯვებას ზეიმობდა, უნებურად სიმწრის ცრემლი წამსკდა. უცბად მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი, რომ ნაადრევი იყო ეს ზეიმი.

ცხადია, წაგვართვეს ხმები, არჩევანი, უფლებები, ბევრი რამ წაგვართვეს. ერთი მუჭა მიწაღა დაგვრჩა, ანუ ის, რაცა ვართ და რადაც უნდა ვიქცეთ, და რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლითა და ოფლით მოგვიტანეს. ჩვენ კი მტერს ჩავაბარეთ. ჩვენ თუ არა, ჩვენმა მეგობარმა, მეზობელმა, ნათესავმა, ახლობელმა, ნაცნობმა და უცნობმა. როგორ მოგვივიდა ეს? ჩვენივე უნიათობით, წინდაუხედაობით, გაუმაძღრობით, გულგრილობით, გულუბრყვილობით, პატიოსნებით თუ სხვა რამით, ამას აღარა აქვს მნიშვნელობა.

მოსახდენი მოხდა. მთავარია, ახლა როგორ მოვიქცევით, ჩამოვყრით ყურებს თუ განვაგრძობთ ბრძოლას? როგორც ბევრი, მეც რამდენიმე დღეა, პირგამეხებული ვზივარ. ერთი მხრივ, უმწეობის განცდა მახრჩობს, მეორე მხრივ, ადამიანური სიბრიყვე მაგიჟებს, რომელიც დღემდე ვერაფრით ვიგუე.

პარაზიტების მიმართ გულგრილი ვიქნებოდი, მათ მიერვე მოვლილ მიწაზე რომ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი ცხოვრობენ მიწაზე, რომელსაც სხვებმა მოუარეს, რომელიც სხვებმა მოიტანეს აქამდე, რომლის გამოც მათ არც ოფლი უღვრიათ, არც სისხლი. ეს მიწა პარაზიტებს მიეცათ. მათ კი იგი ისე გაყიდეს ჩალის ფასად, არც კი გაიაზრეს, რა ფასდაუდებელი რამ გაანიავეს.

ანალიზები და შეფასებანი სხვა დროს იყოს. იმასღა ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ ევრაზიაც კი აღარა ვართ, არამედ აზიოპა. ისიც უკეთეს შემთხვევაში. და თუ ახლა დავთმეთ, მალე სულ ამოგვფხეკენ, როგორც ნაყოფს აბორტისას, ყველაფერ ევროპულს, დასავლურს, ცივილურს. და რაც მთავარია - ჰუმანურს.

დღეს ჩემზე ყოჩაღებს, ათას ფბ-ექსპერტებსა და ტელეთავებს სამოქმედო გეგმებიც აქვთ და უკეთესი მოწოდებებიც. მე აქ ბრაზის ჰანგებს თუღა ვურჩევ ვინმეს. საბრძოლი კიდევ ბევრია. პროტესტს სხვაგვარი სჭირდება რიტმი. მუსიკა-მუშტი, მუსიკა-მუხტი.

თუკი შენი ბრაზი ჯერ არ გაგიფორმებია არანაირი მუსიკით, ეგებ Rage Against the Machine გეცადა.

ამ ჯგუფს („მძვინვარება სისტემის წინააღმდეგ“. ინგლისურის მცოდნენი ნუ გაიჭინთებიან, ასე ხსნის თვითონ ჯგუფი საკუთარ სახელს) აქვს ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი, რომლის ყდაზეც ცნობილი ფოტოა აღბეჭდილი. 1963 წელს სამხრეთვიეტნამელი ბუდისტი ბერი პროტესტის ნიშნად საიგონის ერთ-ერთ ხალხმრავალ გზაჯვარედინზე ლოტოსის პოზაში ჩაჯდა, გადაისხა ბენზინი და აალდა.

აქ ბევრი შეიძლება ილაპარაკო ცალკე ბერზე, ცალკე მის პროტესტზე, მაგრამ ახლა სხვა რამეა მთავარი - მუსიკა, რომელიც ეგებ ოდნავ მაინც დაგეხმაროს დღევანდელ ჟამიანობისას.

სხვა დროს ენთუზიაზმით მოგიყვებოდით ტომ მორელოს რიფებზეც და ზაკ დე ლა როკას (როჩას?) ყვირილზეც, მაგრამ სხვა დრო არ არის. არ არის ახლა ჯაზებისა და ფანქების დროც. არც ტიტების სეზონია ისე. ახლა დროა ბრაზის, პროტესტის, შფოთის. არავინ თქვას, რა დროს მუსიკააო. მუსიკის დრო არის სულ. ჭირშიც და ლხინშიც.

მუსიკა ისევე საჭიროა, როგორც ლოზუნგები, დროშები, სიმბოლოები. ეგებ უფრო მნიშვნელოვანიც, თუნდაც ვერ მოგიშუშოს ვერანაირი იარა. მოუსმინე ჯგუფის Rage Against the Machine ამავე სახელწოდების ალბომს, ზედ აალებული ბერით, და, იმას თუ ვერ მიხვდი, რომ მარტო არა ხარ შენს ბრაზსა და შფოთში, ეგებ შეკუმშული ფილტვები მაინც გაგეხსნას, ბეტონივით რომ გაგქვავებია მკერდში, შიგ ჩამარხული ყმუილით, რომელსაც გზა ვერ უპოვია გარეთ გასასვლელი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG