Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 11 ოქტომბერი. See content from before

სამშაბათი, 8 ოქტომბერი 2024

ლაშა ოთხმეზური
ლაშა ოთხმეზური

„ივნისის თვის ერთ კვირა დღეს, ნაშუადღევს, მამაჩემი შეეცადა დედაჩემი მოეკლა“, - ეს არის წინადადება, რომლითაც იწყება ნობელის პრემიის ლაურეატ ანი ერნოს (Annie Erneaux) რომანი „სირცხვილი“.

„წინადადებას, რომლითაც ჩემი რომანი ‘სირცხვილი’ იწყება, მე თავში გამუდმებით ვიმეორებდი მას შემდეგ, რაც მე, თორმეტი წლის ბავშვი, ამ სცენას შევესწარი, - გაუზიარებს მწერალი ერთ ფრანგ კრიტიკოსს. „... რა თქმა უნდა თავდაპირველად მეშინოდა, მეშინოდა, რომ ეს უბედურება [მკვლელობის მცდელობა] თავიდან არ მომხდარიყო, მაგრამ მალე შიში სირცხვილმა ჩაანაცვლა: მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ძალიან რბილი ბუნების ადამიანი იყო, მისმა ამ ქცევამ, ამ ჟესტმა, რომელიც, ვიმეორებ, სრულიად მოულოდნელი იყო მამაჩემის მხრიდან, დამანახა, რომ ჩვენი ოჯახი ეკუთვნოდა იმ სოციალურად მდაბიო ფენას, სადაც გამეფებული იყო ძალადობა და ლოთობა. (...) არადა მე, კათოლიკური კერძო სკოლის მოსწავლეს, მეგონა, რომ მე და ჩემი ოჯახი იერარქიულად ცოტა უფრო მაღლა ვიდექით. მამაჩემის ამ ქცევის მერე ჩემს წარმოდგენაში მე უღირსი გავხდი ჩემივე სკოლის წრისა, რომლის ნაწილადაც ჩემი თავი წარმომედგინა. (...) ჩემი სირცხვილის ტვირთი უსაზღვრო აღმოჩნდა. მან ჩემს ბავშვობას წერტილი დაუსვა, რადგან ამ სირცხვილმა ჩემი სოციალური წარმომავლობა დამანახა.“

ანი ერნოს სიტყვები „სირცხვილზე“ როგორც შინაგან კომპასზე, რომელიც ფიზიკურ სხეულს სოციალურ სხეულთან აკავშირებს, გამახსენდა, როცა „ოცნების“ საარჩევნო ბანერები ვნახე ინტერნეტში. 23 წელზე მეტია, რაც საფრანგეთში ვცხოვრობ და არასდროს მიფიქრა, რომელია დედა და რომელი - დედინაცვალი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ დედა არის არა ის, რომელმაც უამრავი შესაძლებლობის კარი გაგიხსნა, რომლისაც ყველაზე მადლიერი ხარ, არამედ ის, რომლის გამოც ყველაზე ძალიან გრცხვენია.

ეს სირცხვილი პირველად დამეუფლა 2022 წლის 25 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს, როცა იუნკერთა მემორიალთან მისული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანტიუკრაინული განცხადება წავიკითხე. ადგილიც ხომ უნდა აარჩიო ასეთი განცხადებისათვის! შემდეგ იყო დასავლეთის სანქციებთან არმიერთება, პარლამენტში უკრაინის ელჩის არმიწვევა, უკრაინის საკითხზე პარლამენტში სხდომის ჩაშლა, რეზოლუციები რუსეთის ხსენების გარეშე, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, სანქციების არიდებაში მოსკოვის დახმარება და ვინ მოთვლის კიდევ რა... (აღარაფერს ვამბობ „ოცნების“ დეპუტატების ქილიკზე უკრაინის ტრაგედიაზე).

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დასაწყისში საფრანგეთი საქართველოზე უფრო ღირსეულად იქცეოდა: ჯერ იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ახირება, რომ პუტინთან დიალოგით ომს წერტილს დაუსვამდა, შემდეგ - 2022 საპრეზიდენტო და 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნები, სადაც პრორუსული პარტიები ჯამში 50%-ს ურყევად აგროვებდნენ. მიუხედავად ამისა, არც მაკრონის ახირებისა და არც პუტინის ფრანგი მეგობრების გამო ისე არ შემრცხვენია, როგორც „ოცნების“ ქცევის გამო.

სირცხვილის ეს გრძნობა განსაკუთრებით მძაფრდებოდა, როცა უკრაინელებს ვხვდებოდი. ვცდილობდი დამერწმუნებინა უკრაინელები, რომ ეს მთავრობა არ არის საქართველოს სახე: 1. უკრაინაში დაღუპულ უცხოელ მეომრებს შორის ყველაზე მეტი ქართველია და ეს აბსოლუტურ და არა ფარდობით რიცხვებში... 2. საქართველოს ოფიციალურ სახეს წარმოადგენს საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი და არა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელიც „ოცნების“ საარჩევნო სიაში 2020 წელს საერთოდ არ ყოფილა... თუმცა ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებამ ეს არგუმენტი ხელიდან გამომაცალა - 2020 წელს ის ხომ „ოცნების“ სიის სამეულში იყო! მოკლედ, არგუმენტებიც აღარ მშველოდა სირცხვილზე ვუალის ჩამოსაფარებლად...

და ამ დროს გამოჩნდა „ოცნების“ ამაზრზენი საარჩევნო პლაკატები. და, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებისათვის“ ხმა არასდროს მიმიცია, ძალიან შემრცხვა. და ამ სირცხვილის გრძნობამ ჩემივე თავი სულ სხვა კუთხიდან დამანახა.

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ თუ ანი ერნოსთვის „სირცხვილი“ განასახიერებს ურთიერთობას ფიზიკურსა და სოციალურ სხეულს შორის, ჩემს შემთხვევაში „სირცხვილმა“ გამოხატა ურთიერთქმედება ფიზიკურ და პოლიტიკურ სხეულს შორის.

თუმცა „სირცხვილის“ ფუნქციები ამით არ შემოიფარგლება. აგერ ანტიკურ ხანაში მას სულ სხვა დატვირთვა ჰქონია. ჰომეროსის „ილიადაში“ „სირცხვილი“ ბრძოლის ველზე ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იყო და გამბედაობის გასაღვივებლად გამოიყენებოდა. „ილიადაში“ იგი გაიგივებული იყო ღირსების კოლექტიურ გრძნობასთან, რომელიც მძაფრად აღიქმებოდა, როცა კოლექტიური პატივის შელახვა ხდებოდა. ეს ბუნებრივიცაა - ამ დროს ხომ ყველას შეურაცხყოფილი ღირსება თითოეულის სირცხვილი ხდება: „გამაგრდით ძმანო! და აღივსეთ სირცხვილით გული! ყველას საგმირო სარბიელზე რცხვენოდეს მოძმის. ვინც სირცხვილს იგრძნობს, უფრო მეტად ის გადარჩება, გაქცეულს არც ხსნა მიეგება, არცა სახელი!“

და დღესაც „ოცნების“ საარჩევნო ბანერებით პატივის შელახვა ყოველი ქართველის სირცხვილი არის. თუმცა, ჰომეროსის ეპოქისგან განსხვავებით, სირცხვილის ჩამოსაბანად დღეს არც სიმამაცე და არც გამბედაობა არაა საჭირო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

 გოდერძი ჩოხელი ფილმის გადაღებაზე
გოდერძი ჩოხელი ფილმის გადაღებაზე

გოდერძი ჩოხელს დღეს 70 წელი შეუსრულდებოდა. არ ვიცი, რა უნდა თქვა ამ კაცზე ახალი. ან საერთოდ, რას ამბობენ ხოლმე უბრალო ადამიანზე.

ჩოხელმა დაგვიტოვა რაღაცნაირი სიცარიელე, რომელიც დღემდე არაფრით ამოივსო. არც ამოივსება, ეს იყო უნიკალური კაცი, რომელმაც ჩვენ შორის იცხოვრა და არ გაავდა, და რაც მთავარია, დაგვიტოვა „ადამიანთა სევდა“, წიგნი, რომლის მსგავსი არც მანამდე გვქონია რამე და არც მას მერე გვაქვს. ესაა წიგნი გუდამაყარზე. ანუ მთელ სამყაროზე.

მოკლედ თუ ვიტყვით, „ადამიანთა სევდა“ ერთი ლაშქრობის ქრონიკაა. და ისეთი მოცუცქნული რამეა, ერთ საღამოში ჩაიკითხავ, თვალსაწიერი კი ისე გაგეშლება, თითქოს ფეხით შემოიარე მთელი ქვეყანა. თელი ქოყნიერობა.

ბევრს უყვარს ამ წიგნის ეკრანიზაცია, თუმცა ფილმი ახლოსაც ვერ მიდის მასთან. ჩვენც გული რომ არ დავწყვიტოთ ამ კინოვერსიის მოყვარულთ, ვთქვათ ასე, ფილმი წიგნს ახლოს ვერა, მაგრამ შორიახლოს უდგას. ჩოხელი სიტყვის კაცია. მწერალია მისთვის უზენაესი ვინმე. ღმერთსაც ასე მიმართავს, სამყაროს დიდო მწერალოო. თვითონაც ჯერ მწერალია და მერე ყველაფერი სხვა. ამ წიგნის შესავალშივე ამბობს, ყველა ადამიანი მოთხრობა მგონიაო.

ვინც უნდა იყოს, და რა ეროვნებისაც უნდა იყოს, მოთხრობა მგონია. თუ აქამდე მარტო გუდამაყრის ხეობა იყო უცნაური მოთხრობებით სავსე წიგნი, ახლა მგონია, რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი!

ბოლოს ამატებს, ალბათ, მეც მოთხრობა ვარო.

პრიმიტივიზმიც არის და პრიმიტივიზმიც, ჩოხელის შემოქმედება გულუბრყვილობისა და უბრალოების ისეთი ზეიმია, რომელთან ზიარების შემდეგაც გამორიცხულია, იმაზე სუფთად არ იგრძნო თავი, ვიდრე იქამდე იყავი. არ ვიცი, ზუსტად რას ნიშნავს სულის ამაღლება, მაგრამ მგონია, რომ ეს შემოქმედება სულს ამაღლებს. თან ეს კაცი ორივეგან თანაბრად პრიმიტივისტია, კინოშიც და ლიტერატურაშიც.

„ადამიანთა სევდაზე“ მუშაობისას, თვითონ ალბათ არც იცოდა, რომ ღრმად პოსტმოდერნისტულ ტექსტს ქმნიდა. „დაჩეხილი“ თხრობა, მეტაპროზის ხერხები, ინტერტექსტუალობა (თუნდაც ლოკალური მასშტაბისა), პირდაპირი მიმართვები მკითხველს (და ეს მაშინ, როცა მთელი წიგნი სხვადასხვა „ავტორის“ მემუარებით არის „აკინძული“), თვითრეფლექსია. და რაც მთავარია, ორნახევარი ფინალი.

პირველია, რაც ასრულებს სიუჟეტს, და მეორეა, რითაც ავტორი ამთავრებს წიგნს. თან როგორ ამთავრებს, ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, სხვაგან ვიპოვე ეს დიალოგი, ქაღალდის ნაგლეჯზე ეწერაო, თან დიალოგიც არ არისო, მარტო ორი კითხვა და ორი პასუხიაო, და რაკი წიგნის შუაში ვერსად ჩავსვი, ბარემ ამით დავამთავრებო. ნახევარიც კიდევ სიკვდილის მკვლელობაა, ავტორი ამ ორ ფინალს შორის რომ ათავსებს, რომელიც შეეძლო სხვა დროს გამოექვეყნებინა დამოუკიდებელ მოთხრობად.

„ადამიანთა სევდა“ იმდენად თავისებური რამეა, რომ რაღაც მომენტიდან ისე შედიხარ „ჩოხელის სამყაროში“, რომ წიგნს მხატვრულ ნაწარმოებად კი არა, ლამის დოკუმენტურ პროზად აღიქვამ, ლამის რეპორტაჟად. ძნელია გარჩევა, რა არის რომანში ავტორის შეთხზული და რა - ცხოვრებაში ნაპოვნი. ძნელია გამონაგონის სინამდვილისგან გამორჩევა, სასაცილოსი სატირლისგან, სიცოცხლისა სიკვდილისგან, დასაწყისისა დასასრულისგან.

ეს ერთდროულად ძალიან სასაცილო და ძალიან სევდიანი ტექსტი იმდენად გაბნევს, იმდენად მიმოგისვრის ემოციურად აქეთ-იქით, რომ არ იცი, სად იცინო, სად იტირო. არის ადგილები, მუცელს მოიხევ სიცილით, და არის ადგილები, ტანში გაგაციებს სისასტიკით.

ამათ ფონზე სიკვდილის მკვლელობაც კი ლამაზ ზღაპრად მოგეჩვენება. თან ვინ კლავს სიკვდილს? ცხადია, ადამიანი. ჯღუნაი უცებ ხანჯალს იშიშვლებს და გულში დასცემს ჩოხლებთან მოცეკვავე სიკვდილს, რომელიც „გულიანად იცინოდა, სახეზე სიკეთე გადასდიოდა“. ჩოხლები სასწრაფოდ გაჭრიან მიწას და ფიცრების მაგიერ მინდვრის ყვავილებში ჩაასვენებენ სიკვდილს. მეორე დღეს მისი საფლავიდან ამოვა მზე.

გოდერძი ჩოხელი ჩოხში დედასთან ( მარჯვნიდან პირველი) და მეზობლებთან ერთად, რომელთაგანაც მარცხნიდან პირველი ჯღუნას პროტოტიპია
გოდერძი ჩოხელი ჩოხში დედასთან ( მარჯვნიდან პირველი) და მეზობლებთან ერთად, რომელთაგანაც მარცხნიდან პირველი ჯღუნას პროტოტიპია

მაგრამ ამ ზღაპარში სხვა რამეა ზღაპრული, სიკვდილის სიკვდილი კი არა. მთავარია, რომ მილიონი წლების განმავლობაში სიკვდილს ერთი დღე შეუძლია ადამიანთან ყოფნა, სიკვდილისვე თქმით, და სწორედ ახლა დაუდგა ეს დღე. და, სად ესტუმრება ამ დღეს ადამიანს სიკვდილი, თუ არა გუდამაყარში? ჩოხელისთვის სხვა ალტერნატივა არც არსებობს. მის მშობლიურ მიწა-წყალზე წარმტაცი ადგილი სხვა რა უნდა იყოს დედამიწაზე? გოდერძი ჩოხელი ერთდროულად არის გუდამაყრის ელჩი ადამიანთა შორის და ადამიანთა ექსკურსიამძღოლი გუდამაყარში.

ესაა მისი მისია, პროგრამა-მინიმუმიცა და -მაქსიმუმიც, რომ მთელ სამყაროს ამცნოს ამ საოცარი ადგილისა და მის მკვიდრთა შესახებ. ეს იყო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ჩოხელი კაცი, ჰომო ჩოხუს. არადა, თავის ძვირფას ჩოხში ეს კაცი არ დაბადებულა და არც სკოლაში უვლია. რადგან ჩვენთან სკოლა არ იყო, მე და ჩემი და სხვაგან ვიყავით გაბარებულნიო. რომელი ფლორენცია თუ გენუა? არაფერი შეედრება გუდამაყარს.

„სიკვდილს გაუმარჯოს! - ყვირიან ბედნიერი ჩოხელნი. - გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ცოცხალ სიკვდილს გაუმარჯოს!“ მილიონი წლების განმავლობაში სიკვდილს ეძლევა ერთდღიანი საგზური დედამიწაზე ნებისმიერი მიმართულებით და ისიც დაუფიქრებლად ირჩევს ჩოხს.

რად ღირს ძმადნაფიცთა ამბავი, არწივისა და გიგია ბუბუნაურისა. ანიმალიზმის ლამაზი ნიმუში. ამხანაგს შემთხვევით თოფი გაუვარდება და გიგია შემოაკვდება, იმ ზაფხულს ცამეტიოდე წელიღა რომ შესრულებია. ამ გიგიაზე მთავრდება ბუბუნაურთა გვარი. უკაცოდ რჩება კოშკი: კედლებზე ხმლები, ფარი, სამკლავე, ჯაჭვი, ჩაჩქანი, ძველი მშვილდ-ისარი და თოფი, თავიხეზე ჩამოკიდებული კაცის რამდენიმე კვამლით შემურული და ჩამომხმარი მარჯვენა. ეს ძველი მოწმეებია ბუდუნაურთა გვარის მტრიანი ცხოვრებისა. შარშან ძმობა შეჰფიცა გიგიამ არწივს, იქამდე ხაფანგიდან რომ დაიხსნა, ჭრილობა მოუშუშა და გაუშვა. გიგია რომ დამარხეს, ჩიტი იმის საფლავზე დაჯდა და აღარც აფრენილა. ეს ამბავი ფილმში არ შესულა.

არ შესულა თაგვის დასაფლავების სცენაც. შედევრი. შავებში ჩაცმული ნისლაურელნი ასანთის კოლოფისხელა ყუთს მოასვენებენ ფრთხილად. ჩოხელები კი ჩათვლიან, რომ იმათ ბომბი მოაქვთ. ბოლოს, როცა გაირკვევა, რომ პატარა ყუთში „ტუჩებმოპრუწული და გუდაფშეკილი საცოდავი არსება“ ასვენია, ჩოხელნი გაოცებულნი იკითხავენ, კი მაგრამ თაგვის დასაფლავება სად გაგონილაო. ჩვენ ეგეთი წესი გვაქვსო, გველებსაც ვასაფლავებთ, ძაღლებსაც, ფრინველებსაც და ბუზებსაცო - მიუგებენ ნისლაურელნი.

ბევრი რამ დარჩა ფურცელზე. და პირიქით, არის ფილმში რაღაცები, რაც არ არის წიგნში. და ასეთები ბევრია ორივე მიმართულებით. მე ვიტყოდი, ფილმი „ადამიანთა სევდა“ რომანის ეკრანიზება კი არ არის, არამედ მის მოტივებზეა გადაღებული. უბრალოდ, ისეთი მოცუცქნული ტექსტია, ამჩნევ ყველა განსხვავებას და გენანება ყოველი წვრილმანი, ეკრანს მიღმა რომ დარჩა.

გოდერძი ჩოხელი ერთ-ერთი ფილმის გადასაღებ მოედანზე
გოდერძი ჩოხელი ერთ-ერთი ფილმის გადასაღებ მოედანზე

რასაკვირველია, ფილმსაც თავისი მარგალიტები აქვს. მაგალითად, წიგნში არაა ვირზე დამონტაჟებული ღუმელი-ქვემეხი (და არ არის თვით ვირიც), ანუ ღუმელი, ხალხურად „ფეჩი“, რომელიც ქვემეხივით დაიქუხებს ხოლმე. აქ მნიშვნელოვანია „ვით“ თანდებული. ანუ „ფეჩი“ ჭურვს კი არ ისვრის, როგორც ქვემეხი, არამედ ქუხს ხოლმე ქვემეხივით. ეს ძალიან მეტყველი დეტალია. ფილმში ამ ღუმელს ჩოხლები ამა თუ იმ სოფელში შეჭრამდე დააქუხებენ ხოლმე. ცხადია, სოფლის ბინადრებიც მაშინვე შიშით ძრწიან. ქუხილს აქ დიდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასე ძრწოდა პირველყოფილი ადამიანიც, როცა ცაში ელვა ქუხდა. რა იცოდა მაშინ კაცმა გიგანტურ ელექტრულ განმუხტვაზე ატმოსფეროში? თორემ ახლა თუ იცის, ხომ ბევრი შეიცვალა მის ცხოვრებაში.

ასეა თუ ისე, ცაში ქუხილისას იწყებს ძველი ადამიანის თავში ჩასახვას ციურ არსებებზე წარმოდგენები. ანუ ღრუბლებს მიღმა არსებობს რაღაც მასზე, თვითონ ადამიანზე უფრო ძლევამოსილი. ასეთივე ამბავია ფილმშიც. როგორც კი „ფეჩი“ იქუხებს, უმალ თრთოლას იწყებენ გუდამაყრელნი, როგორც ზოგადად თრთის კაცი სტიქიის წინაშე. და კიდევ, ვინც აქუხებს, ისვე განკარგავს. ჩოხლებზე ძლევამოსილი კი ვინ უნდა იყოს მთელ ხეობაში?

ლაშქრობის დაწყებამდე მეზობელ სოფლიდან ღამით გუდამაყრის საერთო ექიმს, ზინაის გამოიტყუებენ. ჩოხში რომ მოიყვანენ, მერეღა გაუმხელენ გეგმას. ის თავიდან უარზეა, მაგრამ ჩოხლები დააშინებენ: თუ არ წამოგვყვები, მოგკლავთო. „ჰო, წაგასლეკთ თავს, მაშ!“ - ამატებს ჩოხის გიჟი გალილეი. ზინაიც თანხმდება. და რაკი სიარული უჭირს, იმ მარხილზე შესვამენ, რომელზეც სურსათია ჯარისთვის. ფილმში ეს ამბავი ცოტა სხვაგვარადაა. ჩოხიდან გასვლამდე მეთაური დაუვიწყარ ფრაზას ისვრის: „ექიმს ლაშქრობისას მოვიპოვებთ, მოწინააღმდეგეს წავართმევთ!“

იმავე ღამეს გადაწყდა, რომ მზვერავებს მეორე დღიდან ზვავები უნდა ჩამოექანებინათ გუდამაყრის ხეობის შესასვლელში. რომ სანამ ლაშქრობა არ დამთავრდებოდა, ხეობაში არავინ შემოსულიყო.

მაშასადამე, ხეობა ჩაიკეტება და ლაშქრობაც ჩაკეტილ სივრცეში მოეწყობა. ასეთია „სამხედრო მანევრი“. სიუჟეტიც იმავე წუთიდან ავტონომიაში ვითარდება, მაგიურ წრეში. გუდამაყარის ხეობა წყდება გარესამყაროს. და აი, ამ ჩაკეტილ სივრცეში რჩება მკითხველიც ძველ ადათებთან და წარმოდგენებთან პირისპირ.

სოფელ ჩოხში
სოფელ ჩოხში

„ჩოხელის სამყარო“ ისედაც დროიდან, კალენდრიდანაა ამოვარდნილი, ხეობის ზვავებით ჩაკეტვის შემდეგ კი სულაც გეჩვენება, რომ პარალელურ რეალობაში მოხვდი. გავიწყდება, რომ ამბავი XX საუკუნის საბჭოთა საქართველოში ხდება. და კიდევ, იქ, სადაც შეიძლება არწივს სისხლით ეძმო, შინ კი მტრის ერთი-ორი ჩამომხმარი მარჯვენა გეკიდოს ჩირივით, თითქოს არაფერი უნდა ესაქმებოდეთ სიტყვებს ბილეთი, ავტობუსი, წყალქვეშა გემი, რეაქტიული თვიმფრინავი… თან ჩოხელთან არაა ხოლმე ფუჭი დიალოგები და ზედმეტი ლაქლაქი, რომ ამ სიტყვებმა თვალი და ყური არ მოგჭრან. ფოკუსიც ისაა, რომ მთელი ეს ავტობუსები და თვითმფრინავები ისევე ორგანულად ჩანან ტექსტში, როგორც სისხლიანი ჩაჩქნები თუ გამხმარი მკლავები.

გოდერძი ჩოხელი 1977 წლიდან აქვეყნებს ქართულ საბჭოთა პერიოდიკაში თავის მოთხრობებს. ამ დროს არაერთი კარგი მწერალი ქარაგმებით „აცურებს“ ცენზურას, აკურატულად ღეჭავს ანტიკურ სიუჟეტებს და გადადის ენობრივ მალაყებს. ზოგიც ფრთხილ ეკვილიბრისტიკას ახერხებს, სპეციალურ შპაგატში ჯდება სოციალისტურ რეალიზმსა და დაღეჭილ მითებს შორის.

ჩოხელის პირველი კრებული 1980 წელს გამოდის. არცთუ მოფამფალებულ საბჭოთა ცენზურის დროს. არა მარტო გამოდის, წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემიაც ენიჭება, შემდეგ წელს კი რუსულადაც თარგმნიან. ანუ კრებულს საკავშირო მასშტაბითაც მწვანე შუქს უნთებენ.

თან უბრალოდ კრებულს კი არა, „წერილი ნაძვებს“. ეს ის მოთხრობაა, კაცს მხარზე ნაძვი რომ ამოუვა. და რომ არ გახმეს ხე, ფეხებზე წყალს ისხამს. ამავე სახელწოდების ფილმსაც გადაიღებს ჩოხელი ექვსი წლის შემდეგ, სადაც ამბავში საბჭოთა მილიციელსაც ჩაამატებს. ამ დროს სისტემას ისეც აღარ უჭრის კბილები, როგორც ექვსიოდე წლით ადრე. პერესტროიკის სიო უკვე არხევს რკინის ფარდას.

ამ დროს ეგებ დიდი მამაცობა აღარ სჭირდება ლაღი, თავისუფალი პროზის წერას, თუმცა ბევრი მაშინაც თვინიერად ცოხნის მითებს და გადადის ლინგვისტურ მალაყებს. გოდერძი ჩოხელი კი თავიდანვე ისე წერს, თითქოს, საბჭოთა კავშირში კი არა, ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობს. როგორ გვაკლია მისნაირი სილაღე დღეს. ყოველთვის გვაკლდა. და აქ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება შინაგანი სილაღე და თავისუფლება. რომელიც გაქვს ან არა გაქვს. პარადოქსი კი ისაა, რომ სწორედ ამ თავისუფლებას ებრძვის, ახრჩობს და უფრთხის სსრკ - ადამიანის შინაგან თავისუფლებას.

საერთოდ როგორ გაატარა ეს კაცი მაშინ ცენზურამ? როგორც ეთნოგრაფი? უფრო ეთნო, ვიდრე გრაფი. როგორც ერთგვარი სამხარეო ეგზოტიკა? მთიელი სალოსი? სულ გიჟიც რომ ყოფილიყო ჩოხელი, რაში სჭირდებოდა სისტემას ასეთი? გიჟი თავისუფალია. თავისუფლება კი არ ყოფილა არანაირი ფორმით წახალისებული. რა კოდური სიტყვა დაეწერა მის სახელზე შედგენილ საქაღალდეს (საქაღალდე კი მაშინ ყველაზე დგებოდა. მით უფრო - მწერალზე), „მთამადნეული“? „სასარგებლო წიაღისეული“? ან ეგებ სისტემასაც უნდოდა ჰყოლოდა თავის მკვდარ გულთან ახლოს რამე, რაც მას გარდუვალი განსაცდელისას დაიცავდა, როგორც თილისმა, როგორც ავგაროზი? დრო ახლოვდებოდა მაშინ მაგიური. რაც შიგადაშიგ უკვე იგრძნობოდა მოწამლულ ჰაერში. და სხვაზე უკეთ გრძნობდა ამას თვითონ სისტემა, თავადვე მოეწამლა რა ის ჰაერი.

მთელი ამბავია ლაშქრობაში მონაწილეთა სია. სახელოვან გუდამაყრელებს არა მარტო მთავარსარდალი ჰყავთ, არამედ ჰყავთ საკუთარი დეკანოზიც, იგივე მედროშე, სახელად ბიბღაი (რომლის ოცნებაც ხუთასოთახიანი სახლის აშენებაა, სადაც გუდამაყრელნი ერთად იცხოვრებენ), ისტორიკოს გეოგრაფი, შეთავსებით მემატიანე, მზვერავებიც, მყვირალებიც, მცურავებიც, ზარის მრეკველი, სასიძო, და სხვანი, და სხვანი, და რაც მთავარია, ჰყავთ თავიანთი დარდების შემგროვებელიც. გამიხარდაი ადამიანთა წუხილებს ნომრავს, სქელტანიან რვეულში იწერს და გუდით დაატარებს.

არავის ჩამოუვარდება გალილეი, ჩოხის ცეტი, ქათმებს არყიან პურს რომ აჭმევს და ერთმანეთში აბრძოლებს. თეთრებს წითლებთან. „წაგასლეკთ თავებს!“ - ემუქრება გალილეი მთვრალ ქათმებსაც და ხალხსაც. ამ მშვენიერ რაინდს არ უწერია დიდ ბრძოლებში მონაწილეობა. გალილეის ჩოხში დატოვებენ რამდენიმე ქალთან ერთად. უკაცოდ ხომ არ დარჩება სოფელი? ვაი და, სხვა სოფლების ასაღებად წასული ჩოხი იქით აიღოს მტერმა?

თუმცა საბრძოლს ჩოხშიც გამონახავს გალილეი. „ვერ დაინახა თქვენმა დასათხრელმა თვალებმა, - უკვირს ხოლმე, - რამდენ სახელოვან მეომარს წავასლიკე თავი?“ გულისხმობს ქათმებს, რომელთაც უკვე ჩამოურიგა დიადი სახელები: ჯალალედინი, მაკედონელი, აქილევსი, ჰიტლერი…

თუნდაც მარტო ეს სცენა როგორ გაატარა ცენზურამ? მთვრალი ქათმების ომი. გალილეი „ხან წითელ ქათმებს ეხმარება, ხან თეთრებს“. ქათმებში არაა აქ საქმე. საქმე აქ ორ კონკრეტულ ფერშია. ამ დროს გალილეი ხმალს იქნევს ჰაერში და ბერძნულ არესივით დაჰკივის ფრინველებს. ისინიც აღარ ინდობენ ერთმანეთს. ჩვენ კი ვიცით, რომელი მხარის გამარჯვებითაც დამთავრდა თეთრი გვარდიისა და წითელი არმიის ომი, მაგრამ ჩოხელთან სხვა ფინალი აქვს. როგორც კი მთვრალ ჯარს ბრძოლის ველზე ჩაეძინება, ვაჟი გოგი გალილეის გასძახებს, რომლებმა გაიმარჯვესო? ისიც პასუხობს: „ჭრელებმა!“

ეს ამბავი ახლა ჟღერს სახალისოდ, მაშინ კი ამაზე ბევრად მსუბუქი გადაცდომებისთვის ისჯებოდა მწერალი. არადა, წიგნში პირდაპირ ასე ეწერა, თეთრებისა და წითლების ომში იმარჯვებენ ჭრელებიო. თან ჭრელი მაშინ ფუფლო იყო. „ფუფლო“ - ასე იტყოდნენ ხოლმე სიაბანდ, სიტყვის გამტეხ, გადამგდებ ადამიანზე. ასეც მოხდა, თეთრები და წითლები გადავიდნენ, ფუფლონი კი დარჩნენ.

ეს ის წიგნი არაა, სადაც იგავური ენისა თუ ნაღეჭი ანტიკურ-ბიბლიური სიუჟეტების მიღმა რაიმე ფორმით საბჭოთა კავშირს ამოიცნობ, არამედ აქ მას სრულიად ვერ იცნობ. განა არ იწერებოდა მაშინ წიგნები, სადაც მოქმედება სხვა ეპოქაში ხდებოდა, სულაც სხვა პლანეტაზე, მთლად ცხოველი თუ მცენარე პერსონაჟებითაც, რა სიუჟეტი აღარ შემოგხვდებოდა აქა-იქ, მაგრამ სიტყვებს შორის ყველგან საბჭოთა სინამდვილე ჟონავდა (ხშირად ამითაც ფასდებოდა მაშინ წიგნის ავკარგიანობა მოდარაჯე მკითხველის მიერ, როგორ მოახერხებდა მწერალი ამ სინამდვილის დაცინვას ან გამოუჩენდა რეჟიმს უშნო სიფათს. ან ორივე, რეალობასაც დასცინებდა და სისტემასაც გამოუჩენდა დინგს). თავისი მორალითა და ამორალურობით. გნებავს, ამორალური მორალით. მკითხველი იქაც კი შენიშნავდა ხოლმე საბჭოთას, სადაც ავტორი მსგავსს არაფერს ჩამალავდა. „ადამიანთა სევდაში“ კი არა მარტო არ ჩანს სსრკ, არამედ ეს წიგნი მისი უარყოფაცაა. მწერალსა და მკითხველს შორის მაშინ თავისებურ პირობით ნიშანთა ენა მუშაობდა. ეს წიგნი კი სრულიად არ ჰგავდა საბჭოთა კავშირის მკვიდრის დაწერილს. გოდერძი ჩოხელში იმდენი იყო გუდამაყარი, რომ სსრკ იქ აღარ ჩაეტია. თვითონვე ამბობს, ისე არაფერზე ვწერ, თუ არ მიყვარსო.

ლაშქარს რაც შეეხება. უბრალო აქ არავინაა, მაგრამ ვაჟი გოგი, ლაშქრის მთავარსარდალი, იმით გამოირჩევა, რომ ორ ომშია ნამყოფი და „მედლებით აქვს აყვავებული მკერდი“, 12 წელი წყალქვეშა გემის კაპიტნადაც იდგა. ამიტომ იცის კარგად წყლის ბინადართა ენა. ამბობს ხოლმე: „აისერიო მისერიო მისერ“. რაც ადამიანურ ენაზე ნიშნავს: კაცს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენო. რეაქტიულ თვითმფრინავზეც უმუშავია როგორღაც, რომელიც „ისეთი სწრაფი იყო, თოლს ვერ მოჰკრავდი“. ვაჟი გოგი ტარტარენ ტარასკონელისა და ბარონ მიუნჰაუზენის ნაერთია. ცოტა გულივერისაც და დონ კიხოტისაც. ოღონდ გუდამაყრულად მოზელილი.

მაგრამ საით გაუწევია ამ დიდებულ ლაშქარს? საქმე ისაა, რომ ჩოხის ერთ მკვიდრს ქალი არ მიათხოვეს მეზობელ სოფელში. არადა, გუდამაყრის ხეობაში ოდესღაც ყველა სოფელი ცნობდა ჩოხის უპირატესობას და თუ ჩოხელი მათთან ქალის სათხოვნელად მივიდოდა, უარი არ უნდა ეთქვათ, თუნდაც სანეფო კოჭლი ან ბრმა ყოფილიყო. დიდებათ მწარიამ კი პირში მიახალა გარახტინას და მის ბოთე შვილს, ვერ მოგცემთ ქალსაო, ეხლა განა ისევ ის დროაო, ყურები გამოიჩიჩქნეთო, ეე, ბნელებოო. ბნელებოო? იწყინეს ჩოხლებმა, გამოასვენეს სათემო ხატი, ზარ-ბაურაყიც შეაჟღრიალეს და დაიძრნენ ხეობაში სამართლიანობის აღსადგენად.

სხვათა შორის, ეს ის ხატია, კრწანისისკენ მიმავალი სამასი არაგველი რომ ეამბორა. ჩოხლების აღშფოთებას საზღვარი არა აქვს. სპარტის მეფე ლეონიდასი რომ შესძახებს: „ეს სპარტაა!“, გეგონება, ასევე შესძახებსო ვაჟი გოგიც: „ეს ჩოხია!“ გაგონილა? ჩოხელს უარი ეთქვა ქალზე. ამის შერჩენა როგორ იქნება. ცა ჩამოიქცა. მიწა აიჯაგრა. „პირობა დაირღვა!“ ამ ლაშქარს, რომლის უმრავლესობასაც ქალები შეადგენენ, ვერავინ და ვერაფერი აღუდგება წინ, მას სათავეში უდგას გამოცდილი ჩოხელი, მრავალ ომში ნაცადი, თორმეტ წელიწადს წყლად ნამყოფი, სახელოვანი მთავარსარდალი - ვაჟი გოგი.

ეს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უნიკალურ ლაშქრობათაგანია, აქ არ არის არცერთი ფათერაკი. უფრო სწორად, ფათერაკების მეტი რა არის, მაგრამ მთელი მსვლელობის განმავლობაში ლაშქარს არ შეხვდება არცერთი წინააღმდეგობა და ყველა სოფელს დაუბრკოლებლად აიღებს. ზოგჯერ მახვილგონიერი იდალგოც კი მარცხდება საგმირო საქმეთა აღსრულებისას, მაგრამ ჩოხელნი - არასდროს. მერე რა, თუკი სოფლები ცარიელია? ყოველი ჩოხელი ცარიელ ადგილზეც გამონახავს თავგადასავალს.

ეს დიდებული ხალხი არაგვის ხეობიდან რომც აყარო და სადმე მთვარის კრატერში ჩაასახლო, იქაც გამონახავს სალაშქროსა და საგმიროს. გუდამაყრელნი დედამიწაზეც გუდამაყრელნი იქნებიან და მთვარეზეც. ან როგორც თავად იტყოდნენ, მთორეზე.

"ადამიანთა სევდა"- ს გადასაღებ მოედანზე
"ადამიანთა სევდა"- ს გადასაღებ მოედანზე

ლაშქარი უტყუარი ტაქტიკით მოქმედებს: ასაღებ სოფლებს ჯერ მზვერავნი ზვერავენ, შემდეგ იქ მყვირალები შერბიან წივილ-კივილით, როგორც ინდიელი კამანჩები, მეთოფენი თოფებს დააქუხებენ (წიგნში) ან ვირზე დამაგრებული „ფეჩი“ იქუხებს (ფილმში) და უცებ იპყრობენ მარტოდ დარჩენილ ქალებსა და მოხუცებს. თითო-ოროლა მომაკვდავსაც.

აქვე დასაზუსტებელია, რომ მოქმედება ზამთარში ხდება. ამ დროს „კაცები ცხვარში მიდიან, ახალგაზრდები - ქალაქში და გუდამაყარი ქალებსა და ბავშვებსღა რჩებათ“. დიდმა ლიტერატურამ იცის მოხდენილი შესავლები. აქაც ასე იწყება „ტრიუმფული ლაშქრობა“:

ზამთარია. გუდამაყრის ხეობა თოვლით არის დაფარული. თბილა.

როგორც კი დაპყრობილი სოფლის თავზე დროშა აღიმართება, მაშინვე ტყვეებს აჩოქებენ. აქ უკვე ორი მთავარი ამბავი ხდება - სათემო ხატზე დაზავება და ფილოსოფიური დაკითხვა. ეს დაკითხვა დაბნევითი ხასიათისაა, ჩოხელთავე შეფასებით. და კიდევ, ბნელსა და გაუნათლებელ სოფლებს კულტურულად ექცევიან, განათლებულს კი, როგორიც, ვთქვათ, კიტოხია, სადაც ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს და არის სკოლა, ექცევიან ველურად, „რომ დაიმორჩილონ“. ეს სულ სამხედრო მანევრებია.

ამ „ფილოსოფიურ დაკითხვებს“ სხვა სიბრტყეში გადაჰყავთ მთელი ამბავი, უნივერსალურისა და რეგიონალურის ეს სინთეზი რაღაც თავბრუდამხვევ კარნავალს შობს. გხვდება ეპიზოდებიც, გეგონება, პირდაპირ დღეს დაიწერა. სულ რაღაც ერთ ფრაზაში იელვებს ხოლმე დიდი სათქმელი. ვთქვათ, ცხოველებზე. ვთქვათ, ქალებზე. ვთქვათ, ომზე.

ჩვენი ერთი ქალის ფასი სხვა ათი კაცის ფასია!

ზურგზე მოკიდებული დარდებით გამიხარდაი მთა-მთა დაეხეტება ღვთის ძიებაში. ღმერთებს სიმაღლეები უყვართ და შეიძლება რომელიმე მთის წვერზე დამხვდესო. მეცხვარეთ როგორღაც შეენანებათ იგი, ჩააცვამენ ერთ თავისიანს თეთრ ტანსაცმელს, მიაბამენ სახეზე მატყლის წვერს და დაუსვამენ გამიხარდაის მთის წვერზე. ისიც მუხლისჩოქით მიუჩოჩდება გადაცმულს. „ღმერთი“ ეკითხება, რამ შეგაწუხაო. გამიხარდაი კი სთხოვს, აი ამ გუდაში გუდამაყრელთა დარდები მიყრიაო, გამიქარვე, აგრემც დაილოცებიო. „ღმერთი“ ეტყვის, ერთი რომელიმე გამოარჩიე და იმას გაგიქარვებო. იქექება, იქექება გამიხარდაი თავის გუდაში და ბოლოს ერთ დარდს ამოარჩევს. დარდი N1:

ამბობენ რომ ომი იწყება. კრეფენ სამხედრო ძალებსა. დაჰბუგავენ დედამიწასა. ჩამოაგდებენ მთვარესა.

თვითონ ჩოხელია გამიხარდაი, ხალხის სევდასა და დარდს ზურგით რომ დაატარებს. ომია მისი უპირველესი, მთავარი დარდი, დიდი, საყოველთაო, ძმათა მკვლელი ომი.

გოდერძი ჩოხელს თითქოს ყურადღება არ მოკლებია ცხოვრებაში, მაინც მეჩვენება, რომ ეს სათანადოდ დაუფასებელი კაცია. ბოლომდე აღმოუჩენელი. ბოლო-ბოლო, სიცოცხლეში თუ არა, სიკვდილში დავაკელით რაღაცა. ესაა კაცი, რომელმაც გაბედა სიკვდილი, სანამ ცოცხალი იყო.

„ადამიანთა სევდის“ კითხვა ისეა, ერთ დიდ ბლუზში რომ მღერიან, შფოთი გაქრაო, ცუნცულ, გაქრაო შფოთი. გამორიცხულია, მისი კითხვისას არ იგრძნო, როგორ გტოვებს ღელვა. ეს წიგნი ნებისმიერს გამოულოცავს უჟმურს. თუნდაც ცოტა ხნით. საერთოდაც, თვითონ ჩოხელია ხვითო, უჟმურის გამოსალოცი ქვა.

გუდამაყარში ერთმანეთშია არეული კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანობა. ახლაც აცხობენ პურისაგან მგლებს, რომელთაც აგურის კბილებს უკეთებენ. პურის მგელი საქონლის ბაგაზე მიაქვთ. ჯერ წნელით შეუკრავენ პირს და ულოცავენ.

ასეთია პაგანიზაცია, ქრისტიანობის გახალხურების პროცესი. გნებავს, გაწარმართებული ქრისტიანობა. თავისი რელიგიური წარმოდგენებით, ტრადიციებით, რიტუალებით. სახარება უკვე ნაქადაგევია, ჯვარში მიტანილ საგანგებოდ გამომცხვარ ქადებს კი ხუცესი (იგივე დეკანოზი ან ხევისბერი) გასერავს, სანამ ხარს ან ცხვარს დაკლავს. რაც, თავის მხრივ, ლიტურგიის ფოლკლორიზების ნიმუშია. აქ არ არის მრავალღმერთიანობა, აქ არის ერთი ღმერთი, და არის საყმო. რელიგიურ-საზოგადოებრივი გაერთიანება, ერთი ღვთისშვილის ირგვლივ რომ შეკრებილა და აქვს საერთო ინფრასტრუქტურა. აქ უკვე წმინდა გიორგის სახელზე ლოცულობენ, სალოცავის ქვებს კი ჯერაც შუმერული ნასანთლარები შემორჩენიათ. ეს თითქმის ისეა, ცალი ხელით ეჟვნებიან დაირას რომ აჟღრიალებდე, მეორით კი საცეცხლურს არხევდე და საკმეველს აკმევდე.

ჩოხელის მაგიაც ეს მგონია, როცა უზნეო, უფრო ზუსტად, ზნეობამდელი და ზნეობრივი, კარნავალი და ეთიკა ერთია, ერთადაა, ერთდროულია. აქ თანაცხოვრობს წარმართული და ქრისტიანული. რწმენა და ცრურწმენა. იქ კი, სადაც რწმენა და ცრურწმენაა, მუდამ სასწაულს ელიან. და ისიც ხდება. არა მარტო სიკვდილის მოკვლით, ყოფაში გაბნეულ წვრილმან სასწაულთა სახითაც, რომელთაც აქაური ბავშვი დედის რძესთან ერთად იწოვს. ჩოხელის სამყაროში ყველასთვის მოიძებნება ადგილი. მილიციელისთვისაც და დევისთვისაც, ბრიგადირისთვისაც და ღმერთისთვისაც. თუნდაც ეს ღმერთი ვითომ ღმერთი იყოს. ან, როგორც გუდამაყრელნი იტყოდნენ, ტყული.

ვინ იცის, საიდან მოდის თევზად ქცევის ჟინი „თევზის წერილებში“? მოთხრობაში გამიხარდაი (ჩოხელის გმირები მოგზაურობენ აქეთ-იქით მის ნაწარმოებებში) ცოლ-შვილსაც გაექცევა, თემსაც, ზოგადად ადამიანსაც, და მდინარეში დასახლდება, საიდანაც აღარ გამოდის. ამ დროს ზოგი ეხვეწება, ზოგიც აშინებს, მაგრამ გამიხარდაი არავის უსმენს. საკუთარ ქალიშვილსაც კი არ აძლევს ყურს, როცა ის ევედრება: „მამიკო, გამოდი რა! ოღონდ გამოდი და არასოდეს არ გაგაბრაზებ. კანფეტებს გიყიდი. ნუ იქნები თევზი, გეხვეწები.“ გოგონა ტირილით ბრუნდება სოფელში.

სანამ გამიხარდას წყალი წაიღებს, წერილებს აგზავნის ხმელეთზე (მაგრამ როგორ აგზავნის ან როგორ წერს იმ წერილებს, ეს უკვე აღარ არის ახსნილი. დიდი მწერლები წვრილმანებზე არ იხარჯებიან). „მე მიყვარდა ადამიანები, მაგრამ აღარ მიყვარან. აღარ მიყვარან იმიტომ, რომ აღარა ვარ ადამიანი. მე თევზი ვარ!“ ამ წერილებს ასეც აწერს ბოლოში ხელს: „თევზი“.

თევზი კი ვიცით ვისი სიმბოლოცაა. როგორმე თუ არ შემოგვავიწყდა ამასობაში. აქვე არც ის დაგვავიწყდეს, რომ თევზამდე ირმად გადააქცევს ჩოხელი თავის ძველ პერსონაჟს. საერთოდ, რა ვნებაა, ადამიანის ცხოველად და მცენარედ გადაქცევა?

ერთი ამბავია თვითონ გუდამაყრელთა და მეორე ამბავია გუდამაყრის სოფელთა სახელები. მარტო „სალაღო“ რად ღირს. სალაღოში, ცხადია, ლაღები ცხოვრობენ. ანუ გიჟები. ჩოხელის გუდამაყარი ცალკე სამყაროა, თავისი წარმოდგენებით, კანონებით, ლოგიკით. სად უნდა შეინახოს კაცმა საკუთარი ხელის მტევანი, წლების წინ რომ მოაჭრეს, თუ არა სკივრში? იქ ინახავს ათნოხელი გორიაც, „ხანდახან გამოამზევებს ხოლმე“.

კათალიკოსმა გუდამაყრელები მცხეთაში დაიბარა და საყვედური უთხრა, უმღვდლოდ რად იმარხებითო. მღვდელი არა გვყავსო, იმათ თავი იმართლეს. მაშინ პატრიარქმა მღვდელი გააყოლა და გააფრთხილა, დღეის იქით უმღვლოდ მკვდარი აღარ დამარხოთო. მალე ათნოხში ვაჟკაცი კაცი, აკაი თამნიაური მოკვდა. გუდამაყრელებმა დაიტირეს და მიწაში ჩაასვენეს. რა თქმა უნდა, მღვდელიც თან ჩააყოლეს. ის კი ყვიროდა და ამოსვლას ცდილობდა გაჭრილი მიწიდან, მაგრამ რამდენიმე გაყინული ბელტი ისე მოხვდა თავში, რომ უღონოდ გადააწვა კუბოს.

„ადამიანთა სევდა“ სავსეა სიცოცხლითა და სიკვდილით. სიკვდილი ისევე ალამაზებს კაცთა სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადსო. სადიპლომო ფილმზე მუშაობისას ჩოხელი თავის პედაგოგს, ლანა ღოღობერიძეს ერთ წერილში წერს: სიცოცხლესა და სიკვდილს აქაური ხალხი ერთნაირად სცემს პატივსო. ისე უხსნის, თითქოს თვითონვე არ იყოს იქაური და თვითონაც ასევე არ სცემდეს ორივეს ერთნაირად პატივს.

ისე არაფერზე ვწერ, თუ არ მიყვარს, ხოლო რაც მიყვარს, იმას სიკვდილის მომენტში წარმოვიდგენ ხოლმე და მერე ვნანობ, რომ მოვკალი, ჰოდა, ეს სინანული მაიძულებს სიცოცხლეზე ფიქრს.

„ადამიანთა სევდა“ უზომოდ კეთილი წიგნია, რომანი ანტიგმირის გარეშე. თუ ნიკო ლორთქიფანიძემ დაგვიტოვა „ტრაგედია უგმიროდ“, გოდერძი ჩოხელმა გვაჩუქა კომედია უანტიგმიროდ. ამას მოხერხება კი არა, შეძლება უნდა. „მოხერხება“ ცოტა ხრიკებს მოითხოვს, ჩალიჩს, ჩოხელზე ალალსა და უეშმაკოს კი მეორეს ვერ ნახავ ჩვენს ლიტერატურაში. ეს არაა ავტორი ვარდისფერი სათვალით, „ადამიანთა სევდა“ სავსეა სისხლითა და სიკვდილით, და მაინც, ამ წიგნში ერთადერთი უარყოფითი პერსონაჟია, და ისიც მარტო იმიტომაა უარყოფითი, რომ სიკვდილს კლავს.

სიკუდილისა დამთრგუნველს ვინმე გმირად დააყენებდა, მაგრამ ჩოხელი სხვა კაცია. თან რა სახელს აძლევს? „ჯღუნა“. უკეთესს ვერ იმეტებს სიკვდილის მკვლელისთვის. იმას ალბათ არ უნდა შეხსენება, რომ ჯღუნა ნიშნავს გონჯს, მახინჯს, შეუხედავ ადამიანს. „უცებ გაჩუმდა გარმონი და ხალხმა ცეკვა შეწყვიტა. ბერი ტირილით დაეკონა სიკვდილს და გულიდან ფრთხილად ამოაძრო ხანჯალი“. ამის მერე ჯღუნაი ხატის გორზე გარბის აღმა, ელიას მთისკენ. გაჩუმებულ გარმონსა და ხალხის გაქვავებულ სახეებს გაურბის.

ლანასადმი წერილები კი ისეთი შედევრია, ნამდვილი ამბავი რომ არ ყოფილიყო, უთუოდ უნდა შეთხზულიყო. სულ რამდენიმე წერილია, ხუთიოდ წუთში ჩაიკითხავ, მაგრამ ეს იქნება შენი ცხოვრების ხუთი დაუვიწყარი წუთი. აქ საუბარია სადიპლომო ფილმზე.

სცენარის მიხედვით, ხეჩომ (მთავარი როლის შემსრულებელი ადგილობრივი ხნიერი კაცია) მიწა უნდა გაჭრას, მკვდრებს კბილები დაუთვალოს, ვირზე უნდა შეჯდეს და თავზეც ირმის რქები დაიდგას, ირემივითაც იღმუვლოს. „აღარა ვარ კაცი, ირემი ვარ, ირემი!“ ჩოხელის გასაკვირად, ხეჩო ყველა დავალებას ასრულებს, ვირზეც ჯდება, მკვდრებსაც უთვლის კბილებს, რქებსაც იმაგრებს და ირემივითაც ბღავის. ქალბატონო ლანა, ირმის რქები ისე მოუხდა ხეჩოს, მართლა ირემს ჰგავდაო.

ამის მერე იწყება ის, რასაც დიდ წიგნებში თუღა შეხვდები. მთელი დღის ღმუილის შემდეგ, საღამოთი ტყიდან ქორბუდა გამოვარდება და ხეჩოს შორიდან შეეხმიანება. მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ ხეჩო ერთს დაიღმუვლებს და ქორბუდას გაედევნება. გადამღები ჯგუფი აზრზე მოსვლას ვერ ასწრებს, რა მოხდა, ქორბუდა და ხეჩო ტყეში უჩინარდებიან. კაცს მეორე დღესღა იპოვნიან, სრულიად ბედნიერს დასისხლიანებული ზურგით. ზურგი რქებს გადაუყვლეფიათ, მაგრამ ხეჩო არ იმჩნევს ტკივილს. „ის თავისუფლად გრძნობდა ტყეში თავს, მთელი არსებით მოსწყურდა ირმობა“.

ამბავი კი რითი მთავრდება? ცხადია, თბილისისკენ მიმავალ გზაზე გადამღები ჯგუფის მანქანას ადიდებული არაგვი მოიტაცებს, სალონში წყალი შევარდება და გასამჟღავნებელ კინოფირს მოსპობს. მთელი მასალაც, ცივი ზამთრის რამდენიმეკვირიანი წვალება, წყალში ჩაიყრება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

გოდერძი ჩოხელი იმდენად უნიკალური მოვლენაა, მასზე საუბრისას ვაჟა-ფშაველას ახსენებენ ხოლმე (თვითონაც დაკიდებს კედელზე ფშაველის პორტრეტს თავის ფილმში „წერილი ნაძვებს“), თითქოს ასე ლეგიტიმაციას აძლევენ ჩოხელს, რადგან ძნელი დასაჯერებელია, ასეთი კაცი უნაყოფო მიწაზე დაბადებულიყო. თუმცა ნიჭმა რა იცის გეოლოგია და გეოგრაფია. ვაჟას ხსენებით კი ყოველგვარი ნიადაგი უცებ ისე ნოყიერდება, თითქოს ჯადოსნურ მიწაზეა საუბარი. საუბარი კი ამ დროს ჩვენს მთაზეა.

მაგრამ ეს ნახევარი სიმართლეა. შეიძლება სადღაც ღრმად ჩოხელსა და ფშაველს ერთი წინაპარი ჰყავთ, ოღონდ ვაჟასთან არ არის ის კომიკური და ანეკდოტური შემადგენელი, რითაც სავსეა ჩოხელი. თუმცა რთულია მის იუმორზე ლაპარაკი, რომელიც ძლიერ თავისებურია, მას ინელებ ან ვერ ინელებ, როგორც ფიროსმანის მხატვრობას. მისი კინო სულაც იმას ჰგავს, ვაჟას მოთხრობების მოტივებზე ჩარლი ჩაპლინს რომ გადაეღო რამე. ოღონდ გვიანდელ ჩაპლინს, როცა კინემატოგრაფი გაფერადდა, და რაც მთავარია, გახმოვანდა. ანუ ცოტათი დაბნეულ ჩაპლინს, მისი მთავარი ხატება ხომ მუნჯი იყო. ჩაპლინმა არ იცოდა, როგორ ჟღერდა მისი პერსონაჟი.

ჩოხელი ისე უცბად გადააქცევს ხოლმე ტრაგედიას ბალაგანად და შაპიტოდ, გაკვირვებასაც ვერ ასწრებ, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. წიგნის ბოლოსკენ, სოფელი დიდებანი რომ გამოჩნდება, ლაშქარი „ტრიუმფული შესვლისთვის“ ემზადება. ამ დროს თვითონ სოფლიდან გამოდის პროცესია. მგლოვიარე ხალხი ტირილით მოასვენებს კუბოს. ჩოხლები ჩათვლიან, რომ ეს სიხარულის ტირილია, კუბო კი ძღვენია მათთვის.

ოო, რა დიდებული წუთია, ერთნი ტირიან, მეორენი მღერიან და სადაცაა სიმღერა ჩაახშობს ტირილს.

„ტრიუმფული ლაშქრობა“ წყდება ქეთინოს საფლავთან, ვის გამოც დაიძრა მთელი ჩოხი. სარძლო მკვდარია, მიზანი - მიუღწეველი. სანამ ქეთინოს მარხავენ, ხალხში გალილეი შეიჭრება, ის-ისაა ჩოხიდან რომ მოირბინა, და მგლოვიარეთ უღრიალებს: „რას შვრებით, თქვენი დედა ვატირე, ვის აყრით მიწას!“ რამდენიმე კაცი უცებ მოარიდებს საფლავს გიჟს, ის კი შორიდან გაჰკივის: „წაგასლეკთ თავებს!“

„ადამიანთა სევდას“ არ სჭირდება ტიტანებთან შეპირისპირება იმაზე მეტი მნიშვნელობის შესაძენად, ვიდრე აქვს. რაც აქვს, ისიც საკმარისია. ეს პარალელები ჩვენ უფრო გვჭირდება. გვჭირდება რამ სადარი, რომ გავიგოთ, რა სად არი.

ეს წიგნი ჩვენებურს არაფერს ჰგავს. კაცმა თუ მოინდომა, როგორმე მოჩხრეკს ლიტერატურის ტიტანებთან პარალელთა გასავლებს, რომელიმე „ოდისეასთან“ თუ „ღვთაებრივ კომედიასთან“. კერძოდ - „ბატრაქომიომაქიასთან“. დიდი წიგნები ერთმანეთს ისედაც უკავშირდებიან უხილავი ძაფებით. ზოგჯერ სავსებით ხილულითაც. თუმცა ასე ეულად მდგარი „ადამიანთა სევდა“ ეგებ კიდევ უფრო მიმზიდველადაც გამოიყურებოდეს. როგორც დიად წიგნთა პატარა ანარეკლი. ისიც კომიქსად გადამუშავებული.

შეიძლება თქმულიყო, რომ „ადამიანთა სევდა“ შებრუნებული ვერსიაა გულივერის მოგზაურობისა ლილიპუტების ქვეყანაში. კერძოდ, რომ ესაა ლილიპუტების მოგზაურობა გულივერის მხარეში, სადაც გულივერი მკვდარია. ეგაა, ეს წიგნი სხვა რამეს უფრო ემეზობლება. ჰოლივუდური „შურისმაძიებლები“ ხომ ყველას გვახსოვს, სუპერგმირული ფილმი, მთელი სერია ფილმებისა, დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომიქსზე. ეს შურისმაძიებელები სუპერგმირთა ელიტური ჯგუფია - რკინის კაცი, კაპიტანი ამერიკა, შავი ქვრივი, ქორისთვალი, ჰალკი, თორი, ლოკი... ესენი თუ არა, განა ვინ გადაარჩენდა დედამიწას? ადამიანთა ღირსებას ვინ დაიცავდა? ასეთივე სუპერგმირები არიან გუდამაყრელებიც. ქიმბარი, ჯიბღაი, ქალთამზე, კატუშაი... ისინი რომ არა, ვინ დაიცავდა ჩოხელთა ღირსებას? ღირსებააყრილი ჩოხელი კი რაღა ჩოხელია? და თუ ჩოხი ვერ გადარჩა, სამყაროს რა გადაარჩენს? გუდამაყრელები ჩვენებური შურისმაძიებლები არიან.

10 წლისწინანდელი მონაცემებით, სოფელ ჩოხში 17 ადამიანი ცხოვრობდა. ეგებ, 70 წლის წინათ აქ ოდნავ მეტ მოსახლეს დაითვლიდი, მაგრამ, განა რამდენი სულია საჭირო, ჩოხელისნაირი რომ იშვას? რა ნიადაგია საჭირო ასეთი ხვითოს გამოსათლელად?

გოდერძი ჩოხელი თითქოს არსაიდან მოდის და არსაით მიდის. არც რაიმე სკოლას აგრძელებს და არც რაიმე სკოლას აარსებს. ერთია ასეთი. თვითკმარი. თვითმყოფადი. თვითმკვლელი. კაცი, რომელიც დაიბადა უსკოლო სოფელში. და 25 წლისამ დაწერა „ადამიანთა სევდა“. თავისი მთავარი წიგნი. და არა მარტო თავისი.

დიდი ხანია გუდამაყრელებზე დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. თუმცა ჯერ ოცდახუთი წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე.

ამ კაცის კითხვისას გეჩვენება, თითქოს მისი ცხოვრება ერთი დიდი და უსასრულო კარნავალი იყო. თუმცა არც ცხოვრება ჰქონია იოლი და აღარც სიკვდილი. მით უფრო - დაბადება. ბევრგან წერია, გოდერძი ჩოხელი სოფელ ჩოხში დაიბადაო. ეგაა, დედამისს სოფელშიც კი არა, გზად სოფლისკენ უმშობიარია. რადგან წმინდა გიორგის სალოცავის გამო, თვითონ ჩოხი წმიდა ადგილად ითვლებოდა, ფეხმძიმეს მშობლებისკენ გაუწევია მთაში, დურსაჭირისკენ. აქედან რა ნამდვილია, რა - მოგონილი, აწი ვინღა იტყვის.

გოდერძი ჩოხელი დედულეთში
გოდერძი ჩოხელი დედულეთში

გადმოცემის თანახმად, ქალს ადგილამდე ვერ მიუღწევია და გზად კლდის ქვეშ მარტოს გაუჩენია ბავშვი. ცოტა ხანში ახალშობილი ქვედაბოლოში გამოუხვევია და გზა გაუგრძელებია. მწყემსებს დედა-შვილი სახლში არ შეუშვიათ, მთის ადათის მიხედვით, ახალნამშობიარევი ქალი უწმინდურად ითვლებოდა. იმათაც პირველი ღამე გომურში გაუტარებიათ. მთელ ამ ამბავში მაზალო კიდევ ისაა, რომ სოფელ დურსაჭირისგან დღეს ნასოფლარია დარჩენილი. ან რა სახელია საერთოდ, დურსაჭირი.

უცებ შეიძლება იფიქრო, რომ გუდამაყარი და გოდერძი ჩოხელი ორი თანაბარი სიდიდეა. მე კი ასე ვიკითხავდი, გუდამაყარმა შვა გოდერძი ჩოხელი, თუ გოდერძი ჩოხელმა - გუდმაყარი? გუდამაყარი უფროა დავალებული ჩოხელისგან თუ ჩოხელი - გუდამაყრისგან? პირველი რომ არა, იქნებოდა კი მეორე? და პირიქით. და თუნდაც ამ გამოცანაში პირველადი მაინც გუდამაყარი იყოს, ჩოხელმა ისე დაუბრუნა ვალი თავის მშობლიურ მიწას, რომ ამ შემთხვევაში პროცენტმა სესხის ძირს გადააჭარბა.

გენიოსების მეტი რა ვიცით. ჰოდა, ისიც ვიცით, რომ ხშირად ესაა ეგოისტი, სულმოკლე, უტაქტო ხალხი, ზოგჯერ მეშჩანიც, ჩოხელი კი ამ ყველაფრის ანტიპოდია, თან ისეთი მორიდებული და ალალია, მისი მარტო სახელის ხსენებაც რაღაცნაირად აგამჩატებს. ამოუშრობია ამ კაცის შემოქმედებითი პოტენციალი. ვინ გამოიცნობს ამ თავისებურ კულტურულ-გენეტიკური მეხსიერების მექანიზმს? ვინ იტყვის, გენეალოგიური ხის რომელი ფესვიდან ამოდის მისი დაუცხრომელი ფანტაზიის ქრომოსომა?

არის ჩოხელის შემოქმედება ჩვენებური მაგიური რეალიზმი? შეიძლება. რეალისტური მაგია? შეიძლება. რაც გინდა უწოდე ამ კაცს, „მთის ხმა“, „მთის ვუნდერკინდი“, „მთის ჩაპლინი“, ყველაფერი უხდება. იგი არც შავ მარგალიტს ჩამოჰგავს, არც თეთრს, უფრო შავ-თეთრს, სავსეს კონტრასტებით, ნათელი-ბნელი, საცინარი-სატირალი, სიცოცხლე-სიკვდილი, საწყისი-სასრული.

მისი ერთი კლასელი იხსენებს, მერვე კლასში ვიყავით, თბილისიდან დამკვირვებელი დაგვიჯდა კლასშიო. რამდენიმე თემა მოგვცესო ასარჩევად. მათ შორის ერთი ასეთიც: „როგორ მესახება კოსმოსი“. აზრადაც არავის მოსვლია ამაზე რამის დაწერა, ჩოხელის გარდა. იმან კი არა მარტო დაწერა, როგორ ესახებოდა კოსმოსი, არამედ დაწერა ლექსად.

რასაკვირველია, ეს არ არის უხარვეზო შემოქმედება. ამ ძვირფას ლითონში ბევრი მინარევია. თუმცა სწორედ ეს მინარევი უსვამს ხაზს დანარჩენი ლითონის ძვირფასობას. ეს დაახლოებით ისეა, ციურ მანანაში შიგადაშიგ პატარა ხორცის ნაჭრები რომ შემოგხვდეს, როგორც „მაკარონში ფლოტურად“. ჩოხელს არა აქვს ფაქიზი, მდოვრე გადასვლები, მისი მონტაჟი ხისტი და მოუხეშავია, თითქოს თვალზე ოპერაციას კრივის ხელთათმანებით გიტარებს, შედეგად კი სრულიად მოულოდნელად იღებ არამარტო კორექტირებულ მხედველობას, არამედ კიდევ ერთი, მესამე თვალიც გეხსნება ბონუსად, ურომლისოდაც ეგებ ვერც დაგენახა სრული მშვენიერებით პლანეტა გუდამაყარი.

ამ „შემოქმედებაში“ ერთდროულად იგულისხმება მისი პროზა და კინემატოგრაფი. მის პოეზიას გამოყოფა არ სჭირდება, რადგან მისით, პოეზიით, ისედაც გაჟღენთილია ამ კაცის ყველაფერი. „თოვლმა რაღაც ზეციური სიხარული მოიტანა. კაცსა და ძროხას დარდი გადაჰყარა გულიდან. თითქოს ზეცა მოახლოვდა მათთან. მოახლოვდა და თოვლის ფიფქებით უჩურჩულა ის მარადიული საიდუმლო, რაც ზეცის საუფლოში ხდება“. ეს პროზა თუ პოეზიით არ არის სავსე, მაშინ მე სულ არაფერი მცოდნია პროზისა. პოეზიისა - მით უმეტეს. და ასეთები არ ელევეა ამ კაცს. ნებისმიერ ტექსტს ჩახედე და შენ აღმოჩნდები ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც გიჩურჩულებს იმ მარადიულ საიდუმლოს, რაც ამ კაცის საგულეში ხდება.

მის ფილმებს რაც შეეხება, რბილად რომ ვთქვათ, გოდერძი ჩოხელი არ არის სტენლი კუბრიკი, ყოველი წვრილმანისა და დეტალის ფანატური პერფექციონისტი. ჩოხელის კინო ბავშვობაში შინ დადგმულ სპექტაკლებს ჩამოჰგავს, ოღონდ, ბავშვების ნაცვლად, აქ უფროსები თამაშობენ. მთელი მარილიც ესაა. ჩოხელი არაა კუბრიკი. ან რატომ უნდა იყოს. ჩოხელი ჩოხელია. მას არ გადაუღია „2001: კოსმოსური ოდისეა“. ან რატომ უნდა გადაეღო, როცა თავისი ხეტიალი ჰქონდა გადასაღები, გუდამაყრული ოდისეა.

უყურებ მის ფილმებს, გულუბრყვილობისა და უბრალოების უცნაურ სინთეზს და გედება ის ბავშვური აღტაცება და მოუთოკავი სიხარული, ცისფერ ეკრანზე რომ ხედავ. შენც გინდა ამ „კუსტარულ სპექტაკლში“ მონაწილეობა, შენც გინდა განიცადო ის რაღაც ჯადოსნური, შენს თვალწინ რომ ხდება.

ვის არ უნდა საგზური, თუნდაც თხუთმეტწუთიანი, საკუთარ ბავშვობაში?

ჩოხელის ავთენტიკურობის ერთ-ერთი გასაღებთაგანი ამ „კუსტარულობაშია“. კითხულობ მის წიგნებს პუნქტუაციური, სინტაქსური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომებითა და სტილისტური ხარვეზებით სავსეს, და ხვდები, რომ მთელი ამ შეცდომებისა და ხარვეზების გამოსწორებით უმალ გადაკეტავ ჰაერს, რომლითაც სუნთქავენ ეს ტექსტები. მათი კითხვისას ხვდები, რომ შენს წინაშეა სტიქიურად განვითარებული ნიჭი, რომელიც აღარ გაუმჯობესდება. იგი ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ფიროსმანს რომ ხატვა ესწავლა, ფიროსმანი აღარ იქნებოდა. ან იქნებოდა სხვა ფიროსმანი. მის კინემატოგრაფზე აღარც არის ლაპარაკი. ეს საავტორო კინოა, ჩოხელის კინო, რომლის ავთენტიკურობაში, ზღაპრულობაშიც, სწორედ ამ „ლაფსუსებსა“ და „კუსტარულობას“ შეაქვთ თავიანთი წვლილი.

მე მინახია, როგორ ჰყვაოდნენ იები მიწიდან ამოჩრილ კაცის ძვლებში. სიცოცხლეში რომ ეკითხათ ამ ძვლების პატრონისათვის, რას ინატრებდიო, ალბათ ვერც ინატრებდა ასეთ რამეს. მე კი ვინატრებდი.

ჩოხელი ამერიკას ჰგავს. ოღონდ ამერიკას აღმოჩენამდე, სანამ დაერქმეოდა ამერიკას ამერიკა. სანამ გამოზიდავდა კორტესი იქიდან მთელ ოქროს, ანუ ცალკე კონტინენტს თავისი ავტონომიური ცივილიზაციით, არა მარტო ქრისტეფორე კოლუმბამდე, ამერიგო ვესპუჩიმდეც. კერძოდ, ესაა ჩვენებური ამერიკა, ან, ჩოხელისვე ენაზე თუ ვიტყვით, ამერიკაი, რომელიც მანამდე ჩაიძირა, სანამ ბოლომდე აღმოვაჩინეთ და დავაფასეთ ისე, როგორც უნდა დაგვეფასებინა. აისერიო, მისერიო, მისერ.

ამ კაცს ყველა ფენაში ჰყავდა და ჰყავს თავისი თაყვანისმცემელი, მაგრამ ერთი რომელიმე კლასის კუმირი არასდროს ყოფილა. არც რომელიმე თაობის კერპი. როგორღაც ბოლომდე ბუნების, სამყაროს წარმომადგენლად დარჩა. ისიც გაუგებარი იყო, რა რეაქცია უნდა გქონოდა მის ნამუშევრებზე, ან, საერთოდ, რა ერქვა იმას, რაც აშკარად არ იყო ელიტური, მაგრამ მთლად ხალხურიც არ ყოფილა.

როგორც წესი, ამ კაცისთვის არავინ ინანებს ხოლმე სადიდებელ სიტყვებს, ნაირგვარ ტოპეულთა შედგენისას კი როგორღაც ავიწყდებათ. გოდერძი ჩოხელს არც ჩვენ ვასახელებთ ხოლმე ფავორიტი მწერლების სიაში. აღარც საყვარელი რეჟისორების ჩამოთვლისას გვახსენდება. ან ძვირფას პოეტთა რამდენეული უნდა შევადგინოთ, რომ მასაც მოვუნახოთ იქ ადგილი? ეს კაცი თითქოს სხვა დროსა და სივრცეში ცხოვრობდა. არადა, ცოტა ხნის წინ ჩვენს გვერდით იყო. და თან არც იყო თითქოს.

როგორც ზღაპრის დასაწყისშია, რომ იყო და არა იყო რა. ის კი ამოიწურა, როგორც მთამადნეული. უფრო ზუსტად, მთა დარჩა, მადანი კი გათავდა. ერთ ინტერვიუში ამბობს, კინოს რომ ვიღებ, მაშინ ვარ ცოცხალიო. ჰოდა, მორჩა კინო, მოკვდა კაცი. იქამდე კი პატარა ამირანს ჩამოჰგავდა, ღმერთებისთვის მოპარულ ცეცხლს რომ დაატარებდა და გულუბრყვილოდ სწამდა, რომ ადამიანთა ჩამქრალ გულებს აანთებდა.

მისი გახსენებისას ბევრს ეღიმება, თითქოს ბავშვზე საუბრობდნენ, ან ალერსიან და ნაზ მხეცზე. და ეს გასაგებია. ეს კაცი უნიკალურია კიდევ იმით, რომ ჩვენ შორის იცხოვრა და არ გაიზარდა, მეოცნებე ყმაწვილად დარჩა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე რომ წერდა ერთიან უგრძეს თემას „როგორ მესახება კოსმოსი“.

გოდერძი ჩოხელი განსაკუთრებული და სრულიად ეგზოტიკური თვალია ჩვენს ეროვნულ საგანძურში. იგი არც ბრილიანტია, არც ზურმუხტია, არც ლალია. გოდერძი ჩოხელი ნატვრისთვალია. ყოველ შემთხვევაში, სხვა მე არავინ მეგულება ჩვენში, და არა მარტო ჩვენში, ასე ერგებოდეს ეს სიტყვა. ნატვრისთვალი.

არ ვიცი, მკვდარს რას ჩუქნიან ხოლმე იუბილეზე. მით უფრო, გოდერძი ჩოხელს რა გაეხარდებოდა. რა გაეხარდება გამიხარდაის? ალბათ, რამე ისეთივე უბრალო, როგორიც თვითონ იყო. ლექსზე უბრალო კი მე არაფერი ვიცი.

კაი ყმაი

ღამით მესიზმრა, ჩიოდა მკვდარი გოდერძი ჩოხელი:

რად ეცილების ყოველი? რა არის გასაყოფელი?

რამ ამაავსო ავითა ოხერი წუთისოფელი?

აღარა დარჩა სოფლადა კაცი კეთილის მყოფელი?

არც უფალია ადამის მოდგმის ბედისა მქსოველი,

არცა ეშმაკი ყოფილა კაცთა სულისა მფლობელი.

არც სამოთხეა ბოსელი, არც ჯოჯოხეთი - ბორდელი,

სამაგიეროდ კუბოა უკანასკნელი მოტელი.

ვერ გავხდი რკინის მკვნეტელი, ვერცა ჯიბიდან მსროლელი,

არასდროს წამამცდენია სიტყვა შეურაცხმყოფელი,

არ იყო ჩემში არც კინტო და არცა ყარაჩოხელი,

მე არც მძლეოსნად ვშობილვარ, ვერა ვარ მჯობნის მჯობნელი.

სამაგიეროდ მინახავს ყვავილი დაუჭკნობელი,

დიდ მწვანე ველზე ჰყვაოდა ირმისგან დაუცოხნელი,

იდგა ვით გამარჯვებული კაცი რეკორდის მომხსნელი

ან დარცხვენილი გოგონა მდიდარი ბებრის მომვლელი.

ჩემ საქმეს ნეტა რა ერქვა? მთხრობელი? მახარობელი?

არსობის პურის თუ არა, ობლისა კვერის მცხობელი?

ვეღარ გავჩერდი ცოცხლებში ვითა ძე ანდა მშობელი,

ვეღარც სიკვდილში ვიპოვე მოსისხლე ან ახლობელი.

თუ ცხოვრებაში იყავი სუფთა და შეუცდომელი,

ანდერძი მაინც დატოვე სულ ოდნავ შეუცნობელი,

რომ შენს ქელეხში ისმოდეს რაიმე მოულოდნელი,

არა ძმრიანი „ჩაკრულო“, არამედ „მინისმლოკველი“1 .

ხარ გმირი დედა თუ დედა შვილების გადამხოცველი,

ან ასაწყობი მოდელი, მოყმე წყლისა პირს მჯდომელი,

გულზე რაც უნდა დაგადონ, შხამი თუ დაუჯდომელი,

ცივ სამარეში ჩაფლული სასწაულს აღარ მოელი.

ვინც უნდა იყოს, მძორია, ყველა კუბოში მწოლელი,

გინდა პატარა კაპრალი და გინდა დიდი გორელი,

სულაც შეშლილი სკვითელი, ვინმე კ. მიწისმზომელი,

მძორისთვის კი სულერთია დასაკარგი-საპოვნელი.

მიწასაც რა ენაღვლება მწერი და ვიღაც ოცხელი2 ,

უკვდავი ოლიმპიელი, მოკვდავი ოლიმპოელი,

ჯარისკაცი და ექიმი, მუქთახორა და მშრომელი,

ან სად დადგება სამება სიუარეს-ჟამმი-კლოდელი.

როცა ჩაქრება ჭადრებში ვარსკვლავი მანათობელი

და გაწყალდება ყანწებში არაყი დამათრობელი,

ვერ გაიხსენებ ვერავის, ვინც დაგრჩა დასაკოცნელი,

ვეღარ გაგითბობს მცივან ძვლებს ვერცერთი გამათბობელი.

მაღაროდან რომ ამოვა დაღლილი მაღაროელი,

ან პოდიუმზე გამოვა მაღალი სუპერმოდელი,

მეც ავღოღდები მიწიდან ვით ჭიაღუა მძრომელი3 ,

ვიშოვი ველოსიპედს და გავხდები ველომრბოლელი.

ან რესტორანში ვიმღერებ, ვითა რიგითი ქსოვრელი:

„ნეტა დღეა თუ ღამეა? ან საათია რომელი?“

მამწყინდა მარტოს მიწაში და მამენატრა ყოველი.

ადამიანი მანახა ან დამანახა ცხოველი.

1. Windowlicker - აფექს თვინის კომპოზიცია, 1999წ.
2. შოვიდან თუა შოველი, ფოთიდან კიდევ ფოთელი, ხოლო ხობიდან ხობელი, ხანაც ხონიდან ხონელი, ასეთი რკინის ლოგიკით, ონიდან მოდის ონელი, მაგრამ, ოცხი თუ არ არის, საიდან არის ოცხელი? (მდინარე ოცხეს ვერ ჩავთვლით, თორემ გამოვა ოცხეელი. ასე ბოდბელსაც იტყვიან, თუმცა სწორია ბოდბეელი.)
3. არც მეტი, აღარც ნაკლები, აი, იქნება ფორტელი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG