„წინადადებას, რომლითაც ჩემი რომანი ‘სირცხვილი’ იწყება, მე თავში გამუდმებით ვიმეორებდი მას შემდეგ, რაც მე, თორმეტი წლის ბავშვი, ამ სცენას შევესწარი, - გაუზიარებს მწერალი ერთ ფრანგ კრიტიკოსს. „... რა თქმა უნდა თავდაპირველად მეშინოდა, მეშინოდა, რომ ეს უბედურება [მკვლელობის მცდელობა] თავიდან არ მომხდარიყო, მაგრამ მალე შიში სირცხვილმა ჩაანაცვლა: მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ძალიან რბილი ბუნების ადამიანი იყო, მისმა ამ ქცევამ, ამ ჟესტმა, რომელიც, ვიმეორებ, სრულიად მოულოდნელი იყო მამაჩემის მხრიდან, დამანახა, რომ ჩვენი ოჯახი ეკუთვნოდა იმ სოციალურად მდაბიო ფენას, სადაც გამეფებული იყო ძალადობა და ლოთობა. (...) არადა მე, კათოლიკური კერძო სკოლის მოსწავლეს, მეგონა, რომ მე და ჩემი ოჯახი იერარქიულად ცოტა უფრო მაღლა ვიდექით. მამაჩემის ამ ქცევის მერე ჩემს წარმოდგენაში მე უღირსი გავხდი ჩემივე სკოლის წრისა, რომლის ნაწილადაც ჩემი თავი წარმომედგინა. (...) ჩემი სირცხვილის ტვირთი უსაზღვრო აღმოჩნდა. მან ჩემს ბავშვობას წერტილი დაუსვა, რადგან ამ სირცხვილმა ჩემი სოციალური წარმომავლობა დამანახა.“
ანი ერნოს სიტყვები „სირცხვილზე“ როგორც შინაგან კომპასზე, რომელიც ფიზიკურ სხეულს სოციალურ სხეულთან აკავშირებს, გამახსენდა, როცა „ოცნების“ საარჩევნო ბანერები ვნახე ინტერნეტში. 23 წელზე მეტია, რაც საფრანგეთში ვცხოვრობ და არასდროს მიფიქრა, რომელია დედა და რომელი - დედინაცვალი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ დედა არის არა ის, რომელმაც უამრავი შესაძლებლობის კარი გაგიხსნა, რომლისაც ყველაზე მადლიერი ხარ, არამედ ის, რომლის გამოც ყველაზე ძალიან გრცხვენია.
ეს სირცხვილი პირველად დამეუფლა 2022 წლის 25 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს, როცა იუნკერთა მემორიალთან მისული საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანტიუკრაინული განცხადება წავიკითხე. ადგილიც ხომ უნდა აარჩიო ასეთი განცხადებისათვის! შემდეგ იყო დასავლეთის სანქციებთან არმიერთება, პარლამენტში უკრაინის ელჩის არმიწვევა, უკრაინის საკითხზე პარლამენტში სხდომის ჩაშლა, რეზოლუციები რუსეთის ხსენების გარეშე, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, სანქციების არიდებაში მოსკოვის დახმარება და ვინ მოთვლის კიდევ რა... (აღარაფერს ვამბობ „ოცნების“ დეპუტატების ქილიკზე უკრაინის ტრაგედიაზე).
თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დასაწყისში საფრანგეთი საქართველოზე უფრო ღირსეულად იქცეოდა: ჯერ იყო საფრანგეთის პრეზიდენტის ახირება, რომ პუტინთან დიალოგით ომს წერტილს დაუსვამდა, შემდეგ - 2022 საპრეზიდენტო და 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნები, სადაც პრორუსული პარტიები ჯამში 50%-ს ურყევად აგროვებდნენ. მიუხედავად ამისა, არც მაკრონის ახირებისა და არც პუტინის ფრანგი მეგობრების გამო ისე არ შემრცხვენია, როგორც „ოცნების“ ქცევის გამო.
სირცხვილის ეს გრძნობა განსაკუთრებით მძაფრდებოდა, როცა უკრაინელებს ვხვდებოდი. ვცდილობდი დამერწმუნებინა უკრაინელები, რომ ეს მთავრობა არ არის საქართველოს სახე: 1. უკრაინაში დაღუპულ უცხოელ მეომრებს შორის ყველაზე მეტი ქართველია და ეს აბსოლუტურ და არა ფარდობით რიცხვებში... 2. საქართველოს ოფიციალურ სახეს წარმოადგენს საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი და არა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელიც „ოცნების“ საარჩევნო სიაში 2020 წელს საერთოდ არ ყოფილა... თუმცა ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებამ ეს არგუმენტი ხელიდან გამომაცალა - 2020 წელს ის ხომ „ოცნების“ სიის სამეულში იყო! მოკლედ, არგუმენტებიც აღარ მშველოდა სირცხვილზე ვუალის ჩამოსაფარებლად...
და ამ დროს გამოჩნდა „ოცნების“ ამაზრზენი საარჩევნო პლაკატები. და, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებისათვის“ ხმა არასდროს მიმიცია, ძალიან შემრცხვა. და ამ სირცხვილის გრძნობამ ჩემივე თავი სულ სხვა კუთხიდან დამანახა.
მოკლედ, აღმოჩნდა, რომ თუ ანი ერნოსთვის „სირცხვილი“ განასახიერებს ურთიერთობას ფიზიკურსა და სოციალურ სხეულს შორის, ჩემს შემთხვევაში „სირცხვილმა“ გამოხატა ურთიერთქმედება ფიზიკურ და პოლიტიკურ სხეულს შორის.
თუმცა „სირცხვილის“ ფუნქციები ამით არ შემოიფარგლება. აგერ ანტიკურ ხანაში მას სულ სხვა დატვირთვა ჰქონია. ჰომეროსის „ილიადაში“ „სირცხვილი“ ბრძოლის ველზე ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იყო და გამბედაობის გასაღვივებლად გამოიყენებოდა. „ილიადაში“ იგი გაიგივებული იყო ღირსების კოლექტიურ გრძნობასთან, რომელიც მძაფრად აღიქმებოდა, როცა კოლექტიური პატივის შელახვა ხდებოდა. ეს ბუნებრივიცაა - ამ დროს ხომ ყველას შეურაცხყოფილი ღირსება თითოეულის სირცხვილი ხდება: „გამაგრდით ძმანო! და აღივსეთ სირცხვილით გული! ყველას საგმირო სარბიელზე რცხვენოდეს მოძმის. ვინც სირცხვილს იგრძნობს, უფრო მეტად ის გადარჩება, გაქცეულს არც ხსნა მიეგება, არცა სახელი!“
და დღესაც „ოცნების“ საარჩევნო ბანერებით პატივის შელახვა ყოველი ქართველის სირცხვილი არის. თუმცა, ჰომეროსის ეპოქისგან განსხვავებით, სირცხვილის ჩამოსაბანად დღეს არც სიმამაცე და არც გამბედაობა არაა საჭირო...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.