Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ - ახლა ბურთი დასავლეთის მოედანზეა


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ოქტომბერს ბრიუსელში ხუთპუნქტიანი „გამარჯვების გეგმა“ ჩაიტანა, ჯერ ევროკავშირის ლიდერებთან, შემდეგ კი ნატოს თავდაცვის მინისტრებთან წარსადგენად.

მართალია, ბელგიის დედაქალაქში ეს გეგმა ღიად არავინ უარყო, თუმცა სამართლიანი იქნებოდა ასეთი შეფასება - ამ ორ ორგანიზაციაში კიევის მოთხოვნების მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი, თუმცა ვალდებულებების აღებას არ ჩქარობენ. ეს გეგმა უკვე პირველი ორი პუნქტის შემდეგაა განწირული - რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ნატოში გაწევრიანების მიწვევა და ნება დართონ დასავლეთის მიერ მიწოდებული შორი მოქმედების იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. კიევი უკვე დიდი ხანია ცდილობს ამ ორი პუნქტის მიღწევას და ამჟამად ეს უბრალოდ არ მოხდება.

ავიღოთ ნატოში მიწვევის საკითხი. კიევი ითხოვს, რომ ორგანიზაციაში ახლა მიიწვიონ, გაწევრიანება კი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ მოხდეს. ამით უკრაინა ცდილობს ნატოს წევრები იმ ქვეყნების დაყოლიებას, რომლებსაც მოსკოვთან პირდაპირ კონფრონტაციაში ჩათრევისა ეშინიათ. უკრაინამ ამის მსგავსი რამ მოითხოვა შარშან ნატოს ვილნიუსის სამიტზე და წელს ვაშინგტონის სამიტზე. საპასუხოდ, სამხედრო ალიანსმა უბრალოდ დაადასტურა, რომ ქვეყანა რაღაც დროს, განუსაზღვრელ მომავალში გახდება წევრი და ჩახლართული ფორმულირებები მიიღო, სადაც ლაპარაკია "წევრობისკენ მიმავალ ხიდზე" და, რომ მისი "გზა წევრობისკენ შეუქცევადია".

უკრაინის სამხედრო ალიანსში მიწვევის შესახებ შეკითხვას ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ წინასწარ გამზადებული ფრაზებით უპასუხა და ხაზი გაუსვა ყველაფერს, რასაც მისი ორგანიზაცია აკეთებს ომით განადგურებული ქვეყნის დასახმარებლად. ამერიკის ელჩი ნატოში, ჯულიანა სმიტი, ასევე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. ჩემი წყაროები ალიანსში მეუბნებიან, რომ აქ პოზიციები კვლავ დაშორებულია ერთმანეთს. „ვილნიუსსა და ვაშინგტონს მიღმა აღარ წავსულვართ“, - ყველა ამას იმეორებს.

იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების ნებართვაზე. ეს ძირითადად ამერიკის გადასაწყვეტია და, როგორც ჩანს, ვაშინგტონს ამის დაშვება არ სურს. ზელენსკი სექტემბერში შეერთებული შტატებიდან შინ ხელცარიელი დაბრუნდა და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. წინ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებია. მომავალში კიევს შეიძლება დარტყმების შეზღუდულად განხორციელების ნებართვა მისცენ, თუმცა ამას წინასწარ ხმამაღლა არავინ გამოაცხადებს.

პირველი ორი პუნქტის შესრულება უკვე რთულია, ამიტომ დანარჩენ სამზე - რუსეთის შეკავებაზე უკრაინის მიწაზე განლაგებული არაბირთვული სტრატეგიული პაკეტის მეშვეობით; აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ უკრაინის ბუნებრივი რესურსების ერთობლივ დაცვაზე და ომის შემდეგ ევროპაში ზოგიერთი ამერიკელი სამხედროების ჩანაცვლებაზე უკრაინელი ჯარისკაცებით - ლაპარაკს დიდი აზრი აღარა აქვს.

ზელენსკიმ ისედაც იცოდა, რომ მისი გეგმის მიღწევა იოლი არ იქნებოდა. მან მძიმე და დამღლელი ზამთრის წინ გარისკა. ახლა ბურთი დასავლეთის მოედანზეა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG