Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Georgia/France -- Paris-based Georgian historian Lasha Otkhmezuri. Undated
Georgia/France -- Paris-based Georgian historian Lasha Otkhmezuri. Undated

„ისევ შოაზე? არ მოგბეზრდათ?!“ - შეიძლება იკითხოს მკითხველმა. მე პირადად არ მომბეზრდა. და თან ისიც ვიცი, რომ თქვენი მოყირჭების მიზეზი არა ისტორიის გადავსებული ფიალაა, არამედ ხსოვნისა. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე ორმოცი წელია, რაც დასავლეთის ისტორიოგრაფიაში შოას (ჰოლოკოსტის) კვლევას წამყვანი ადგილი უკავია, უამრავი „შავი ხვრელია“ დარჩენილი. სამაგიეროდ რომელი ქვეყნისკენაც გინდათ გაიხედეთ - ყველგან გადავსებულია ხსოვნის ფიალა. იმ ხსოვნის, რომელიც თანამედროვე ერის მშენებლობაში ცენტრალურ როლს თამაშობს.

პირველად ეს ფენომენი დასავლეთ გერმანიაში გამოჩნდა (და ეს სხვაგვარად ვერც იქნებოდა), როცა 1986-87 წლებში გერმანულ საზოგადოებას შეძრავს ისტორიოგრაფიული დისკუსიები მესამე რაიხსა და შოაზე. ისტორიკოსებს შორის ბრძოლაში - Historikerstreit - ერთმანეთს დაუპირისპირდება წარსულის ორი წაკითხვა: თუ პირველთათვის (იურგენ ჰაბერმასი), ებრაელების გაწყვეტის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყო მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, მეორე ჯგუფის წარმომადგენლებისათვის (ერნსტ ნოლტე, ე.წ. პატრიოტ ისტორიკოსთა ლიდერი) ებრაელების გაწყვეტის გადაწყვეტილება წარმოადგენდა სტალინიზმის მასობრივ მკვლელობებზე რეაქციას და ის მიღებულ იქნა მხოლოდ 1941 წლის ზაფხულში. Historikerstreit-ში საინტერესო ისაა, რომ ეს დებატები მიმდინარეობდა ცივი ომის პერიოდში, როდესაც არქივები - იმ ტერიტორიებზე, სადაც შოა მოხდა - დალუქული იყო. დღეს აშკარაა, რომ როგორც ნოლტეს, ისე ჰაბერმასის არგუმენტები ძალზედ გულუბრყვილო იყო... რომ ორივე ერის მშენებლობის რიტორიკაში იყო ჩართული: ნოლტე - გასამართლებლად, ჰაბერმასი კი - დასაგმობად...

ერის მშენებლობის უფრო ნარცისულ გზას გაივლიან დასავლეთის სხვა ქვეყნები. ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო შეთხზავს გულის ამაჩუყებელ ისტორიას ებრაელების გადარჩენაზე: ასე იწონებენ თავს დანიელები (90% გადარჩენილით) მეზობელი ესტონელების გვერდზე (10% გადარჩენილი); ასე ამაყობენ ფრანგები და ბულგარელები (75%-75% გადარჩენილით) ჰოლანდიელებისა და ბერძნების წინაშე (25%-მდე გადარჩენილი ჰოლანდიაში და 10%-მდე - საბერძნეთში). სინამდვილეში ამ ძალიან ამაღელვებელ და ემოციურ ისტორიებს არაფერი აქვს საერთო შოასთან.

ებრაელების გადარჩენის წილი დამოკიდებული იყო არა ეთნო-ნაციონალურ დინამიკაზე, არა ე.წ. „კარგ“ და „ცუდ“ ერებზე, არამედ პოლიტიკურ დინამიკაზე. პოლიტიკურ დინამიკაში კი ბევრი სტრუქტურული ასპექტია გასათვალისწინებელი: ქვეყნის ოკუპაციის თუ ვასალიზაციის ხარისხი, მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა მესამე რაიხისათვის, აპატრიდი ებრაელობის რიცხვი მოცემულ ქვეყანაში და ბევრი სხვა რამ. მაგალითად, ჰიტლერს 1942 წლიდან მოყოლებული ეშინოდა, რომ ბრიტანელი და ამერიკელი მოკავშირეები საფრანგეთის ტერიტორიაზე გადმოსხამდნენ ჯარებს, რის გამოც საფრანგეთიდან ებრაელების დეპორტაცია არ წარმოადგენდა ფიურერისთვის მთავარ პრიორიტეტს. ასე რომ, მიუხედავად საფრანგეთის კოლაბორაციული რეჟიმის გამორჩეული ანტიიუდაიზმისა (რომელიც 1940 წლის შემოდგომაზე საკუთარი ინიციატივით შემოიღებს ანტისემიტურ კანონმდებლობას), მიუხედავად ვიშის რეჟიმის თავგამოდებისა, უფრო მეტი ებრაელი გადაეცა გერმანელებისათვის, ვიდრე ამას ნაცისტები მათგან მოითხოვდნენ, (მაგალითად, 1942 წლის ზაფხულში), ეს მითი დღემდე ცოცხალია. და არა მარტო უამრავ ფრანგს სჯერა ამ ზღაპრების, არამედ მან წლევანდელ საპრეზიდენტო დებატებში ცენტრალური ადგილიც კი დაიკავა.

ბულგარელებს აქვთ საკუთარი ცრემლის მომგვრელი ისტორია, თუ როგორ გადაარჩინეს ებრაელები. მაგრამ 75% ცოცხლად დარჩენილი ბულგარელი ებრაელი მათი კეთილი ნების შედეგი არ იყო: ნაცისტები ანადგურებდნენ 1. მათ მიერ ოკუპირებული ქვეყნის ებრაელებს და 2. მესამე რაიხის მოკავშირე-სატელიტი ან ვასალური ქვეყნის იმ ებრაელებს, რომლებსაც ეს სახელმწიფო მოქალაქეობას ართმევდა. როდესაც მესამე რაიხის სატელიტი ბულგარეთი მაკედონიისა და თრაკიის ანექსიას მოახდენს (1941 წლის აპრილი), იგი არ მისცემს იქ მცხოვრებ ებრაელებს მოქალაქეობას. სწორედ ეს ებრაელობა გახდება შოას მთავარი მსხვერპლი ბულგარეთში.

ერის მშენებლობის ამ ევროპული ვარიაციებიდან ერთადერთ გამონაკლისს ალბათ წარმოადგენს თანამედროვე რუსეთი, რომლისთვისაც ხსოვნა ტერიტორიული ექსპანსიის ინსტრუმენტი გახდა: ამტკიცებს რა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელები კოლაბორაციონისტები და ფაშისტები იყვნენ და, მეორე მხრივ, რომ უკრაინა ხელოვნური ერია (რაც თავისთავად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის), კრემლი ცდილობს, უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია გაამართლოს.

სხვათა შორის, კოლაბორაციონიზმის ისტორიის შესწავლისას, ბევრი ისტორიკოსი ვერ გაექცა ცდუნებას, ინტერპრეტაცია ეთნო-ნაციონალურ კატეგორიაში გაეკეთებინა და უნებურად კრემლის პროპაგანდის წისქვილზე დაესხა წყალი. სინამდვილეში, თუ 1941 წელს უკრაინაში უფრო მეტ კოლაბორაციონისტს ვპოულობთ, ვიდრე, მაგალითად, ბელორუსიაში, ამას პოლიტიკური და არა ნაციონალური მიზეზი აქვს: იმ დროისთვის ბელორუსი ნაციონალისტები, ბელორუსი პოლიტიკური ელიტა, უკრაინელებისგან განსხვავებით, სტალინს უკვე განადგურებული ჰყავდა. და თუ ბალტიელებს შორის კიდევ უფრო მეტ კოლაბორაციონისტს ვნახულობთ, ვიდრე უკრაინელებს შორის, ამის მიზეზი სტალინის ნაწილობრივ უშედეგო მცდელობაა, ბალტიის საბჭოთა ოკუპაციის მოკლე პერიოდში ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა გაენადგურებინა.

სხვათა შორის, რახან ბალტიის ქვეყნები ვახსენე: უპრიანია გავიხსენოთ, რომ ნაცისტები ვერ მოახერხებენ ლიეტუვაში SS-ის ქვედანაყოფების შექმნას. მაშინ, როცა 20500 რუსი მოხალისე ეყოლება ჰიმლერის არმიას. ამავდროულად, შეიძლება წარმოვიდგინოთ ლიეტუვა, რომელიც მოსკოვის მიერ „წინა დღით“ იყო ოკუპირებული (და რომელსაც სჯეროდა, რომ ბერლინი დაუბრუნებდა სუვერენიტეტს), როგორც გერმანოფობი? - რა თქმა უნდა, არა. და შეიძლება რუსების დადანაშაულება პრონაცისტობაში, რადგან ისინი ვერმახტის რიგებში გაერთიანებულ საბჭოელთა სულ ცოტა ერთ მეოთხედს წარმოადგენდნენ? რა თქმა უნდა, ესეც აბსურდი იქნებოდა.

ასე რომ, შოას ან კოლაბორაციონიზმის ეროვნული (და არა პოლიტიკური) დინამიკით ახსნა, ბევრად უფრო მეტს ლაპარაკობს ჩვენზე და ჩვენ დღევანდელ დღეზე, ვიდრე ჩვენ წარსულზე.

ის, რომ შოა ხსოვნის განსაკუთრებულ მარწუხებში აღმოჩნდა, ამაში ალბათ პასუხისმგებლობის წილი მკვლევრებსაც მიუძღვით: ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, სოციო-ფსიქოლოგები და ა.შ., ცდილობდნენ რა პასუხი გაეცათ კითხვაზე ადამიანის ბრალეულობის შესახებ - არის ის ონტოლოგიური (ბუნებით გამოწვეული), თუ ისტორიული (კონტექსტით გამოწვეული) - ხშირად იკვლევდნენ და იკვლევენ „ლაბორატორიულ“, „ხელოვნურ“ და არა „საველე“ პირობებში. „ხელოვნურ“ პირობებში ვგულისხმობ კვლევას, როცა შოა სამხედრო ოპერაციებისგან დამოუკიდებლად შეისწავლება. მომდევნო სტატიებში - აინზაცჯგუფებზე, ფეგელაინის მხედრებზე, დანაშაულებრივ ბრძანებებზე, ვერმახტზე - მე შევეცდები, მკითხველს დავანახვო, თუ რამდენად მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებაშია სამხედრო ოპერაციები შოასთან. მომდევნო ტექსტების მეორე მიზანი იყო, ძალიან მოკლედ გადმომეცა, თუ როგორ და როდის მიდიან ნაცისტები დასკვნამდე, რომ მათ შეუძლიათ ე.წ. „ებრაული პრობლემის“ დაუყოვნებლივ და ადგილზე გადაჭრა - სწორედ ის, რასაც შოას დასაწყისი ჰქვია.

დაბოლოს, როგორც ინგლისელები იტყვიან last but not least: ისტორიისათვის უცხო არ არის ხსოვნის მარწუხებში ყოფნა. შოას ისტორიოგრაფია ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალო სიტუაციაშია. ასე რომ, მკითხველო, მისი ემანსიპაციისათვის, ხსოვნის ბორკილებისგან მისი განთავისუფლებისათვის, უფრო და უფრო მეტი ისტორიაა საჭირო...

ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გაცოცხლებული პოლემიკა ელენე დარიანის ვინაობისა თუ დარიანული ციკლის ლექსების ავტორობის გარშემო (პაოლო იაშვილის მისტიფიკაცია თუ ელენე ბაქრაძის ფსევდონიმი?), ბედის ირონიამ და საქართველოს კულტურის სამინისტრომ, მოულოდნელად, დაბალი კულტურის, გნებავთ, საქმის გარჩევის მცდელობაში გადაზარდა. მიზანი ქართული პოლიტიკის ზერელე დამკვირვებლისთვისაც კი მარტივი ამოსაცნობია: „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრი ცდილობს წიგნის, „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ გამოცემისას გაპარული შეცდომების მძიმე დანაშაულად გასაღებას და, ამის გამო, მუზეუმის დირექტორთან, ლაშა ბაქრაძესთან სათანადო ანგარიშსწორებას, რაზეც მეტყველებს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების როგორც ტონი, ასევე შინაარსი:

„აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს... კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა“.

კულტურის სამინისტროს მიერ გადახდილი მადლობა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ლიტერატურის მუზეუმი ცდილობდა დაემალა შეცდომა, არადა, ლაშა ბაქრაძემ ჯერ კიდევ იანვრის პირველ დღეებში, საჯაროდ - თავისი ფეისბუკის გვერდზე - აღიარა "სამწუხარო შეცდომა" და იქვე თქვა, რომ გამოსავალი, ტირაჟში, რომელიც ჯერ არ იყო გავრცელებული, „შეცდომების გასწორების ფურცლის“ ჩადება ან ჩაკვრა იქნებოდა.

"ელენე ბაქრაძე (დარიანი)" - ქართული ლიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა
"ელენე ბაქრაძე (დარიანი)" - ქართული ლიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა

ასეთი ფურცელი მართლაც მომზადდა. საუბარია, რამდენიმე ტექნიკურ და ფაქტობრივ შეცდომაზე (წიგნში მოხვდა ელენე ბაქრაძის მიერ გადაწერილი ანა კალანდაძის სამი ლექსი). სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ [ანა კალანდაძის სახით] „საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან“, და შესაძლოა, კულტურის სამინისტროს შესწორების ფურცელი არასაკმარისად მიაჩნია?

ვინც წიგნის გამოცემისა და პოლიგრაფიის საქმეში ოდნავ მაინც არის ჩახედული, არ ესწავლება, რომ შეცდომებისგან არც სერიოზული მეცნიერები და არც სერიოზული ინსტიტუტები არიან დაზღვეული და, რომ „შეცდომების გასწორების ფურცელი“ ყველაზე მიღებული და გავრცელებული საშუალებაა.

"ელენე ბაქრაძე (დარიანი)" - წიგნში აღმოჩენილი შეცდომების გასწორების ფურცელი
"ელენე ბაქრაძე (დარიანი)" - წიგნში აღმოჩენილი შეცდომების გასწორების ფურცელი

აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილზე დიდი გეოგრაფი საქართველოს ბევრი არ ჰყოლია, 1947 წელს გამოცემულ „საქართველოს გეოგრაფიას“, რომლის ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი ალ. ჯავახიშვილია, გარდა იმისა, რომ ახლავს სტამბიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩენილი შეცდომების ვრცელი ჩამონათვალი, ლამის ყველა გვერდზე ამჩნევია ავტორის „ლამაზი ხელი“ შენიშვნებისა და შესწორებების სახით, რომლებიც, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ავტორმა მომდევნო გამოცემებში უნდა გაითვალისწინოს.

"საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო". შემჩნეული შეცდომების გასწორების ფურცელი
"საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო". შემჩნეული შეცდომების გასწორების ფურცელი

საგულისხმოა, რომ შეცდომათა ჩამონათვალშია მწვერვალი უშბა, რომელიც წიგნში რეალურზე 50 მეტრით არის დადაბლებული. და ეს ყველაფერი ხდება 1947 წელს, სტალინიზმის გაფურჩქნის ხანაში, როცა ასე იოლია ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის დიდი მეცნიერის მავნებლად გამოცხადება და დაპატიმრება, თუმცა წიგნში გაპარული შეცდომების გამო, ალექსანდრე ჯავახიშვილი არავის დაუსჯია. სამშობლოსა და მეცნიერების წინაშე ვალმოხდილმა აკადემიკოსმა 1973 წლამდე იცოცხლა და 98 წლის ასაკში დალია სული.

"საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო". 1947 წ.
"საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო". 1947 წ.

შემთხვევით არ არის, რომ საგამომცემლო-პოლიგრაფიულ ცნობარებსა თუ ლექსიკონებში ყველაზე ვრცელი ადგილიც სწორედაც რომ „შეცდომებსა და კორექტურას“ ეთმობა, რადგან, ცხადზე უცხადესია, რომ შეცდომებს უშვებენ როგორც ავტორები, ასევე რედაქტორები, გამომცემლობები და სტამბები, რადგან არსებობს როგორც სტილისტიკური და სინტაქსური, ასევე აზრობრივი შეცდომები, რომელთა გამოსწორება სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის წიგნის გამოცემის შემდეგაც, ხდება. მეტიც, „უშეცდომო წიგნებშიც“ კი იდო ხოლმე სპეციალური ფურცელი, რომლიდანაც მკითხველი შეიტყობდა, ვისთვის და სად უნდა მიემართა ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში.

საშუალო შესაძლებლობის ნებისმიერ ბიბლიოფილს თავის ბიბლიოთეკაშივე შეუძლია აღმოაჩინოს ფუნდამენტურ თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე დაწერილი არაერთი ისეთი წიგნი, რომლის ბოლო ფურცელი ხელითაა ჩაწებებული წიგნის სტამბიდან გამოტანის შემდეგ.

"ვეფხისტყაოსნის" ბეჭდვის ისტორიიდან. აღმოჩენილი შეცდომების გასწორება
"ვეფხისტყაოსნის" ბეჭდვის ისტორიიდან. აღმოჩენილი შეცდომების გასწორება

1973 წელს გამოცემულ „ვეფხისტყაოსნის ბეჭდვის ისტორიას“ ახლავს „შემჩნეული შეცდომების გასწორების“ შთამბეჭდავი ფურცელი, სადაც „გვერდის“, „სტრიქონის“, „არის“, „უნდა იყოს“ გრაფათა გვერდით დამატებულია კიდევ ერთი გრაფა, რომელიც იძლევა ინფორმაციას, თუ ვისი მიზეზით (კორექტორი, სტამბა, ავტორი) გაიპარა შეცდომა.

სახალისო ასტრონომია. 1955 წ.
სახალისო ასტრონომია. 1955 წ.

„შემჩნეული შეცდომების გასწორება“ იწონებს თავს 1955 წელს გამოცემულ „სახალისო ასტრონომიაში“ და 2011 წელს თსუ-ს მიერ გამოცემულ „მათემატიკის მოკლე შესავალში“,

მათემატიკა - ძალიან მოკლე შესავალი. 2011 წ.
მათემატიკა - ძალიან მოკლე შესავალი. 2011 წ.

თუმცა, ცხადია, ამ წიგნების ტირაჟის დაპატიმრება ან განადგურება აზრად არავის მოსვლია. არადა, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, სამინისტრო რაღაც მსგავსის გაკეთებას აპირებს:

„საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“.

ვინ იფიქრებდა, 21-ე საუკუნეში წიგნის ტირაჟის დაპატიმრების და რეი ბრედბერის „451º ფარენჰაიტით“-ის დრო თუ დადგებოდა?

ცნობილია, სად და როდის აპატიმრებდნენ და ანადგურებდნენ წიგნებს. გავიხსენოთ 30-იანი წლების გერმანია და იმავე პერიოდის საბჭოთა კავშირი... სხვათა შორის, სტალინს მიეწერება შალვა ნუცუბიძის მიერ რუსულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი პარტიის განადგურება მხოლოდ იმის გამო, რომ წიგნის ტიტულზე არ იყო მითითებული, თუ რომელი ენიდან ითარგმნა ტექსტი („შალვა ნუცუბიძის თარგმანი“ შეცვალა „ქართულიდან თარგმნა შალვა ნუცუბიძემ“).

სტალინის მიერ მოწონებული შალვა ნუცუბიძის თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი"
სტალინის მიერ მოწონებული შალვა ნუცუბიძის თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი"

„წიგნი ყველაზე დიდი „რამეა“ სამყაროში, რადგან წიგნი თითქმის ადამიანია და, ხანდახან, ადამიანზე მეტიც კი“, - ამბობდა აკადემიკოსი ვავილოვი, რომლის დაპატიმრებისა და პატიმრობაში სიკვდილის ფორმალური მიზეზი გახდა ანონიმური დასმენა, სათანადოდ არ რეაგირებს კედლის გაზეთში გამოქვეყნებულ მავნებელთა მამხილებელ სტატიებზეო. ადამიანის მსგავსად, წიგნიც შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ განა ნორმალურ საზოგადოებაში ფიზიკური ან სხვა სახის ნაკლის გამო ანადგურებენ ადამიანებს?

გასაგებია, რომ „წიგნებს თავისი ბედი აქვთ“ (Habent sua fata libelli) და, რომ, რაც ახლა ხდება, ამ საკამათო (უფრო ზუსტად, კამათისთვის გამოცემული) წიგნის ბედია, მაგრამ ამ ბედს ხელოვნურად ამძიმებენ, რათა ხელოვნურად გაზარდონ წიგნზე მომუშავეთა სასჯელი? აკი, კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ იმ საოცარ განცხადებაში პირდაპირ წერია:

„უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც [ლაშა ბაქრაძესთან] გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია“.

როგორი ნიშანდობლივია, თუ „ქართული ოცნების“ კულტურის სამინისტრო ვერც ხვდება და ვერც გრძნობს, რა ასოციაციებს აღვიძებს ტირაჟის დაპატიმრებისა და მესამე პირებზე გაცემული ეგზემპლარების დაბრუნების მოთხოვნით.

შემჩნეული შეცდომების გასწორების ფურცლის ჩადება! - ასეთია შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი ცივილიზებული და, იმავდროულად, პრაგმატული გზა. სხვა ყველაფერი მანიშნებელი იქნება იმისა, რაზეც ჰაინრიხ ჰაინემ თქვა, Dort wo man Bücher Verbrennt, verbrennt man auch am Ende Menschen - სადაც წიგნებს წვავენ, ბოლოს იქ წვავენ ადამიანებსაცო. ეს უნდა ესმოდეთ, განსაკუთრებით კულტურის სამინისტროში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG