Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 16 იანვარი. See content from before

პარასკევი, 14 იანვარი 2022

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში ევროპის უსაფრთხოების მომავლის გასარკვევად დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული შეხვედრები სამრაუნდიანი კრივის მატჩი რომ ყოფილიყო, მსაჯები იტყოდნენ, რომ მოსკოვმა ნოკაუტით ვერა, მაგრამ ქულებით კი გაიმარჯვა უფრო დიდი, მაგრამ ტაქტიკურად სუსტი დასავლეთის წინააღმდეგ.

თვალმა არ მოგატყუოთ - რუსეთი მოლაპარაკებების ტემპსაც და თემასაც თავად კარნახობდა როგორც შტატებს, ასევე ნატოს და ბოლოს ეუთოსაც. ეს საკმაოდ შთამბეჭდავია, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი ახლოსაც ვერ მივა დასავლეთთან. მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი ბანალურ სიმართლემდე დადის - რასაც თითოეული დასავლელი ჩინოვნიკი, რომელთაც მე ვესაუბრები, უხალისოდ აღიარებს ხოლმე: რუსეთი მზადაა, უკრაინასთან ომი გააჩაღოს, და იქ თავისი ჯარისკაცების სისხლი დაღვაროს - დასავლეთი, ნატო იქნება ეს, ევროკავშირი თუ რომელიმე წევრი ქვეყანა, ამაზე ვერ მიდის. ამ გადმოსახედიდან, დღეს იმავე გეოპოლიტიკურ ჩიხში ვართ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2014 წელს და საქართველოში კი - 2008 წელს.

სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში, და შედარებით მცირე დოზით, მოლაპარაკებების ოთახებშიც, საუბარი იყო იმაზე, უნდა თქვას თუ არა ნატომ უარი ღია კარის პოლიტიკაზე და თავი შეიკავოს პერსონალისა და იარაღის განლაგებისგან ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, ნაცვლად ჩვეული მოთხოვნებისა და მუქარისა, რომ რუსეთმა საკუთარი მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი უკრაინის საზღვრებს განარიდოს.

მეორე მხრივ, რუსეთისთვის მთლად ნოკაუტით გამარჯვების მიწერაც არ გამოვა. მოსკოვმა მოახერხა უკრაინის გამოთიშვა მოლაპარაკებების უმეტესობისგან, მაგრამ, საპასუხოდ, როგორც ვაშინგტონმა, ასევე ნატომ კიევთან კონსულტაციები გამართეს სხვადასხვა ფორმატში. დასავლეთის ფავორიტ სლოგანამდე - „არ გადავწყვეტთ უკრაინის ბედს უკრაინის გარეშე“ - ამ ყველაფერს ცოტა აკლია, რადგან კიევი არც ჟენევის მოლაპარაკებებს ესწრებოდა და არც ბრიუსელისას, მაგრამ რუსეთის გამბიტი, საერთოდ „ჩაეჩოჩებინა“ საკუთარი მეზობელი, ასევე მარცხით დასრულდა.

ამასთანავე, რუსეთმა შეიძლება გადაამლაშა, როდესაც ნატოს გაფართოების შეჩერების მოთხოვნას არ დასჯერდა და მოითხოვა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აღმოსავლეთ ფრთაზე რაიმე ხელშესახები სამხედრო კონტინგენტი და ტექნიკა არ უნდა ჰქონდეს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ შეერთებული შტატები ჟენევაშივე პირში მიახლიდა რუსეთს, რომ ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. მაგრამ რუსეთმა იცოდა, რომ ნატოს ევროპელი წევრებიდან ბევრი დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხისადმი. მოსკოვმა ისიც კარგად იცის, რომ იმავე ქვეყნებს აფრთხობთ ყველაფერი, რაც შეიძლება მოსკოვთან დაპირისპირებად აღიქმებოდეს - როგორიცაა, მაგალითად, სამხედრო მობილიზაცია ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში.

და მიუხედავად ყველაფერ ამისა, ყველა წყარო ერთხმად იტყობინება, რომ 4-საათიანი მოლაპარაკებების განმავლობაში ნატო მტკიცე და ერთსულოვანი იყო ამ ორ საკითხზე საუბრისას. ზოგი, ვისაც მე ვესაუბრე, იმასაც კი ფიქრობდა, რომ მოლაპარაკებებმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე ვარაუდობდნენ, და რომ შესაძლო იყო საერთო ნიადაგის პოვნა, მოლაპარაკებების გაგრძელება და ა.შ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე მხარეები ვერაფერზე შეთანხმდნენ.

შთაბეჭდილება დამრჩა, ხალხს ის უხაროდა, რუსეთი თავიდანვე რომ არ გაიქცა შეხვედრიდან. მათ შორის თითქმის არავის სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი დაყაბულდება დასავლეთის ბუნდოვან დაპირებებს - იქნება ეს რისკების შემცირება, მეტი კომუნიკაცია თუ რაიმე შეთანხმება იარაღის კონტროლზე.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დასავლეთი ვერ „დააგდო“, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ დასავლეთს ერთი კონტრშეტევაც კი არ უცდია. ის ახლა უბრალოდ ზედმეტად დისფუნქციურია ამისთვის და მოსკოვმაც იდეალური დრო შეარჩია ამ ორთაბრძოლისთვის.

ამ კვირის შეხვედრებმა ყველა ეჭვი გააქარწყლა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ არ იქცა საგარეო პოლიტიკის ხეირიან მოთამაშედ. ნატო არის ასეთი მოთამაშე, მაგრამ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უბოჭავს ხელებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანას სურდა, უკრაინასა და საქართველოსთვის გაწევრიანების მკაფიო ვადები დაწესებულიყო, სხვები, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, მსგავს ენთუზიაზმს არ იჩენდნენ. საბოლოოდ, ალიანსი ღია ვალდებულებას დასჯერდა, რომ ოდესმე ეს წყვილიც ნატოს წევრები გახდებოდნენ. ეს დაპირება ნატოს დღემდე ყელში აქვს გაჩხერილი - 14 წლის თავზე უკრაინა და საქართველო მაპ-ის მიღებითაც კი ვერ დაიკვეხნიან. მიზეზი მარტივია - დღეს რომ ტარდებოდეს კენჭისყრა უკრაინის ან საქართველოს ნატოში გაწევრებაზე, 30 წევრი ქვეყნიდან ბევრი არ მიესალმებოდა ამას. არადა, ამ ნაბიჯისთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა საჭირო. ერთი სიტყვით, რუსეთს დე ფაქტო ვეტო უკვე ჯიბეში უდევს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ახლა კი, როგორც ჩანს, დე იურეც ამოიღეს მიზანში.

ეუთო - არჩეული „რინგებიდან“ ერთადერთი, რომელზეც უკრაინასაც შეესვლება, უბრალოდ სასაუბრო პალატაა, რომელიც კონსენსუსის აუცილებლობითაა პარალიზებული. ეუთო გარიყეს სომხეთ-აზერბაიჯანის ომისას, მან ვერაფერი იღონა ბელარუსის კრიზისისას და მისი სადამკვირვებლო მისია უკრაინაში ეფექტიანობით ვერ დაიკვეხნის. 13 იანვარს გამართული ეუთოს საბჭოს სხდომა სხვადასხვა დელეგაციისგან შედგებოდა, რომლებმაც რუსულ მხარესთან დებატების ნაცვლად წინასწარ დაწერილი განცხადებები წაიკითხეს.

კითხვის ნიშნებია შეერთებულ შტატებთან დაკავშირებითაც - მისი შარშანდელი გამოსვლა ავღანეთიდან, მოკავშირეებისთვის დამატებითი კომფორტის საფუძველი ნამდვილად არ გამხდარა. იზრდება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების ალბათობაც - პრეზიდენტისა, რომლის ერთგულებას ნატოსადმი ეჭვშეუვალს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი რუსეთს „უპრეცედენტო სანქციებს“ აღუთქვამს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რამდენად შეაკავებს ეს რუსეთს რეალურად და რამდენად შორს წასვლას დაყაბულდებიან ევროპელები.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთს ნირიც კი ვერ შეაცვლევინა, ასეთივე უშედეგო აღმოჩნდა ბელარუსისთვის დაწესებული ხარვეზებით სავსე სანქციების ხუთი პაკეტი.

ამას ისიც დავუმატოთ, რომ, ბევრი დიპლომატის აზრით, რუსეთს შეუძლია, SWIFT-იდან გამოთიშვის შემთხვევაშიც კი სათადარიგო გზები იპოვოს, ისიც, რომ გერმანიის მთავრობა ჯერაც ფეხს ითრევს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაწირვაზე. დაბოლოს, ცაში ავარდნილი ფასები ენერგორესურსებზე მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში. ისმის კითხვა - რეალურად რამდენად მტკივნეული იქნება ეს „უპრეცედენტო სანქციები“?

თუ ომი იქნება, შეიძლება დასავლეთმა ალყაში მოქცეულ უკრაინას იარაღი მიაწოდოს, შეიძლება ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი ნატო აღმოსავლეთ ფრონტზე და შესაძლოა, შვედეთმა და ფინეთმა ალიანსის წევრობა გადაწყვიტონ - მაგრამ უკრაინაზე, და სიმართლე რომ ვთქვათ, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც რეალურ კონტროლს რუსეთი ინარჩუნებს - რაც ცხადყოფს დასავლური ორგანიზაციების ლიმიტებს. თუ ომის ნაცვლად მშვიდობა დაისადგურებს, მოსკოვს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ ყველას „თრევა“ შეუძლია, როგორც კი ამას მოინდომებს. ასეა თუ ისე, საჩემპიონო ქამარი რუსეთს ეკუთვნის.

როცა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების კადრები გავრცელდა, ძნელი იყო იმის ზუსტად განსაზღვრა, ოპოზიციის პინას შემატებდა ეს გარემოება დამატებით სიმძიმეს თუ ხელისუფლებისას; ვინ უფრო მეტად იხეირებდა მიშას ჩამოსვლითა და ციხეში ჩაჯდომით - მმართველი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა ოპოზიციური პარტიები?

„ქართული ოცნება“ შიშობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი იმედოვნებდა, რომ მიშას თავგანწირვა ჯერ არჩევნებზე მიიყვანდა ოპოზიციის ბევრ მხარდამჭერს, შემდეგ კი არჩევნების შედეგების დასაცავ/გასაპროტესტებლად გამოიყვანდა ქუჩაში ხალხის კრიტიკულად დიდ მასას, რაც, საბოლოო ჯამში, აიძულებდა ხელისუფლებას არჩევნებში დამარცხების აღიარებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

საქართველოში რომ დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საშუალო ევროპული სტანდარტი იყოს, ოპოზიციური ელექტორატის საარჩევნო უბნებში აქტიურობა და საქართველოს მსხვილი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე გამართული საპროტესტო გამოსვლები, ალბათ, ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვეტდა არჩევნების ბედს, მაგრამ საქართველოს სწორედაც რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაბალი სტანდარტის გამო აკრიტიკებენ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები.

თუ გავამარტივებთ სურათს, დავინახავთ, რომ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ არც „ქართული ოცნების“ შიშები გამართლდა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ იმედები.

მიშას პატიმრობიდან დახსნა ნამდვილად იყო არჩევნებში გამარჯვების მოტივაციის დამატებითი ფაქტორი, რასაც ერთი-ორად აძლიერებდა დაპატიმრებისთანავე დაწყებული საპროტესტო შიმშილობა, მაგრამ არჩევნებმა ჩაიარა, მუხტი მინელდა, მიშა კი ისევ ციხიდან არის გამოსაყვანი.

ფაქტობრივად ასეთი შედეგით დასრულდა პოლიტიკურად უკიდურესად დაძაბული 2021 წელი, რომლის მთავარი მოვლენა - სააკაშვილის დაბრუნება სამშობლოში და მისი პატიმრობა დიდწილად განსაზღვრავს მომავალი წლის პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგსაც, თუმცა, ბუნებრივია, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეეცდებიან გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას, განსაკუთრებული ძალისხმევა მართებთ მიხეილ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერ ოპოზიციას, რომლებსაც არანაირად არ აწყობთ არსებული status quo-ს შენარჩუნება.

როგორ შეძლებენ ამას?

ცხადია, საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანია დარწმუნებული იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევითი, პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია, შესაბამისად ბევრი ისურვებდა მის გათავისუფლებას, მაგრამ ეს გარემოება, რატომღაც, სულ უფრო და უფრო ნაკლებად აისახება საზოგადოების ქმედებაზე, რის გამოც „ქართული ოცნების“ ძალისხმევას („ბოლომდე მოიხადოს მიშამ სასჯელი“), ვერაფერს აკლებს ვერც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისა და ვერც შედარებით პატარა ოპოზიციური პარტიებისა და მათი ელექტორატის ძალისხმევათა ჯამი.

რა უნდა შეიცვალოს?

ჩავთვალოთ, რომ ბერძნულ პოლისში ვცხოვრობთ და ყველა idiotes-ი ანუ ჩვენებურად „შუაშისტი“ გაძევებულია და ყოველი მოქალაქე ან „ქართული ოცნების“, ან ოპოზიციის მხარდამჭერია.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა, სულ მცირე, 43 პროცენტზე მეტნი არიან, ყველაფერი უკიდურესად ცხადია: სააკაშვილი მათთვის ერთგვარი ტრიქსტერია - დამნაშავე, მოღალატე, მატყუარა, მოძალადე, პრობლემების შემქმნელი და ა.შ., რომელიც „სამართლიანად ზის ციხეში და თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, კიდევ დაუმატებენ“.

ოპოზიციური ელექტორატი, თავისი სიჭრელიდან გამომდინარე, ბევრად რთულ სურათს ხედავს: ერთისთვის მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გმირი და ახალი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი იყოს, მეორისთვის კი - მხოლოდ შექმნილი გარემოებით გამოწვეული, დროებითი მოკავშირე და ა.შ.

სააკაშვილის „როლების“ თუ „იმიჯების“ სიმრავლე მისივე პარტიის მხარდამჭერებისათვისაც დამაბნეველია, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მხარდამჭერთა ჯამურ ძალისხმევაზე: ვიღაცისთვის მიშა უანგარო გმირია, რომელიც თანამდებობისთვის არ იბრძვის; ვიღაცისთვის მიშა საქართველოს ერთადერთი მხსნელია, რომელმაც უნდა გააგრძელოს „ქართული ოცნების“ მიერ შეწყვეტილი აღმშენებლობა და დასავლეთისკენ სვლა (“ისედაც ბევრი დრო დაიკარგა“); ვიღაცისთვის მიშა შიმშილობისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ჯანმრთელობა მოშლილი ავადმყოფია, რომელიც ან საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ, ან უკრაინაში დააბრუნონ; ვიღაცისთვის კი მიშა საქართველოდან ფეხის მომცვლელი არ არის; ვიღაცისთვის უკომპრომისოა; ვიღაცისთვის კი უპატიებელი კომპრომისია „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან და მმართველი პარტიის მიერ მოძულებულ ქსენოფობებთან და შედარებით პატარა ოლიგარქებთან თანამშრომლობა და ა.შ.

სააკაშვილის ეს ერთმანეთისგან გამომრიცხავი ამბივალენტური „იმიჯები“ აბნევს ამომრჩეველს და ამცირებს ოპოზიციის მხარდამჭერთა მოქმედების ჯამურ ენერგიას. ცხადი იმიჯი და მომავლის მკაფიო ხედვა ბევრად ეფექტიანი იქნება, ვიდრე არაბუნებრივი მრავალსახეობა და იმიჯური სიჭრელე. პოეტ მიხელ ქვლივიძეს მიეწერება ასეთი გამონათქვამი:

„ადამიანს მარტო ერთი გვირგვინი შეიძლება ეხუროს თავზე: ოქროსი, ეკლისა ან დაფნისა“.

სამივე გვირგვინის ერთდროულად ტარება შეუძლებელიაო და, ალბათ, ვერც მიხეილ სააკაშვილი შეძლებს. შესაბამისად, უმჯობესი იქნება თუკი ერთ იმიჯს, ერთ ისტორიულ როლს აირჩევს და, იმედია, ეს არ იქნება ეკლის გვირგვინი, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვერაფერში ვიქნებით ბოლომდე დარწმუნებული, როცა საქმეში „ქართული ოცნება“ და სოლოლაკიდან არაფორმალურად მართული მისი ლიდერები მონაწილეობენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG