Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთული არჩევანი 


როცა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების კადრები გავრცელდა, ძნელი იყო იმის ზუსტად განსაზღვრა, ოპოზიციის პინას შემატებდა ეს გარემოება დამატებით სიმძიმეს თუ ხელისუფლებისას; ვინ უფრო მეტად იხეირებდა მიშას ჩამოსვლითა და ციხეში ჩაჯდომით - მმართველი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა ოპოზიციური პარტიები?

„ქართული ოცნება“ შიშობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი იმედოვნებდა, რომ მიშას თავგანწირვა ჯერ არჩევნებზე მიიყვანდა ოპოზიციის ბევრ მხარდამჭერს, შემდეგ კი არჩევნების შედეგების დასაცავ/გასაპროტესტებლად გამოიყვანდა ქუჩაში ხალხის კრიტიკულად დიდ მასას, რაც, საბოლოო ჯამში, აიძულებდა ხელისუფლებას არჩევნებში დამარცხების აღიარებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

საქართველოში რომ დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საშუალო ევროპული სტანდარტი იყოს, ოპოზიციური ელექტორატის საარჩევნო უბნებში აქტიურობა და საქართველოს მსხვილი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე გამართული საპროტესტო გამოსვლები, ალბათ, ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვეტდა არჩევნების ბედს, მაგრამ საქართველოს სწორედაც რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაბალი სტანდარტის გამო აკრიტიკებენ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები.

თუ გავამარტივებთ სურათს, დავინახავთ, რომ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ არც „ქართული ოცნების“ შიშები გამართლდა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ იმედები.

მიშას პატიმრობიდან დახსნა ნამდვილად იყო არჩევნებში გამარჯვების მოტივაციის დამატებითი ფაქტორი, რასაც ერთი-ორად აძლიერებდა დაპატიმრებისთანავე დაწყებული საპროტესტო შიმშილობა, მაგრამ არჩევნებმა ჩაიარა, მუხტი მინელდა, მიშა კი ისევ ციხიდან არის გამოსაყვანი.

ფაქტობრივად ასეთი შედეგით დასრულდა პოლიტიკურად უკიდურესად დაძაბული 2021 წელი, რომლის მთავარი მოვლენა - სააკაშვილის დაბრუნება სამშობლოში და მისი პატიმრობა დიდწილად განსაზღვრავს მომავალი წლის პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგსაც, თუმცა, ბუნებრივია, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეეცდებიან გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას, განსაკუთრებული ძალისხმევა მართებთ მიხეილ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერ ოპოზიციას, რომლებსაც არანაირად არ აწყობთ არსებული status quo-ს შენარჩუნება.

როგორ შეძლებენ ამას?

ცხადია, საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანია დარწმუნებული იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევითი, პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია, შესაბამისად ბევრი ისურვებდა მის გათავისუფლებას, მაგრამ ეს გარემოება, რატომღაც, სულ უფრო და უფრო ნაკლებად აისახება საზოგადოების ქმედებაზე, რის გამოც „ქართული ოცნების“ ძალისხმევას („ბოლომდე მოიხადოს მიშამ სასჯელი“), ვერაფერს აკლებს ვერც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისა და ვერც შედარებით პატარა ოპოზიციური პარტიებისა და მათი ელექტორატის ძალისხმევათა ჯამი.

რა უნდა შეიცვალოს?

ჩავთვალოთ, რომ ბერძნულ პოლისში ვცხოვრობთ და ყველა idiotes-ი ანუ ჩვენებურად „შუაშისტი“ გაძევებულია და ყოველი მოქალაქე ან „ქართული ოცნების“, ან ოპოზიციის მხარდამჭერია.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა, სულ მცირე, 43 პროცენტზე მეტნი არიან, ყველაფერი უკიდურესად ცხადია: სააკაშვილი მათთვის ერთგვარი ტრიქსტერია - დამნაშავე, მოღალატე, მატყუარა, მოძალადე, პრობლემების შემქმნელი და ა.შ., რომელიც „სამართლიანად ზის ციხეში და თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, კიდევ დაუმატებენ“.

ოპოზიციური ელექტორატი, თავისი სიჭრელიდან გამომდინარე, ბევრად რთულ სურათს ხედავს: ერთისთვის მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გმირი და ახალი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი იყოს, მეორისთვის კი - მხოლოდ შექმნილი გარემოებით გამოწვეული, დროებითი მოკავშირე და ა.შ.

სააკაშვილის „როლების“ თუ „იმიჯების“ სიმრავლე მისივე პარტიის მხარდამჭერებისათვისაც დამაბნეველია, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მხარდამჭერთა ჯამურ ძალისხმევაზე: ვიღაცისთვის მიშა უანგარო გმირია, რომელიც თანამდებობისთვის არ იბრძვის; ვიღაცისთვის მიშა საქართველოს ერთადერთი მხსნელია, რომელმაც უნდა გააგრძელოს „ქართული ოცნების“ მიერ შეწყვეტილი აღმშენებლობა და დასავლეთისკენ სვლა (“ისედაც ბევრი დრო დაიკარგა“); ვიღაცისთვის მიშა შიმშილობისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ჯანმრთელობა მოშლილი ავადმყოფია, რომელიც ან საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ, ან უკრაინაში დააბრუნონ; ვიღაცისთვის კი მიშა საქართველოდან ფეხის მომცვლელი არ არის; ვიღაცისთვის უკომპრომისოა; ვიღაცისთვის კი უპატიებელი კომპრომისია „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან და მმართველი პარტიის მიერ მოძულებულ ქსენოფობებთან და შედარებით პატარა ოლიგარქებთან თანამშრომლობა და ა.შ.

სააკაშვილის ეს ერთმანეთისგან გამომრიცხავი ამბივალენტური „იმიჯები“ აბნევს ამომრჩეველს და ამცირებს ოპოზიციის მხარდამჭერთა მოქმედების ჯამურ ენერგიას. ცხადი იმიჯი და მომავლის მკაფიო ხედვა ბევრად ეფექტიანი იქნება, ვიდრე არაბუნებრივი მრავალსახეობა და იმიჯური სიჭრელე. პოეტ მიხელ ქვლივიძეს მიეწერება ასეთი გამონათქვამი:

„ადამიანს მარტო ერთი გვირგვინი შეიძლება ეხუროს თავზე: ოქროსი, ეკლისა ან დაფნისა“.

სამივე გვირგვინის ერთდროულად ტარება შეუძლებელიაო და, ალბათ, ვერც მიხეილ სააკაშვილი შეძლებს. შესაბამისად, უმჯობესი იქნება თუკი ერთ იმიჯს, ერთ ისტორიულ როლს აირჩევს და, იმედია, ეს არ იქნება ეკლის გვირგვინი, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვერაფერში ვიქნებით ბოლომდე დარწმუნებული, როცა საქმეში „ქართული ოცნება“ და სოლოლაკიდან არაფორმალურად მართული მისი ლიდერები მონაწილეობენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG