Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

წარმოიდგინეთ, რომ 1917-1918 წლებში რომანოვების, ჰაბსბურგების ან ჰოენცოლერნების იმპერიების გაქრობა პირველი მსოფლიო ომისგან დამოუკიდებლად იყოს შესწავლილი... გასაკვირია, მაგრამ სწორედ ასე იქცევიან ხშირად შოას მკვლევრები, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების სისტემურ გაწყვეტას სამხედრო ოპერაციებისგან დამოუკიდებლად იკვლევენ. ებრაელების მასობრივი გაწყვეტის სამხედრო ოპერაციებისგან იზოლირებულად შესწავლა მით უფრო უცნაურია, რომ ნაცისტებისთვის 1941-ში ბრძოლა წითელი არმიის ქვედანაყოფისა თუ კიევის ებრაული კვარტლის წინააღმდეგ ერთსა და იმავე საფრთხეს წარმოადგენდა.

ჰიტლერის თვალში ებრაული სამოქალაქო მოსახლეობა, თავისთავად სამხედრო ძალა იყო. მაგალითად, კიევის მოსახლეობის ერთი მესამედის ებრაელობა იქნება ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 1941 წლის ივლისის შუა რიცხვებში ფიურერი უარს იტყვის უკრაინის დედაქალაქზე იერიშის მიტანაზე. 1941-ში ჰიტლერის ამ შიშს იზიარებდა ვერმახტის ბევრი გენერალი. ვერმახტის მხედართმთავრობის წაქეზებით ქალაქ იასიში რუმინელების მიერ მოწყობილი სისხლიანი პოგრომის მიზეზი ის იყო, რომ ამ ქალაქის მოსახლეობის ერთი მესამედი ებრაელი იყო, რაც ვერმახტის „მე-11 არმიის ზურგს და ლოგისტიკას საფრთხეში აგდებდა“ (sic !). პოგრომის შედეგად, რომელიც 1941 ივნისის მიწურულს დაიწყება და ერთ თვეს გაგრძელდება, ქალაქი იასი Judenfrei (ებრაელებისგან თავისუფალი) და შესაბამისად „უსაფრთხო“ გახდება... (ქალაქ იასის პოგრომის შედეგად 10 000-მდე ებრაელი იქნება მოკლული, ხოლო 20 000-მდე - დეპორტირებულ). ანალოგიური ფობიებით იყო შეპყრობილი არმიათა ჯგუფ ცენტრის ზურგი.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შესვლამდე, ვერმახტის მხედართმთავრობა შთააგონებს საკუთარ ოფიცერთა კორპუსს, რომ ებრაული მშვიდობიანი მოსახლეობა სამხედრო საფრთხეს წარმოადგენდა: „ბრძოლა მოითხოვს ენერგიულ და დაუნდობელ ქმედებებს ბოლშევიკი აგიტატორების, სნაიპერების, დივერსანტებისა და ებრაელების წინააღმდეგ, რათა მთლიანად ჩავახშოთ ყოველგვარი აქტიური თუ პასიური წინააღმდეგობა.“ - ვკითხულობთ 1941 წლის მაისში ვერმახტის მიერ მომზადებულ „რუსეთში ჯარების ქცევის გზამკვლევში“ .

მიუხედავად კონვენციური თეორიისა, ვერმახტი არასდროს ყოფილა „სუფთა“. უფრო მეტიც, გერმანიის ჯარი მასობრივად დაიწყებს ებრაული მშვიდობიანი მოსახლეობის გაწყვეტას ჯერ კიდევ აინზაცჯგუფების გამოჩენამდე. მაგალიად, 22 ივნისს, საბჭოთა კავშირში შეჭრის პირველ დღესვე, ქალაქ სოკალში 11 ებრაელი იქნება დახვრეტილი მე-17 არმიის ჯარისკაცების მიერ. სამი დღის შემდეგ ტოპოროვოში (ლვოვის სიახლოვეს) უკვე 180 ებრაელს დახვრეტენ, 27-ში 100 ებრაელი დახვრიტეს ოზიუტიჩში და 18 - ნიჟანკოვიჩში, 29-ში - 180 კამენკა-ბუზაში და ა.შ... ქალაქ ლიდაში, რომლის მოსახლეობა 20 000-ს არ აღემატებოდა, მე-9 არმიის 161-ე დივიზია 100 გამოჩენილ ებრაელ მამაკაცს - ექიმებს, პედაგოგებს, ინჟინრებს - დახვრეტს.

ვერმახტის მასშტაბური დანაშაულების ასახსნელად ისტორიკოსები (მეტწილად გერმანელები), იყენებენ ორ კატეგორიას: იდეოლოგიას და კრიმინალურ ბრძანებებს. კრიმინალურ ბრძანებაში პირველ რიგში იგულისხმება ე.წ. Kommissarbefehl-ი (კომისრის ბრძანება), „ბარბაროსას ბრძანება“, „რუსეთში ჯარების ქცევის გზამკვლევი“ - ყველაფერი ის, რაც საერთაშორისო კონვენციებს ერთ დიდ ხაზს უსვამდა. რაც შეეხება ნაციონალურ-სოციალისტურ იდეოლოგიას, ის ვერმახტს თავიდან ფეხებამდე დააინფიცირებს: სსრკ-ში შესული სამხედროების 40%-ს გამოვლილი ექნება სხვადასხვა ტიპის ნაცისტური ორგანიზაციები. ეს პროცენტი კიდევ უფრო მაღალი იქნება საბრძოლო ნაწილებში, სადაც ახალგაზრდა თაობა 1933 წლის შემდეგ იყო სოციალიზებული. მიიჩნევდა რა ნაცისტურ ზეგავლენას არასაკმარისად, 1940 წელს სამხედრო ძალების მხედართმთავრობა შექმნის სამხედროებზე ზეგავლენის პირდაპირ არხს Mitteilungen für die Truppe (ინფორმაცია ჯარებისათვის), რომლის მიზანიც მტრის პროპაგანდისტული მანქანისგან თავდაცვა იქნება. ამ ორგანოს მიერ დაწერილ ტექსტებში ებრაელები მოხსენიებული იქნებიან როგორც „პარაზიტები“, „მსოფლიო ბოლშევიკური შავი ჭირის ბაცილები“, რომლისგანაც „გერმანიისა და ევროპის გადარჩენა ნებისმიერ ფასად“ იყო საჭირო.

რეჟიმის გენოციდური და იმპერიალისტური განზრახვის პარალელურად, ადგილზე სიტუაცია უკიდურესად აძლიერებდა სამხედროების სისასტიკეს: მუდმივი დაუცველობის შეგრძნება, სრული დეზორიენტაცია, ზიზღი, გამოწვეული მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბით, ყველაფერი ეს კრიმინალურ ბრძანებებთან და ნაცისტურ იდეოლოგიასთან ერთად ფეთქებად კოქტეილს ქმნიდა. „ამ ხალხის გაზომვა ჩვენი საზომით არ შეიძლება. მე მჯერა რომ მათ მიმართ სამართლიანად მოქცევა გულისხმობს მათ მიმართ ისეთ მიდგომას, როგორსაც სხვა კონტინენტის, სხვა სამყაროს ბინადარნი იმსახურებენ.“ - ჩაწერს თავის დღიურში 43-ე კორპუსის მეთაური გენერალი გოთჰარდ ჰაინრიცი. სხვათა შორის, გენერალ ჰაინრიცის (როგორც ბევრ მის კოლეგას) ეს წარმოდგენა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოუყალიბდება: „რუსეთში შესვლისას რამაც ყველაზე ძალიან გაგვაოგნა, ესაა კულტურის დონე: ებრაელები ხიფთანებში, კულულებით, დაბალი სახლებით და ჭუჭყიანი მაღაზიებით, რომელთა აბრები მოხატულია პრიმიტიულად, რადგან ვაჭრები წერა-კითხვის უცოდინარი არიან.“ - წერდა რუსეთის ფრონტზე მყოფი ჰაინრიცი თავის მეუღლეს ჯერ კიდევ 1915 წელს.

ჰაინრიცი მარტო არ იყო, ვინც ასე ფიქრობდა. ის, რომ რუსეთის იმპერია ევროპისათვის კულტურულად უცხოა, ის, რომ ეს ქვეყანა „როგორც აფრიკა, ველურებით“ იყო დასახლებული და რომ შესაბამის მოპყრობას იმსახურებდა - ეს რწმენა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოუყალიბდება გერმანელ გენერლობას ერიხ ლუდენდორფის და მაქს ჰოფმანის ნაშრომების ზეგავლენის ქვეშ. „ჩვენ ახალი სამყაროს წინაშე აღმოვჩნდით (რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე შესვლისას - ლ.ო.). ჩვენ იქ დაგვხვდა ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი სხვადასხვა ტომებისგან შემდგარი ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული მოსახლეობა. (...) მოვალეობის გრძნობა, თავგანწირვა, პრუსიული დისციპლინისა და გერმანული ტრადიციის ეს მემკვიდრეობა, მათთვის აბსოლუტურად უცხოა.“ - დაწერს გენერალი ლუდენდორფი მოგონებებში, რომელიც გამოცემისთანავე, 1919 წელს, ბესტსელერად იქცევა გერმანიაში.

ნაცისტური იდეოლოგია მხოლოდ გააძლიერებს გერმანელი სამხედროების კლიშეებს და გამოიწვევს სიკვდილის და განადგურების კიდევ უფრო დიდ მასას.

1941 წლის 30 მარტს, დილის 10:30 საათზე, გენერალთა დიდი ჯგუფი, მათ შორის ათამდე ფელდმარშალი, ვილჰელმშტრასედან შევა რაიხის კანცელარიის ცენტრალურ ეზოში. 1939 წლის 22 აგვისტოს მერე (შეკრება პოლონეთის კამპანიისთვის) ამდენი უმაღლესი რანგის ოფიცერი არასდროს ყოფილა დაბარებული ფიურერთან. მიწვეულებს ესმოდათ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდებოდა. შევლენ რა რაიხის კანცელარიაში მთავარი შესასვლელიდან, რომელსაც არნო ბრეკერის ორი ქანდაკება - ვერმახტი და ნაცისტური პარტია - „იცავდა“, გენერლების ჯგუფი გადაკვეთს 146 მეტრის სიგრძის მარმარილოს გალერეას და დიდ მისაღებ დარბაზში განთავსდება.

აქ იყო შეკრებილი ექვსწლიან ომში (პირველი მსოფლიო ომის ჩათვლით) გამობრძმედილი ვერმახტის ელიტა: ასამდე კაცი, განლაგებული მაგიდის გარშემო წოდებისა და ღირსების მიხედვით. დილის 11 საათზე დარბაზის კარი გაიღება და გამოჩნდება ფიურერი. გამოჩენისთანავე, ჰიტლერი წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც პაუზის გარეშე ორსაათნახევარი გაგრძელდება. შუადღის დაახლოებით 13:30-ზე, სიტყვის დამთავრებისას, ჰიტლერი ისე დატოვებს დარბაზს, რომ გენერლებს არც კი ექნებათ შესაძლებლობა კითხვები დასვან ან საკუთარი შენიშვნები გამოხატონ.

ჩვენ საკმაოდ ზუსტად ვიცით ჰიტლერის სიტყვის შინაარსი სამი მოწმის - ფრანც ჰალდერის, ფელდმარშალ ფონ ბოკის და გენერალ ჰოთის - ჩანაწერებიდან. აი, მცირე ამონარიდი ჰალდერისა და ჰოთის ტექსტებიდან:

ჰალდერი: „კოლონიური ამოცანები! სამყაროს ორ ხედვას შორის ბრძოლა. (...) ეს იქნება განადგურების ომი. თუ ასე არ დავინახეთ, მიუხედავად მტრის დამარცხებისა, ოცდაათი წლის შემდეგ ისევ კომუნისტი აღმოცენდება ჩვენ პირისპირ. (...) ბოლშევიკი კომისრებისა და კომუნისტური ინტელიგენციის განადგურება. ახალი სახელმწიფოები (რუსეთის განადგურების შემდეგ) სოციალისტური იქნებიან, მაგრამ საკუთარი ინტელიგენციის გარეშე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ახალი ინტელიგენციის ჩამოყალიბება. საკმარისია პრიმიტიული სოციალისტური ფენა. [...] სამხედრო ტრიბუნალი მიუღებელია. მეთაურებმა უნდა იცოდნენ, თუ რა დგას სასწორზე, მათ უნდა წარმართონ ეს ბრძოლა. ჯარებმა უნდა დაიცვან თავი იმავე მეთოდებით, როგორც მათი მოწინააღმდეგე კომისრები და გპუ-ს ბოროტმოქმედები იცავენ. (...) ბრძოლა ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რაც იყო დასავლეთში. აღმოსავლეთში დღევანდელი სიმკაცრე ხვალინდელი წყალობაა. მეთაურებმა უნდა გვერდზე გადადონ სინდისის ქეჯნა...“

ჰოთი: „არავითარი სამხედრო ტრიბუნალი, ჯარებმა ისინი ადგილზე უნდა გაანადგურონ. ზურგში არ გააგზავნოთ [კომისრები და ებრაელი სამხედროები]“.

ჰოთის ჩანაწერების მიხედვით, სამხედრო ტრიბუნალებთან დაკავშირებით ჰიტლერი გაიხსენებს პოლონეთთან ომის დროს მაიორ ჰერმან მიულერ-იონის (პოლკის ორკესტრის დირიჟორი), ინციდნეტს. რა მოხდა ასეთი ამ პატარა მაიორის გარშემო, რომ ფიურერი მისი საქმის ფელდმარშლების წინაშე ხსენებას ჩათვლის საჭიროდ? 1939 წლის 19 სექტემბერს ბლონიში, ვარშავის მახლობლად, SS Leibstandarte-ს პოლკის მუსიკოსი ჰერმან მიულერ-იონი საკუთარი ინიციატივით, უმიზეზოდ, დახვრეტს 50 ებრაელ მშვიდობიან მოქალაქეს. 29-ე მოტორიზებული დივიზიის მეთაურის მიერ დაპატიმრებული მკვლელი გააპროტესტებს დაპატიმრებას და უდანაშაულო ებრაელების მკვლელობას SS-ის შეფ ჰიმლერის ბრძანებებით გაამართლებს. როგორც კორპუსის მეთაური ჰოთი, ისე მე-10 არმიის სარდალი რაიხენაუ, შეახსენებენ სამხედრო ტრიბუნალს, რომ SS-ის ნაწილები არმიის უფლებამოსილებას ექვემდებარებიან, რომ უნდა დაემორჩილონ სამხედრო სამართლის კოდექსს და ვერავითარი აპელაცია SS-ის შეფზე მკვლელს ვერ გაათავისუფლებდა პასუხისგებიდან. ბერლინის ციხეში გადაყვანილი მიულერ-იონი დახმარებას Leibstandarte-ს მეთაურ და ჰიტლერის ძველ თანამებრძოლ ზეპ დიტრიხს სთხოვს. საბოლოოდ (ეჭვგარეშეა, ფიურერის შუამავლობით) ვერმახტის მხედართმთავრობა მიულერ-იონს მოუხსნის ყველა ბრალდებას და შეწყვეტს მის წინაააღმდეგ სამართალწარმოებას. ჰერმან მიულერ-იონი ციხიდან განთავისუფლებულ იქნება.

1941 წლის 30 მარტს რაიხის კანცელარიის სხდომაზე მიულერ-იონის ინციდენტის შეხსენებით ყველა ოფიცერი მშვენივრად გაიგებს ჰიტლერის გზავნილს: სსრკ-ში აღარ იქნება SS-ის ვერმახტზე დაქვემდებარება, აღარ იქნება სამხედრო სასამართლოები, აღარ იქნება არც წესები და არც კანონები - 50, 500 ან 5000 ებრაელის დახვრეტა აღარავის აქცევს დამნაშავედ.

ჰიტლერის ეს რიტორიკა პრაქტიკულ განსახიერებას ნახავს სამხედრო ტრიბუნალების შესახებ ბრძანებაში, რომელსაც მხედართმთავრობა ფიურერის სახელით გამოსცემს 13 მაისს. ვერმახტისთვის იგი ცნობილი იქნება, როგორც „ბარბაროსას ბრძანება“. ბრძანების პირველ ნაწილში ჩამოთვლილი იყო „კრიმინალური სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გასატარებელი ზომები“, მეორე ნაწილში კი ხაზი იყო გასმული, რომ სამხედრო მოსამსახურე ყველანაირი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდა სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის. აი, მცირე ამონარიდი ამ ბრძანებიდან: „საეჭვო ელემენტები (მშვიდობიანი მოსახლეობის - ლ.ო.) დაუყოვნებლივ წარედგინება ოფიცერს. ის გადაწყვეტს იქნენ თუ არა დახვრეტილი. იმ ადგილებში, სადაც ვერმახტზე თავდასხმა მოხდება მუხანათური ან ფარული გზით და როდესაც არ იარსებებს ბოროტმოქმედთა სწრაფი დაპატიმრების პირობები, ბატალიონის მეთაურის დონიდან და მაღლა, პასუხისმგებელი ოფიცერი მიიღებს კოლექტიური პასუხისმგებლობის რეპრესიულ ზომებს. (...) 1. ვერმახტის სამხედრო მოსამსახურის მიერ მტრის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ფაქტების შემთხვევაში არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნის ვალდებულება, მაშინაც კი, როდესაც ფაქტებს აქვს სამხედრო დანაშაულის ან გადაცდომის ხასიათი. 2. თუკი ასეთ ფაქტებზე მოგვიწევს მსჯელობა, პროცედურამ უნდა გაითვალისწინოს, რომ 1918 წლის კრახი, გერმანელი ხალხის ტანჯვა და ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის ბრძოლის დროს დაღუპული უამრავი მსხვერპლი ბოლშევიკური გავლენის შედეგია“.

ზურგის უსაფრთხოებით შეპყრობილი, თავად მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის ტრადიციის მატარებელი გერმანიის არმია (იხ. სტატია „შოა და ნკვდ-ს ტერორი“), შეისისხლხორცებს რა ნაციონალ-სოციალისტურ გენოციდურ მეთოდებს, გახდება ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური არმია, რაც კი მსოფლიო ისტორიას უნახავს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG