Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ გაცოცხლებული პოლემიკა ელენე დარიანის ვინაობისა თუ დარიანული ციკლის ლექსების ავტორობის გარშემო (პაოლო იაშვილის მისტიფიკაცია თუ ელენე ბაქრაძის ფსევდონიმი?), ბედის ირონიამ და საქართველოს კულტურის სამინისტრომ, მოულოდნელად, დაბალი კულტურის, გნებავთ, საქმის გარჩევის მცდელობაში გადაზარდა. მიზანი ქართული პოლიტიკის ზერელე დამკვირვებლისთვისაც კი მარტივი ამოსაცნობია: „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრი ცდილობს წიგნის, „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ გამოცემისას გაპარული შეცდომების მძიმე დანაშაულად გასაღებას და, ამის გამო, მუზეუმის დირექტორთან, ლაშა ბაქრაძესთან სათანადო ანგარიშსწორებას, რაზეც მეტყველებს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების როგორც ტონი, ასევე შინაარსი:

„აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს... კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა“.

კულტურის სამინისტროს მიერ გადახდილი მადლობა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ლიტერატურის მუზეუმი ცდილობდა დაემალა შეცდომა, არადა, ლაშა ბაქრაძემ ჯერ კიდევ იანვრის პირველ დღეებში, საჯაროდ - თავისი ფეისბუკის გვერდზე - აღიარა "სამწუხარო შეცდომა" და იქვე თქვა, რომ გამოსავალი, ტირაჟში, რომელიც ჯერ არ იყო გავრცელებული, „შეცდომების გასწორების ფურცლის“ ჩადება ან ჩაკვრა იქნებოდა.

"ელენე ბაქრაძე (დარიანი)" - ქართული ლიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა
"ელენე ბაქრაძე (დარიანი)" - ქართული ლიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა

ასეთი ფურცელი მართლაც მომზადდა. საუბარია, რამდენიმე ტექნიკურ და ფაქტობრივ შეცდომაზე (წიგნში მოხვდა ელენე ბაქრაძის მიერ გადაწერილი ანა კალანდაძის სამი ლექსი). სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ [ანა კალანდაძის სახით] „საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან“, და შესაძლოა, კულტურის სამინისტროს შესწორების ფურცელი არასაკმარისად მიაჩნია?

ვინც წიგნის გამოცემისა და პოლიგრაფიის საქმეში ოდნავ მაინც არის ჩახედული, არ ესწავლება, რომ შეცდომებისგან არც სერიოზული მეცნიერები და არც სერიოზული ინსტიტუტები არიან დაზღვეული და, რომ „შეცდომების გასწორების ფურცელი“ ყველაზე მიღებული და გავრცელებული საშუალებაა.

"ელენე ბაქრაძე (დარიანი)" - წიგნში აღმოჩენილი შეცდომების გასწორების ფურცელი
"ელენე ბაქრაძე (დარიანი)" - წიგნში აღმოჩენილი შეცდომების გასწორების ფურცელი

აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილზე დიდი გეოგრაფი საქართველოს ბევრი არ ჰყოლია, 1947 წელს გამოცემულ „საქართველოს გეოგრაფიას“, რომლის ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი ალ. ჯავახიშვილია, გარდა იმისა, რომ ახლავს სტამბიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩენილი შეცდომების ვრცელი ჩამონათვალი, ლამის ყველა გვერდზე ამჩნევია ავტორის „ლამაზი ხელი“ შენიშვნებისა და შესწორებების სახით, რომლებიც, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ავტორმა მომდევნო გამოცემებში უნდა გაითვალისწინოს.

"საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო". შემჩნეული შეცდომების გასწორების ფურცელი
"საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო". შემჩნეული შეცდომების გასწორების ფურცელი

საგულისხმოა, რომ შეცდომათა ჩამონათვალშია მწვერვალი უშბა, რომელიც წიგნში რეალურზე 50 მეტრით არის დადაბლებული. და ეს ყველაფერი ხდება 1947 წელს, სტალინიზმის გაფურჩქნის ხანაში, როცა ასე იოლია ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის დიდი მეცნიერის მავნებლად გამოცხადება და დაპატიმრება, თუმცა წიგნში გაპარული შეცდომების გამო, ალექსანდრე ჯავახიშვილი არავის დაუსჯია. სამშობლოსა და მეცნიერების წინაშე ვალმოხდილმა აკადემიკოსმა 1973 წლამდე იცოცხლა და 98 წლის ასაკში დალია სული.

"საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო". 1947 წ.
"საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო". 1947 წ.

შემთხვევით არ არის, რომ საგამომცემლო-პოლიგრაფიულ ცნობარებსა თუ ლექსიკონებში ყველაზე ვრცელი ადგილიც სწორედაც რომ „შეცდომებსა და კორექტურას“ ეთმობა, რადგან, ცხადზე უცხადესია, რომ შეცდომებს უშვებენ როგორც ავტორები, ასევე რედაქტორები, გამომცემლობები და სტამბები, რადგან არსებობს როგორც სტილისტიკური და სინტაქსური, ასევე აზრობრივი შეცდომები, რომელთა გამოსწორება სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის წიგნის გამოცემის შემდეგაც, ხდება. მეტიც, „უშეცდომო წიგნებშიც“ კი იდო ხოლმე სპეციალური ფურცელი, რომლიდანაც მკითხველი შეიტყობდა, ვისთვის და სად უნდა მიემართა ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში.

საშუალო შესაძლებლობის ნებისმიერ ბიბლიოფილს თავის ბიბლიოთეკაშივე შეუძლია აღმოაჩინოს ფუნდამენტურ თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე დაწერილი არაერთი ისეთი წიგნი, რომლის ბოლო ფურცელი ხელითაა ჩაწებებული წიგნის სტამბიდან გამოტანის შემდეგ.

"ვეფხისტყაოსნის" ბეჭდვის ისტორიიდან. აღმოჩენილი შეცდომების გასწორება
"ვეფხისტყაოსნის" ბეჭდვის ისტორიიდან. აღმოჩენილი შეცდომების გასწორება

1973 წელს გამოცემულ „ვეფხისტყაოსნის ბეჭდვის ისტორიას“ ახლავს „შემჩნეული შეცდომების გასწორების“ შთამბეჭდავი ფურცელი, სადაც „გვერდის“, „სტრიქონის“, „არის“, „უნდა იყოს“ გრაფათა გვერდით დამატებულია კიდევ ერთი გრაფა, რომელიც იძლევა ინფორმაციას, თუ ვისი მიზეზით (კორექტორი, სტამბა, ავტორი) გაიპარა შეცდომა.

სახალისო ასტრონომია. 1955 წ.
სახალისო ასტრონომია. 1955 წ.

„შემჩნეული შეცდომების გასწორება“ იწონებს თავს 1955 წელს გამოცემულ „სახალისო ასტრონომიაში“ და 2011 წელს თსუ-ს მიერ გამოცემულ „მათემატიკის მოკლე შესავალში“,

მათემატიკა - ძალიან მოკლე შესავალი. 2011 წ.
მათემატიკა - ძალიან მოკლე შესავალი. 2011 წ.

თუმცა, ცხადია, ამ წიგნების ტირაჟის დაპატიმრება ან განადგურება აზრად არავის მოსვლია. არადა, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, სამინისტრო რაღაც მსგავსის გაკეთებას აპირებს:

„საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“.

ვინ იფიქრებდა, 21-ე საუკუნეში წიგნის ტირაჟის დაპატიმრების და რეი ბრედბერის „451º ფარენჰაიტით“-ის დრო თუ დადგებოდა?

ცნობილია, სად და როდის აპატიმრებდნენ და ანადგურებდნენ წიგნებს. გავიხსენოთ 30-იანი წლების გერმანია და იმავე პერიოდის საბჭოთა კავშირი... სხვათა შორის, სტალინს მიეწერება შალვა ნუცუბიძის მიერ რუსულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი პარტიის განადგურება მხოლოდ იმის გამო, რომ წიგნის ტიტულზე არ იყო მითითებული, თუ რომელი ენიდან ითარგმნა ტექსტი („შალვა ნუცუბიძის თარგმანი“ შეცვალა „ქართულიდან თარგმნა შალვა ნუცუბიძემ“).

სტალინის მიერ მოწონებული შალვა ნუცუბიძის თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი"
სტალინის მიერ მოწონებული შალვა ნუცუბიძის თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი"

„წიგნი ყველაზე დიდი „რამეა“ სამყაროში, რადგან წიგნი თითქმის ადამიანია და, ხანდახან, ადამიანზე მეტიც კი“, - ამბობდა აკადემიკოსი ვავილოვი, რომლის დაპატიმრებისა და პატიმრობაში სიკვდილის ფორმალური მიზეზი გახდა ანონიმური დასმენა, სათანადოდ არ რეაგირებს კედლის გაზეთში გამოქვეყნებულ მავნებელთა მამხილებელ სტატიებზეო. ადამიანის მსგავსად, წიგნიც შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ განა ნორმალურ საზოგადოებაში ფიზიკური ან სხვა სახის ნაკლის გამო ანადგურებენ ადამიანებს?

გასაგებია, რომ „წიგნებს თავისი ბედი აქვთ“ (Habent sua fata libelli) და, რომ, რაც ახლა ხდება, ამ საკამათო (უფრო ზუსტად, კამათისთვის გამოცემული) წიგნის ბედია, მაგრამ ამ ბედს ხელოვნურად ამძიმებენ, რათა ხელოვნურად გაზარდონ წიგნზე მომუშავეთა სასჯელი? აკი, კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ იმ საოცარ განცხადებაში პირდაპირ წერია:

„უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც [ლაშა ბაქრაძესთან] გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია“.

როგორი ნიშანდობლივია, თუ „ქართული ოცნების“ კულტურის სამინისტრო ვერც ხვდება და ვერც გრძნობს, რა ასოციაციებს აღვიძებს ტირაჟის დაპატიმრებისა და მესამე პირებზე გაცემული ეგზემპლარების დაბრუნების მოთხოვნით.

შემჩნეული შეცდომების გასწორების ფურცლის ჩადება! - ასეთია შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი ცივილიზებული და, იმავდროულად, პრაგმატული გზა. სხვა ყველაფერი მანიშნებელი იქნება იმისა, რაზეც ჰაინრიხ ჰაინემ თქვა, Dort wo man Bücher Verbrennt, verbrennt man auch am Ende Menschen - სადაც წიგნებს წვავენ, ბოლოს იქ წვავენ ადამიანებსაცო. ეს უნდა ესმოდეთ, განსაკუთრებით კულტურის სამინისტროში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში ევროპის უსაფრთხოების მომავლის გასარკვევად დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული შეხვედრები სამრაუნდიანი კრივის მატჩი რომ ყოფილიყო, მსაჯები იტყოდნენ, რომ მოსკოვმა ნოკაუტით ვერა, მაგრამ ქულებით კი გაიმარჯვა უფრო დიდი, მაგრამ ტაქტიკურად სუსტი დასავლეთის წინააღმდეგ.

თვალმა არ მოგატყუოთ - რუსეთი მოლაპარაკებების ტემპსაც და თემასაც თავად კარნახობდა როგორც შტატებს, ასევე ნატოს და ბოლოს ეუთოსაც. ეს საკმაოდ შთამბეჭდავია, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი ახლოსაც ვერ მივა დასავლეთთან. მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი ბანალურ სიმართლემდე დადის - რასაც თითოეული დასავლელი ჩინოვნიკი, რომელთაც მე ვესაუბრები, უხალისოდ აღიარებს ხოლმე: რუსეთი მზადაა, უკრაინასთან ომი გააჩაღოს, და იქ თავისი ჯარისკაცების სისხლი დაღვაროს - დასავლეთი, ნატო იქნება ეს, ევროკავშირი თუ რომელიმე წევრი ქვეყანა, ამაზე ვერ მიდის. ამ გადმოსახედიდან, დღეს იმავე გეოპოლიტიკურ ჩიხში ვართ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2014 წელს და საქართველოში კი - 2008 წელს.

სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში, და შედარებით მცირე დოზით, მოლაპარაკებების ოთახებშიც, საუბარი იყო იმაზე, უნდა თქვას თუ არა ნატომ უარი ღია კარის პოლიტიკაზე და თავი შეიკავოს პერსონალისა და იარაღის განლაგებისგან ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, ნაცვლად ჩვეული მოთხოვნებისა და მუქარისა, რომ რუსეთმა საკუთარი მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი უკრაინის საზღვრებს განარიდოს.

მეორე მხრივ, რუსეთისთვის მთლად ნოკაუტით გამარჯვების მიწერაც არ გამოვა. მოსკოვმა მოახერხა უკრაინის გამოთიშვა მოლაპარაკებების უმეტესობისგან, მაგრამ, საპასუხოდ, როგორც ვაშინგტონმა, ასევე ნატომ კიევთან კონსულტაციები გამართეს სხვადასხვა ფორმატში. დასავლეთის ფავორიტ სლოგანამდე - „არ გადავწყვეტთ უკრაინის ბედს უკრაინის გარეშე“ - ამ ყველაფერს ცოტა აკლია, რადგან კიევი არც ჟენევის მოლაპარაკებებს ესწრებოდა და არც ბრიუსელისას, მაგრამ რუსეთის გამბიტი, საერთოდ „ჩაეჩოჩებინა“ საკუთარი მეზობელი, ასევე მარცხით დასრულდა.

ამასთანავე, რუსეთმა შეიძლება გადაამლაშა, როდესაც ნატოს გაფართოების შეჩერების მოთხოვნას არ დასჯერდა და მოითხოვა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აღმოსავლეთ ფრთაზე რაიმე ხელშესახები სამხედრო კონტინგენტი და ტექნიკა არ უნდა ჰქონდეს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ შეერთებული შტატები ჟენევაშივე პირში მიახლიდა რუსეთს, რომ ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. მაგრამ რუსეთმა იცოდა, რომ ნატოს ევროპელი წევრებიდან ბევრი დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხისადმი. მოსკოვმა ისიც კარგად იცის, რომ იმავე ქვეყნებს აფრთხობთ ყველაფერი, რაც შეიძლება მოსკოვთან დაპირისპირებად აღიქმებოდეს - როგორიცაა, მაგალითად, სამხედრო მობილიზაცია ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში.

და მიუხედავად ყველაფერ ამისა, ყველა წყარო ერთხმად იტყობინება, რომ 4-საათიანი მოლაპარაკებების განმავლობაში ნატო მტკიცე და ერთსულოვანი იყო ამ ორ საკითხზე საუბრისას. ზოგი, ვისაც მე ვესაუბრე, იმასაც კი ფიქრობდა, რომ მოლაპარაკებებმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე ვარაუდობდნენ, და რომ შესაძლო იყო საერთო ნიადაგის პოვნა, მოლაპარაკებების გაგრძელება და ა.შ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე მხარეები ვერაფერზე შეთანხმდნენ.

შთაბეჭდილება დამრჩა, ხალხს ის უხაროდა, რუსეთი თავიდანვე რომ არ გაიქცა შეხვედრიდან. მათ შორის თითქმის არავის სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი დაყაბულდება დასავლეთის ბუნდოვან დაპირებებს - იქნება ეს რისკების შემცირება, მეტი კომუნიკაცია თუ რაიმე შეთანხმება იარაღის კონტროლზე.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დასავლეთი ვერ „დააგდო“, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ დასავლეთს ერთი კონტრშეტევაც კი არ უცდია. ის ახლა უბრალოდ ზედმეტად დისფუნქციურია ამისთვის და მოსკოვმაც იდეალური დრო შეარჩია ამ ორთაბრძოლისთვის.

ამ კვირის შეხვედრებმა ყველა ეჭვი გააქარწყლა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ არ იქცა საგარეო პოლიტიკის ხეირიან მოთამაშედ. ნატო არის ასეთი მოთამაშე, მაგრამ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უბოჭავს ხელებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანას სურდა, უკრაინასა და საქართველოსთვის გაწევრიანების მკაფიო ვადები დაწესებულიყო, სხვები, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, მსგავს ენთუზიაზმს არ იჩენდნენ. საბოლოოდ, ალიანსი ღია ვალდებულებას დასჯერდა, რომ ოდესმე ეს წყვილიც ნატოს წევრები გახდებოდნენ. ეს დაპირება ნატოს დღემდე ყელში აქვს გაჩხერილი - 14 წლის თავზე უკრაინა და საქართველო მაპ-ის მიღებითაც კი ვერ დაიკვეხნიან. მიზეზი მარტივია - დღეს რომ ტარდებოდეს კენჭისყრა უკრაინის ან საქართველოს ნატოში გაწევრებაზე, 30 წევრი ქვეყნიდან ბევრი არ მიესალმებოდა ამას. არადა, ამ ნაბიჯისთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა საჭირო. ერთი სიტყვით, რუსეთს დე ფაქტო ვეტო უკვე ჯიბეში უდევს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ახლა კი, როგორც ჩანს, დე იურეც ამოიღეს მიზანში.

ეუთო - არჩეული „რინგებიდან“ ერთადერთი, რომელზეც უკრაინასაც შეესვლება, უბრალოდ სასაუბრო პალატაა, რომელიც კონსენსუსის აუცილებლობითაა პარალიზებული. ეუთო გარიყეს სომხეთ-აზერბაიჯანის ომისას, მან ვერაფერი იღონა ბელარუსის კრიზისისას და მისი სადამკვირვებლო მისია უკრაინაში ეფექტიანობით ვერ დაიკვეხნის. 13 იანვარს გამართული ეუთოს საბჭოს სხდომა სხვადასხვა დელეგაციისგან შედგებოდა, რომლებმაც რუსულ მხარესთან დებატების ნაცვლად წინასწარ დაწერილი განცხადებები წაიკითხეს.

კითხვის ნიშნებია შეერთებულ შტატებთან დაკავშირებითაც - მისი შარშანდელი გამოსვლა ავღანეთიდან, მოკავშირეებისთვის დამატებითი კომფორტის საფუძველი ნამდვილად არ გამხდარა. იზრდება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების ალბათობაც - პრეზიდენტისა, რომლის ერთგულებას ნატოსადმი ეჭვშეუვალს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი რუსეთს „უპრეცედენტო სანქციებს“ აღუთქვამს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რამდენად შეაკავებს ეს რუსეთს რეალურად და რამდენად შორს წასვლას დაყაბულდებიან ევროპელები.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთს ნირიც კი ვერ შეაცვლევინა, ასეთივე უშედეგო აღმოჩნდა ბელარუსისთვის დაწესებული ხარვეზებით სავსე სანქციების ხუთი პაკეტი.

ამას ისიც დავუმატოთ, რომ, ბევრი დიპლომატის აზრით, რუსეთს შეუძლია, SWIFT-იდან გამოთიშვის შემთხვევაშიც კი სათადარიგო გზები იპოვოს, ისიც, რომ გერმანიის მთავრობა ჯერაც ფეხს ითრევს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაწირვაზე. დაბოლოს, ცაში ავარდნილი ფასები ენერგორესურსებზე მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში. ისმის კითხვა - რეალურად რამდენად მტკივნეული იქნება ეს „უპრეცედენტო სანქციები“?

თუ ომი იქნება, შეიძლება დასავლეთმა ალყაში მოქცეულ უკრაინას იარაღი მიაწოდოს, შეიძლება ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი ნატო აღმოსავლეთ ფრონტზე და შესაძლოა, შვედეთმა და ფინეთმა ალიანსის წევრობა გადაწყვიტონ - მაგრამ უკრაინაზე, და სიმართლე რომ ვთქვათ, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც რეალურ კონტროლს რუსეთი ინარჩუნებს - რაც ცხადყოფს დასავლური ორგანიზაციების ლიმიტებს. თუ ომის ნაცვლად მშვიდობა დაისადგურებს, მოსკოვს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ ყველას „თრევა“ შეუძლია, როგორც კი ამას მოინდომებს. ასეა თუ ისე, საჩემპიონო ქამარი რუსეთს ეკუთვნის.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG