Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 27 იანვარი. See content from before

ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022

თუ ვერმახტის ქმედებას სამხედრო ოპერაციის პრიზმიდან შევხედავთ, დანაშაულებრივ ბრძანებებსა და ნაცისტურ იდეოლოგიას შეიძლება დავამატოთ კიდევ ერთი კატეგორია - ე.წ. Kriegsnotwendigkeit (სამხედრო აუცილებლობა), გამოწვეული გერმანული ოპერატიული კულტურით. გერმანულ მხედართმთავრობას ჰქონდა ძალიან სპეციფიკური დამოკიდებულება დროსა და სივრცესთან: სიჩქარისა და მოულოდნელობის კულტი, ლოგისტიკისა თუ ზურგის მნიშვნელობის უგულებელყოფა მას რადიკალურად განასხვავებდა ყველა სხვა არმიისგან. დაამატეთ ამას საოკუპაციო ჯარების სიმწირე, პოლიტიკური რეფლექსიის არარსებობა ოკუპირებული ტერიტორიების მართვისას... ყველაფერი ეს ვერმახტს უბიძგებდა „ზურგის დასამშვიდებლად“ მხოლოდ მასობრივი ტერორი გამოეყენებინა: რაც უფრო დიდი იყო საბჭოთა წინააღმდეგობა, მით უფრო დიდი იყო გერმანელების დანაკარგები და შესაბამისად ვერმახტის დანაყოფების მიდრეკილება მშვიდობიანი მოსახლეობის, პირველ რიგში ებრაელების, წინააღმდეგ ტერორისკენ.

სამხედრო დანაშაულები, რომლებიც მოტივირებული იქნება სნაიპერების შიშით ან თავდასხმების საპასუხოდ, იქნება სისასტიკის გაგრძელება, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ პოლონეთში აიღებს. თუმცა, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვერმახტი გამორჩეული იქნება ანტიებრაული რეპრესიების სისტემატიზაციით იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც მათ დიდი დანაკარგები ექნებათ, ან კიდევ სადაც ნკვდ-ს ტერორის ხილული კვალი იქნება ნაპოვნი: „ჩვენი დანაკარგები საკმაოდ დიდია,“ - ჩაწერს 299-ე დივიზიის ოფიცერი ჰანს როტი თავის დღიურში 26 ივნისს ქალაქ ლუცკში შესვლისას. „ადგილობრივ ციხეში სასტიკი სანახაობა წარმოგვიდგა - გაქცევამდე ბოლშევიკებმა საშინელი სისხლისღვრა ჩაატარეს. ასზე მეტი კაცი, ქალი და ბავშვი პირუტყვივით ჩახოცეს. არასოდეს დამავიწყდება ეს სურათი. [...] ამასობაში რამდენიმე ჩემმა ამხანაგმა თავიანთი სამალავებიდან გამოიყვანა უკანასკნელი წითელარმიელი და ებრაელი. მათ კეფაში თითო-თითო ტყვია დაურიგეს“.

როდესაც საუბარია ნკვდ-ს ტერორის ხილულ კვალზე, აუცილებელია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ ტერორის მთავარი მსხვერპლი ხშირად ებრაელობა იყო. ასე, მაგალითად, ნაცისტების მიერ მოწყობილი პოგრომები ლვოვსა (30 ივნისი - 6 ივლისი, 2 000-დან 7000-მდე მსხვერპლი) და გარგჟდაიში (22-24 ივნისი, 800-დან 900-მდე მსხვერპლი), იქნება ნაცისტების პასუხი ნკვდ-ს „იუდაურ-ბოლშევიკურ“ ტერორზე. თუმცა, როგორც ლვოვში, ისე გარგჟდაიში, ნკვდ-ს „იუდაურ-ბოლშევიკური“ ტერორის მსხვერპლს შორის პროცენტულად ყველაზე მეტი ებრაული თემის წარმომადგენელი იყო!

რწმენა, რომ საბჭოთა წინააღმდეგობის მიზეზი ებრაელი კომისრების ფანატიზმია, რომ ბრძოლის პარტიზანული მეთოდები ებრაული მშვიდობიანი მოსახლეობის სიმუხთლის შედეგია, ღრმად იყო გამჯდარი როგორც ნაცისტ ლიდერებში, ასევე ვერმახტის ნაწილებში.

ამას დაამატეთ „ბარბაროსას“ ოპერაციის უაღრესად მაღალი ტემპით გამოწვეული „გვერდითი ეფექტები“: 1941 წლის ზაფხულში ქვეით ნაწილებს, რომლებიც ვერმახტის ორ მესამედს წარმოადგენდა, უწევდა დღეში 30-60 კილომეტრის დაფარვა 40-გრადუსიან სიცხეში. „ბარბაროსას“ კამპანიის ეს სიჩქარე თავის მხრივ ხელს უწყობდა სამხედროებში მორალური ბარიერის უკანაკნელი ნარჩენების გაქრობას. „ჩვენი ხალხი უკიდურესად გამოფიტულია. გუშინ ერთ ჩემს მძღოლს ფეხზე ეძინა.“ - ჩაწერს 22 ივლისს თავის დღიურში გენერალი გოთჰარდ ჰაინრიცი. გაუთავებელი მარში, გზები, რომლების დასასრულიც არ ჩანს, (...) გერმანიაში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა იმ უკიდურესად ნერვულ დაძაბულობას, რომლის მიზეზიც მუდმივად ცვალებადი სიტუაციაა - მუდმივი თავდასხმის საფრთხე უაღრესად დამქანცველია. არც ერთი კამპანიის დროს არ მქონია მსგავსი გამოცდილება“.

გერმანელი ჯარისკაცები, თავიანთ წერილებსა და დღიურებში ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის - პირველ რიგში ებრაელების - ხოცვა-ჟლეტას ხშირად გერმანელი დასახიჩრებული გვამების აღმოჩენით ამართლებენ. „მთვრალი რუსი ჯარისკაცები დაჭრილებს სადისტურად ათავებენ,“ - მისწერს თავის მეუღლეს 37-ე ქვეითი პოლკის ლეიტენანტი 27 აგვისტოს. „თვალებ- და ენაამოკვეთილი, ყურ- და ცხვირმოჭრილი (...) ზოგიერთი სამხედრო ისეა დაჩეხილი, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი ხდება“.

1918-1921 წლების რუსეთის სამოქალაქო ომი კარგად აჩვენებს, თუ რა სისასტიკისთვის იყო მზად უნიფორმაში ჩაცმული გლეხობა (მაქსიმ გორკის აქვს ეს ძალზე კარგად აღწერილი). რატომ არ უნდა შეენარჩუნებინა იგივე საქციელი 1941 წელს, სტალინური რეჟიმის მიერ კიდევ უფრო სასტიკად ქცეულ ჯარისკაცს?! გარდა გერმანული ჩვენებებისა, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა დოკუმენტი ადასტურებს წითელარმიელების მიერ ტყვეების ლიკვიდაციის ფაქტებს. მე-5 არმიის 30 ივნისით დათარიღებული მოხსენების მიხედვით, „ხშირია შემთხვევები, როცა წითელარმიელები და მათი მეთაურები, ფაშისტი მძარცველების დანაშაულით განრისხებულნი, ტყვედ აყვანის მაგივრად ადგილზე ხვრეტენ მათ“. 26-ე დივიზიის 13 ივლისით დათარიღებული მოხსენება ცხადყოფს, რომ წითელარმიელები 80 გერმანელ ტყვეს ადგილზე დახვრეტენ.

მიუხედავად ამისა, აუცილებელია შევინარჩუნოთ პროპორციის და მიზეზობრიობის გრძნობა. 1941 წლის ზაფხულში არ შეიძლებოდა რაიმე საერთო ყოფილიყო ომის დანაშაულის მსხვერპლ გერმანელ და საბჭოთა ჯარისკაცებს შორის: რამდენიმე ასეული, თუნდაც ერთი ან ორი ათასი ერთ და ასობით ათასი მეორე მხარეს.

„აქ სუფევს რელიგიური ომების ეპოქის წესები და კანონები - ექვსნახეავრი წელია, რაც ომში გავატარე და მე ჯერ ასეთი რამ არ მინახავს.“ - ჩაწერს თავის დღიურში გენერალი ჰაინრიცი 1941 წლის ნოემბერში.

საქართველოში (და თანამედროვე მსოფლიოშიც) ვეღარავის გააკვირვებ სიძულვილის ენით, მაგრამ აქა-იქ, ბევრისთვის მოულოდნელად, ასევე იჩინა თავი დიდი ხნის წინ დავიწყებულმა პანეგირიკმა (საჯაროდ წარმოთქმულმა სახოტბო სიტყვამ), რომლის ენა თუ ტექნიკა, რა გასაკვირია, რომ ყველაზე უკეთ კულტურის სფეროს მუშაკებმა აითვისეს.

სინამდვილეში არაფერი მოულოდნელი და გასაკვირი არ ხდება. ჯერ კიდევ აკაკი ბაქრაძემ შენიშნა თავის „მწერლობის მოთვინიერებაში“, რომ კულტურის სფეროს პარტიულობის პრინციპი ავტომატურად ითხოვს როგორც სიძულვილის ენას, ასევე პანეგირიკულ-პროპაგანდისტულ მეტყველებას.

სწორედ ამგვარი მეტყველებით იყო გაჯერებული საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება ლამის მთელი XX საუკუნის (განსაკუთრებით კი, 30-იანი წლების) განმავლობაში. სწორედ კულტურის სფეროს „პარტიულობის პრინციპი“ მოითხოვდა პოეტ ფრიდონ ნაროუშვილისგან, „წუნკალი შოვინისტები“ ეწოდებინა გამორჩეული მამულიშვილებისთვის, ივანე ჯავახიშვილისა და ვახტანგ კოტეტიშვილისათვის:

...თვით პროფესორი ჯავახიშვილი,
და სხვა მრავალი ჯურის „ისტები“,
კაციჭამია კოტეტიშვილი –
პლეადა წუნკალ შოვინისტების.

ხოლო ყელამდე სისხლში მდგომი გპუ-sთვის (ГПУ - მთავარი პოლიტიკური სამმართველო) ხოტბა შეესხა:

რომ რესპუბლიკა სოციალისტური
მძიმე ინდუსტრიით იყოს მოფენილი,
მისი ორგული და მავნებელი
დიქტატურის ქუსლით იყოს გათელილი...
ვაშა - გ.პ.უ. - შენი განაჩენი
ბოლშევკურად არის დაწერილი!
როგორც პოეტმა – პოლიტიკურმა
უნდა შეასრულო შენი გაკვეთილი:
სოციალიზმის ყველა მავნებელი
დიქტატურის ტყვიით იყოს დახვრეტილი!
ვაშა, გ.პ.უ. შენი განაჩენი
ბოლშევიკურად არის დაწერილი!

ბედის ირონიით, 1937 წელსა და გ.პ.უ.-ს „დაწერილ განაჩენს“ თვითონ ფრიდონ ნაროუშვილიც შეეწირა, თუმცა ამით არც „პოლიტიკური პოეტების“ რიგი შემცირებულა და არც პანეგირიკის რაოდენობა.

მოჰქრის მგზავრი. გამჭრიახი
მისი თვალი ფოლადს გახევს,
მხედრულ ქუდის ჩრდილი ფარავს
გასაოცარ ცოცხალ სახეს.
შემართება ვეფხვის ჰქონდა
გამოხედვა შევარდნული...

ასეთია პოეტ გრიგოლ აბაშიძის მიერ „დანახული“ ლავრენტი ბერია - ვინც „თბილისი განაახლა“ და, როგორც პოეტმა ილო მოსაშვილმა თქვა, „ვისგანაც აყვავდა და დაპურდა ქართლის მთა-ველი“ და, ვისაც პოეტი აღფრთოვანებით მიმართავს:

ვაზს ჩაუდედე მტევანი,
ყანას ხელხვავი თაველი,
მშობელი მიწის თითო გოჯს
ატყვია შენი მტკაველი.

კიდევ უფრო „შთამბეჭდავია“ სტალინი, რომელიც პაოლო იაშვილს მოსკოვში უნახავს 1933 წელს, ტრაგიკულ აღსასრულამდე ოთხი წლით ადრე:

კრემლი გაიხსნა და გამოჩნდი რუხი მაზარით,
შენ მზიურ სახეს მიენიჭა ბრინჯაოს ძალი,
დგეხარ მაგარი, უტეხელი, უზარმაზარი,
პარტიის მტრების დამმტვრეველო, პიტალო სტალინ.

ცხადია, მარტო „პიტალო სტალინი“, „არწივისთვალა ლენინი“ [„ის ჩვენთან არის, ცოცხლობს მისი საქმე და სიტყვა,/ მავზოლეუმში მიულულავს არწივის თვალი...“ ვ. გორგანელი] და „გამჭრიახი ბერია“ არ გამხდარა ხოტბის საგანი. ყველა ბელადსა და ხელმძღვანელ მუშაკს უმღეროდნენ და ხოტბას ასხამდნენ იმ დრომდე, ვიდრე პარტია მათ ხალხის მტრად არ გამოაცხადებდა.

როცა დღეს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში მიმდინარე „რეორგანიზაციას“ გასული საუკუნის 30-იანი წლების ე.წ. წმენდას ადარებენ, როცა კულტურის სამინისტროს მიერ ლიტერატურის მუზეუმის შესახებ გამოქვეყნებული განცხადება მავნებელთა მხილებისა და წითელი ტერორის სულისკვეთებას აგონებს ბევრს, იმავე ეპოქისათვის დამახასიათებელი კონფორმიზმითა და ვულგარული პათეტიზმით ნელ-ნელა იჟღინთება „ხელმძღვანელი ამხანაგებისა“ და მათი „ხელქვეითი პირების“ ურთიერთობაც. უკიდეგანო მლიქვნელობაც და სიძულვილის ენაც ხომ იმ ერთი მედლის ორი მხარეა, რომელიც ზემოთაღწერილ გასული საუკუნის 30-იან წლებში მოიჭრა.

როცა „ბატონი ბიძინა“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა ლიდერმა ილიას, ხოლო განათლების მინისტრმა ექვთიმეს შეადარა, როცა მოურიდებლად წარმოითქვა პანეგირიკი: „როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა მემკვიდრეობასო”, - ბევრმა იფიქრა, რომ ცალკეული სახელმწიფო მოხელეების თვითშემოქმედება მხოლოდ იმ "ბრძენი კაცისკენ" იყო მიმართული. თუმცა, როცა კულტურის მოქმედ მინისტრს დაბადების დღეზე სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა ზოგმა დითირამბი და ზოგმაც მუხამბაზი უმღერა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართულმა ოცნებამ“, სისტემისთვის მიუღებელ ადამიანებთან საურთიერთო ენის შემდეგ, სისტემის მორჩილი ადამიანებისთვისაც განსაზღვრა სალაპარაკო ენა. ალბათ არ იყო მოულოდნელი კულტურის სფეროში პარტიულობის პრინციპის გაძლიერების ფონზე.

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს - ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას“, - ასე მიულოცა დაბადების დღე მინისტრს ერთი თეატრის ხელმძღვანელმა. უფრო ადრე კი, ერთი მუზეუმის დირექტორმა ევგენი შვარცის პიესის, „შიშველის მეფის“ პერსონაჟის „მოურიდებელი პირდაპირობით“ მიახალა მას, ძალიან მწყდება გული თქვენზე... რატომ ჩემს ახალგაზრდობაში არ იყავით მინისტრი, რომ უფრო მეტი საქმე გვეკეთებინაო.

ორივე ამბავი - თუ რა ფორმით უშვებენ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან თანამშრომლებს და როგორ უმღერიან ოსანას მოქმედ მინისტრს მასზე კარიერულად დამოკიდებული ადამიანები - არაკეთილსაიმედო დიაგნოზის დასმის საფუძველს იძლევა. ამასთან, აშკარაა, თუ არაფერი შეიცვლება, „ავადმყოფობა“, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს და კონფორმიზმსა თუ პათეტიზმზე მოთხოვნაც ერთიორად გაიზრდება.

ალბათ, თავის დროზეც, როცა „საყოველთაო საბჭოთა კონფორმიზმი“ იდგამდა ფეხს, მაშინაც ყურს ჭრიდა ამგვარი ეპითეტების მოურიდებელი გამოყენება, მაგრამ შემდეგ, როცა სისტემამ სიჩქარე აკრიბა და ფრთები გაშალა, აღარავის უკვირდა, რომელიმე „პატარა მუშაკი“ შედარებით „დიდ მუშაკს“ თუ უწოდებდა:

თვალსაჩინო მშენებელს, ხელმძღვანელსა და მასწავლებელს; ხალხთა კეთილდღეობისთვის მამაც მებრძოლს, პარტიის სახელოვან შვილს, გამოჩენილ პარტიულ და სახელმწიფო მოღვაწეს, ერთგულ მოწაფეს, სამშობლოს მტრებთან შეურიგებელ მებრძოლს, დიად მოაზროვნეს, ისტორიის ლოკომოტივის დიდ მემანქანეს, ბრძენ და მშობლიურ დამრიგებელს და ა.შ.

ასეთი იყო საბჭოთა ენა შესაბამისი ლექსიკით, სიტყვათაშეთანხმებებით, ფრაზებით, ლოზუნგებითა და პროპაგანდისტული პათეტიკით, რაც საყოველთაო საბჭოთა კონფორმიზმმა წარმოდგენელ სიმაღლეებზე აიყვანა, კონფორმიზმმა, რომელიც ასე აღწერა საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ლიონ ფოიხტვანგერმაც კი:

„ითხოვენ ყველაფერზე დათანხმებას. ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ ეს თანხმობა იყოს არა ნაძალადევი, არამედ ნებაყოფლობითი და გულწრფელი, რომ ენთუზიაზმიც კი გამოსჭვიოდეს“.

ანდრე ჟიდმა კი, რომელიც ჯერ „საბჭოთა ხალხის მხურვალე მეგობარი და თანამგზავრი“ იყო, შემდეგ კი „მოღალატედ“ იქცა, ასეთი ძეგლი დაუდგა საბჭოთა კონფორმიზმს:

„ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია, რომ ნებისმიერ საკითხზე უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი შეხედულება. ყოველ დილით „პრავდა“ ატყობინებთ, რისი ცოდნაა საჭირო, რაზე უნდა იფიქრონ და რისი უნდა სჯეროდეთ. გამოდის, როცა ელაპარაკები რომელიმე ერთ მოქალაქეს, ელაპარაკები ერთდროულად ყველას“.

ცხადია, ვინც მონაწილეობას არ მიიღებდა ამ საყოველთაო კონფორმიზმში, განადგურდებოდა და ნადგურდებოდა კიდეც, დარჩენილთა საზოგადოებრივი ცხოვრება კი მკაცრად იყო სტანდარტიზებული. კრებები, პოლიტიკური გამოსვლები, დისკუსიები, შემოქმედებითი საღამოები - ყველაფერი წყლის ორ წვეთივით წააგავდა ერთმანეთს, პოლიტიკური ტერმინოლოგიაც კი ერთ თარგზე იყო გამოჭრილი.

ავტორიტარიზმისა და გაუკუღმართებული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, ძალადობასთან ერთად, ასევეა კონფორმიზმი და ხელისუფლებისადმი მკვეთრად გამოხატული პათეტიზმი, რისი აშკარა ნიშნებიც სახეზეა თანამედროვე საქართველოში. ასე რომ, არავის გაუკვირდეს, ცოტა ხანში, რომელიმე თეატრის, მუზეუმის ან გალერეის ხელმძღვანელმა, მოქმედ მინისტრს თუ უწოდა: უდიდესი და უშესანიშნავესი ადამიანი ჩვენს თანამედროვეთა შორის, ადამიანი მეცნიერის თავით, მუშის სახით და უბრალო ჯარისკაცის ტანსაცმლით; თუ განადიდა მისი უბადლო საღი აზრი, მისი ცოდნის სიფართოვე, განსაცვიფრებელი შინაგანი მთლიანობა, ულმობელი თანმიმდევრულობა, გადაწყვეტის სისწრაფე, ნებისყოფის სიმტკიცე და ძალა, მუდმივი ზრუნვა ადამიანებზე და ბოლოს, თუ ღმერთი გაუწყრა და ისარგებლა ანრი ბარბიუსის ცნობილი ფორმულით („სტალინი - ეს არის ლენინი დღეს“) და თქვა:

„მინისტრი - ეს არის ბიძინა დღეს!“

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG