Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლოკოსტის დასაბამთან (2). ჰიტლერი და „ებრაული საკითხი“


რომ შევეცადოთ გავიგოთ, თუ როგორ მიდიან ნაცისტები დასკვნამდე, რომ მათ შეუძლიათ „ებრაული პრობლემის“ დაუყოვნებლივ და ადგილზე გადაჭრა, საჭიროა დავუბრუნდეთ დასაბამს - ჰიტლერის მსოფლმხედველობას.

როდიდან სურდა ჰიტლერს ებრაელების ფიზიკური განადგურება? ეჭვგარეშეა, რომ ეს მოხდა 1924 წელს, მას შემდეგ, რაც მომავალი ფიურერის რასისტულმა ანტიებრაულმა მსოფლმხედველობამ მეტ-ნაკლებად დასრულებული ფორმა მიიღო. თუმცა, ებრაელების გარეშე (Judenfrei) სამყაროს ეს სურვილი არ წარმოადგენდა ჰიტლერის კონკრეტულ პროექტს… მომავალი ფიურერის ეს გეგმა უფრო წააგავდა უტოპიას, ან, კიდევ უფრო ზუსტი რომ ვიყო, ესქატოლოგიურ პერსპექტივას.

1939 წლამდე ჰიტლერი და ამ საკითხთან დაკავშირებით მისი ორი უახლოესი თანამშრომელი - ჰიმლერი და გერინგი - კმაყოფილდებოდნენ დევნის პოლიტიკით, რომელიც მიზნად ისახავდა ებრაელების სოციალურ მარგინალიზაციას, საკუთრების წართმევას, მათ იზოლაციას და, საბოლოოდ, ქვეყნიდან გაძევებას. ომის დაწყებასთან ერთად მიზანი იცვლება - ამიერიდან ჰიტლერის განზრახვა იქნება ებრაელების განდევნა ზოგადად ევროპიდან.

თუმცა გაძევების ეს პოლიტიკა ორ დაბრკოლებას წააწყდება: ქვეყნების ოკუპაციასთან ერთად იზრდება ნაცისტების ბატონობის ქვეშ მცხოვრები ებრაელების რაოდენობა: 1937 წელს მესამე რაიხში მცხოვრებ 300 000 გერმანელ ებრაელს დაემატა 210 000 ავსტრიელი ებრაელი 1938 წელს, 120 000 ჩეხი ებრაელი 1939 წლის მარტში და 1,8 მილიონი პოლონელი ებრაელი 1939 წლის სექტემბერში. 1940 – 1941 წლის გაზაფხულზე ამ 2,43 მილიონს კიდევ დაემატა საფრანგეთში, სერბეთში, საბერძნეთში, ბელგიაში თუ ჰოლანდიაში მცხოვრები 650 000 ებრაელი. ამას გარდა მილიონ-ნახევარი ებრაელი ცხოვრობდა მესამე რაიხის მოკავშირე ან ვასალურ ქვეყნებში - რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ხორვატიაში, ბულგარეთში, იტალიაში. ამგვარად, 1938 წლის თებერვლიდან 1941 წლის მაისამდე შემცირების ნაცვლად, ნაცისტების „ებრაული პრობლემა“ გაათმაგდება.

გაძევების პოლიტიკის მეორე დაბრკოლებას წარმოადგენდა დანიშნულების ადგილის მოძებნა. ყველა ებრაელისთვის ერთი „რასობრივი ნაგავსაყრელის“ მონახვა - იუდოფობების ეს ძველი ფანტაზია - არ ასვენებდა ნაცისტ ლიდერებს. 1938 წლის ივლისში ევიანის კონფერენციაზე ალფრედ როზენბერგი ჰიტლერის კურთხევით შესთავაზებს კონფერენციის მონაწილეებს მადაგასკარის კუნძულს, რომელიც, ნაცისტების აზრით, ევროპის „რასობრივ ნაგავსაყრელად“ უნდა ქცეულიყო.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საზღვაო მიმოსვლის გართულება აიძულებს ნაცისტებს, „რასობრივი ნაგავსაყრელის“ ახალი ადგილი ეძიონ. ვარშავის დაცემის შემდეგ, ჰიტლერის აზრით, ასეთი „ნაგავსაყრელი“ ლუბლინის რეგიონში უნდა განთავსებულიყო.

1939 წლის ოქტომბერში, ადოლფ აიხმანი, მესამე რაიხის RSHA-ს IVb4 (ებრაელთა საქმეები და ევაკუაციები) განყოფილების ხელმძღვანელი, რამდენიმე ათას ებრაელს გადაასახლებს ანექსირებული პოლონეთის აღმოსავლეთში, „რიბენტროპ-მოლოტოვის საზღვართან“, ქალაქ ლუბლინსა და ნისკოს შორის მდებარე ჭაობიან ტერიტორიაზე. დიდი ალბათობით ეს იყო თვით აიხმანის ინიციატივით განხორციელებული საცდელი ხასიათის დეპორტაცია.

1940 წლის დასაწყისში, სტალინი, ჰიტლერის თხოვნის შედეგად, 200 000 ბალტიისპირელ და ვოლინის (კრემლის მიერ ოკუპირებული პოლონეთის რეგიონი) ეთნიკურ გერმანელს მესამე რაიხის ტერიტორიაზე ემიგრირების ნებას დართავს. ნაცისტებს ეს ახალ იმედს გაუჩენს: მოლოტოვის სახელზე ნაფრენ უსტარში, ბერლინისა და ვენის ებრაული ევაკუაციის ოფისი მოსკოვს შესთავაზებს რაიხის ებრაელების გადასახლებას ან დასავლეთ უკრაინაში, ან ბირობიჯანის ებრაულ ავტონომიურ ოლქში (ბერლინის ეს თხოვნა უპასუხოდ დარჩება).

1940-ის ივნისში, საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, მადაგასკარის პროექტი (მადაგასკარის კუნძული საფრანგეთის კოლონია იყო) ისევ პერსპექტიულად მოეჩვენებათ ბერლინში. მაგრამ ბრიტანელების უარი, შეეწყვიტათ ომი ნაცისტების წინააღმდეგ, ნაცისტებს ხელს შეუშლის ამ გეგმის განხორციელების დაწყებაში. რაც შეეხება ებრაელების დეპორტაციას ანექსირებულ ლუბლინ-ნისკოს რეგიონში, ეს პროცესი მთლიანად შეწყდება 1941 წლის მარტში: ყველა მატარებელი დაკავებული იქნება ოპერაცია „ბარბაროსას“ მომზადებით.

მაიორ ენგელის, ფიურერის არმიის ადიუტანტის, ჩანაწერები კარგად ასახავს ჰიტლერის იმედგაცრუებას, რომელსაც ის გამოხატავს 1941 წლის 2 თებერვალს კაიტელთან, ბორმანთან და შპეერთან, გამართულ შეხვედრაზე: „ფიურერი ვრცლად განმარტავს, როგორ წარმოუდგენია მას ეს [ებრაული საკითხი - ლ.ო.]. ერთი მხრივ, ომი აჩქარებდა ამ საკითხის გადაწყვეტას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბევრი დამატებითი სირთულე წარმოიქმნება. თავდაპირველად მან შეძლო გერმანიაში ებრაული ძალაუფლების განადგურება, ახლა მისი მიზანია ებრაული გავლენის ჩახშობა ღერძის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. (...) მას რომ სცოდნოდა, სად განედევნა რამდენიმე მილიონი ებრაელი... ის წავა ფრანგებთან, რათა მოსთხოვოს, რომ მადაგასკარში ადგილი გაათავისუფლონ ებრაელების დეპორტაციისათვის. ბორმანის კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ფიურერი იქ წასვლას ამ გაგანია ომის დროს, ფიურერი უპასუხებს, რომ ამაზე უნდა ვიფიქროთ. (...) ის ახლა ამ თემაზე სხვაგვარად ფიქრობს, არა განსაკუთრებით კეთილგანწყობილად“.

მოკლედ, ოპერაცია „ბარბაროსამდე“ რამდენიმე თვით ადრე ჰიტლერის ანტიებრაული პოლიტიკა ჩიხში აღმოჩნდება. უფრო მეტიც, მაშინ როცა ჰიტლერი დარწმუნებული იყო, რომ 2-3 თვეში საბჭოთა კავშირს ბოლოს მოუღებდა, რამდენიმე მილიონი საბჭოთა ებრაელის მესამე რაიხში ინკორპორაციით „ებრაული პრობლემა“ ახალ სიმაღლეს აღწევდა.

თუმცა, ებრაელების რიცხვის გაზრდის პარალელურად ნელ-ნელა ნათელი ხდებოდა მასობრივი მკვლელობის განხორციელების შესაძლებელი გზები: 1939 წლის შემოდგომაზე 50 000 პოლონური ელიტის წარმომადგენლის დახვრეტა, 1940 წელს რაიხში 70 000-მდე ფიზიკურად და გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ევთანაზია, ვარშავის უზარმაზარ გეტოში 1941 წლის გაზაფხულზე შიმშილითა და ავადმყოფობით 50000-მდე დაღუპული... ყველაფერი ეს „ებრაული საკითხის“ საბოლოოდ გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე მიანიშნებდა.

22 ივნისს დაწყებული „ბარბაროსას“ ოპერაცია მხოლოდ დააჩქარებს ამ პროცესს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG