Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გამოძიების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს" - საქართველოს პარტნიორების პირობა


რვა ევროპული ქვეყნის პარლამენტარებს რუსთაველის გამზირზე ოვაციებით შეხვდნენ - 11 ნოემბერი, 2024 წელი.
რვა ევროპული ქვეყნის პარლამენტარებს რუსთაველის გამზირზე ოვაციებით შეხვდნენ - 11 ნოემბერი, 2024 წელი.

როცა ევროპელი პარტნიორები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავენ, „გაყალბების სერიოზულ ეჭვებზე“ ლაპარაკობენ და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ, „ოცნება“ 8 ევროპული ქვეყნის კანონმდებლების დელეგაციას შეხვედრაზე უარს ეუბნება.

გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებისთვის შეხვედრაზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების მმართველი პარტიის პოზიციაა.

„ჩვენ აქ ვართ, რადგან ძალიან შეშფოთებული ვართ არჩევნებით და საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. საქართველოს ბოლო არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი“, - განაცხადა გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხაელ როთმა, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროპელმა კანონმდებლებმა არაერთხელ თქვეს, რომ მათ მხოლოდ საქართველოს დახმარების სურვილი ამოძრავებთ.

ვიზიტის პირველ დღეს, პარლამენტის შენობასთან, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ევროპელმა პოლიტიკოსებმა ხალხს რუსთაველზე მიმართეს.

„გახსოვდეთ, არ არსებობს [ვიქტორ] ორბანის გზა ევროკავშირისკენ, არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ხართ ევროპის ნაწილი. არის ესტონეთის გზა, ბალტიის ქვეყნების გზა, პოლონეთის გზა, გერმანიის გზა, საფრანგეთის გზა, ევროპაში მოსახვედრად“, - მიმართა ხალხს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა. მანამდე, მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა გამოცდას ვერ აბარებს“.

„როცა „ქართული ოცნება“ გპირდებათ, რომ მიიღებს ევროკავშირში შესვლის გარანტიას, უბრალოდ გატყუებენ“, - ესეც პავილიონისის სიტყვებია.

საპარლამენტო არჩევნებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. ევროპული ქვეყნების უდიდეს ნაწილს „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვება არ მიულოცია.

გამონაკლისია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება ჯერ კიდევ ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებამდე მიულოცა; შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა. ეს ერთადერთი საჯარო ევროპული მილოცვაა.

ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ასევე იუწყება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოსგან მიღებული მილოცვის შესახებ. ორბანსა და ფიცოს თავად აქვთ პრობლემები ევროკავშირში.

უარის სიგნალები

რვა ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც სხვა კოლეგების სახელითაც მოქმედებენ, შეხვედრაზე უარი უთხრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, მოგვიანებით კი - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ - უარი მთელი ხელისუფლების პოზიციაა, რადგან ეს ვიზიტი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.

ამ პოზიციას ეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც.

„უსაქმურები არიან“, „ჩვეულებრივი მავნებლები არიან“, - ამბობს ევროპელ კანონმდებლებზე დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი. კახა კალაძის შეფასებით მათი მიზანი საქართველოში არეულობისა და დაძაბულობის მოწყობაა.

კალაძემ უკვე მეორედ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ახსენა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ევროპელ პარლამენტარებს მასპინძლობდა.

„ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები - რადიკალები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ და ისინი, ვინც გარედან აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ერთნი არიან, ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ“, - ამბობს კალაძე.

„როცა კარი დაკეტილი ხვდებათ ამ დონის პარლამენტარებს, ასეთ სერიოზულ დელეგაციას, არა მგონია ამან კარგ შედეგამდე მოგვიყვანოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გოჩა ჯავახიშვილი - საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, რომელმაც პოსტი მაისში, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად დატოვა.

დიალოგზე უარის თქმა დიპლომატისთვის ხშირად იმის ნიშანიც არის, რომ თანამოსაუბრეებისთვის არაფერი გაქვს სათქმელი.

ელჩი დარწმუნებულია, რომ ინფორმაცია თბილისიდან ელვის სისწრაფით გავრცელდებოდა და, რომ - ევროპელი კანონმდებლებისთვის დიალოგზე ნათქვამი უარი ევროკავშირის დედაქალაქებთან ლაპარაკზე უარის თქმად აღიქმებოდა, მით უფრო 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ეჭვების ფონზე.

„ვისაც ევროინტეგრაციის პროცესში გვიმუშავია, ყველამ ვიცით ეს ადამიანები, თითოეული, პირადად - მათი კომიტეტები, მათი პარლამენტები, შესაბამისად - მათი მთავრობები რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ საქართველოსთვის და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მათი მხარდაჭერის თითოეული გზავნილი. ის კი არა, საფრანგეთთან და გერმანიასთან ვმუშაობდით, რომ ისინი დაგვხმარებოდნენ და სხვა ქვეყნები დაერწმუნებინათ, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო“, - გვეუბნება გოჩა ჯავახიშვილი და ამატებს, რომ დღეს თბილისიდან „კრებითი სიგნალი“ გაიგზავნა.

ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებიდან ხშირად მოუწოდებდნენ თბილისს - არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან.

დიპლომატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ევროპისთვის მიუღებელია საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებული [ავტოკრატიული] მმართველობის ფორმა და ასევე საქართველოს მეგობრობა უნგრეთსა და სლოვაკეთთან.

„ორბანი რუსეთის ტროას ცხენად ითვლება ევროკავშირში და სლოვაკეთის მოდელიც თუ ავიღეთ - ფაქტობრივად დღესვე ვეუბნებით ევროკავშირს - მიმიღე და უნგრეთთან და სლოვაკეთთან ერთად დაგმართებთ იმას, რასაც დაგმართებთ - დავშლით ევროკავშირის დღევანდელ ფორმასო“, - გოჩა ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ „ოცნების“ დაპირებას - ევროკავშირში 2030 წლისთვის ["ღირსებით"] გაწევრიანების შესახებ, საფუძვლად უდევს იმედი, რომ - ევროკავშირი იმ დროისთვის დაშლილი იქნება.

დიპლომატი გვეუბნება, რომ ევროკავშირში დღეს ნამდვილად არის სხვადასხვა სახის პრობლემა და საფიქრალი, მაგრამ მისგან დისტანცირებით, საქართველო რუსეთისთვის ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ეუთო/ოდირის დასკვნის მოლოდინში

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

„ქართული ოცნება“ არ ელოდება საერთაშორისო პარტნიორების მილოცვებს და საპარლამენტო არჩევნებს შემდგარად აცხადებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 11 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღარ განმეორდება 2020 წელი, როცა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის პროტესტისა და „გარე ჩარევის გამო“ „ქართული ოცნებას“ კომპრომისზე წასვლა და „შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილი დოკუმენტის ხელმოწერა მოუწია.

„ახლა მათ ამის რესურსიც არა აქვთ. ძალიან მარტივად წარიმართება პროცესი: უახლოეს მომავალში შეჯამდება ცესკოს მხრიდან არჩევნების შედეგები... თვის ბოლომდე [იგულისხმება ნოემბერი - რ.თ.] [გაიმართება] პარლამენტის პირველი შეკრება და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა და, დიდი ალბათობით, შეიძლება თვის ბოლომდეც მოესწროს ეს ყველაფერი“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს და გაუზიარა პროგნოზიც, რომ - ოპოზიცია პარლამენტში შევა.

გოჩა ჯავახიშვილი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნების საეჭვოდ მიჩნეული შედეგების ობიექტური გამოძიების გარეშე - დასავლელი პარტნიორები არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნებს და იმ შემთხვევაშიც კი - თუკი ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ამის საწინააღმდეგო იქნება.

„ევროპა, რასაკვირველია, თვალს არ დახუჭავს და თუკი არ დავარწმუნეთ არჩევნების შედეგების ობიექტურობაში, აუცილებლად მივიღებთ საქართველოს დიპლომატიურ იზოლაციას. გამოძიებას ელოდება ყველა, მაგრამ ჯერ ვერ ლაპარაკობენ საერთაშორისო გამოძიებაზე, რადგან ეუთო/ოდირს ჯერ არ გამოუქვეყნებია საბოლოო დასკვნა... თუკი შეგროვილი მასალების, ამდენი დარღვევის, სამხილების მიუხედავად, ეუთო მაინც იტყვის - არჩევნები შედგაო, ჩემი აზრით, ამის გამო შეიქმნება უპრეცედენტო საერთაშორისო კრიზისი. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ევროკავშირი ამ მოცემულობით მხარს არ დაუჭერს საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას“, - გოჩა ჯავახიშვილი გვეუბნება, რომ ევროპელ მაღალჩინოსნებს ასევე აქვთ ეჭვი საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით და ასევე ლაპარაკობენ რუსეთის ძლიერ გავლენებზე ეუთოში.

11 ნოემბერს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მიხაელ როთმა განაცხადა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) სადამკვირვებლო მისია ვერ იტყვის - იყო თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი. "ეს ჩვენი მოვალეობაა", - თქვა გერმანელმა პარლამენტარმა.

„მტკიცებულების გამოძიების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს“, - ესეც მიხაელ როთის ციტატაა, ბრიფინგიდან. მან აღნიშნა, რომ თუ არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, მოითხოვენ ინდივიდუალურ სანქციებს იმათ მიმართ, „ვინც პასუხისმგებელია ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე“.

ევროპელი კანონმდებლების ვიზიტამდე, მნიშვნელოვანი სიგნალები გავრცელდა ბუდაპეშტიდან, სადაც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის რანგში - უნგრეთი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (ეპგ) სამიტს მასპინძლობდა. საქართველოს იქ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა.

„არჩევნები ჩატარდა. არსებობს ეჭვები. გაყალბების სერიოზული ეჭვებია და ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადე გვჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით ეჭვები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა“, - განაცხადა 8 ნოემბერს, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც წინა დღით ირაკლი კობახიძეს შეხვდა. მიშელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე მასაც ესაუბრა.

მანამდე, 7 ნოემბერს, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის - ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის - დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადება, სადაც ლიდერები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, რაც არჩევნებსაც უკავშირდება.

„ღრმად შეშფოთებულნი ვართ იქ [საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებში] მითითებული მრავალი დარღვევითა და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე“, - წერია განცხადებაში და მითითებულია ასევე, რომ გულდასმით განიხილავენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის [ეუთო/ოდირის] საბოლოო ანგარიშს.

ევროპელი ლიდერები ხშირად ღიად ლაპარაკობენ საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG