Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარცხნივ), გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (ცენტრში) და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარცხნივ), გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (ცენტრში) და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ერთობლივ განცხადებაში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავენ, ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ლიდერები ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ვერ მიემხრობიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, სანამ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.

„სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, გაუქმებით ბოლოდროინდელი კანონმდებლობისა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ შევძლებთ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სამი ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ ღრმად შეშფოთებული არიან საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნებზე დაყრდნობით.

"კერძოდ, ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იქ მითითებული მრავალი დარღვევითა და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე", - წერია ერთობლივ განცხადებაში.

მაკრონი, შოლცი და ტუსკი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას საჩივრების გამჭვირვალე გამოძიებისკენ "მოხსენიებულ დარღვევებზე ნათელის მოსაფენად, ხოლო ჩვენ გულდასმით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადაში".

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია დემოკრატიულ საზოგადოებებში და უნდა იყოს დაცული. ამ მიზნით, მოვუწოდებთ ღია დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან.

26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნების ჩატარებამდე, ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო შორდება თავის ევროპულ ტრაექტორიას და დაჟინებით მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზების აუცილებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებისადმი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გაგზავნილი მოსაწვევი წერილის თანახმად, საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები განიხილავენ საპარლამენტო "არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას".

ბუდაპეშტში 8 ნოემბერს ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაეროს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.

დღეს, 7 ნოემბერს კი, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება 47 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით - მასში საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის, არალეგალური მიგრაციისა და გლობალური ვაჭრობის საკითხების შესახებ იმსჯელებენ.

ევროკავშირი უკვე არაერთი თვეა, მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა ყოველწლიური გაფართოების ანგარიში, რომლის თანახმადაც, ევროკომისია არ აპირებს, გასცეს საქართველოს ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის მიერ გაკეთებული განცხადებით, საჭიროა საპარლამენტო არჩევნების დარღვევების "გამჭვირვალედ" გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს, გაყალბებაზე საუბრობს და საპროტესტო აქციებს მართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG