Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპელ პარლამენტარებს უსაქმურები უწოდა


კახა კალაძე, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი
კახა კალაძე, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი

მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში იმყოფებიან, უსაქმურები უწოდა. ამ საკითხზე ჟურნალისტებისთვის მიცემული კომენტარი თბილისის მერიის პრესსამსახურმაც გაავრცელა.

„ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ... ევროკავშირი დაფუძნებულია სხვადასხვა ღირებულებაზე, ერთ-ერთია მშვიდობა. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ამ დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა...

ჩვეულებრივი მავნებლები არიან, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი“, - თქვა კახა კალაძემ.

მან შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ევროპელ პარლამენტარებს შეხვდა:

„ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები - რადიკალები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ და ისინი, ვინც გარედან აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ერთნი არიან, ერთი ფრთის ქვეშ არიან და ერთი პატრონი ჰყავთ“.

დღევანდელი, 11 ნოემბრის დილა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყეს.

ევროპელი პარლამენტარები შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც.

გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს.

ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების" ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG