Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ გატყუებთ, როცა ევროკავშირში შესვლის გარანტიას გპირდებათ - ჟიგიმანტას პავილიონისი


ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი
ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება ევროკავშირში საქართველოს გარანტირებულად გაერთიანებაზე, ტყუილია. მან საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „საქართველოს მთავრობა გამოცდას ვერ აბარებს“.

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს რადიო თავისუფლებამ 8 ნოემბერს ევროპულ საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გადადებაზე ჰკითხა, კერძოდ, დაინტერესდა, „რა სიგნალს აძლევს ეს საქართველოს მთავრობას?“

„აქ, სულ მცირე, 8 პარლამენტია, და ჩვენ რეალურად წარმოვადგენთ 19 პარლამენტს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც ყველაფერი გამოიხატა, რასაც მიხაელ როთი ამბობდა... მაგრამ საქართველოს მთავრობა გამოცდას ვერ აბარებს და გახსოვდეთ, ეს არის მთავრობათაშორისი კონფერენცია, ერთი ვეტო საკმარისია პროგრესის შესაჩერებლად.

ამიტომ, როცა „ქართული ოცნება“ გპირდებათ, რომ მიიღებს ევროკავშირში შესვლის გარანტიას, უბრალოდ გატყუებენ“, - თქვა მან, უფრო ადრე კი აღნიშნა, რომ საქართველო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო „ევროინტეგრაციის ჩემპიონი“, ახლა კი ამის განსახილველად დრო აღარავის რჩება.

ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს.

მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს.

ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG