"ჩვენ არ ვართ აქ, როგორც მტრები, არ ვართ იმიტომ, რომ ხელი შევუწყოთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ხანდახან რთულია, როცა მეგობარი გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ", - აღნიშნა მიხაელ როთმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ერთმანეთის საქმეებში ჩარევა მნიშვნელოვანია, "ქვეყანაში არსებული პრობლემის დროს ჩარევა სწორი პრაქტიკაა" და ამას აკეთებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებითაც.
"ჩვენ აქ ვართ, ვინაიდან ძალზედ შეშფოთებული ვართ არჩევნებით და საქართველოს არსებული ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. საქართველოს ბოლო არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი. ბევრ საარჩევნო უბანზე ხმის ფარულობა არ იყო გარანტირებული, ამომრჩევლის დაშინებამ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დაშინებამ ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესს და გაზარდა კითხვები შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“, - თქვა როთმა, რომლის სიტყვებით, ამის შესახებ განაცხადეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მედიამ და ადგილობრივმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა.
როთი ამბობს, რომ მხარს უჭერენ მაკრონის, შოლცისა და ტუსკის მოწოდებას არჩევნებზე არსებული დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე.
"ამ მტკიცებულების გამოძიების გარეშე ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს", - თქვა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, თუ არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, მოითხოვენ ინდივიდუალურ სანქციებს იმათ მიმართ, „ვინც პასუხისმგებელია ამომრჩეველთა მანიპულაციაზე და დაშინებაზე“.
როთის სიტყვებით, "თუ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა გააგრძელებს თავის ანტიდემოკრატიულ ტრაექტორიას, გააგრძელებს ევროპული ღირებულებისთვის ძირის გამოთხრას, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან".
როთის სიტყვებით, საქართველოში იმყოფებიან იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი აწარმოონ არა მხოლოდ პრეზიდენტთან და სამოქალაქო სექტორთან, არამედ მმართველ გუნდთანაც.
"სამწუხაროდ, მმართველმა პარტიამ და მთავრობამ არ ისურვეს შეხვედრა, ეს სამწუხაროა. დიალოგი მნიშვნელოვანია. რომც არ ვეთანხმებოდეთ, უნდა შევიკრიბოთ და გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები, ეს არის ევროპის არსი, ამიტომ ვართ აქ", - თქვა მიხაელ როთმა. მან მედიას მიმართა, რომ უმჯობესია, თავად მმართველ პარტიას დაუსვან კითხვა, რატომ არ შეხვდნენ დელეგაციას მათი წარმომადგენლები.
"უკაცრავად, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ სურდათ ან რატომ არ შეეძლოთ მივეღეთ, როგორც საქართველოს მეგობრები. ჩვენ აქ ვართ, როგორც საქართველოს ხალხის მეგობრები… და არ მესმის, მმართველი პარტიის ზოგი წარმომადგენელი რომ გვიწოდებს მტრებს. ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ მეგობრები ვართ", - განაცხადა მიხაელ როთმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არსებული შესაძლო დარღვევების გამოძიების საკითხზე საუბრისას მან თქვა, რომ "საერთაშორისო გამოძიება არის ერთადერთი შანსი ნდობის დასაბრუნებლად".
"სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ყველაფრის წინაპირობაა. რასაც ჩვენ მოველით საქართველოს მმართველი პარტიისგან, არის ის, რასაც ევროკავშირი მოელის საქართველოსგან - არა მხოლოდ "აგენტების და ანტი-ლგბტ კანონის" გაწვევა, ასევე ოფშორების კანონის გაწვევაც და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება".
მისი სიტყვებით, ეუთო/ოდირი ვერ განაცხადებს, არჩევნები იყო თუ არა თავისუფალი და სამართლიანი, "ეს ჩვენი მოვალეობაა".
"ზოგი ჩვენი [ქართველი] კოლეგა გვეუბნებოდა, ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, არ ვართ სრულყოფილი და შესაძლოა დეტალებში ყველაფერი არ იყოს სწორი, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი რიგზე იქნება. ეს არ არის სიმართლე".
თბილისში იმყოფებიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. ისინი დღეს, 11 ნოემბერს, დილით შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ორბელიანების სასახლეში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგებში ხვდებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, დელეგაციის წვერები ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან გავიდნენ, მათ ხელი ჩამოართვეს, გაესაუბრნენ და ფოტოები გადაიღეს. აქციის მონაწილეები საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს, 11 ნოემბერს, გამოქვეყნებული წერილის თანახმად, „აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს”.
ბოლო თვეებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები.
„ქართული ოცნების" ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და საქართველოს მთავრობასთან კონტაქტები.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
ფორუმი