პრეზიდენტის თქმით, პარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში იმყოფებიან იმისთვის, რათა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ:
„ჩვენ შევდივართ კრიზისში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს - კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად მონახონ და მოვიპოვოთ გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან.
გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით და სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა“, - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოში არჩევნები „სხვების დახმარებით“ „ერთპარტიულად მართული და გაყალბებული“ იყო. მანვე აღნიშნა, რომ გული სწყდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ დაკარგულ შანსზე.
„ის, რომ ევროპა ჩვენ არ გვიშვებს ხელიდან და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი, მისი ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც გამოიხატა არაერთხელ ამ 33 წლის მანძილზე, არაერთხელ კი არა, ყოველ ჯერზე, როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ ყოველ ჯერზე, საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა“, - თქვა პრეზიდენტმა.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების" უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს.
ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების" ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
ფორუმი