ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ესმის, რაც უკრაინაში ხდება და ამ პოზიციას პატივს სცემენ, მაგრამ სანამ რაიმე გადაწყვეტილებებს მიიღებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს, უკრაინაში ჩავიდეს და ნახოს მშვიდობიანი მოქალაქეები, მეომრები, ბავშვები, საავადმყოფოები და ეკლესიები.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, უკრაინის ნებისმიერ ქალაქში ჩასვლით პრეზიდენტი ტრამპი მიხვდება, ვისთან აქვს საქმე და რა გააკეთა პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი ზეწოლის გამო რუსეთს არ ეშინია და უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებს განაგრძობს.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, აშშ-ში სჭარბობს რუსული ნარატივები. როგორც ზელენსკიმ თქვა, შეუძლებელია იყო უკრაინელების ტანჯვის და მსხვერპლის მოწმე, ხვდებოდე, რას აკეთებენ რუსები და ჯერ კიდევ გჯეროდეს, რომ ისინი აგრესორები არ არიან და ომი არ დაუწყიათ. ზელენსკის შეფასებით, ეს აჩვენებს აშშ-ზე, მის პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის უზარმაზარ გავლენას.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი უკრაინის მხარეს უნდა იყოს და არასწორია, როცა ამერიკას სურს ნეიტრალური იყოს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-ს ინტერვიუ მისცა თავის მშობლიურ კრივოი როგში, ამ ქალაქზე რუსეთის სარაკეტო დარტყმიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ. ინტერვიუ 13 აპრილს გამოქვეყნდა.
4 აპრილს კრივოი როგის ერთ-ერთ საცხოვრებელ მიკრორაიონზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი.
13 აპრილს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც უქმე დღეების შემდეგ, 13 აპრილს ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საშინელება მოხდა და „უთხრეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს". ტრამპს რუსეთი არ უხსენებია.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ შეკითხვას, რას გულისხმობს შეცდომაში, აშშ-ის პრეზიდენტმა ისევ ზოგადად უპასუხა, რომ „მათ შეცდომა დაუშვეს... ჰკითხეთ მათ".
ფორუმი