Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ!" - მიხაელ როთმა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა


გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სიტყვით მიმართავს თბილისში, პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს. 11 ნოემბერი, 2024 წელი
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სიტყვით მიმართავს თბილისში, პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს. 11 ნოემბერი, 2024 წელი

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სიტყვით მიმართა პროევროპულ აქციაზე პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს.

გერმანელმა პარლამენტარმა, რომელიც კიდევ შვიდ ევროპელ დეპუტატთან ერთად მსვლელობით შეუერთდა დემონსტრაციას, შეკრებილებს "არდანებებისკენ" მოუწოდა და უთხრა, რომ იგი თბილისს ეწვია, რათა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატოს ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მიმართ.

"მოხარულები ვართ, რომ ისევ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მადლიერები ვართ თქვენი სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ვიცით, რომ მმართველი პარტია და მთავრობა არაა გახარებული ჩვენი აქ ყოფნით. მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები. ევროპაშია თქვენი ადგილი და თქვენ ეს დაიმსახურეთ.

ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს ჩვენ ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა თუ არა თქვენი ქვეყნის პრეზიდენტთან, მამაც ქალთან შეხვედრა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის? ჩარევაა თქვენთან, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა, რომლებიც იბრძვიან ევროპული, დემოკრატიული ღირებულებებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის? აქ საუბარია არა ჩარევაზე, არამედ საერთო მომავალზე გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომაც ვართ აქ. გვინდა მხარი დაგიჭიროთ. მე კარგად ვიცი ჩემი ქართველი მეგობრებისგან, რომ თქვენ იმედგაცრუებული და დაღლილი ხართ, მაგრამ, ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას თქვენდამი", - თქვა როთმა.

აქციის მონაწილეებს ასევე მიმართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემაც:

"ვიღაც ცდილობს მოიპაროს თქვენი თავისუფლება, დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის! იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის! იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის! იბრძოლეთ იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი! გახსოვდეთ, არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება".

პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ დემონსტრანტებს გაახსენა 2008 წლის 12 აგვისტო, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, თბილისში ჩამოვიდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი.

"მე აქ ვიდექი თქვენს დიდ პრეზიდენტ [მიხეილ] სააკაშვილთან და პოლონეთის დიდ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიდექით მაშინ, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდა. მაშინ თბილისი გადარჩა და საქართველო გადარჩა. საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას. მე მაქვს ოცნება, მე მაქვს ნამდვილი ქართული ოცნება - ესაა ევროპული ქვეყანა, თავისუფლებით სავსე ქვეყანა, სიყვარულით სავსე ქვეყანა. სწორედ ესაა ქართული ოცნება და თქვენ ამ გზაზე ხართ.

ყველას, ვინც ახლა ცდილობს მოიპაროს თქვენი არჩევანი, მოიპაროს თქვენი ხმები, მოიპაროს თქვენი თავისუფლება, ჩვენ შეგვიძლია გავუმეოროთ უკრაინელი სამხედროს სიტყვები: "Русский военный корабль..." ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. საქართველო იქნება ევროპა! არავის არ აქვს უფლება, მოიპაროს თქვენი თავისუფლება! საქართველო იქნება თავისუფალი! საბოლოდ გეტყვით: მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი!"

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.

ევროპელი პარლამენტარები კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც დემონსტრანტებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს და მართავენ აქციას: "ჩვენ ვირჩევთ ევროპას".

„ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ პარლამენტარებს არ შეხვდნენ. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპელ პარლამენტარებს უსაქმურები უწოდა.

„ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ... ევროკავშირი დაფუძნებულია სხვადასხვა ღირებულებაზე, ერთ-ერთია მშვიდობა. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ამ დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა... ჩვეულებრივი მავნებლები არიან, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი“, - თქვა კახა კალაძემ.

11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები.

„ჩვენ არ ვართ აქ, როგორც მტრები, არ ვართ იმიტომ, რომ ხელი შევუწყოთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ხანდახან რთულია, როცა მეგობარი გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ“, - აღნიშნა მიხაელ როთმა.

ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების" ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG