Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ წყდება რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდება უკრაინის გავლით?


გაზის საზომი სადგური რუსეთის ქალაქ სუჯასთან, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების შეჭრის შემდეგ
გაზის საზომი სადგური რუსეთის ქალაქ სუჯასთან, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების შეჭრის შემდეგ

ეს არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ასპექტი: ომის დაწყებიდან ორ-ნახევარი წლისა და განმეორებითი სანქციების დაწესების შემდეგაც კი, ბუნებრივი გაზი რუსეთიდან კვლავ უკრაინის მილსადენების ქსელის მეშვეობით მიეწოდება მომხმარებლებს ევროპაში.

არ შეცვლილა ეს იმის მიუხედავად, რომ უკრაინა, როგორც ჩანს, კონტროლს ამყარებს გაზის საზომ სადგურზე რუსეთის ქალაქ სუჯასთან, კურსკის ოლქში კიევის შეჭრის ფონზე.

გაგაცნობთ ძირითად მომენტებს, რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ.

ვინ იღებს რუსეთიდან ბუნებრივ გაზს უკრაინის მილსადენების გავლით?

ბუნებრივი აირი მოედინება დასავლეთ ციმბირის გაზის საბადოებიდან მილსადენებით, რომლებიც გადის სუჯაზე, კვეთს უკრაინა-რუსეთის საზღვარს და უერთდება უკრაინის სისტემას. შემდეგ მილსადენი შედის ევროკავშირში უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარზე, სადაც განშტოვდება და მისი საშუალებით აირი ავსტრიის, სლოვაკეთისა და უნგრეთის გაზმომარაგების კომპანიებს მიეწოდება.

ბუნებრივი აირი გამოიყენება ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, სამრეწველო პროცესების უზრუნველყოფისთვის და ზოგიერთ შემთხვევაში - სახლების გასათბობად.

რა ვითარებაა სუჯის გაზსაზომ სადგურზე?

გაზი ისევე მიედინება, როგორც ადრე. ეს გასაკვირი არ არის, რადგან უკრაინას შეეძლო ნებისმიერ დროს შეეწყვიტა გაზის მიწოდება საკუთარი მილსადენების გავლით. ვის აქვს სადგურზე ფაქტობრივი კონტროლი ახლა, ძნელი შესამოწმებელია სამხედრო საიდუმლოებისა და იმის გამო, რომ დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებს მასზე წვდომა არ აქვთ.

უკრაინის ბუნებრივი აირის მილსადენების სისტემის ოპერატორის ცნობით, 13 აგვისტოს, სუჯის სადგურის გავლით უნდა გადაქაჩულიყო 42,4 მილიონი კუბური მეტრი გაზი. ეს დაახლოებით შეესაბამება გასული 30 დღის საშუალო მაჩვენებელს.

კვლავ რატომ მიედინება აირი რუსეთიდან ევროპაში?

ომამდე უკრაინამ და რუსეთმა გააფორმეს ხუთწლიანი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსეთი დათანხმდა, რომ გაზის გარკვეულ რაოდენობას გააგზავნიდა ევროპაში უკრაინის მილსადენი სისტემის გავლით, რომელიც საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. „გაზპრომი“ ფულს გამოიმუშავებს, ხოლო უკრაინა ტრანზიტის საფასურს მიიღებდა.

ეს შეთანხმება ძალაშია მიმდინარე წლის ბოლომდე. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს მის გახანგრძლივებას ან შეცვლას.

ომამდე ევროპა გაზის 40%-ს რუსეთიდან იღებდა მილსადენების გავლით.

აირი გადაიქაჩებოდა მილსადენის ოთხი სისტემით: ბალტიის ზღვის გავლით, ბელარუსისა და პოლონეთის გავლით და უკრაინის გავლით და ასევე „თურქული ნაკადით“ - შავი ზღვით თურქეთის გავლით ბულგარეთისკენ.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა შეწყვიტა აირის მიწოდება ბალტიისა და ბელარუს- პოლონეთის მილსადენებით და მიზეზად დაასახელა უთანხმოება რუბლით გადახდის მოთხოვნის გამო.

ბალტიის მილსადენი დივერსიული აქტის სამიზნე გახდა და ის ააფეთქეს, რის დეტალებიც კვლავაც ბუნდოვანი რჩება.

რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირებას ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მოჰყვა. გერმანიას დასჭირდა მილიარდი ევროს დახარჯვა თხევადი გაზის იმპორტისთვის საჭირო მცურავი ტერმინალების ასაგებად, რადგან ამ ტიპის საწვავის ტრანსპორტირება ხომალდებით ხდება. მომხმარებლებმა შეამცირეს შესყიდვა, რადგან ფასი გაიზარდა. ნორვეგიამ და აშშ-მა ეს დეფიციტი შეავსეს და უდიდესი მიმწოდებლები გახდნენ.

ევროპამ რუსეთიდან აირის მიწოდების შეწყვეტა ენერგეტიკულ შანტაჟად შეაფასა და დასახა გეგმები, 2027 წლისთვის სრულიად შეწყვიტოს რუსეთიდან გაზის იმპორტი.

რუსეთის აირი არ აიკრძალა მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ფული რუსეთის სახელმწიფოს და რუბლის გამყარებას ხმარდება. ეს იმის დასტურია, რომ ევროპა იყო და ნაკლებად, მაგრამ მაინც რჩება რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული.

რამდენად მნიშვნელოვანია გაზი, რომელიც სუჯაზე გადის?

სუჯაზე გადის ევროპის გაზის იმპორტის 3%, რაც შარშან რუსეთიდან გატანილი აირის 15%-ია.

მაგრამ ევროპას კვლავ აშფოთებს ენერგომომარაგების თემა, რადგან ენერგომატარებლების იმპორტიორია და ახლახან განიცადა მკვეთრი ინფლაცია, რაც ენერგომატარებლების ფასების ზრდამ გამოიწვია. სუჯიდან მომავალი გაზის ნაკადი მნიშვნელოვანია ავსტრიის, სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის, რომლებსაც ახალი მიმწოდებლების მოძებნა მოუწევთ.

როგორი მომავალი აქვს ევროპაში რუსეთის გაზის ნაკადებს?

ევროპის კავშირმა შეიმუშავა 2027 წლისთვის რუსეთის გაზის იმპორტზე მთლიანად უარის თქმის გეგმა, თუმცა, ბოლო დროს ამ მხრივ წინსვლა არათანაბარია.

ბოლო ორ წელიწადში ავსტრიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი გაზარდა 80%-დან 98%-მდე.

მართალია, იტალიამ პირდაპირი იმპორტი შეწყვიტა, ის კვლავ იღებს რუსეთის აირს ავსტრიის საშუალებით.

ევროპა აგრძელებს თხევადი გაზის შესყიდვას, რომლის წილი იმპორტში შარშან 6%-ს უდრიდა.

წლევანდელი სავაჭრო მონაცემებით, საფრანგეთში თხევადი გაზის იმპორტი თითქმის გაორმაგდა.

ამ დროს ევროკავშირის წევრებმა, რუმინეთმა და უნგრეთმა გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულებები გააფორმეს თურქეთთან, რომელიც გაზის იმპორტს ახორციელებს რუსეთიდან. არმიდა ვან რიიდი, ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი, თვლის, რომ „რუსული გაზი "თეთრდება" აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით, რათა ევროპის მაღალი მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს“.

ის წერს, რომ ევროპის მცდელობები რუსული გაზის მოხმარების შესამცირებლად ჯერ კიდევ „შთამბეჭდავია,“ მაგრამ დასძენს, რომ „პოლიტიკური რეალობა კი ისაა, რომ ევროპის ქვეყნებისთვის უკიდურესად რთულია ენერგომომარაგების სრული დივერსიფიკაცია იმ დროს, როცა ცხოვრების ხარჯების ზრდის გამო ბევრს უკვე უწევს ბრძოლა მაღალ ინფლაციასა და კრიზისთან“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG