Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურსკი, დღე მეშვიდე: რუსეთის ტერიტორიაზე ომი გრძელდება


ფოტო გადაღებულია უკრაინაში, რუსეთის მოსაზღვრე სუმის ოლქში. უკვე ერთი კვირაა, რუსეთში, კურსკის რეგიონში, უკრაინელების შეტევა გრძელდება.
ფოტო გადაღებულია უკრაინაში, რუსეთის მოსაზღვრე სუმის ოლქში. უკვე ერთი კვირაა, რუსეთში, კურსკის რეგიონში, უკრაინელების შეტევა გრძელდება.

უკრაინის მოულოდნელი იერიშის დაწყების მეორე დღეს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო სარდლობა ამტკიცებდა, რომ უკრაინელების წინსვლა შეაჩერეს, თუმცა ახლა საპირისპიროს აღიარება უწევთ. შენელებული წინსვლის მიუხედავად, უკრაინა კურსკის რეგიონში პოზიციებს აძლიერებს.

12 აგვისტოს მეშვიდე დღეა, რაც უკრაინულმა ჯარმა თავისი მოწინააღმდეგის საზღვარი გადაკვეთა და კურსკის ოლქში შეიჭრა.

შვიდი დღის თავზე, მოსკოვი აღარც მალავს, რომ კურსკის რეგიონში მდგომარეობა არასახარბიელოა. 10 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Tass-მა დაწერა, რომ კურსკის რეგიონში 76 ათასი ადამიანია ევაკუირებული - რუსეთის მთავრობაში თქვეს, რომ ისინი დროებით უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.

იმავე დღეს, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ კურსკში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის უშიშროების სამსახურის (FSB) უფროსის, ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინის „უპრეცედენტო მცდელობის“ პასუხად, „მოეხდინა დესტაბილიზაცია [რუსეთის] რამდენიმე რეგიონში“.

საომარი ან საგანგებო ვითარების გამოცხადების ნაცვლად ამ ნაბიჯის გადადგმით, კრემლმა, სავარაუდოდ, მდგომარეობის შელამაზება სცადა, თუმცა სხვა საქმეა, განვითარებული მოვლენები რამდენად მისცემს ამის საშუალებას - 11 აგვისტოს რუსებმა აღიარეს, რომ ზოგიერთ მონაკვეთში უკრაინის ჯარმა საზღვრიდან 30 კილომეტრის სიღრმეზე შეაღწია, ხოლო 12 აგვისტოს თქვეს, რომ უკრაინელები კურსკის რეგიონში 28 დასახლებას აკონტროლებენ.

„ამ ზონაში 28 დასახლებაა, ესაა დაახლოებით ორი ათასი ადამიანი, ვისი ბედიც არ ვიცით“, - როგორც Tass-ი იუწყება, სწორედ ასე მოახსენა კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვიდეოზარის მეშვეობით.

დღესვე, 12 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის იერიშის დაწყების შემდეგ პირველად, პირდაპირ, მინიშნებების გარეშე ისაუბრა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული შეტევის შესახებ.

მის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ცნობის თანახმად, ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ანგარიში ჩაიბარა კურსკის რეგიონში მიმდინარე „ოპერაციის შესახებ“. გავრცელებულ ვიდეოში სირსკი ამბობს, რომ უკრაინა ამჟამად დაახლოებით ათას კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს რუსეთის ტერიტორიაზე. დამოუკიდებელ წყაროებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.

ბოლო ცნობებით, რისი გადამოწმებაც დამოუკიდებელმა წყაროებმაც შეძლეს, უკრაინელები კურსკის ოლქში აკონტროლებდნენ დაახლოებით 600 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას, თუმცა მას შემდეგ სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი მაინც გაიზარდა.

შეიძლება ითქვას, ომში ვართ

10 აგვისტოს საღამოს მიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა, როგორი მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის „ომის აგრესორის ტერიტორიაზე გადატანა“.

ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა არის უკრაინისთვის კურსკის ოპერაციის საბოლოო მიზანი, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთის მიწაზე შეჭრიდან თითქმის ერთი კვირის თავზე, უკრაინამ მოკლევადიან მიზანს მიაღწია - ომმა მათი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზეც გადაინაცვლა.

რადიო თავისუფლება ტელეფონით ესაუბრა ორ ეთნიკურად სომეხს, რომლებიც კურსკში არიან. მათი თქმით, 11 აგვისტოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ აკრძალა დიდი შეკრებები და მასობრივი ღონისძიებები.

„შეიძლება ითქვას, რომ ახლა ომში ვართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მათგანმა. მან ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

ვანო ნადირაძე, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ უკრაინული ძალები ქალაქ კურჩატოვიდან 10 კილომეტრში პოზიციებს ამაგრებენ.

კურჩატოვში ატომური სადგურია და თავდაპირველი ვერსიით, უკრაინელებს, შესაძლოა, მისი დაკავება ეცადათ. ვანო ნადირაძე ამას უარყოფს:

“ყველაზე მთავარი ისაა, რომ კურჩატოვიდან ვართ უკვე 10 კილომეტრში. იქ პოზიციებს ვამაგრებთ, სანგრებს ვთხრით და ტექნიკას სწორ განლაგებას და მიმართულებას ვაძლევთ. მოგეხსენებათ, რომ კურჩატოვშია ატომური ელექტროსადგური, მაგრამ უკრაინა ელექტროსადგურზე შეტევას არ აპირებს. უკრაინა არ არის ტერორისტული სახელმწიფო, როგორც რუსეთი, რომელმაც ხელთ იგდო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური“.

გეოლოკაციით და უკრაინული და რუსული წყაროების შეჯერებით დგინდება, რომ 10 და 11 აგვისტოს უკრაინულმა ძალებმა კურსკის დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით წინ წაიწიეს.

უკრაინელი ჯარისკაცების წინსვლის მიუხედავად, გასულ დღეებში რუსებმა კურსკის მიმართულებით დამატებითი ძალები გადაისროლეს, რამაც შეანელა უკრაინელების პროგრესი - ამ ეტაპზე რუსებმა შეძლეს, თავიდან აერიდებინათ უკრაინელების მორიგი გარღვევა.

ბრძოლა ამჟამად 5000-ან ქალაქ სუჯის გარშემო მიმდინარეობს, რომელიც უკრაინელებმა ჯერ ბოლომდე ვერ დაიკავეს. იგივე მდგომარეობაა ქალაქ კორენევოსთანაც, სადაც უკრაინელების ერთკვირიანი შეტევის შემდეგ ქალაქზე კონტროლს კვლავ რუსები ინარჩუნებენ.

ვანო ნადირაძის თანახმად, სამომავლოდ, უკრაინის ინტერესებში ბელგოროდის მიმართულებით შეტევის გაგრძელებაა, რაც უკრაინელებს საშუალებას მისცემს, რუსებს ლოჯისტიკური პრობლემები შეუქმნან:

“ამ წუთას ოპერაციის უფრო ბელგოროდის მიმართულებით გაფართოებაზე ვფიქრობთ, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგეს სწორედ ბელგოროდის მიმართულებიდან შეჰყავს ის ძალები, რომლებიც ხარკოვზე იერიშებს ახორციელებენ. რუსეთის არმიისთვის ლოგისტიკური გზების გადაკეტვა გვინდა და ამიტომ ამჟამად უფრო ბელგოროდია ჩვენი ინტერესების ქვეშ”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

დაუცველი საზღვარი

ანალიტიკოსების შეფასებით, მომავალში უკრაინას ორი მიზეზის გამო გაუჭირდება წინსვლა - ერთი ისაა, რომ რუსები მომდევნო დღეებში თავდაცვას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებენ, მეორე კი ის, რომ ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, კურსკის იერიშმა სიურპრიზის ელემენტი დაკარგა.

თუმცა უკრაინისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ ჯერჯერობით ისინი ახერხებენ დაკავებული ტერიტორიის დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მონაკვეთებში რუსების კონტრშეტევები დაწყებულია.

უკრაინისთვის კიდევ ერთ კარგ ამბავზე ამახვილებს ყურადღებას ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW):

„კურსკში დაწყებულმა ოპერაციამ უკრაინულ ძალებს საშუალება მისცა, დროებით მაინც ხელში აეღოთ ბრძოლის ველის ინიციატივა ფრონტის ხაზის ერთ მხარეს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის 11 აგვისტოს ანგარიშში.

კურსკზე თავდასხმამ რუსებს სამომავლოდ სხვა თავსატეხიც გაუჩინა - კერძოდ, რამდენად დაცულია ათასკილომეტრიანი საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინასთან.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციები აქამდეც ჩაუტარებიათ, თუმცა მათი მასშტაბი შეზღუდული იყო ხოლმე - უკრაინელები სიღრმეში არ შედიოდნენ და მით უმეტეს, რუსეთის ტერიტორიის დაკავება აქამდე არ განუზრახავთ.

კურსკის იერიშმა კი ეს მოცემულობა თავდაყირა დააყენა. უკრაინელებმა შეძლეს, კარგად დაგეგმილი ოპერაციით და საუკეთესო დანაყოფებით თავს დასხმოდნენ მოწინააღმდეგის ყველაზე სუსტ წერტილს, შედეგად კი მათი ტერიტორია დაეკავებინათ.

თანაც, როგორც აღმოჩნდა, უკრაინას არც დასავლელმა პარტნიორებმა დაუშალეს რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული შეიარაღების გამოყენება, რუსეთის მხრიდან კი ამ ფაქტს დამატებითი ესკალაცია არ მოჰყოლია.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, კურსკის იერიში რუსეთის სარდლობას ახლა აიძულებს, ცუდად დაცული საზღვრის გასაძლიერებლად მეტი რესურსი გამოყოს:

„ეს კი დაავიწროებს რუსეთის მოქნილობას, რომლითაც საშუალებას აძლევდა, ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა თავდასხმისთვის გამოეყენებინა. რუსულ სამხედრო სარდლობას მოუწევს, გადახედოს საზღვრის დაცვის საჭიროებებს, როცა განსაზღვრავენ, რა რესურსების გამოყოფა შეეძლებათ მომავალში ფართომასშტაბიანი შეტევებისა და თავდაცვისთვის უკრაინაში“, - წერია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG