Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შემდეგ ჯერზე საცვლები ჩამოიფხატეთო, მოსთხოვენ და გააკეთებენ“ - რატომ დაამზადეს რუსმა მასწავლებლებმა ფოლგის ქუდები


მასწავლებლები ვორონეჟის რეგიონიდან
მასწავლებლები ვორონეჟის რეგიონიდან

წინა კვირას ბელარუსმა პრანკსტერმა ვლადისლავ ბოხანმა ვორონეჟის შვიდ სკოლაში „ედინაია როსიის“ ბლანკზე დაბეჭდილი ბრძანება გაგზავნა. მან პარტიის დეპუტატის სახელით მოითხოვა, მასწავლებლებს ფოლგისგან „მამულის მუზარადები“ დაემზადებინათ.

„ნატოს ბოროტი წევრები ცდილობენ, რუსი ერი ფიზიკურად და ბიოლოგიურად გათიშონ. ჩვენმა მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ, როგორ შეეწინააღმდეგონ ამას ისეთი პრიმიტიული ფორმებით, როგორიცაა ფოლგის ქუდი“, - ხუმრობს ის თავის იუტუბის ვიდეოში.

არადა, სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც ქალები რუსული დროშის გამოსახულებით პოზიორობენ. თავზე მათ ფოლგის ხელნაკეთი მუზარადები ახურავთ.

რედაქცია „ოკნო“ ამ სკოლების მასწავლებლებს დაელაპარაკა. პედაგოგების ნაწილი კოლეგების საქციელმა შოკში ჩაყარა, თავად მუზარადიანი მასწავლებლები კი ამბობენ, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა და მათი ფოტოები ფეიკია.

„აღფრთოვანებულები და შოკში ჩაცვენილები“

„ლეგენდის თანახმად, ნატო აპირებს, ელექტრომაგნიტური იმპულსებით რუსეთის მოსახლეობა დაასხივოს. ვორონეჟის სკოლის მასწავლებლები სამშობლოს დასაცავად უნდა დადგნენ და ჩაატარონ მასტერკლასი „მამულის მუზარადი“, ფოლგის ქუდების გამოყენებით“, - ასე ახსნა ვლად ბოხანმა „ოფიციალურ წერილში“ თავისი „მოთხოვნა“.

პედაგოგების დასარწმუნებლად ბოხანმა თქვა, რომ მასტერკლასში უკვე მონაწილეობდა მოსკოვის სკოლა. ხელგარჯილობის შედეგების ამსახველი მასალა მასწავლებლებს მისთვის ელ.ფოსტაზე უნდა გაეგზავნათ, ხოლო თუ ღონისძიებას გააცდენდნენ, ახსნა-განმარტება უნდა დაეწერათ.

მითითება რამდენიმე სკოლამ შეასრულა, რისაც თავად პრანკსტერსაც არ სჯეროდა: „დღემდე არ მჯერა, რომ ეს მოხდა. ერთდროულად შოკშიც ვარ და აღფრთოვანებულიც“, - აღიარა ბოხანმა მას შემდეგ, რაც სკოლებმა მართლაც დაიწყეს დავალების შესრულება და ფოტოები და ვიდეოებიც გამოუგზავნეს.

ხელგარჯილობის კლასები ფოლგის ქუდების დამზადებაში ნატოს თანამგზავრებისგან თავის დასაცავად შვიდი საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებმა ჩაატარეს. ქუდებზე დროშის ფერის ბაფთებს ამაგრებდნენ, კამერების წინ თავს იწონებდნენ და იძახდნენ, საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიებააო.

სკოლა ვორონეჟის რეგიონში
სკოლა ვორონეჟის რეგიონში

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ სკოლაში ფიზიკა არ ისწავლება. სასაცილოა. მე ფიზიკის და ინფორმატიკის სპეციალისტი ვარ და მესმის, რომ ასეთი რამისგან ვერანაირი ქუდი ვერ გიშველის“, - ამბობს ნიკოლსკის სკოლის პედაგოგი ვერა ჩერკაშინა და იქვე ამატებს, რომ კოლეგების ნაცვლად ცოტა არ იყოს რცხვენია.

„მასწავლებლებთან ურთიერთობა მაქვს და ვიცი, რომ ყოველთვიურად ავალებენ რამე სისულელეს. ხანდახან აღიარებენ, რომ ანგარიშები, რომლებსაც დროგამოშვებით მათგან ჩინოვნიკები ითხოვენ, სრული სისულელეა. მაგრამ რომ არ შეასრულონ, არ შეიძლება - შემოწმებებით დატანჯავენ. შეუძლიათ დახურონ კიდეც, კერძო ცენტრია, რაც არ უნდა იყოს. ამიტომაც გაებნენ, წყალს უბერავენ სულს“, - ამბობს „ლიდერის“ კურსდამთავრებული ნატალია.

„სხვა დროს მოსთხოვენ, საცვლები ჩამოიფხატეთო და გააკეთებენ“, - თქვა კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა, რომელმაც სახელის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

სწორედ ამ ცენტრში პედაგოგებმა არა მხოლოდ ფოტო გადაიღეს „მხსნელი“ ქუდებით თავზე, არამედ ვიდეოც ჩაწერეს. ვიდეოში მასწავლებელი ამბობს, რომ „ფოლგისგან ქუდების დამზადება არა მხოლოდ საინტერესო და შემოქმედებითი საქმეა, არამედ მნიშვნელოვანი პატრიოტული ღონისძიებაც, სიმბოლო სამშობლოს გარე მტრებისგან დასაცავად მზადყოფნისთვის“.

„ლიდერის“ ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს ტელეფონზე უპასუხეს, რომ ფოლგის ქუდების შესახებ ამბები ფეიკიაო.

ნოვოვორონეჟის სკოლის ვიდეოჩანაწერზე, ერთმა მასწავლებელმა თავისი ინიციატივით დაამატა, რომ „ფოლგის ქუდებს კოსმოსიდან შეუძლია: „დადებითი ვიბრაციების მოზიდვა“, „შფოთვის შემცირება“ და სასიცოცხლო ენერგიის დაკარგვისგან დაცვა“.

„კარგი შესრულება და შემოქმედებითი მიდგომა“

„კონკურსის“ შეჯამებიდან მეორე დღეს ვორონეჟის რეგიონის განათლების სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და ფოლგის ქუდების დამამზადებელი მასწავლებლები შეაქო „პატრიოტული სულისკვეთებისთვის“.

„პედაგოგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი პატრიოტული სულისკვეთება, შესრულების მაღალი ხარისხი და შემოქმედებითი მიდგომა“, - განაცხადეს ვორონეჟელმა ჩინოვნიკებმა. თუმცა, აღნიშნეს, რომ იმედგაცრუებულები არიან, რადგან მასწავლებლებმა ვერ შეძლეს „ნამდვილი პატრიოტული ინიციატივის უადგილო ხუმრობისგან განსხვავება“. მათივე თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ მასწავლებლები განსაკუთრებით ზრუნავენ რეგიონში ადამიანების უსაფრთხოებაზე.

სოციალურ ქსელში მომხდარს მალე გამოეხმაურნენ, წერენ, რომ მასწავლებლებმა „ედინაია როსიის“ ინიციატივა ხუმრობისგან იმიტომ ვერ გაარჩიეს, რომ ისინი საერთოდ ძნელად განირჩევა.

„სასწრაფოდ! ჩინოვნიკებმა უნდა შეადგინონ მეთოდიკა ფეიკისა და „ედინაია როსიის“ ბრძანებულებების გასარჩევად“.

„შეუძლებელია. „ედინაია როსია“ თავად ვერ გაარჩევს“.

„რა მდგომარეობამდე უნდა მიიყვანო ადამიანები, რომ ნებისმიერი ნაგავი რეალობისგან ვერ განასხვაონ“.

„ასე ჩავიწეროთ - კრეატიული აზროვნების არარსებობა და მზაობა გააკეთო ნებისმიერი სისულელე, თუკი ამას ხელმძღვანელობა მოითხოვს (თუნდაც, ეს ხელმძღვანელობა ფეიკი იყოს), - ეს პატრიოტიზმია“.

„არც მეგონა, რომ ვინმე ვიდეოს გადაიღებდა, განსაკუთრებით, ეს ქალები. სამარცხვინოა. ქალები მზად არიან ნებისმიერი სისულელე გააკეთონ, რომ ვინმეს ასიამოვნონ და რამე მიიღონ, სიგელი ან 2000-რუბლიანი პრემია“.

„ისიც კი, ვინც ხვდება, რომ სიტუაცია იდიოტურია, ეშინია რამე თქვას. არ დაემორჩილები და სამსახურიდან გაგაგდებენ. ესეც თუ გაკმარეს, კარგი იქნება. შეიძლება დაგაპატიმრონ კიდეც და ბავშვებიც წაგართვან. ყველას ჰყავს ახლობლები. თან სასაცილოა, თან სავალალო!“

„მთავარია, დიზაინია სხვადასხვა. ზედა ფოტოზე რაღაც მიტრის მაგვარია, ალბათ პატრიარქის პატივისცემის ნიშნად“.

„ძალიან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის, მეცოდებიან“.

ბოხანი რუსულ სკოლებში პრანკებს პერიოდულად აწყობს. მან 2023 წელს არხანგელსკის რეგიონში ორი სკოლა დაარწმუნა, განეთავსებინათ სააგიტაციო, წინასაარჩევნო პლაკატები მისი გვარით. თავი წარადგინა, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირმა“.

2022 წელს კლინში სკოლის პედაგოგებს ჩაატარებინა აქცია ნაცისტური გერმანიის ლოზუნგებითა და „ედინაია როსიის“ ეგიდით. აქციას ერქვა: „შრომა გათავისუფლებს“.

აგვისტოში ბოხანმა დონბასის სკოლებში ორგანიზება გაუკეთა ყალბ ფლეშმობს „ოპრიჩნიკის დღე“. მოითხოვა ჰომოსექსუალური ორგიის იმიტირება ვლადიმირ სოროკინის ამავე სახელწოდების წიგნიდან.

ისტორიული მეცნიერების კანდიდატმა და პედაგოგმა სერგეი ჩერნიშოვმა „სევერ.რეალიის“ უთხრა, რომ დიდი ხანია ბოხანის აქციებს აკვირდება და აღფრთოვანებულია მისით.

„ეს აქციები აჩვენებს, რამდენად არ შეუძლია სისტემას რეფლექსირება, რამდენად ჩამპალია. რამდენად მზად არიან ადამიანები ყველაფერი გააკეთონ, რასაც ხელმძღვანელობა ეტყვის. ეშინიათ ამ ხელმძღვანელობის და არ გააჩნიათ საკუთარი შეხედულებები. ახლა ვიკვლევ პედაგოგების კოლექტიური პასუხისმგებლობის პრობლემას სკოლებში მილიტარიზაციისა და პროპაგანდის კუთხით, - თქვა ჩერნიშოვმა, - ჩანს, რომ ხალხი ცხოვრობს პრინციპით, „დღეს მითხრეს, ეს გამეკეთებინა, ხვალ - გავაკეთებ, ზედმეტი კითხვები საჭირო არაა“. ასე ცხოვრობს ყველა, განათლების მინისტრიდან დაწყებული - რიგითი მასწავლებლით დამთავრებული“.

თავად ბელარუსი პრანკერი ამბობს, რომ სურს თავისი პრანკებით ხალხი ჩააფიქროს, „რა რეალობაში ცხოვრობენ და რას აკეთებენ“. მისი თქმით, ამისთვის მასწავლებლები „ოქროს მადანია“, რადგან ისინი არაფერს ეკითხებიან. ასეა მოწყობილი საგანმანათლებლო სისტემა როგორც რუსეთში, ისევე ბელარუსში.

კითხვაზე, ეცოდება თუ არა მოტყუებული პედაგოგები, ბოხანი უპასუხებს: „თავად აირჩიეს ეს გზა და თავად ამაგრებენ ტოტალიტარულ სისტემას. როგორც ყოფილმა მასწავლებელმა, შემიძლია ვთქვა, რომ არჩევანი ყოველთვისაა“.

ვლადისლავ ბოხანი საკუთარ თავს უწოდებს „მხატვარს, აქციონისტს, ანარქისტს, ექსტრემისტსა და დისიდენტს მინსკიდან“. ადრე ის მინსკის სკოლაში მუშაობდა, დაპატიმრებული იყო ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ აქციების მხარდაჭერისთვის, რის გამოც იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. 2024 წელს მისი ტელეგრამარხი ბელარუსში გამოცხადდა, როგორც ექსტრემისტული.

რუსეთისა და ბელარუსის შედარებისას ბოხანს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთში მასწავლებლების გათამაშება გაცილებით იოლია: „რუსეთი ოქროს მადანია, სადაც შეიძლება ერთი და იგივე აქცია მუდმივად ჩაატარო. მე ისე გავთავხედდი, რომ ერთი და იმავე ფოსტიდან ვაგზავნი სხვადასხვა დავალებას და მასწავლებლები ამას ასრულებენ“.

პროექტი: „ოკნო“

ფორუმი

XS
SM
MD
LG