საგამოძიებო პროექტ „სისტემის“ განკარგულებაში აღმოჩნდა რუსეთის პირველი სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შედგენილია 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველსავე დღეებში. დოკუმენტიდან, რომელიც პირველად ქვეყნდება, შესაძლებელი ხდება იმის გაგება, თუ რის მიღწევას ცდილობდა რუსეთი „СВО“-ს - ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს ოფიციალური მოსკოვი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას) პირველ კვირებში, როგორ ხედავდა კრემლი უკრაინის მომავალს მისი კაპიტულაციის შემთხვევაში და რატომ იყო ამ პირობების შესრულება იმთავითვე შეუძლებელი.
„სიმართლე რუსეთის მხარეზეა, ყველა დასახული მიზანი იქნება მიღწეული!“, „СВО დასრულდება, როგორც კი რუსეთის მიერ დასახული მიზნები იქნება მიღწეული“, - ამგვარი სიტყვებით ვლადიმირ პუტინი და რუსი მაღალჩინოსნები ადასტურებენ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული გარკვეული მიზნების ერთგულებას, რასაც ისინი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ. ბოლოს პუტინმა СВО-ს მიზნების მიღწევის მზადყოფნაზე საჯაროდ ისაუბრა 2024 წლის 30 სექტემბერს, როცა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის წლისთავი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 32 თვე გავიდა, თუმცა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები კვლავინდებურად რჩება გაურკვეველ რიტორიკულ ფორმულად, რომელსაც მუდმივად იმეორებს რუსეთის ხელისუფლება. კონკრეტულად რა არის ეს მიზნები, ჯერჯერობით არავის განუმარტავს. სიტყვები „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“, რომლებიც პუტინმა გამოიყენა 2022 წლის დასაწყისში, ზოგადი და ბუნდოვანია.
„სისტემამ“ შეისწავლა აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტი, რომელიც ნათელს ჰფენს შეჭრის თავდაპირველ მიზნებს. ეს არის ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის პირობების ჩამონათვალი, რომელიც რუსულმა მხარემ გადასცა უკრაინის დელეგაციას ბელარუსში მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მსვლელობისას, 2022 წლის 7 მარტს (რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს). ეს არის დღემდე ცნობილი ყველაზე ადრეული დოკუმენტი, რომელიც წერილობით ასახავს რუსეთის მიერ უკრაინისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.
„სისტემას“ ეს დოკუმენტი მიაწოდა უკრაინულმა წყარომ, რომელიც გარკვეულია მოლაპარაკების მიმდინარეობაში; დოკუმენტის ავთენტიკურობა დაადასტურა წყარომ რუსული მხრიდანაც (ორივე მათგანმა ანონიმურობა ითხოვა, რადგან არ აქვთ ამ საკითხზე საჯარო კომენტარის გაკეთების უფლებამოსილება).
ნეიტრალიზაცია ნეიტრალიტეტის ნაცვლად
რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლების პირველი შეხვედრა შედგა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. უკრაინული დელეგაცია უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას ხელმძღვანელობით ჯერ პოლონეთში ჩავიდა, შემდეგ კი იქიდან ვერტმფრენით ჩაფრინდა ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეზიდენცია „ლიასკოვიჩიში“, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის მახლობლად, სადაც უკრაინელი მომლაპარაკებლები შეხვდნენ რუს დელეგატებს, რომლებსაც პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა.
თავდაპირველად დელეგაციებმა იდეები და წინადადებები გაცვალეს, ძირითადად ზეპირად. კონკრეტული დოკუმენტების განხილვა კი დაიწყო 7 მარტს, მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე. მოსკოვში დაწერილი და ბელარუსში ჩატანილი ერთ-ერთი დოკუმენტის სამუშაო სათაური იყო „უკრაინის ნეიტრალიტეტის ხელშეკრულების“ პროექტი.
იმ დროისთვის რუსეთის ჯარები კიევის მახლობლად იდგნენ, გამანადგურებელი ბრძოლები მიმდინარეობდა მარიუპოლისთვის, ოკუპირებული იყო ხარკოვის, ხერსონის, ნიკოლაევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების ნაწილები. თუმცა „მარშით კიევის სამ დღეში აღება“ არ გამოვიდა - უკრაინელი სამხედროები ხისტად იგერიებდნენ იერიშებს.
დოკუმენტის პროექტი, რომელიც „სისტემის“ განკარგულებაშია, თარიღდება 2022 წლის 7 მარტით. სწორედ რუსების მიერ წარმოდგენილი ამ პროექტის საფუძველზე მიმდინარეობდა შემდგომი სამუშაოები.
დოკუმენტი (ძირითადი შეთანხმების ექვსი გვერდი და კიდევ ოთხი გვერდი დანართის სახით) შედგება თვრამეტი მუხლისგან, რომლებიც მოიცავენ სხვადასხვა სფეროს, მათ შორის: უკრაინის ნეიტრალიტეტის პარამეტრებს (სამხედრო და საერთაშორისო ვალდებულებები), სასაზღვრო საკითხებს, ჰუმანიტარულ საკითხებს (ენა, რელიგია, ისტორია), რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას და ა.შ.
დოკუმენტი შედგენილია 2022 წლის სექტემბერში - რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიამდე დიდი ხნით ადრე და, შესაბამისად, მასში არ არის ნახსენები ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები, თუმცა დოკუმენტში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული რუსეთის ფედერაციის დიდი ხნის და საჯაროდ გაჟღერებული სურვილი - უკრაინამ უარი თქვას ყირიმზე, სევასტოპოლზე, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებზე.
„სამშვიდობო ხელშეკრულების“ პირველ ვერსიაში რუსეთი ასევე დაჟინებით მოითხოვდა უკრაინის თითქმის სრულ განიარაღებას რუსეთის შეუზღუდავი კონტროლის ქვეშ, კიევის იზოლირებას დასავლეთის დახმარებისგან და რუსული ჯარების განთავსებას პირველ კვირებში დაკავებულ ტერიტორიებზე გრძელვადიანი კონტროლის მიზნით.
ამ პარამეტრების ნაწილი არ შეცვლილა მოლაპარაკების მთელი დროის განმავლობაში.
მოსკოვის მოთხოვნები აღემატებოდა ყველაფერ იმას, რისი დათმობაც შეუძლია ნებისმიერ დამოუკიდებელ, თუნდაც მაქსიმალურად ნეიტრალურ სახელმწიფოს
ამრიგად, მარტის დასაწყისში, უკრაინელი დელეგატები პირობითად დათანხმდნენ რუსეთის ერთი შეხედვით მთავარ მოთხოვნას: ყოფილიყო უკრაინა „მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფო“, რომელიც არასოდეს შეუერთდებოდა ნატოს და არ დაუშვებდა უცხოური ჯარების განთავსებას მის ტერიტორიაზე. 2022 წლის მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში (პროცესი აპრილში გაიყინა), ეს პუნქტი უცვლელი რჩებოდა და არცერთი მხარე არ მოითხოვდა მის გაუქმებას. მაგრამ, როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებში იმალება: მოსკოვის სურვილები აღემატებოდა ყველაფერ იმას, რისი დათმობაც შეუძლია ნებისმიერ დამოუკიდებელ, თუნდაც მაქსიმალურად ნეიტრალურ სახელმწიფოს.
შეთანხმების ეს ვარიანტი დროთა განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა. ტექსტიდან გაქრა ან მნიშვნელოვნად გადაკეთდა რამდენიმე პუნქტი. სწორედ ეს ცვლილებები ხდის თვალსაჩინოს რუსეთის მოთხოვნების მასშტაბს.
- რუსეთი იმთავითვე მოითხოვდა, რომ მთელი უკრაინული არმია მინიმუმამდე შემცირებულიყო - უფრო ზუსტად, 50 ათას ადამიანამდე, მათ შორის, 1,5 ათას ოფიცრამდე (მაშინ როცა 2022 წელს უკრაინის არმიაში 7,5 ათასი ოფიცერი ირიცხებოდა). ამ პირობებზე რომ დათანხმებულიყო, უკრაინას დარჩებოდა მხოლოდ ოთხი ხომალდი, 55 შვეულმფრენი და 300 ტანკი, რაც, 2022 წლის მდგომარეობით, იქნებოდა მეზობელ ბელარუსის არმიაზე ნაკლები. არადა, უკრაინის მოსახლეობა თითქმის ხუთჯერ აღემატება ბელარუსისას.
- უკრაინას სთავაზობდნენ „არ შეიმუშაოს, არ აწარმოოს, არ შეიძინოს ან განათავსოს თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის სარაკეტო იარაღი, რომლის მოქმედების მანძილი 250 კმ-ზე მეტია“. სწორედ ამ მანძილით არის დაშორებული ყირიმის ხიდი უკრაინის მიერ კონტროლირებადი გულიაიპოლიდან, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზიდან არცთუ ისე შორს. მეტიც, რუსეთი იტოვებდა უფლებას, სამომავლოდ აეკრძალა უკრაინისათვის „ნებისმიერი სხვა სახის იარაღის შეძენა, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც სამეცნიერო კვლევების შედეგად შეიქმნებოდა“.
- რუსეთის წარმოდგენებში უკრაინას უნდა ეღიარებინა დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა უკრაინის ადმინისტრაციული რეგიონების საზღვრებში. არადა, 2022 წლის 24 თებერვლისთვის რუსეთი აკონტროლებდა ამ რეგიონების მხოლოდ ნაწილს. 2024 წლის ნოემბერშიც რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს სრული კონტროლი ამ ტერიტორიებზე.
- რუსული დოკუმენტის ავტორებს მიაჩნდათ, რომ დონბასის ინფრასტრუქტურის (რომელიც 2014 წლიდან განადგურებულია) აღდგენის ხარჯები ასევე უკრაინას უნდა გაეღო.
- რუსეთი ასევე მოითხოვდა როგორც ყველა სანქციის (უკრაინულის, საერთაშორისოს) გაუქმებას, ასევე საერთაშორისო სარჩელების უკან გახმობასაც.
- გარდა ამისა, რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა რუსულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ქონებრივი უფლების აღდგენას.
- დაბოლოს, პროექტის ავტორები მოითხოვდნენ: „გაუქმდეს და აღარ დაწესდეს რაიმე აკრძალვა იმ სიმბოლოებზე, რომლებიც ასოცირებულია სახელმწიფოებში ნაციზმზე გამარჯვებასთან“. ანუ ფაქტობრივად მოითხოვდნენ, საბჭოთა და კომუნისტური სიმბოლოების დაკანონებას უკრაინაში. დოკუმენტს ახლავს უკრაინის კანონების სია, რომლებსაც ავტორებმა უწოდეს „ნაციფიკაციის და ნაციზმის ჰეროიზაციის“ ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიას მიაკუთვნეს კანონები „ნაციზმზე გამარჯვების უკვდავყოფისა“ და „კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის“ შესახებ.
რას იღებდა უკრაინა სანაცვლოდ?
არსებითად, ამ დოკუმენტით რუსეთმა უკრაინას შესთავაზა მხოლოდ „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი“ და „საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები“. უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანაზე საუბარიც კი არ ყოფილა: რუსეთი იღებდა ვალდებულებას, არ გაეფართოებინა მის მიერ ოკუპირებული ტერიტორია.
უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანაზე საუბარიც კი არ ყოფილა
ამავდროულად, უკრაინას სთავაზობდნენ მთელი თავისი ჯარის გაყვანას მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე (ან იქ, სადაც რუსეთის ფედერაცია „განუსაზღვრავდა“), ხოლო უცხოელი პარტნიორებისგან მოითხოვდნენ, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ნებისმიერი დახმარება კიევისთვის და გაეწვიათ უკრაინიდან სამხედრო ფორმირებებთან დაკავშირებული ყველა თანამშრომელი, მათ შორის - სამხედრო მრჩევლებიც.
რუსეთის ჯარები, ისევე როგორც ეროვნული გვარდიის ძალები, შეთანხმების პროექტის მიხედვით, უნდა დარჩენილიყვნენ თავიანთ ადგილებზე იქამდე, ვიდრე რუსეთი და უკრაინა არ შეასრულებდნენ „ამ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს“. ვინაიდან ეს ვალდებულებები მოიცავდა როგორც ფართომასშტაბიან ცვლილებებს კანონმდებლობაში, ასევე განიარაღებას და საერთაშორისო გარანტიების მიღებას, რუსეთის არმიას შეეძლო მრავალი წლის განმავლობაში დარჩენილიყო კიევის მისადგომებთან. რუსეთი ასევე თავის თავზე იღებდა ჯარების გაყვანის კონტროლს, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებად მიიჩნევდა პროცესში უკრაინისა და გაეროს გენერალური მდივნის მონაწილეობასაც.
„უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან შეჭრის მიზნების შესახებ პუტინის საჯარო განცხადებები და მისი რეალური ზრახვები, რომლებიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ნათელი ხდება“, - აღნიშნავს „სისტემასთან“ საუბარში კარნეგის ცენტრის წამყვანი ექსპერტი ერიკ ჩარამელა, ავტორი სტატიისა „როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს გრძელვადიანი უსაფრთხოების კონფიგურაციაა უკრაინისთვის“.
მაგალითად, განმარტავს ჩარამელა, ტერმინი „დენაციფიკაცია“ პუტინს შეეძლო გამოეყენებინა, როგორც ხელსაყრელი სლოგანი, რომელიც გასაგები იქნებოდა როგორც დასავლური, ასევე რუსული აუდიტორიისთვის. თუმცა, ექსპერტის აზრით, ამ ტერმინის უკან პუტინი სხვა განზრახვას მალავდა: დემოკრატიულად არჩეული უკრაინის ხელმძღვანელობის ძალადობრივი დამხობა, მისი პრორუსული ადმინისტრაციით ჩანაცვლება, კიევისა და უკრაინის დიდი ქალაქების ოკუპაცია, ფილტრაციის ბანაკების შექმნა პატრიოტი და პროუკრაინელი აქტივისტებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის.
კრემლი მოითხოვდა არა ნეიტრალიტეტს, არამედ უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განეიტრალებას, - ერიკ ჩარამელა
„იგივე ითქმის უკრაინის „ნეიტრალიტეტის“ აუცილებლობის შესახებ, - განმარტავს ჩარამელა, - როცა ახსენებენ ნეიტრალიტეტის მოთხოვნას, ვინმემ შეიძლება იფიქროს: „რა არის ამაში ცუდი? პუტინს უბრალოდ არ სურს უკრაინის ხილვა ნატოში“. ჩემი აზრით, სინამდვილეში, პუტინი საუბრობდა მეტად რადიკალურ რამეზე - არა ნეიტრალიტეტზე, არამედ უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განეიტრალებაზე. თავიდანვე რუსეთის მიზანი იყო უკრაინის თავდაცვის უნარის განადგურება“.
პუტინის მიზნების ამგვარი ინტერპრეტაცია დასტურდება ადრეული დოკუმენტებით, რომელთა მიხედვითაც, მოსკოვი მოითხოვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 50 ათასამდე შემცირებას. „ამ პარადიგმაში, უკრაინას უბრალოდ არ დარჩებოდა საკუთარი თავის დაცვის არანაირი შესაძლებლობა“, - ასეთ კომენტარს უკეთებს ერიკ ჩარამელა „ნეიტრალიტეტის შეთანხმების“ რუსული ვერსიის შინაარსს.
ჩარამელას თქმით, ამ ადრეულ ტექსტში რუსეთი ასევე სთავაზობდა უკრაინას კაპიტულაციის პირობებს: „დოკუმენტი სტრუქტურულად ისე იყო აგებული, თითქოს უკრაინა იყო ბრძოლის ველზე დამარცხებული აგრესორი - რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ძნელი სათქმელია, იყო თუ არა ეს კეთილსინდისიერი მოლაპარაკების მცდელობა, რადგან ასეთი პირობები ხომ ნებისმიერი უკრაინელისთვის მიუღებელი იქნებოდა. უკრაინა განეიტრალდებოდა იმ დონემდე, რომ სრულიად დაუცველი დარჩებოდა“.
როგორ იცვლებოდა შეთანხმებები
ზემოთ აღწერილი ყველა მოთხოვნა - ესაა მოლაპარაკების სასტარტო პოზიციები, საიდანაც რუსეთის დელეგაციამ დაიწყო რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების პროცესი.
თავიდან მოლაპარაკებები ინტენსიური იყო: 2022 წლის მარტის დასაწყისში მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ დელეგაციები ხშირად ურეკავდნენ ერთმანეთს, ცვლიდნენ წინადადებებს და ყოველდღიურად ინიშნავდნენ ახალ ვერსიებსა და შესწორებებს.
„რუსეთის დელეგაციის ქცევიდან გამომდინარე შესამჩნევი იყო, რომ პუტინი პირადად მართავდა ამ პროცესს, - ეუბნება „სისტემას“ უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც კარგად იცნობს რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხს, - ხანდახან, როცა უკრაინის დელეგაცია გამოდიოდა რაღაც ინიციატივით, მედინსკი [ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, 2022 წლის მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი] დგებოდა და გადიოდა დასარეკად - აშკარად მოსკოვში. მოგვიანებით ბრუნდებოდა და საკითხთან დაკავშირებით პუტინის პოზიციას აჟღერებდა“.
„სისტემის“ თანამოსაუბრეები მოსკოვშიც და კიევშიც თანხმდებიან, რომ ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს პუტინი მართლაც დაინტერესებული იყო რაიმე სახის შეთანხმების ხელმოწერით.
თუ ერთმანეთს შევადარებთ 2022 წლის 7 მარტს ჩამოყალიბებულ რუსულ წინადადებებს შეთანხმების ბოლო ვერსიაში (2022 წლის 15 აპრილი) გაჟღერებულ პირობებთან, იოლი შესამჩნევია, თუ რამდენად შემცირდა რუსეთის პირვანდელი მოთხოვნები და რამდენად მოახერხა უკრაინის დელეგაციამ როგორც ფორმულირებების შეცვლა, ასევე ბევრი პრინციპული საკითხის გატანა. „უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა შეძლეს დოკუმენტიდან ზოგიერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი პუნქტის ამოღება და მასში ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა“, - აღნიშნავს ერიკ ჩარამელა, რომელმაც შეისწავლა სხვადასხვა დროს განხილული ხელშეკრულების რამდენიმე ვერსია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხებოდა ნეიტრალური უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მექანიზმის აღწერას. ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, შესაძლო გარანტორ ქვეყნებად უნდა გამოსულიყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთის ფედერაცია, აშშ, საფრანგეთი (რუსეთი ასევე ითხოვდა ბელარუსის მონაწილეობას, ხოლო უკრაინა - თურქეთისას). აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი იმეორებდა ნატოს მეხუთე პუნქტის სულისკვეთებას: თუ მომავალში კიევს კვლავ დაესმებოდნენ თავს, გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებოდნენ საკუთარი შეიარაღებული ძალებით დახმარებოდნენ უკრაინას.
„თავისებურად ეს არის უსაფრთხოების უნიკალური კონტური“, - ასეთი კომენტარი გააკეთა მოლაპარაკების პროცესში მიღწეულ წარმატებაზე პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემ უკრაინის მხრიდან.
მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი ეხებოდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების საერთაშორისო აღიარების საკითხებს. 2022 წლის მარტში რუსეთის დელეგაციის შეთავაზებები ასე ჟღერდა: რუსეთის შემადგენლობაშია ყირიმი და სევასტოპოლი, ცალკე არიან დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკები“ და არის დანარჩენი უკრაინა, რომელიც უნდა განიარაღდეს და ახალ კონსტიტუციასა და კანონებს დაეფუძნოს.
აპრილისთვის მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ კონცეფციაზე: უკრაინა რჩება მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის, ყირიმის, სევასტოპოლისა და ზოგიერთი ისეთი დაუზუსტებელი ტერიტორიების ჩათვლით, რომლებზეც არ ვრცელდება უსაფრთხოების გარანტიები. მარტის ბოლოს სტამბოლში მიღებულ კომუნიკეში მითითებული იყო, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსი გადაწყდებოდა დიპლომატიური გზით.
„ეს ვითარება გასაოცარია, - წერდა ჟურნალი Foreign Affair-ი, - მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი საჯაროდ ამტკიცებდა, რომ ყირიმი და სევასტოპოლი უპირობოდ რუსეთის რეგიონებია, მერე კი თითქოს "უჩუმრად აღიარა, რომ ეს ასე არ არის"“.
რაც შეეხება ე.წ. ჰუმანიტარულ საკითხებს. უკრაინულმა დელეგაციამ უბრალოდ უარი თქვა ენის სტატუსთან, ენობრივი კვოტების, ისტორიული კონცეფციების ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა პუნქტის განხილვაზე.
შეთანხმების პროექტის უკანასკნელი ვერსიით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები კვლავ ვერ თანხმდებოდნენ უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის რიცხოვნების თაობაზე. უკრაინა დაჟინებით მოითხოვდა 250 ათას ჯარისკაცს (დაახლოებით ამდენი იყო სრულმასშტაბიან შეჭრამდეც), ხოლო რუსეთისთვის მიუღებელი იყო 85 ათას ჯარისკაცზე მეტი.
რუსები ასევე ითხოვდნენ, უკრაინის ჯარს დაეყარა იარაღი და ყაზარმებში დაბრუნებულიყო. საპასუხოდ, უკრაინულმა მხარემ წამოაყენა სიმეტრიული მოთხოვნა: რუსეთის ჯარმაც დადოს იარაღი და დაბრუნდეს მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში. „მედინსკი, რომელმაც ეს წინადადება წაიკითხა, საკმაოდ გაკვირვებული იყო, - ამბობს მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე, - მან თქვა, ისე გამოდის თითქოს უკრაინული ჯარები დგანან წითელ მოედანზე და რუსებმა კრემლიდან უნდა გადმოფინონ თეთრი დროშაო“. საბოლოო ჯამში, ჯარების დაშორიშორების საკითხზე მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
რამდენად ახლოს იყვნენ მხარეები შეთანხმების გაფორმებასთან?
„სისტემის“ წყაროები, რომლებიც იცნობენ როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის დელეგაციის პოზიციებს, თანხმდებიან, რომ რუსეთი და უკრაინა საკმაოდ შორს იყვნენ რამე სახის შეთანხმებისგან, თუმცა მხარეებმა დიდი სამუშაო გასწიეს და გარკვეულწილად გამოკვეთეს კიდეც შესაძლო შეთანხმების პარამეტრები.
შეთანხმების ბოლო ცნობილი ვერსია, დათარიღებული 2022 წლის 15 აპრილით, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ შესათანხმებელი რჩებოდა მხოლოდ უმნიშვნელო ფორმულირებები. თუმცაღა, სწორედ ეს დეტალები აღმოჩნდა ყველაზე რთული და, როგორც გაირკვა, იმ ეტაპისათვის გადაულახავი წინაღობა.
უკრაინის დელეგაციისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ ვინ და რა სახით გაუწევდა სამხედრო დახმარებას უკრაინას, თუკი მის უსაფრთხოებას ახალი საფრთხე შეექმნებოდა. უკრაინის მიერ შეთავაზებული ფორმულირება გულისხმობდა იმას, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები კიევის დახმარებას შეძლებდნენ როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად.
რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა სხვა ფორმულირებას: უკრაინის დაცვის გადაწყვეტილება მხოლოდ კოლექტიური უნდა ყოფილი. ანუ, თეორიულად, თუკი რუსეთი თავს დაესხმებოდა უკრაინას, თავად რუსეთს, როგორც ხელშეკრულების ხელმომწერს, შეეძლო უკრაინის დახმარებაზე ვეტოს დადება.
„სისტემის“ ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, 2022 წლის 14 აპრილის საღამოს, უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა აცნობეს რუს კოლეგებს, რომ ისინი პრინციპულად არ მიიღებდნენ ამ შეთავაზებას. რუსული მხარის პასუხი უცნობია. ეს იყო დოკუმენტის ბოლო პროექტი, რომელიც მხარეებმა გაცვალეს.
„სისტემის“ თანამოსაუბრე, რომელიც კარგად იცნობს რუსეთის დელეგაციის მუშაობას, ირწმუნება, რომ ყველაზე რთული და გადაუჭრელი აღმოჩნდა ტერიტორიების საკითხი - ის, თუ რომელ მიწებზე უნდა გავრცელებულიყო უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში? 2022 წელს გაჩენილ გამყოფ ხაზამდე? იმ დასახლებებზე, სადაც რუს ჯარისკაცს ჯერ არ დაუდგამს ფეხი, ხოლო ყველა დანარჩენი ტერიტორია უნდა დარჩენილიყო „ნაცრისფერ ზონად“?
რუსეთის დელეგაცია შეთანხმებაში მიუთითებდა, რომ დახაზავდა რუკას, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა იმ ტერიტორიების საზღვრები, რომელთა დაცვასაც, შეთანხმების თანახმად, გარანტორები შეძლებდნენ.
„შესაძლოა, პუტინს დააკმაყოფილებდა დონბასიდან ყირიმამდე რაღაც გამმიჯნავი „ბუფერული სარტყლის“ შექმნა“, - ვარაუდობს კრემლთან დაახლოებული წყარო, რომელსაც „სისტემა“ ესაუბრა, თუმცა ეს შესაძლო რუკა არავის უნახავს და უცნობია, საერთოდ შეადგინა თუ არა ის მოსკოვმა 2022 წელს.
„გასაკვირია, რომ უკრაინული მხარე საერთოდ დათანხმდა მოლაპარაკების წარმოებას რუსული ტექსტის საფუძველზე. გასაკვირია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხარვეზიანი იყო ეს ტექსტი თავიდანვე. თუმცა, რუსეთის მიმდინარე იერიშის გათვალისწინებით, შესაძლოა კიევს დიდი არჩევანი არც ჰქონოდა“, - ამბობს ერიკ ჩარამელა. მისი თქმით, დოკუმენტები, რომლებიც რამდენიმე კვირის შემდეგ განიხილებოდა სტამბოლსა და ვირტუალურ სესიებზე, ასევე ემყარებოდა მცდარ რუსულ ლოგიკას, რომლითაც გაჟღენთილი იყო შეთანხმების თავდაპირველი ტექსტი: „შეთანხმება რომ გაფორმებულიყო თუნდაც აპრილში მისი ბოლო ვარიანტის სახით, ეს იქნებოდა უკრაინის კაპიტულაციის შედარებით რბილი ფორმა“.
შეთანხმების პროექტის უკანასკნელი ვერსია დათარიღებულია 2022 წლის 15 აპრილით. ამის შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის ყველა სახის პოლიტიკური მოლაპარაკება შეწყდა. ოფიციალური განცხადებით, მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობენ მხოლოდ ტყვეების გაცვლის, ბავშვების დაბრუნებისა და მარცვლეულის გარიგების საკითხებში. Financial Times-ის ცნობით, რუსეთი და უკრაინა ახლა აწარმოებენ მოლაპარაკებებს ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შესაჩერებლად.
ახლა რა სურს პუტინს?
„ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის (СВО) მიზნები“ არ არსებობს. СВО-ს მიზანი იქნება ზუსტად ის, რასაც პუტინი საჭიროდ ჩათვლის, რათა გამოაცხადოს თავისი გამარჯვება იმ მომენტში, როდესაც ის ომის შეწყვეტას გადაწყვეტს, - ამბობს „სისტემის“ თანამოსაუბრე, რომელიც კარგად იცნობს მოლაპარაკებების პროცესში პუტინის პოზიციას, - თუ მოინდომებს, იტყვის, რომ შექმნა ყირიმში სახმელეთო დერეფანი და დაიბრუნა „ნოვოროსია“. ასევე შეუძლია თქვას, რომ მთელი უკრაინის ენერგეტიკა გაანადგურა“.
პუტინს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოაცხადოს „სპეცოპერაციის მიზნების მიღწევად" ყველაფერი, რაც მოესურვება
საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის გადაწყვეტს პუტინი ომის შეჩერებას - და რა პირობები უნდა შეიქმნას ბრძოლის ველზე, რომ ეს მოხდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა 2024 წლის ოქტომბერში წარადგინა თავისი „გამარჯვების გეგმა“: დეტალური აღწერა იმისა, თუ რა სახის შეიარაღება უნდა გადასცენ დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას, რათა რუსეთი იძულებული გახდეს გაყინოს კონფლიქტი და დაიწყოს მოლაპარაკებები. მაგალითად, ნება დართონ უკრაინას, იერიში მიიტანოს რუსეთის სიღრმეში, ან მიიღონ უკრაინა ნატოში.
დასავლელ ოფიციალურ პირებსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას შორის, ერთი მხრივ, სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში გარდაუვალია. მეორე მხრივ, ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს, - აღნიშნავდა გამოცემა Le Monde 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში: ეს საკითხი დამოკიდებული იქნება როგორც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, ასევე ალიანსის ცალკეული წევრების სამომავლო პოზიციაზე.
„მაგრამ თავად ამ განცხადებების ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, გავლენა მოახდინოს პუტინის პოზიციაზე ომის მიზნებთან დაკავშირებით: სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ თავად პუტინი გააცნობიერებს, რომ ომის დასრულების არცერთ სცენარში უკრაინა არ გამოაცხადებს კაპიტულაციას და არ დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე, - ამბობს ერიკ ჩარამელა, - ვფიქრობ, დასავლელი ლიდერები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ იმისათვის, რათა პუტინმა სათანადოდ გააცნობიეროს ეს, სერიოზულად უნდა წაიწიონ წინ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გაზრდის თვალსაზრისით, რაშიც შესაძლოა შედიოდეს ნატოს წევრობაც. რადგან ეს არის ევროპაში უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი ფორმატი, რომელიც ნამდვილად ესმით რუსებს“.
თუმცა, ჯერჯერობით პუტინი არ ავლენს ამ ლოგიკის მასზე მოქმედების ნიშნებს. 2024 წლის ზაფხულში პუტინმა თქვა, რომ მოლაპარაკების დასაწყებად, უკრაინა უნდა დათანხმდეს იმას, რომ ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ნაწილია. „სისტემის“ წყარო, რომელიც იცნობს პუტინის ამჟამინდელ პოზიციას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკში შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი საკმაოდ აქტიურად აწვდის თავის წრეს მოსაზრებას, რომ რუსეთი უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე იბრძოლებს.
როგორც Bloomberg-ი წერს, ცოტა ხნის წინ პუტინი სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს ესაუბრა. გამოცემის ცნობით, როდესაც ვუჩიჩმა ცეცხლის შეწყვეტის თემა წამოჭრა, პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი მიაღწევს თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანს.
timeline: რა არის ცნობილი 2022 წლის რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ და რა დოკუმენტებია გამოქვეყნებული
- 28 თებერვალი: დელეგაციების პირველი შეხვედრა ბელარუსში, „ლიასკოვიჩის“ რეზიდენციაში. რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. უკრაინისას - უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია.
- 3 მარტი: მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, კამენიუკი, ბელარუსი
- 7 მარტი: დელეგაციების მესამე შეხვედრა. რუსმა მომლაპარაკებლებმა მოამზადეს დოკუმენტები, რომელთა ხელმოწერა შესთავაზეს უკრაინის დელეგაციას. სწორედ ეს დოკუმენტებია აღწერილი „სისტემის“ სტატიაში. ეს დოკუმენტები აქამდე არასოდეს გამოქვეყნებულა სრულად.
- 17 მარტი: მხარეებმა დაწერეს მომავალი შესაძლო შეთანხმების პროექტი, რომელშიც მოინიშნა პუნქტები, რომლებზეც მხარეთა პოზიციები განსხვავდებოდა. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ეს დოკუმენტი დასავლელ პარტნიორებს აჩვენეს. დოკუმენტი სრულად გამოაქვეყნა The New York Times-მა.
- 29 მარტი: უკრაინელი და რუსი მომლაპარაკებლები ერთმანეთს შეხვდნენ სტამბოლში. ამ შეხვედრაზე დაყრდნობით შედგა „კომუნიკე“: შეთანხმების პროექტის შეჯამება, რომელიც მედიაშიც გამოქვეყნდა.
- 15 აპრილი: ხელშეკრულების ყველაზე გვიანი, უკანასკნელი პროექტი. ვერსია, რომელიც ასევე გამოქვეყნდა The New York Times-ში, გადაეგზავნა რუსეთის პრეზიდენტს. დიდი ალბათობით, მხარეებს შეთანხმების სხვა, ახალი დოკუმენტი არ შეუდგენიათ.
ფორუმი