Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კურსკზე მასშტაბურ კონტრშეტევას ამზადებს


რუსეთის კურსკის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარის ნაწილები მოულოდნელად აგვისტოს დასაწყისში შეიჭრნენ
რუსეთის კურსკის ტერიტორიაზე უკრაინის ჯარის ნაწილები მოულოდნელად აგვისტოს დასაწყისში შეიჭრნენ

უკრაინის სარდლობა და ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ უახლოეს დღეებში მოელიან რუსეთის მასშტაბურ შეტევას კურსკის ოლქის იმ ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით, რომლებიც 6 აგვისტოს ბლიცკრიგით ხელთ იგდო უკრაინის არმიამ და ამ დრომდე ინარჩუნებს მათზე კონტროლს.

ამერიკულ გამოცემა New York Times-ში კვირას გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რუსეთმა ამ მიზნით კურსკის ოლქის გარშემო თავი მოუყარა 50 000-იან დაჯგუფებას, რომელიც რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ოლქიდან გადმოსროლილი ნაწილების გარდა, ჩრდილოკორეულ ქვედანაყოფსაც აერთიანებს.

"რომ არა ჩვენი სამხედროების სიმტკიცე, ეს ათიათასობით მტერი რუსეთის საუკეთესო ქვედანაყოფებიდან, ჩვენს პოზიციებს შეუტევდა", - განაცხადა 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ.

უკრაინელმა სარდალმა, ცოტა ხნის წინ, შეაჯამა 6 აგვისტოდან რუსეთის კურსკის რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შედეგები. გენერალ სირსკის თანახმად, ამ ხნის განმავლობაში ტყვედ აიყვანეს 717 რუსი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 20 ათასზე მეტი დაიღუპა ან დაიჭრა.

უკრაინა აცხადებს, რომ ინარჩუნებს "ბუფერულ ზონას" კურსკის ოლქში

საკუთარ სამხედრო ძალაში დარწმუნებული რუსეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოსთვის ვარაუდობდა გარდატეხის მოხდენას უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებულ კურსკის ოლქში, სადაც ოპერაციის ერთ-ერთ მიმართულებაზე, პუტინის მტკიცებით, ბლოკირებული აღმოჩნდა 2000 უკრაინელი სამხედრო.


"იქ (კურსკში) არსებობს მტრის განლაგებაში შეჭრის რამდენიმე უბანი. ერთ-ერთ ასეთ უბანზე, სახელმწიფო საზღვრიდან მოწყვეტილი აღმოჩნდნენ უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამხედრო ნაწილები, ისინი ალყაში მოექცნენ", - განაცხადა ინტერვიუში პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის სარდლობას დაკარგული აქვს "ჯარების სტაბილური მართვა", რის გამოც უშედეგოდ დასრულდა ბლოკირებული უკრაინელი სამხედროების ალყიდან გამოყვანის მცდელობა.

პუტინის განცხადებას "აშკარა დეზინფორმაცია" უწოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ.

"ზედიზედ მესამე თვეა, უკრაინის არმია აგრძელებს აქტიურ მოქმედებას კურსკის მიმართულებაზე, აგრძელებს რა მტრის პოტენციალის განადგურებას", - დაწერა გენერალმა სირსკიმ ტელეგრამის არხზე.

კურსკის საზღვართან "ბლოკირებული 2000 უკრაინელი ჯარისკაცის" შესახებ პუტინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა არც დამოუკიდებელი წყაროებით. როგორც გამოცემა "მედუზა" წერს, პუტინს "გაზვიადებულად დაუხატეს" კურსკის სუჯის რაიონისა და კორენევსკის საზღვარზე მდებარე სოფლების, ზელენი შლიახისა და ოლგოვკის უბანზე შექმნილი ვითარება. იქ წინ წაწეულმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა, ალყაში მოქცევის თავიდან აცილების მიზნით, უკან დაიხია, მაგრამ არა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ სუჯის სიღრმეში, რომელიც უკრაინული არმიის მნიშვნელოვან პლაცდარმს წარმოადგენს.

"კურსკის ტერიტორიაზე განხორციელებული წარმატებულმა ოპერაციამ შეამცირა მტრის შეტევის საფრთხე. ჩვენ შევაფერხეთ მათი მოქმედება. საბრძოლო მოქმედებები მტრის ტერიტორიაზე გადავიტანეთ, რათა მან იგრძნოს ის, რასაც ყოველდღე განვიცდით", - განაცხადა გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ, ტელეკომპანია "სიენენის" წამყვან კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში.

6 აგვისტოს უკრაინის ჯარები სუმის ოლქიდან შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და სწრაფად დაიკავეს კურსკის ოლქის სუჯის რაიონის მოზრდილი ნაწილი.

უკრაინის ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორიების რუკა სექტემბრის მდგომარეობით
უკრაინის ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორიების რუკა სექტემბრის მდგომარეობით

მომდევნო კვირების განმავლობაში უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვან და რეზონანსულ წარმატებას მიაღწია რუსეთის ამ რეგიონში და მოსკოვმაც კი აღიარა, რომ კიევმა ხელში ჩაიგდო მრავალი დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის ასეულობით კვადრატული კილომეტრი დაიკავა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის ამ ყველაზე მასშტაბური ოკუპაციის პროცესში კიევი აცხადებს, რომ მის მიზნებს შორისაა, უკან დაახევინოს რუსეთის არტილერიას, მოშალოს მომარაგების ხაზები და აიძულოს რუსეთი, ძალები მოხსნას აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტიდან, სადაც მოსკოვი უკანასკნელ თვეებში სერიოზულ წარმატებებს აღწევდა.

გადამწყვეტი შეტევა ჩრდილოკორეული ავანგარდით?

როგორც ჩანს, ოქტომბრის წარუმატებელი ალყის შემდეგ, რუსეთის სარდლობამ კურსკის მიმართულებით დამატებითი ძალების კონცენტრაცია გადაწყვიტა, რათა რიცხობრივი უპირატესობით შეძლოს კურსკის ოლქში შესული უკრაინული სამხედრო ძალების წინააღმდეგობის გატეხა და უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა.

"ნიუ-იორკ ტაიმსის" ცნობით, რუსეთის სარდლობამ კურსკის ოლქის გარშემო თავი მოუყარა 50 000-იან დაჯგუფებას.

უკრაინული სარდლობა კი აცხადებს, რომ ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 45 ათას ჯარისკაცს. თანაც ამ დაჯგუფებაში უნდა შედიოდეს ის დაახლოებით 11 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი, რომლებიც მოსკოვსა და ფხენიანს შორის შეთანხმებით კურსკის დასავლეთით 20-23 ოქტომბერს გამოჩნდნენ და, სავარაუდოდ, უკრაინელ სამხედროებთან პირველი შეტაკებაც მოუხდათ.

უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ უახლოეს დღეებში კურსკის რეგიონში მოელიან რუსეთის დიდ შეტევას ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების მონაწილეობით.

"ნიუ-იორკ ტაიმსის" თანახმად, ამ დროისთვის ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები კურსკის დასავლეთით რუს სამხედროებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ანონიმური წარმომადგენლების თქმით, ჩრდილოკორეელი სამხედროებს რუსული უნიფორმა აცვიათ და აღჭურვილი არიან რუსული შეიარაღებით. რუსი ინსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ კორეელი სამხედროები გადიან საარტილერიო და საცეცხლე მომზადებას, ეუფლებიან ქვეითთა საბაზისო ტაქტიკასა და, რაც მთავარია, სწავლობენ სანგრებში მყოფი მოწინააღმდეგის განადგურებას. წვრთნის ეს ეპიზოდი დასავლელ ანალიტიკოსებს აიძულებს ივარაუდონ, რომ ჩრდილოკორეელ სამხედროებს რუსეთის სარდლობა კურსკზე იერიშის დროს უკრაინის გამაგრებულ თავდაცვით პოზიციებზე ფრონტალური იერიშებისათვის გამოიყენებს.

"მათ არ აქვთ ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება"

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები იმოქმედებენ როგორც მსუბუქი ქვეითები, ჯავშანტექნიკის უპირატესობების გარეშე. ამასთან დაკავშირებით გამოცემა აღნიშნავს, რომ საარტილერიო ცეცხლის ამჟამინდელი უკრაინული ტაქტიკა, თვითმფრინავების თავდასხმებთან ერთად, დიდ ზიანს აყენებს დაუცველ რუსულ პოზიციებს.

ლაპარაკი უნდა იყოს ჩრდილოეთ კორეის ელიტურ მოიერიშე კორპუსზე, კომუნისტური კორეის სიამაყეზე. მაგრამ ამ ელიტური დანაყოფის ყოფილი მებრძოლი ჰიუნს ლი ფიქრობს, რომ ბრძოლაში გამობრძმედილი უკრაინელი ჯარისკაცებისათვის კორეელი სამხედროები "საზარბაზნე ხორცად" იქცევიან.

"ისინი ბრძოლისთვის სრულიად მოუმზადებელი არიან, არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა დიდ კონფლიქტებში. მათ არ აქვთ ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება", - უთხრა რადიო თავისუფლებას 48 წლის ჰიუნს ლიმ, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევის შემდეგ ამჟამად ვაშინგტონში ცხოვრობს. 2000-იან წლებში ჰიუნს ლიმ 3,5 წელი დაჰყო ჩრდილო კორეის სადაზვერვო ბატალიონში.

ჰიუნს ლი, ყოფილი ჩრდილოკორეელი სამხედრო
ჰიუნს ლი, ყოფილი ჩრდილოკორეელი სამხედრო

დასავლეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები კურსკის რეგიონში ჩრდილოეთ კორეის ჯარების ჩასვლას "სერიოზულ ესკალაციად" მიიჩნევენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომში.

810-ე სევასტოპოლის ბრიგადის დანაკარგი კურსკთან


ბოლო შაბათ-კვირას გავრცელდა ინფორმაცია კურსკის ტერიტორიაზე მყოფ უკრაინულ სამხედრო დანაყოფებსა და მათი უკუგდების მიზნით ოლქის გარშემო თავმოყრილ რუსეთის ჯარებს შორის მომხდარ ინტენსიურ ბრძოლებზე.

რუსი პროსამხედრო ბლოგერები იუწყებოდნენ მძიმე კონტრშეტევების თაობაზე სუჯის რაიონული ცენტრის ჩრდილოეთით. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 23-ჯერ მიიტანეს იერიში უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე.

"რუსეთის ჯარები, ასრულებენ რა თავიანთი სამხედრო სარდლობის ბრძანებას, ცდილობენ გამოდევნონ ჩვენი ძალები და ღრმად წინ წავიდნენ ტერიტორიაზევე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ", - დაწერა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ სოციალურ ქსელში 11 ნოემბერს. უკრაინის სარდალი დასძენს: "რომ არა ჩვენი სამხედროების სიმტკიცე, ეს ათიათასობით მტერი რუსეთის საუკეთესო ქვედანაყოფებიდან, ჩვენს პოზიციებს შეუტევდა".

უკრაინის სარდლობა არ აკონკრეტებს, თუ რა ზომის და რაოდენობის უკრაინული დაჯგუფება უმკლავდება რუსეთის სამხედრო იერიშებს.

ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს ახალშექმნილი ბრიგადები კურსკის ოლქში შეტევისთვის, ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინათ ისინი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ან 2025 წელს კონტრშეტევისთვის რეზერვების შესაქმნელად.

მიუხედავად უკრაინის სარდლობის მიერ კურსკის მიმართულებაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადების გადასროლისა, "ნიუ-იორკ ტაიმსის" ცნობით, დღეისათვის რუსეთის არმიამ დაიბრუნა უკრაინის არმიის მიერ კურსკის რეგიონში აგვისტოს ბლიცკრიგის შემდეგ დაკავებული ტერიტორიის მესამედზე მეტი.


ამავე გამოცემაში გამოქვეყნებული ახალი ანგარიშით, კურსკის ოლქის გარშემო რუსეთმა თავისი ძალების კონცენტრირება მოახდინა სხვადასხვა სამხედრო ოლქის ხარჯზე, რამაც საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა საბრძოლო დანაყოფები აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლის სრული ოკუპაცია მოსკოვის სამხედრო იერიშების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.

კერძოდ, რუსეთის არმია კურახოვკისა და პოკროვსკის მიმართულებით ყოველდღიურად აძლიერებს იერიშებს მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში წარმატებით იგდო ხელთ ქალაქი უჰლედარი და სერიოზულ პლაცდარმს დაეუფლა შემდგომი წინსვლისთვის.

კურსკის მიმართულებაზე მოქმედი რუსეთის დაჯგუფების ერთ-ერთ ავანგარდს წარმოადგენს ანექსირებულ სევასტოპოლში განლაგებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეული გვარდიული საზღვაო ქვეითი ბრიგადა.

"კრიმ.რეალიის" ცნობით, სწორედ 810-ე ბრიგადამ მიიტანა 7 ნოემბერს კურსკის მარცხენა ფლანგზე უკრაინის პოზიციებზე იერიში, რომლის დროსაც ქვედანაყოფმა, სულ მცირე, 140 მებრძოლი და 10 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82 დაკარგა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG