Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ ამ ომს წავაგებთ“ - უკრაინაში რუსეთის „არქტიკული ბრიგადის“ დაღუპვის ამბავი


რუსეთის ციხეებიდან გადაბირებული მე-80 მოტორიზებული არქტიკული ბრიგადის ათობით მებრძოლი დაიღუპა ხერსონთან ახლოს - საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის ციხეებიდან გადაბირებული მე-80 მოტორიზებული არქტიკული ბრიგადის ათობით მებრძოლი დაიღუპა ხერსონთან ახლოს - საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის ციხეებიდან გადაბირებული მე-80 მოტორიზებული არქტიკული ბრიგადის ათობით მებრძოლი დაიღუპა, სავარაუდოდ, 2024 წლის გაზაფხულზე, ხერსონთან ახლოს, მდინარე დნეპრის კუნძულებზე, როდესაც უკრაინის არმიამ გაარღვია რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდაცვითი ზღუდე.

მანამდე უკრაინელებმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარე დაბა კრინკი დაიბრუნეს.

ბრიგადის მებრძოლების ნათესავებმა საინტერნეტო გამოცემა „ოკნოს“ უამბეს, რომ უკრაინის ომში თითქმის მთლიანად განადგურდა ჩრდილოეთის ფლოტის დანაყოფიც, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს არქტიკის დასაცავად შეიქმნა.

ჩრდილოეთის ფლოტის არქტიკის ბრიგადის მებრძოლები
ჩრდილოეთის ფლოტის არქტიკის ბრიგადის მებრძოლები

„ვეუბნები, ნუ დამცინით. მე შვილი მყავს ომში“

ქალაქ პეჩორის (კომის რესპუბლიკა) რკინიგზის სადგურზე, სამგზავრო მატარებლები დღეში ორჯერ, ნახევარი საათით ჩერდებიან. ამ დროს პენსიონერი ირინა ივანოვნა (სახელი შეცვლილია) ერთი ჩანთა ცხელი ღვეზელების გაყიდვას ასწრებს.
ირინა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან უმასპინძლდება მგზავრებს ღვეზელებით. პოლიციასთან მოხუც ქალს პრობლემები არ აქვს, მხოლოდ იმაზე ჩივის, რომ ახალგაზრდები აჯავრებენ. ამიტომ 2024 წლის აგვისტოდან ის სადგურზე შვილის პორტრეტით მიდის. მას ხატივით აქვს მკერდზე ჩამოკიდებული სამხედრო ფორმაში მყოფი შვილის ჩარჩოიანი სურათი.

„ეს სურათი დღეს ამოვბეჭდე, რადგან ბავშვები მაჯავრებენ. არ იციან, თუ რა ტკივილი აქვს გულში ბებიას! როცა მოვლენ, ვეტყვი: მე შვილი მყავს ომში, თქვენ კი ბებიას დასცინით-მეთქი“, - მდუღარე ცრემლებით ტირის პენსიონერი ქალი.

ჯარისკაცის დედას შვილის სურათი გულზე დაკიდებული დააქვს და ისე ჰყიდის ღვეზელებს
ჯარისკაცის დედას შვილის სურათი გულზე დაკიდებული დააქვს და ისე ჰყიდის ღვეზელებს

ქალთან ერთიმეორის მიყოლებით მიდიან უკიდურეს ჩრდილოეთში მივლინებაში მყოფი ადამიანები და ვახტიორები. მალე საღდება კარტოფილიანი, კომბოსტოიანი და მწვანილეულიანი და ტოპ ღვეზელი - ჩებურეკი.

ირინა ივანოვნას 36 წლის შვილი, კონსტანტინი (სახელი შეცვლილია დედის თხოვნით), უკრაინის ომში გაზაფხულზე გაიწვიეს იმ გამოსასწორებელი კოლონიიდან, სადაც ნარკოტიკების გასაღებისათვის იხდიდა სასჯელს.

„ცუდი მუხლი იყო. ჩვენთან ექვსი წლის წინ ამ მუხლით 2-2-8 (რუსეთში ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, წარმოება და გასაღება 228-ე და 228-ე პრიმა მუხლებით ისჯება - რედ.) მთელი ახალგაზრდობა მოხვდა ციხეში. დიდი კაცი იყო, ვერ შევძელი მისი დევნა, ახლა კი რა უნდა ვიღონო?“ - წუხს დაკარგული ჯარისკაცის დედა.

მისი შვილი, კონსტანტინი, დაიბადა და გაიზარდა პეჩორაში. სწავლობდა კონდიტრობას. ერთხელ მეორე ადგილიც დაიკავა ტორტების მომზადების კონკურსში. არმიაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გაიწვიეს, თუმცაკი ორჯერ დაწერა განცხადება ჯარში წასვლაზე.

„არ ვიცი, ვინ სურდა, რომ გამოსულიყო. ძალიან უყვარდა ტატუების ხატვა. ამისკენ ყველაზე მეტად ჰქონდა მიდრეკილება. შეეძლო კონდიტრადაც მოწყობილიყო, მაგრამ ბიზნესს მიანიჭა უპირატესობა, ჭერებს ჰკიდებდა“, - განაგრძობს ირინა ივანოვნა.

2018 წელს, მის შვილს ექვსი წელი მიუსაჯეს ნარკოტიკების გაყიდვისთვის და სასჯელის მოსახდელად სიკტივკარში, მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში გადაიყვანეს. მაგრამ მალე, კარგი საქციელისთვის, კონსტანტინს მაღალი უსაფრთხოების კოლონია ემვაში, კოლონია IK-51-ში თავისუფალი ჩასახლებით შეუცვალეს. მას ექვსი თვე რჩებოდა მოსახდელი, როდესაც 2023 წლის ოქტომბერში თავდაცვის სამინისტროს რეკრუტერები კოლონიაში ჩავიდნენ. უკრაინის ომში მონაწილეობის სანაცვლოდ მათ კონსტანტინს კარგი ხელფასი და ციხიდან გათავისუფლება შესთავაზეს. ის დათანხმდა.

გამოსასწორებელი კოლონია ИК-51 ემვეში
გამოსასწორებელი კოლონია ИК-51 ემვეში

„მათ პირობა მისცეს, რომ ამოუშლიდნენ ნასამართლობას. ეს ჯერ კიდევ შავი ლაქაა ახალგაზრდა კაცისთვის. მას სურდა გამოესყიდა საკუთარი დანაშაული“, - განმარტავს ირინა ივანოვნა.

კონსტანტინს სახლში ჰყავს ცოლი და 5 წლის ქალიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მამა ჯარშია და ციხეში არასდროს ყოფილა.

„ჩვენიანებს არ ვტოვებთ“

სამხედრო უწყებასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, კონსტანტინმა სწავლა გაიარა მე-80 მოტომსროლელ არქტიკულ ბრიგადაში, რომელიც მურმანსკის ოლქის დაბა ალაკურტშია დისლოცირებული. შემდეგ კი ომში წავიდა.
თავად მე-80 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა (სამხედრო ნაწილი №34667) 2016 წლის 31 დეკემბერს, ჩრდილოეთის ფლოტის გაერთიანებული სტრატეგიული სარდლობის შემადგენლობაში შეიქმნა და მის ძირითად როლს მურმანსკსა და ნოვოსიბირსკს შორის მდებარე ტერიტორიის კონტროლი წარმოადგენდა. ეს ამოცანა ბრიგადას ჩრდილოეთის ფლოტის საჰაერო-სადესანტო ნაწილებსა და საზღვაო ქვეითებთან ურთიერთქმედებაში უნდა შეესრულებინა.

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ბრიგადა შეიქმნა რუსეთის ინტერესების დასაცავად არქტიკაში. მიუხედავად ამისა, ამ ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში მონაწილეობენ. ფინური გაზეთის YLE-ს თანახმად, სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ 2022 წლის მაისის შუა რიცხვებიდან 100-ზე მეტმა ტექნიკამ, მათ შორის ათობით ჯავშანტრანსპორტიორმა, დატოვა ფინეთის საზღვართან მდებარე სოფელი ალაკურტი. გამოცემა YLE-ს თანახმად, ბაზაზე დისლოცირებული 2000 ჯარისკაციდან უკრაინაში, სავარაუდოდ, 800 მებრძოლი გაგზავნეს.

2023 წელს უკვე გამოჩნდა ცნობები, რომ არქტიკული ბრიგადა დიდ დანაკარგებს განიცდიდა უკრაინაში. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ საინტერნეტო გამოცემა „ბარენც ობზერვერი“ წერდა, რომ 65 მებრძოლის სახელი უკვდავყოფილია.

„ვკონტაქტეში“ შექმნილ მე-80 არქტიკული ბრიგადის ჯგუფში იტყობინებიან, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ბრიგადის ათობით ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან დაიღუპა მდინარე დნეპრის შენაკადზე მდებარე კუნძულებზე.

„მათ ასწავლეს, რომ წყალში ჩავარდნის დროს, უნდა მოესწროთ აღჭურვილობის მოხსნა, რათა არ დამხრჩვალიყვნენ. შემდეგ კი ისინი ხერსონთან მდებარე სხვადასხვა კუნძულზე გადაანაწილეს“, - ჰყვება ირინა ივანოვნა.

დნეპრის შენაკადთან ათი კუნძულია, მათ შორის - დიდი პოტიომკინსკის, ტენდეროვის, ორლოვის, ჯარილგაჩისა და კალაჩანსკის კუნძულის არქიპელაგი. მათი ნაწილი დაუსახლებელია და შავი ზღვის ბიოსფერული ნაკრძალის შემადგენლობაში შედის.

2023 წლის სექტემბერში მედია იუწყებოდა, რომ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ქვემოთ მდებარე კუნძულების ქსელს რუსეთის ჯარი აკონტროლებდა. რამდენიმე თვეში, 2023 წლის ნოემბერში, უკრაინის არმია შეიჭრა ოკუპირებული დნეპრის მარცხენა ნაპირზე და დაიკავა დაბა კრინკი. მე-80 ბრიგადის დაქირავებული მებრძოლების ნათესავთა თქმით, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს კრინკიდან 40 კილომეტრში, ხერსონის რაიონში მდებარე კუნძულების მასირებული დაბომბვა დაიწყო.

მე-80 არქტიკული ბრიგადის ჯგუფს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს ნათესავების განცხადებები დაკარგული და დაღუპული ჯარისკაცების მოძიების შესახებ. ახლა ამ ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ნაწილობრივ კურსკის რეგიონში გადაჰყავთ. „დღეს, ბიჭები მიმოფანტული არიან, ზოგი რეგიონში დარჩა, სხვები კურსკში გადაისროლეს. ამჟამად ჩვენ კურსკის მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგროვებთ, იქ... ბიჭებმა მცირე დახმარება ითხოვეს“, - წერს ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის მამა, რომელიც ბრიგადის დახმარებას შვილის დაღუპვის შემდეგ განაგრძობს.

ირინა ივანოვნას ვაჟმა, კონსტანტინმა კავშირზე გამოსვლა 2024 წლის 27 აპრილს შეწყვიტა.

„დავურეკე სამხედრო ნაწილს, მითხრეს, რომ ბრიგადის 80% დაიღუპა ან დაშავდა. ბიჭი, რომელიც შვილთან ერთად მსახურობდა, მუცელში დაიჭრა. მან მითხრა, რომ მოკლული ჩემი შვილი იქ დარჩა, ის კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორ მოხდა ეს, როცა ყველა მის გვერდით მიდიოდა? აბა, ჩვენიანებს არ ვტოვებთო?“ - გაკვირვებულია ირინა ივანოვნა. მას 29 აპრილს გადასცეს დოკუმენტები, რომ მისი შვილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. „მითხრეს, რომ როგორც კი ხერსონს გავათავისუფლებთ, მაშინ ამ კუნძულებსაც გავჩხრეკთო“.

ირინა ივანოვნა იხსენებს, თუ როგორ გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მისი შვილი საომრად მიდიოდა. ახლა კი მოსვენება აქვს დაკარგული.
და მიუხედავად ამისა, ის სრულად უჭერს მხარს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას.

„დროა ბოლო მოვუღოთ ამ ბანდერელებს, ყველანი უნდა გავანადგუროთ, რათა აღარ წამოყონ თავიანთი ურჩხულის თავები“, - ამბობს ქალი. თავად მას ბანდერელი ერთხელაც არ შეხვედრია.

ირინა ივანოვნა რუსეთში მოლდოვიდან გადავიდა. 1937 წელს დახვრიტეს მისი ბაბუა, რომელიც მოლდოვის ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკის მოხელე იყო, ხოლო ბებია ციმბირში გადაასახლეს. 1990-იან წლებში მისი ნათესავების რეაბილიტაცია მოხდა, მაგრამ ირინა ახლაც დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახის რეპრესირება უმიზეზოდ არ მომხდარა.

„ასე ტყუილად საბჭოთა ხელისუფლება ოჯახს არ გაუშვებდა მოუსავლეთში. ასე უბრალოდ ხომ არ დახვრეტდა!“

"ვფიქრობ, რომ ეს უაზრო ომია"

არქტიკული ბრიგადიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის ბევრია კონტრაქტით დაქირავებული, რომლებიც ციხეებში გადაიბირეს. მათ შორის არის სევეროდვინსკის ბინადარი, 37 წლის სერგეი რომანცოვი.

იგი მრავალსულიან ოჯახში იზრდებოდა, ძმა მიხაილთან და დასთან, ნინასთან ერთად. 90-იან წლებში მათ დედ-მამას ლოთობის გამო მშობლობის უფლება ჩამოართვეს, შვილები კი ინტერნატში გაგზავნეს. მიუხედავად მძიმე ბავშვობისა, ნინა ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი გახდა, სერგეიმ შემდუღებლის პროფესია აითვისა, მიხაილმა კი სკოლა დაამთავრა.

ქალაქი სევეროდვინსკი თეთრის ზღვის ნაპირზე მდებარეობს. იქ მთავარი საწარმოა „სევმაში“, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შეკვეთით ატომურ წყალქვეშა ხომალდებს აშენებენ, ხოლო ცენტრ „ზვიოზდოჩკაში“ ხომალდებს არემონტებენ.

სერგეი რომანცოვი ხუთი წელი დაცურავდა სამხედრო ხომალდებზე „პეტრე დიდი“ და „ადმირალი ნახიმოვი“.
სერგეი რომანცოვი ხუთი წელი დაცურავდა სამხედრო ხომალდებზე „პეტრე დიდი“ და „ადმირალი ნახიმოვი“.


სკოლის დასრულების შემდეგ სერგეი რომანცოვი ქარხანა „სევმაშში“ შემდუღებლად მუშაობდა, შემდეგ კი ვადამდელი სამხედრო სამსახური მოიხადა, რომლის შემდეგ უმალვე მოაწერა ხელი სამხედრო სამსახურის გაგრძელების ხუთწლიან კონტრაქტს ჩრდილოეთის ფლოტთან. ხუთი წელი დაცურავდა
სამხედრო ხომალდებზე „პეტრე დიდი“ და „ადმირალი ნახიმოვი“.

სერგეი 2016 წელს დაბრუნდა სევეროდვინსკში, სამუშაოდ მშენებლობაზე მოეწყო, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო და მიატოვა სამსახური. მალე ნარკოტიკებს მიეძალა, აზარტულ თამაშებსაც მიჰყო ხელი. როგორც მისი და ნინა ვარაუდობს, სერგეიზე თავისი კვალი ოჯახურმა ტრაგედიამაც დატოვა: ჯერ ავადმყოფობის გამო მშობლები დაიხოცნენ, შემდეგ კი მათი ძმა მიშაც გარდაიცვალა - სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„სერიოჟა ბავშვობაში უჭკუო ბიჭი არ იყო, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი იყო. თამაშობდა კალათბურთს, უყვარდა მუსიკა... მაგრამ ჩვენს ოჯახში დატრიალებული ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ის ძალიან შეიცვალა. სერგეი დიდხანს გონს ვერ მოდიოდა. ეჩვენებოდა, რომ მასთან ოთახში მამა შედიოდა, რაღაც ხმები ესმოდა. შემდეგ კი მიშამ თავი მოიკლა. და ამის შემდეგ ყველაფერი უკუღმა წავიდა. სერგეიმ უბრალოდ ვერ შეძლო ამ ყველაფრის გადატანა“, - ჰყვება ნინა.

2021 წელს სერგეი ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, გაასამართლეს და ოთხი წელი მიუსაჯეს. იგი სასჯელს არხანგელსკის რეგიონში, ქალაქ კოტლასში მდებარე გამოსასწორებელ კოლონია Ik-5-ში იხდიდა. 2023 წლის შემოდგომაზე კოლონიიდან სერგეი, სხვა პატიმრების მსგავსად, არქტიკულმა ბრიგადამ გადაიბირა.

„იქიდან უკვე ომში წავიდა. ამაზე ჩხუბი მოგვივიდა. ვეუბნებოდი, ნუ იზამ ამას, იქიდან ვერ დაბრუნდები-მეთქი. არადა, მხოლოდ ორი წელი ჰქონდა მოსახდელი ციხეში, კონტრაქტის გაფორმება უაზრობაა. მან დაურეკა და მითხრა, რომ მიდის. მიზეზებზე არაფერი უთქვამს“, - იხსენებს ნინა.

2023 წლის ნოემბერში სერგეი სამხედრო ნაწილიდან წვრთნებზე გაგზავნეს მურმანსკის რეგიონში, შემდეგ კი - უკრაინაში. 2024 წლის აპრილში ის ხერსონის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე გადასვეს.

„ის მოტორისტად დაინიშნა. ისინი კატარღებში ღამით სხდებოდნენ და მიდიოდნენ საბრძოლო დავალებაზე, დაჭრილების გამოსაყვანად. აპრილის ბოლოს დარეკა და მითხრა, რომ საბრძოლო ნათლობა გაიარა. ერთი კვირის შემდეგ კი გაუჩინარდა“, - ამბობს ნინა.

ნინა რეკავდა ჰოსპიტლებში და სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა განცხადებებს, რომ ეძებს სამხედრო მოსამსახურეს ფსევდონიმით „მარიაჩოკი“. მაგრამ, ჯერჯერობით, ამ ძებნას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

ძებნის პროცესში ნინას ანონიმურად აცნობეს, რომ კუნძულებს, რომლებიდანაც სერგეის და მის თანამებრძოლებს დაჭრილები გამოჰყავდათ, ნინას თქმით, ამჟამად სრულად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და იქ წასვლა აშკარა დაღუპვის შიშის გამო არავის სურს.
„ცხედრები, რომლებიც იქ დარჩა, სავარაუდოდ, ასევე დარჩებიან. იქამდე მისვლა შეუძლებელია“, - ამბობს ნინა.

მისი თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო კუნძულებზე პირადი შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა. მებრძოლებს ერთმანეთის დამახსოვრების დრო არ ჰქონდათ, ამიტომ ძებნა ძალიან ნელა მიდის.

„მე ვფიქრობ, რომ „საზარბაზნე ხორცად“ იყვნენ გაგზავნილი. როცა მის (სერგეის) ძებნას იწყებ, ირკვევა, რომ ის ხეირიანად არც არავის ახსოვს. დიახ, ნანახი ჰყავთ. ზოგი ამბობს, რომ დაიღუპა. როსტოვის მორგისთვის დნმ-ის გამოკვლევა ჩავიტარე, მონაცემთა ბაზაში შემიტანენ. სამხედრო კომისარიატი ჯერ ვერაფერს ამბობს, რადგან არ არსებობს შეტყობინება, რომ ის უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ყველგან დავაგზავნე წერილები - სამხედრო ნაწილში, პროკურატურაში, სამხედრო კომისარიატში. ჯერჯერობით, ყველა მხრიდან აბსოლუტური დუმილია“, - ამბობს ნინა.

იგი თვლის, რომ უკრაინასთან ომი რუსეთისთვის ცუდად დასრულდება.

„ვფიქრობ, ჩვენ ამ ომს წავაგებთ. ტელევიზიის თანახმად, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, მაგრამ სინამდვილეში წავაგებთ. მე არ ვარ პუტინის პოლიტიკის მომხრე, არ ვიღებ ყველაფერს, რასაც აკეთებს. ვფიქრობ, რომ ეს უაზრო ომია. რისთვის გვჭირდება ეს კუნძულები? რისთვის გვინდა ეს ყირიმი? ჩვენ ხომ ის თავის დროზე იმიტომ გადავეცით (უკრაინას), რომ იქ არაფრის აშენება არ შეგევძლო“, - ბრაზობს ნინა, უგზო-უკვლოდ დაკარგული სერგეი რომანცოვის და.

ამასობაში კი მე-80 არქტიკული ბრიგადის მწყობრში დარჩენილი პირადი შემადგენლობის ნაწილი სამხედრო ხელმძღვანელობას კურსკის რეგიონში გადაჰყავს. „დღეს, ბიჭები მიმოფანტულები არიან, ნაწილი ხერსონის რეგიონში რჩება, ნაწილი კი კურსკში გადაიყვანეს. ახლა ჩვენ ვაგროვებთ ჰუმანიტარულ დახმარებას კურსკის მახლობლად, იქ... ბიჭებმა მცირე დახმარება ითხოვეს“, - წერს სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ შექმნილ ჯგუფში მე-80 ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის მამა, რომელმაც შვილის დაღუპვის შემდეგ სამხედრო ნაწილის დახმარებას მიჰყო ხელი.

სტატიაში ხსენებული კრინკის ოპერაციის დროს მრავალი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს უკრაინის მხარესაც.

  • ხერსონის რეგიონის სოფელი კრინკი უკრაინელმა საზღვაო ქვეითებმა 2023 წლის ოქტომბერში დაიკავეს. უკრაინული სარდლობის ცნობით, იგი უნდა გამხდარიყო პლაცდარმი ანექსირებულ ყირიმზე შეტევისთვის.
  • 2024 წლის 20 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს უპატაკა, რომ კრინკის „გაწმენდა“ დასრულებულია.
  • 16 ივლისს მედიაში უკრაინის არმიის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები იძულებულნი გახდნენ, სოფელი დაეტოვებინათ.
  • კრინკი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე პატარა სოფელია. რუსეთის არმიამ ის დაიკავა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. 2023 წელს უკრაინის არმიამ შეძლო კრინკიში გამაგრება და მცირე პლაცდარმის შექმნა, თუმცა ამ პლაცდარმზე დაყრდნობით შეტევითი ქმედებები აღარ განხორციელებულა.

მომზადებულია "სევერ.რეალიის" და პროექტ "ოკნოს" მასალების მიხედვით

ფორუმი

XS
SM
MD
LG