„აგრესიას მაამებლობით ვერ შეაჩერებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ლატვიიდან რიჰარდ კოლსი რუსეთ-უკრაინის ომსა და დასავლეთის პოლიტიკაზე კითხვის საპასუხოდ. საქართველოს მთავრობის ბოლო ინიციატივებს ის რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას უწოდებს, ხოლო ევროკავშირის მოსალოდნელ რეაგირებას - იმ სიგნალებს, რომელიც ბრიუსელიდან მოდის - უფრო მეტს, „ვიდრე უბრალოდ დიპლომატიურ თითის დაქნევას“.
ვაჟა თავბერიძე რიჰარდ კოლსს სექტემბრის დასაწყისში, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას ესაუბრა.
თუ რაიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება რუსეთის ძალადობით სავსე ისტორიიდან - მეფის რუსეთი იქნება ეს, საბჭოთა კავშირი თუ დღევანდელი ფედერაცია - არის ის, რომ ეს არის დაუსჯელობის პრინციპზე დაფუძნებული ქვეყანა და ხალხი.
რადიო თავისუფლება: კონფერენციაზე ახლა პუტინის პასუხისმგებლობის თემას განიხილავენ. რამდენად მოსალოდნელია, რომ პუტინს მართლაც აგებინებენ პასუხს? და რაზეა ეს დამოკიდებული, თქვენი აზრით?
რიჰარდ კოლსი: რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, ამას შესაძლოა წლები დასჭირდეს. ეს არაა ნიურნბერგის ტრიბუნალი, როდესაც გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მისი ხელმძღვანელობა კი გაასამართლეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დღემდე დაპატიმრების 38 ორდერი აქვს გამოცემული, მათგან 17, ნახევარზე მეტი, დღემდე აუსრულებელი რჩება. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ყველაფერში, ვფიქრობ, ე.წ. დაუსჯელობის სინდრომი და მისი წახალისებაა. თუ რაიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება რუსეთის ძალადობით სავსე ისტორიიდან, - მეფის რუსეთი იქნება ეს, საბჭოთა კავშირი თუ დღევანდელი ფედერაცია, - არის ის, რომ ეს არის დაუსჯელობის პრინციპზე დაფუძნებული ქვეყანა და ხალხი. ამ დაუსჯელობის სინდრომით „გამამაცებულნი“ მერე მიდიან და სჩადიან იმ სისაძაგლეებს, რაც ბუჩასა და ირპენში ვნახეთ. ამის გამკეთებელი არამზადები - მათ ჯარისკაცებს ვერ დავარქმევ, - უღირსი ხალხია, ფიქრობენ, რომ ომის დანაშაულები გაუვათ, რადგან მათი ლიდერი და ქვეყანა ხელს დააფარებს, რომ ჩადენილისთვის პასუხს არ მოსთხოვენ. ეს არ უნდა დავუშვათ.
რადიო თავისუფლება: და რა ბერკეტები აქვს დასავლეთს ამის არდასაშვებად? თქვენ მიერ ნახსენები ნიურნბერგის ტრიბუნალი რეალობად იქცა იმიტომ, რომ ნაცისტური გერმანია დამარცხდა. თუ რუსეთი არ დამარცხდება, მაშინ ვინ აგებინებს პასუხს პუტინს?
რიჰარდ კოლსი: ვფიქრობ, ეს კითხვა დასავლეთის ლიდერებს უნდა დაუსვათ, რადგან უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ სტრატეგიულ მარცხზე, რომელიც რუსეთმა უნდა იგემოს, მაგრამ ვერა და ვერ შევთანხმებულვართ იმაზე, მაინც როგორ გამოიყურება ეს სტრატეგიული მარცხი. სტრატეგიული მარცხი ჩემთვის მოიაზრებს რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობების ისე დაქვეითებას, რომ მომავალში მეზობელ ქვეყნებს სამხედრო აგრესიით აღარ დაემუქრონ. ეს შესაძლოა იყოს ბუფერული ზონაც, [ოღონდ] რუსული ტერიტორიის ხარჯზე… პრობლემა ისაა, რომ კონსენსუსი არ გვაქვს, ვდავობთ, ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია რუსეთის სტრატეგიული მარცხი. შეადარეთ ეს კასაბლანკის კონფერენციას 1943 წელს, სადაც ჩერჩილი შეხვდა რუზველტს და გადაწყვიტეს: არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი ცეცხლის შეწყვეტა, მხოლოდ ნაცისტური გერმანიის ტოტალურ კაპიტულაციას დავთანხმდებით. ვფიქრობ, სწორედ იმ დღემ განსაზღვრა მეორე მსოფლიო ომის მომავალი. უკრაინის ომში ჯერ ეს დღე არ დამდგარა.
თუ მას აჩვენებ, რომ სუსტი ხარ - და ყოყმანი კრემლში სისუსტედ მიიჩნევა - ის თავს დაგესხმება.
რადიო თავისუფლება: თქვენი ამ შემართების რა დოზა უნდა მივაწეროთ იმ ფაქტს, რომ ლატვიელი ხართ - ქვეყნიდან, რომელსაც ალბათ ასევე დაემუქრება საფრთხე, თუ რუსეთი უკრაინაში თავისას გაიტანს?
რიჰარდ კოლსი: დიახ, ეს ნარატივი არახალია, რომ თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ბალტია იქნება. მაგრამ ასე მარტივად არ არის ყველაფერი, არ დაუჯეროთ ამ ნარატივს. აქ მხოლოდ ბალტიის ბედი არ დევს სასწორზე. ეს ნატოს ბედია - ეს ნიშნავს კითხვის ნიშანს ნატოს მზაობასთან მიმართებით, დაიცვას ალიანსის წევრები. წლებია, სამიტებზე გვესმის, რომ ნატო ერთ გოჯ მიწასაც არ დათმობს, და ახლა უცებ მსგავს სცენარებს განვიხილავთ? მესმის, რომ დასავლეთში ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, ვინც ფიქრობს, რომ მაამებლობით, შესაძლოა, ტირანს რაღაც მშვიდობისმაგვარი გამოსტყუო, მაგრამ ასე არაა - აგრესიას მაამებლობით ვერ შეაჩერებ. პუტინმა უკვე მერამდენედ გვაჩვენა, რომ უკან არ დაიხევს, რომ მზადაა გაძლების თამაში ეთამაშოს დასავლეთს. და უნდა ვაღიარო, რომ ჩვენგან განსხვავებით, ის საქმეს უფრო თანმიმდევრულად უდგება - რუსეთის ეკონომიკა საომარ ეკონომიკად იქცა. მისი სამხედრო ინდუსტრია 24/7-ზე მუშაობს, ყოველწლიურად 3-4 მილიონ ჭურვს აწარმოებს, ევროპას კი, რომელსაც სამხედრო შესაძლებლობები რუსეთისაზე გაცილებით მეტი აქვს, წელიწადში 1 მილიონი ჭურვის მიწოდებასაც კი უჭირს. საკუთარ თავს კრიტიკულად უნდა შევხედოთ - ჩვენს პოლიტიკას ბევრი ხარვეზი აქვს. ჩვენ ვაყოვნებთ, ფეხს ვითრევთ, და როგორც უკვე უამრავჯერ მითქვამს ჩემი დასავლელი კოლეგებისთვის, არაფერი ისე არ ამხნევებს და წააქეზებს პუტინს, როგორც დასავლეთის სისუსტე და ყოყმანი. თუ მას აჩვენებ, რომ სუსტი ხარ - და ყოყმანი კრემლში სისუსტედ მიიჩნევა - ის თავს დაგესხმება. ერთადერთი, რაც რუსეთზე მოქმედებს, რაც რუსეთში ესმით - ეს ძალაა. ამიტომაა, რომ ბოლო დროს ასე პოპულარული გახდა პრეზიდენტ რეიგანის მიდგომა - მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი. სწორედ ასეთი მიდგომა გვჭირდება დღეს რუსეთთან.
ინიციატივები, რომლებიც მთავრობისგან მოდის - მე მათ სხვას ვერაფერს დავარქმევდი, თუ არა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.
რადიო თავისუფლება: საქართველოსკენ გადმოვინაცვლოთ. უკვე ვისაუბრეთ, თუ რა დევს სასწორზე თქვენი ქვეყნისთვის, და მთელი დასავლეთისთვის ამ ომში. ანალოგიურად, მინდა გკითხოთ, საქართველოსთვის რა დევს დღეს სასწორზე?
რიჰარდ კოლსი: რასაც ვხედავ - როგორც გარედან დამკვირვებელი - არის ის, რომ საქართველო უხვევს გზიდან, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა ჰქვია. ეს არის გზა და მიზანი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, და ეს არის, რამდენადაც ვიცი, ქართველი ხალხის ამბიცია - რომ ერთ დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრები გახდნენ. ეს გზა არასდროს ყოფილა ადვილი, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში კი უფრო და უფრო ძნელად სავალ ბილიკად იქცა. ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგანიჭათ, მე ვიტყოდი, რომ ამაში გაგიმართლათ, მაგრამ ცხადია, რომ ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯებს არ გადადგამს არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, თუ სიტუაცია არ შეიცვლება. ის ინიციატივები, რომლებიც მთავრობისგან მოდის - მე მათ სხვას ვერაფერს დავარქმევდი, თუ არა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.
საუბრობენ უვიზო მიმოსვლის გაყინვაზეც - მე ვფიქრობ, რომ ამ გზას არ უნდა დავადგეთ, რადგან ვინ გამოვა დასჯილი, თუ ამას გავაკეთებთ? დასჯილი დარჩება ქართველი ხალხი.
რადიო თავისუფლება: როგორც [ახალ] ევროპარლამენტარს, გკითხავთ: როგორ გაართვა ამ ყველაფერს თავი ევროკავშირმა? და რას უნდა ველოდოთ ბრიუსელისგან მომავალში, რა რეაქციას? საუბრობენ, რომ განიხილება უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც კი - მართლაც ასეა?
რიჰარდ კოლსი: როგორც იცით, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შემოიტანოს ინიციატივა. ძნელია წინასწარმეტყველება, რა მოხდება, მაგრამ განწყობა ასეთია: გამორიცხული არაფერია, როდესაც საქმე საქართველოს შეეხება. ისმის სხვადასხვა მოწოდება, იდეა - მაგალითად, ინდივიდუალური სანქციების დაწესება მათთვის, ვინც ხმა მისცა და მიიღო ეს ე.წ. რუსული „აგენტების კანონი“. ბრიუსელის დერეფნებში ამას ნამდვილად განიხილავენ. საუბრობენ უვიზო მიმოსვლის გაყინვაზეც - მე ვფიქრობ, რომ ამ გზას არ უნდა დავადგეთ, რადგან ვინ გამოვა დასჯილი, თუ ამას გავაკეთებთ? დასჯილი დარჩება ქართველი ხალხი, ევროკავშირის რეპუტაციას კი ჩრდილი მიადგება. მაგრამ კიდევ ერთხელ - საბოლოოდ ყველაფერი კონსენსუსით უნდა გადაწყდეს, ყველა წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმდეს. მაგრამ ის სიგნალები, რაც ბრიუსელისგან მოდის, მეტია, ვიდრე უბრალოდ დიპლომატიური თითის დაქნევა.
ვთქვათ, მმართველმა პარტიამ წააგო და სხვამ მიიღო ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც ადრე მმართველ პარტიას ჰქონდა - ვითომ იმავეს არ უზამენ ოპოზიციას?
რადიო თავისუფლება: ასეთი კითხვა: ჩვენ კი გვესმის, რა დევს ჩვენთვის სასწორზე, რა შეიძლება დავკარგოთ, მაგრამ ევროპის გადმოსახედიდან როგორ ჩანს? მათაც თუ ესმით, რომ საქართველოს რუსულ ორბიტაზე უშვებენ?
რიჰარდ კოლსი: ვფიქრობ, თქვენი კითხვა არასწორადაა ფორმულირებული - ასე გამოდის, რომ ჩვენ ვუბიძგებთ საქართველოს, ზურგი გვაქციოს და რუსეთს მიუბრუნდეს. აქ მთავარ პრობლემად ვხედავ იმას, რასაც საქართველოს წყევლას დავარქმევდი - „გამარჯვებულს ყველაფერი“ პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას საქართველოში. და ეს პრობლემაა. ეს ცალსახად პრობლემაა. თუ ნამდვილი, ჩამოყალიბებული დემოკრატია გინდათ იყოთ, ამ პრინციპს უნდა დაეხსნათ. ახლაც კი - გასულ წელს - ოპოზიციურ პარტიებს შევხვდი და ერთმანეთში ვერ თანხმდებოდნენ სხვადასხვა თემაზე, აქ დასახელებას არ დავიწყებ... შეხვედრა დავტოვე განცდით, რომ - განა არსებობს მცირედი გარანტიაც კი, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებში - ვთქვათ, მმართველმა პარტიამ წააგო და სხვამ მიიღო ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც ადრე მმართველ პარტიას ჰქონდა - ვითომ იმავეს არ უზამენ ოპოზიციას? და ეს იმიტომ, რომ წარსული მაგალითები ამისკენ მიგვითითებს. შეიძლება აქ მენტალიტეტშია საქმე, არ ვიცი. მაგრამ ამ თემაზე უნდა მსჯელობდნენ პოლიტიკურ წრეებში - ვართ კი მზად, ამ [შიდა] უთანხმოებებს გადავაბიჯოთ და ერთად ვიმუშაოთ? მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერზე ვერ ვთანხმდებით? აი, მაგალითად, ლატვიაშიც მრავალპარტიული სისტემა გვაქვს. წინა პარლამენტში, ხუთპარტიიანი კოალიცია გვქონდა. ეს ადვილი არ არის. არ არის ადვილი.
რადიო თავისუფლება: და ალბათ არც სასიამოვნო.
რიჰარდ კოლსი: ნამდვილად არა, მაგრამ ესაა ფასი, რომელსაც იხდი. და ეს არის შენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. ასე ვხედავთ პოლიტიკური ცხოვრების მოწყობას ჩვენს ქვეყანაში.
ფორუმი