Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახმცოდნეობა, ზნეობის საფუძვლები, ომის პროპაგანდა - ახალი საგნები რუსულ სკოლებში


ვლადიმირ პუტინი ვლადივოსტოკის ერთ-ერთ სკოლაში. 2021 წ.
ვლადიმირ პუტინი ვლადივოსტოკის ერთ-ერთ სკოლაში. 2021 წ.

რუსეთის საშუალო სკოლები ახალი სასწავლო წლის დაწყებას მორიგი ახალი საგნებით შეხვდნენ. მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა გაკვეთილების ცხრილში აღმოაჩინეს ისეთი ახალი დისციპლინები, როგორებიცაა ОДНКНР (ოდნკნრ), ОБЗР (ობზრ) და ოჯახმცოდნეობა თუ მეოჯახეობა (Семьеведение).

როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ საგნებს არაფერი აქვთ საერთო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან. მათი ერთადერთი დანიშნულება ომის პროპაგანდა და პუტინის რეჟიმის მსახურებაა.

რა საგანია ოჯახმცოდნეობა/მეოჯახეობა და რას ნიშნავს ოდნკნრ (ОДНКНР) ან ობზრ (ОБЗР)?

რუსეთის სკოლებში „უცნაური საგნების“ დამატების პროცესი 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაჩქარდა. 2022 წლის 1 სექტემბრიდან საშუალო სკოლებში შემოიღეს ახალი საგანი „საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე“ („Разговоры о важном“). სიახლე უკავშირდებოდა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასა და მოსწავლეებში ე.წ. პატრიოტული გრძნობების გაღვივებას. ომთან და პუტინის რუსეთის ოფიციალურ იდეოლოგიასთან კავშირშია ახალი საგნებიც, რომელთა სახელები - აბრევიატურა - ასე იშიფრება:

  • ოდნკნრ (ОДНКНР) - რუსეთის ძირძველი ხალხების სულიერი ზნეობის საფუძვლები (Основы духовной нравственности коренных народов России)
  • ობზრ (ОБЗР) - სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლები (Основы безопасности и защиты Родины).

2024 წლის 1 სექტემბრიდან ამ საგნების სწავლება რუსეთის ყველა სკოლისთვის სავალდებულოა, განსხვავებით „მეოჯახეობისგან“, რომელიც ჯერჯერობით ფაკულტატიურად (ასარჩევ საგნად) არის შეტანილი სასწავლო პროგრამაში. განათლების სფეროს სპეციალისტების თქმით, ვითარებას ართულებს ის გარემოება, რომ ახალი საგნის (რუსეთის ძირძველი ხალხების სულიერი ზნეობის საფუძვლები) სახელმძღვანელოები და მზა სამუშაო პროგრამები ფაქტობრივად არ არსებობს, ამიტომ მასწავლებლებს მოუწევთ თემების ინდივიდუალურად მოფიქრება და დავალებების პრინტერზე ამობეჭდვა. კიდევ უფრო რთული ვითარებაა მეორე ახალ საგანთან (სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლები) დაკავშირებით, რადგან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სკოლის ჩვეულებრივმა მასწავლებელმა თავი გაართვას სამხედრო, საბრძოლო, ტაქტიკური, სახანძრო და სამხედრო-სამედიცინო მომზადების სწავლებას.

„ეს საგანი სკოლის მოსწავლეებს უნდა ასწავლოს ან ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილემ, ან თადარიგის ოფიცერმა. თუმცა ყველა მათგანი ვერ იქნება მასწავლებელი. დიდი ალბათობით, სკოლებში სამშობლოს დაცვის მოდულის სწავლებას ექნება ზედაპირული ხასიათი, თავად მასწავლებლების არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო“, - უთხრა „ნოვაია გაზეტა. ევროპას“ პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა ირინა ვორონცოვამ.

სპეციალისტები ყველაზე მეტ კითხვას სვამენ მეოჯახეობის თუ ოჯახმცოდნეობის პროგრამასთან დაკავშირებით. მათი აზრით, თემების ნაწილი (მაგ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში კანონიერების, ოჯახის როლის შესახებ) მოსწავლეებმა გაიარეს საზოგადოებათმცოდნეობაში, რომელშიც ბევრი საკითხი საგანმანათლებლო ხასიათის იყო და არწმუნებდა მოსწავლეებს მრავალშვილიანი ოჯახების შექმნისა და ქორწინების სიკეთეებში, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ რეჟიმში სწავლება სრულიად უსარგებლო და უიმედო ამბავია, რადგან ბავშვები ინტერესით აკვირდებიან მშობლებს, საზოგადოებაში არსებულ სოციალურ ნორმებს, თუნდაც მედიის მიერ გავრცელებულ ქცევის ნიმუშებს, მაგრამ მათ არანაირად არ აინტერესებთ ის, რაც სახელმძღვანელოში წერია ან, რასაც მასწავლებელი საკლასო ოთახში უყვებათ.

სკოლა - დემოგრაფიული ორმოს ამოვსების საშუალება

„ოჯახმცოდნეობის მთავარი ამოცანაა რუსეთში შექმნილი კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება ოჯახის როლსა და ნათესავებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრით, - ამბობს ნატალია ლოკტევა, არაკომერციული ორგანიზაციის „პატრიოტული და სულიერ-ზნეობრივი განათლების ხელშეწყობის ცენტრის, "ოჯახი და სამშობლოს" დირექტორი.

დამოუკიდებელი დემოგრაფების ცნობით, რუსეთში შობადობის კოეფიციენტი კრიტიკულ დონეზეა: რეპროდუქციული ასაკის (15-50 წ.) ერთ ქალზე საშუალოდ 1,4 ბავშვი მოდის, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ოჯახმცოდნეობის გაკვეთილებს ატარებენ როგორც მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატები, ასევე სასულიერო პირები, რომლებიც ბავშვებს ეუბნებიან, რომ ოჯახი იმისთვისაა, რომ სახელმწიფოს მისცეს ახალი მოქალაქეები და დამცველები. სამუშაო პროგრამის მიხედვით, ახალი საგნის მიზანია „ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებში ჩამოაყალიბოს ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების ერთგულება“.

რუსეთის ოფიციალური პირები დიდი ხანია განიხილავენ ასეთი დისციპლინის შექმნის საჭიროებას, როგორც ე.წ. ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდის გაძლიერების საშუალებას. ამ პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა. 2023 წელს რუსეთში სრულად აიკრძალა როგორც ლგბტ ადამიანთა უფლებების ადვოკატირება, ასევე ტრანსპერსონებისათვის სპეციფიკური სამედიცინო მომსახურება. ამის გამო ბევრი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთი.

რუსეთის მთავრობას 2024 წელი ოჯახის წლად აქვს გამოცხადებული. 5 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე იმაზე ილაპარაკა, თუ როგორ უნდა გახდეს „მოდური ბევრი შვილის ყოლა, როგორც ადრე იყო, როცა ოჯახები შვიდი, ცხრა, ათი ადამიანისგან შედგებოდა“.

2024 წლის თებერვალში, თათრეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, პუტინმა რუსეთში შექმნილ დემოგრაფიულ კრიზისს ასეთი ახსნა მოუძებნა:

„სიმდიდრისა და შემოსავლის ზრდასთან ერთად, ჩნდება სხვა ღირებულებითი სისტემები: განათლება, პოსტგანათლება, დამატებითი ცოდნის შეძენა. ბავშვის გაჩენას კი არავინ ჩქარობს“.

სპეციალური დემოგრაფიული ოპერაცია

რუსმა დემოგრაფებმა ირონიულად შენიშნეს, როგორც ჩანს, პუტინი ვერ ხედავს კავშირს დემოგრაფიულ კრიზისსა და ომს შორისო.

ვ. პუტინი ბესლანის N1 სკოლაში. 2024 წ.
ვ. პუტინი ბესლანის N1 სკოლაში. 2024 წ.

2024 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ახალი სული შთაბერა აბორტის საწინააღმდეგო კამპანიას. განიხილება აბორტის სრულად აკრძალვის შესაძლებლობა. ზოგიერთ რეგიონში კერძო კლინიკებმა თავად თქვეს უარი მსგავს მომსახურებაზე. სახელმწიფო მოხელეები (განსაკუთრებით რუსეთის რეგიონებში) ერთმანეთს ეჯიბრებიან შობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა შეღავათის მოფიქრებასა და შეთავაზებაში.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია წერს,13 სექტემბერს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკა-მათემატიკის ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორმა ალბერტ ბახტიზინმა განაცხადა: „სასურველი იქნებოდა, სპეციალური დემოგრაფიული ოპერაციის ფარგლებში რუსების სოფლად გადაყვანა დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ჟანა რიაბცევას თქმით, რუსმა ქალებმა 18 წლის ასაკში უნდა გააჩინონ პირველი შვილი.

სენატორმა მარგარიტა პავლოვამ მოუწოდა ქალებს, არ ფოკუსირდნენ უმაღლესი განათლების მიღებაზე.

რუსეთის ხელისუფლების დემოგრაფიული აღტყინების პარალელურად, ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები ხოცავენ როგორც ქალებს, ასევე ბავშვებს:

  • კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილმა მებრძოლმა სერგეი კოზლოვმა 18 წლის ორსულ ქალს დარია ვ.-ს თავში ურტყა ხმის გამაძლიერებელი, შემდეგ კი, როდესაც ქალი ძირს დაეცა, ფეხებით სცემდა და უყვიროდა, რომ არაა მისი შვილის დედობის ღირსი
  • უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილე ვლადიმირ ალექსანდროვმა მოკლა 11 წლის გოგონა, ნიჟნი ტაგილის მკვიდრი, ანასტასია იაკინა.
  • კუზბასში, უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილე ანდრეი ბიკოვმა მოკლა 12 წლის გოგონა.
  • ლიპეცკში ომის მონაწილე ვლადიმირ ვლასოვმა სასიკვდილოდ სცემა 4 წლის გერს.

არადა, ომის ვეტერანებს ხშირად იწვევენ სკოლის მოსწავლეებთან გაკვეთილის - „საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე“ - ჩასატარებლად.

დმიტრი ციბირევი, ნავალნის შტაბის ყოფილი კოორდინატორი და განათლების სფეროს ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ახალი საგანი „ოჯახმცოდნეობა“ ომის პროპაგანდის ნაწილია. ციბირევი პროექტის „Не норма“ (არა ნორმა) ფარგლებში აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ტარდება ომის მხარდამჭერი გაკვეთილები რუსულ სკოლებში და როგორ ასწავლიან ახალ საგანს.

„სკოლებს ჯერ არ აქვთ გააზრებული, თუ როგორ უნდა ასწავლონ ეს საგანი. სპეციალისტები არ ჰყავთ. ზოგან ამ საგანს ასწავლიან დირექტორის მრჩევლები აღმზრდელობით საკითხებში, ზოგან დეპუტატები და მღვდლები ატარებენ გაკვეთილებს. ბავშვებს ექსკურსიებზე ე.წ. მმაჩის - მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩასაწერ ბიუროში დაატარებენ. ვაკვირდებით სიტუაციას და დარწმუნებულნი ვართ, რომ „ოჯახმცოდნეობა“ გადაიზრდება ომის პროპაგანდაში, რომელიც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს სკოლებში. ბავშვებს თავს მოახვევენ ქცევის გენდერულ მოდელებს: ბიჭებს ეტყვიან, რომ უკრაინაში სამშობლოს დაცვით უნდა დაიცვან ოჯახები, ხოლო გოგონებს ეტყვიან, მოთმინებით დაელოდონ ომში წასულ საქმროებს“, - უთხრა დმიტრი ციბირევმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.

დმიტრი ციბირევი
დმიტრი ციბირევი

განათლების სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მეოჯახეობის (ოჯახმცოდნეობის) სწავლების მიზანი, საბოლოო ჯამში, შობადობის გაზრდაა, რაც უნდა უნდა უზრუნველყოს მოზარდებში სექსუალური განათლების ნაკლებობამ, კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ და აბორტის დაგმობა-აკრძალვამ. ოჯახმცოდნეობის გაკვეთილებზე ხდება ადრეული ქორწინებისა და ორსულობის პროპაგანდა (უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების საპირწონედ)

"როგორც ჩანს, სწორხაზოვანი ნარატივები პატრიოტიზმსა და გმირობაზე, სამშობლოს მსახურებასა და მისთვის სიცოცხლის გაწირვის აუცილებლობაზე, არც ისე კარგად მუშაობს. შესაბამისად, გადაწყვიტეს ახალი პროპაგანდისტული ინსტრუმენტის დანერგვა - ოჯახის გავლით, ოჯახურ საქმეებში ჩარევით, ოჯახში გენდერული როლების განაწილებით, რომლის ფარგლებშიც ბიჭი სხვა არავინაა, თუ არა სამშობლოს დამცველი ჯარისკაცი“, - ამბობს დმიტრი ციბირევი, რომლის თქმითაც, რუსეთის მთავრობა ცდილობს „ოჯახისა“ და „ომის“ ცნებების შერწყმას, რათა მოზარდებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობით სიცოცხლეს სწირავენ საყვარელი ადამიანებისთვის:

„იგივე მღვდლები, რომლებიც ახლა „ოჯახმცოდნეობის“ გაკვეთილებზე შედიან, ცოტა ხნის წინ, ომის მონაწილეებთან ერთად, ატარებდნენ „მამაცობის გაკვეთილებს“, რომლებზეც ბავშვებს უნერგავდნენ სამშობლოსთვის სიცოცხლის გაღების აუცილებლობას. პროპაგანდის მთავარი სამიზნე მოზარდები არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი მათგანი წავა ჯარში, სადაც დიდი ალბათობით იძულებულნი იქნებიან გააფორმონ კონტრაქტები. დაბალი კლასების ბავშვებს აჩვევენ ომის მხარდაჭერას, ხოლო მაღალი კლასების მოსწავლეებს ამზადებენ ომში მონაწილეობისთვის“.

რატომ ატარებენ ამ გაკვეთილებს მღვდლები და არა - ფსიქოლოგები?

ამ კითხვის პასუხად სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთის მთავრობა არ მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ახალი საგნების გაკვეთილებზე მოსწავლეებს იმას კი არ ასწავლიან, თუ როგორ შექმნან პარტნიორული ურთიერთობა, დაამყარონ კომუნიკაცია, დაიცვან თავიანთი საზღვრები და პატივი სცენ სხვებისას, ყური მიუგდონ როგორც საკუთარ, ასევე სხვის გრძნობებს და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, არამედ ასწავლიან ე.წ. პატრიოტიზმსა და ტრადიციულ ღირებულებებს, რამაც რეჟიმი მორჩილი და ერთგული მხარდამჭერებით უნდა მოამარაგოს.

„ძალიან მაწუხებს მეოჯახეობის (ოჯახმცოდნეობის) გაკვეთილები, როგორც პროპაგანდის კიდევ ერთი მცდელობა ჩაერიოს ოჯახების შიდა საქმეებში. მშობლებს ვურჩევთ, ყურადღება მიაქციონ, რა ფორმით ტარდება ეს გაკვეთილები და რა ინფორმაციას მიიღებენ იქ მათი შვილები. ჩვენი აზრით, ეს გაკვეთილები, ისევე როგორიც „საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე“ და „მამაცობის გაკვეთილები“, თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ამ საგნებში პროპაგანდის გარდა არაფერია“, - უთხრა დმიტრი ციბირევმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG