Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ცვლის, თუ ევროკავშირის ნაცვლად ევროპას იტყვი - "ოცნების" წინასაარჩევნო მესიჯები


"ქართული ოცნების" ახალი პარტიული ოფისის გახსნისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიება. 16 ივლისი, 2024 წელი.
"ქართული ოცნების" ახალი პარტიული ოფისის გახსნისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიება. 16 ივლისი, 2024 წელი.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის სთავაზობს; კვლავ დასავლელი პარტნიორების ზეწოლაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ არ გეგმავს „მხოლოდ და ოღონდ“ ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ოცნების“ მილიარდერი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ერთი წელიწადის გადატანასა და დროის მოგებაზე ლაპარაკობს, რის შემდეგაც, მისი თქმით, დასავლეთთან ურთიერთობებიც დალაგდება. ექსპერტები კი ამ მოწოდებების უკან ხედავენ - უარს ევროკავშირზე და რუსეთთან დაახლოებას.

„ოცნების“ რიტორიკაში ისევ რჩება „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც რუსეთის ნაცვლად ადანაშაულებს და 2008 წლის აგვისტოს ომის დამკვეთად ასახელებს.

მეთვალყურეები დიდ სხვაობას ვერ ხედავენ ბიძინა ივანიშვილის 16 ივლისისა და 29 აპრილის გამოსვლებს შორის. მაშინ, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა „აგენტების კანონის“ დამცველთა სახელისუფლებო კონტრაქციაზე, რუსთაველის გამზირზე. მისი ეს გამოსვლა პარტნიორებმა დეზინფორმაციის ნათელ მაგალითად შეაფასეს.

ახალი სლოგანი

16 ივლისს, ახალი პარტიული ოფისის გახსნისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიებაზე, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერმა გაიმეორა ახალი სლოგანი - მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით დაეთილდღეობით ევროპისკენ“ [გაჟღერდა ასეთი ვარიანტიც - „მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ“]

„ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განმარტავს, სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნება“ ძველებურად აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებას შეძლებს და, რომ ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად - საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სრულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა 16 ივლისს.

მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას მან ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისა და მისი ევროპული მომავლის საწინდარი“ უწოდა.

ომისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა კი, კვლავ „გლობალური ომის პარტიას“ მიეწერა. რიტორიკა ამ მხრივ უცვლელია. 2008 წლის აგვისტოს ომსაც, „ოცნება“ ისევ „გლობალური ომის პარტიის“ დაკვეთად წარმოაჩენს.

„გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიურინაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა 16 ივლისს და „გლობალური ომის პარტიის ლობისტები“ ჩამოთვალა: სააკაშვილი, გვარამია, ზურაბიშვილი [პრეზიდენტი], ხაზარაძე, გახარია, ბოკერია და სხვებიო.

გამომსვლელები, ყველაზე ხშირად, სლოგანიდან სიტყვა „ღირსება“-ს ამბობდნენ.

„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც, თითოეულ მოქალაქეს, მთელ საზოგადოებას და ქვეყანას ღირსება დავუბრუნეთ“, - თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

ახალი სლოგანის მესამე აქცენტის - „კეთილდღეობის“ - შესახებ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული დაპირებები არ ჩამოუთვლია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 წლის მანძილზე მიღწეულ შედეგებში ჩამოთვალა: „ეკონომიკური გარდატეხა“ [„ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა“], „ეკონომიკის უპრეცედენტოდ სწრაფი ზრდა“.

„ეს არის ლიტონი სიტყვები და მეტი არაფერი. მათი ამ სიტყვების უკან სიცარიელეა“, - გვეუბნება „ოცნების“ სლოგანის შესახებ „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი - კახა გოგოლაშვილი და განმარტავს, რომ მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას დღეს ევროკავშირი განასახიერებს, „ქართული ოცნება“ კი - ევროკავშირზე თანდათან სულ უფრო მკაფიოდ ამბობს უარს.

„ევროპისკენ მივდივართო - ეს სლოგანში შემოინახეს იმიტომ, რომ იციან, მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ნელ-ნელა აჩვევენ - ბოლოს [სლოგანიდან] მაგ სიტყვასაც მოაშორებენ. ახლა არ უნდათ, რომ ღიად დაუპირისპირდნენ საქართველოს მოქალაქეების 30-წლიან სწრაფვას. საქმით უპირისპირდებიან და უკვე ბევრი რამ გააფუჭეს [ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია - განაცხადა ევროკავშირმა]“, - ეუბნება კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას.

„მხოლოდ და ოღონდ“ გაწევრიანება

ახალი ოფისის გახსნისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ „არასოდეს ყოფილა სულსწრაფი“, „არ ეძიებდა წამიერ და მყიფე შედეგებს“, „ისახავდა გრძელვადიან და მდგრად მიზნებს“ და ამიტომ გახდა შესაძლებელი: ასოცირების შეთანხმება, სავიზო ლიბერალიზაცია თუ კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროპაში არსებული სკეპტიციზმის მიუხედავად.

„ჩვენივე ისტორია გვასწავლის, ქვეყნის ცხოვრებაც ადამიანის ცხოვრებასავით არის - სადაც მოჩქარეს ყოველთვის მოუგვიანდება“, - ამბობს პაპუაშვილი.

ასევე აღნიშნავს, რომ „როგორც ევროპული ცივილიზაციის თანამონაწილე“, საქართველო თავად არის ევროპა; მაგრამ სხვა საკითხია ევროკავშირში გაწევრიანება:

„ჩვენ არ ვესწრაფვით მხოლოდ და ოღონდ წევრობას [ევროკავშირში]. ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი ეროვნული როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ დაგვიკარგავს. ჩვენ გვინდა გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი კულტურულად და ეკონომიკურად და არა უბრალოდ შევერიოთ მას“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ივლისს გაიმეორა თეორია, რომ - „გლობალური ომის პარტიის ძალისხმევით საქართველოს სრულიად უსამართლოდ არ მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი [2022 წლის ივნისში ], რითაც ქვეყანა წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში აცხოვრეს“.

„ოცნება“ კვლავაც იმეორებს, რომ ევროკავშირში მხოლოდ ღირსეულად გაწევრიანებას უჭერენ მხარს.

„როდესაც შენ შედიხარ ევროკავშირში, ბუნებრივია, შენ გთხოვენ კონკრეტული პირობების შესრულებას, რომლებიც შენ უფრო უკეთესს გაგხდის... დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ევროკავშირში, უღირსად გაწევრიანდნენ?!“, - რიტორიკულ შეკითხვას სვამს კახა გოგოლაშვილი.

მეთვალყურეები შენიშნავენ, რომ - სლოგანში არ არის ნახსენები ევროკავშირი და მითითებულია მხოლოდ ზოგადად სვლა - ევროპისკენ.

გადასატანი ერთი წელიწადი

„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა. ის ფიქრობს, რომ ერთ წელიწადში:

  • „ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები“, ისე „ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ“;
  • „უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება“;
  • და „როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება“;
  • „საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება“.

„მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ“, - ამბობს ივანიშვილი და განმარტავს: დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე „გლობალური ომის პარტიის“ „მნიშვნელოვანი გავლენა“ ქართულ საზოგადოებას უტოვებს აღქმას, რომ საქართველოს კონფლიქტი ამერიკის სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან აქვს.

„ყალბი იმედის შექმნა“ - ასე ხსნის ერთწლიანი მოთმინების ვადის დაწესებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. ის ივანიშვილის განცხადებებში რუსეთთან კოლაბორაციის სურვილს ხედავს:

„[ივანიშვილმა თქვა, რომ] რაღაც შეიცვლება ევროპასა და ამერიკაში - ანუ ჩვენ კი არ უნდა შევიცვალოთ, ისინი უნდა შეიცვალონ და როცა დამყარდება მშვიდობა უკრაინაში, იგულისხმება - რუსეთის პირობებით, ანუ უკრაინა დათმობს დონბასს, ყირიმს, აღმოსავლეთ ნაწილს, დამყარდება მშვიდობა და, რომ იქამდეა საჭირო დაცდა და მერე ჩვენც წყნარად მოვაწერთ ხელს რუსეთთან [გეორგიევსკის] ტრაქტატი 2-ს“, - გია ხუხაშვილი გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი „დღემდე ჯიუტად ცდილობს გახდეს ერეკლე მეორე, რომელიც იძულებული გახდა, რომ რუსეთთან შეთანხმებაზე ხელი მოეწერა“.

„ეს არის მთელი მისი [ბიძინა ივანიშვილის] თამაში და ძალიან გამჭვირვალედ ჩანდა მის გამოსვლაში“, - აღნიშნავს ხუხაშვილი და სრულიად უსაფუძვლოდ თვლის იმედების დამყარებას აშშ-ის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე:

„ამ ვირეშმაკული პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც „ოცნება“ აპირებს, ტრამპი უკვე დიდი ხნის წინ ძალიან ხისტად იმოქმედებდა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. დემოკრატები უფრო რბილად, გაფრთხილებებით მოქმედებენ“.

კახა გოგოლაშვილის აზრით, „ოცნება“ ფსონს დებს და იმედს ამყარებს ისეთ მომავალზე, როცა ევროპაში ლიბერალურ დემოკრატიას ავტოკრატია ჩაანაცვლებს.

„მათ [„ოცნებას“] დიდი იმედი აქვთ, რომ ევროკავშირი დაიწყებს დაშლას და აღარ იქნება საჭირო მსჯელობა ევროკავშირში გაწევრიანებასა და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაზე. როცა არ იქნება საჭირო არანაირი პირობების შესრულება და ძალაუფლების დათმობა... ფიქრობენ, რომ ასეთი სამყარო იქნება ერთ წელიწადში“, - ამბობს გოგოლაშვილი.

საკონსტიტუციო უმრავლესობა

16 ივლისს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 60% უჭერს მხარს და მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს.

განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება მოქმედ ხელისუფლებას, მისი თქმით, იმისთვის სჭირდება, რომ საბოლოოდ დაასრულოს „ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში“. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ამომრჩეველთა მაღალი მხარდაჭერის შემთხვევაში - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისა და დასრულების პირობას დებს.

ოპოზიციის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკვლევა აჩვენებს, რომ - მმართველი პარტია უბრალო უმრავლესობითაც ვერ იმარჯვებს. ოპოზიციური პოლიტიკური რეიტინგების ჯამი აღემატება „ქართული ოცნების“ რეიტინგს.

„მე ეს კარგად ვიცი, ბიძინა [ივანიშვილი] როგორ ითვლის რეიტინგს: თავის რეიტინგს კი არ ითვლის, ითვლის სხვა პარტიების რეიტინგს და რაც იმათი არ არის, ყველაფერი ჩემიაო - აი, ასე ითვლის. დათვალეს ალბათ, რომ ოპოზიციის ჯამური რეიტინგი არის 40% და ჩათვალა, რომ დანარჩენი 60% მათია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული იყო და კარგად იცნობს „ქართული ოცნების“ სამზარეულოს.

ირაკლი კობახიძემ, 16 ივლისს, გამოსვლისას თქვა, რომ „ქართული ოცნება“ სულ მცირე კიდევ 12 წელი იქნება ხელისუფლებაში.

„დემოკრატია თავისთავად რომ გულისხმობს ხელისუფლების პერიოდული ცვლილების პრიორიტეტს, კარგი ხელისუფლების შემთხვევაშიც კი - ამაზეც უკვე უარს ამბობენ ... ეს არის უპასუხისმგებლო და ანგარიშვალდებულებას მოკლებული ხელისუფლება, რომელსაც უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება კიდევ 12 წელი... პუტინსაც უნდა ასე - ერთი 12 წელი კიდევ იყოს ხელისუფლებაში“, - გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG