მილერი აღნიშნავს, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, თუმცა საქართველოს მთავრობამ სხვა გზა აირჩია.
"საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. დავინახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს. როგორც ისაუბრეთ კანონზე, რომელიც მათ მიიღეს და ეფექტებზე, რომლებიც მას შეუძლია ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოებაზე და შეუძლია მთავრობას ზეწოლის საშუალება მისცეს კანონიერ დემოკრატიულ უფლებებზე.
საქართველოს მთავრობის ქმედებებმა საფუძვლიანად შეცვალა აშშ-სთან ურთიერთობები და არა მხოლოდ, ევროპის ქვეყნებთანაც”, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ერთი დღით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომენტარს, რომელშიც იგი ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის [...]“.
"არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს", - პასუხობს მილერი ჟურნალისტს და აგრძელებს: "სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ, რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ გაგრძელდება. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები ფაქტების გაგებამდე, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი".
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ დემონსტრაციებზე: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები კანონს ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
ფორუმი