Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" და მისი მოკავშირეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. 6 აპრილი, 2023 წელი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. 6 აპრილი, 2023 წელი.

„ოცნება“, მისი განაყოფი - „ხალხის ძალა“, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთმანეთის მსგავსი განცხადებებით უპირისპირდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, მოსამართლეთა სანქცირების შემდეგ. დაძაბულობა სცდება მართლმსაჯულების სფეროს და საგარეო პოლიტიკის სიბრტყეში გადადის.

თბილისი ძველ მესიჯებს ახლებური, კონფრონტაციული ტონით იმეორებს: აშშ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას ცდილობს, სახელმწიფო დეპარტამენტი მართლმსაჯულების სისტემაში ერევა, მოსამართლეთა სანქცირების მიღმა „გლობალური ომის პარტიის“ კორუფციული სქემები დგას; ხოლო ყველაფერი ეს - საქართველოს ომში ჩართვას, „მეორე ფრონტის“ გახსნას უკავშირდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთ ყოფილ და სამ მოქმედ მოსამართლეს - სასამართლო სისტემის თანამდებობის პირებს, დაუწესა სავიზო შეზღუდვა „მნიშვნელოვანი კორუფციის“ ფაქტების გამო. 5 აპრილს გასაჯაროებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ ვაშინგტონში ეს გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოდ მიიღეს. ოპოზიცია მოსამართლეთა კორუფციული საქმიანობის ფაქტების შესასწავლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

"ურთიერთობებს დააზიანებს“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მწვავე განცხადებების ფონზე, 6 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პასუხი პირდაპირი გზით მოსთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ვრცელ წერილში, რომელსაც მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აწერს ხელს, უდიდესი ადგილი წინა ხელისუფლების მწვავე კრიტიკასა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიღწევების აღწერას ეთმობა და აქვე ნათქვამია, რომ სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობებში აქტიურობდნენ „ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები“.

ასეთი ახსნა-განმარტებები მანამდეც არაერთხელ მოუსმენიათ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც, ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან, ხშირად ლაპარაკობენ ქართული სასამართლო სისტემის პოლიტიზებასა და ძირეულად რეფორმირების აუცილებლობაზე.

დასკვნის სახით, ილია დარჩიაშვილი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სწერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით, „სრულიად გაუგებარი და მიუღებელი“ გადაწყვეტილება „ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე“ გაასაჯაროვა და ახლა ორი გზა არსებობს - „სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას“; სხვა შემთხვევაში - მინისტრი დარჩიაშვილი, მათ შორის - ქართველი ხალხის სახელითაც, ამერიკას არასახარბიელო შედეგზეც მიანიშნებს.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, - ვკითხულობთ ილია დარჩიაშვილის მიერ ხელმოწერილ ტექსტში.

„ძალიან უხერხული, ძალიან უსიამოვნო, სრულიად სამარცხვინო“, - ასე ახასიათებს ენტონი ბლინკენისთვის თბილისიდან გაგზავნილ წერილს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე. გვეუბნება, რომ წერილში იგრძნობა კონფრონტაციული ტონი და მუქარა, რაც „დიპლომატიის ფარგლებს სცილდება“.

გიგიაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ჩვეული ნარატივითა და წარსულზე ლაპარაკით გაჯერებული წერილი „სერიოზულ ყურადღებას არ დაიმსახურებს სახელმწიფო დეპარტამენტში“.

„ამ წერილში იგრძნობა აგრესია, დამდგარი ფაქტის [მოსამართლეთა სანქცირება] მიუღებლობა, საკუთარი ბრაზის, ნეგატიური დამოკიდებულების დაფიქსირების მცდელობა... ეს არის იგივე ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე - ჯერ დაიწყეს ევროპარლამენტარებზე შეტევით, მერე შეერთებულ შტატებზე და ასე შემდეგ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიგი გიგიაძე, რომელიც თითქმის დარწმუნებულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მესიჯები "ოცნებიდან" მიაწოდეს.

ვიდრე დარჩიაშვილის წერილი გამოქვეყნდებოდა, აშშ-ის საელჩომ „სანდო“ უწოდა „სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის - ღია წყაროებიდან“ მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილებას. თუმცა ამერიკული მხარე არ აპირებს, რომ მიაწოდოს მოპოვებული მასალები საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებს, რადგან თვლის, რომ „კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა“.

„მივიღეთ სანდო ინფორმაცია, რომ მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით, რაც აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ვებსაიტზე“.

"სუვერენიტეტის ხელყოფა", "სასამართლოს მიტაცება", "ომში ჩართვა"

5 აპრილს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს „ნული მტკიცებულება“ აქვს სანქცირებულ მოსამართლეთა შესახებ გახმაურებულ ბრალდებებზე, რომ ეს ყველაფერი „გლობალური ომის პარტიის“ მიერ არის ორგანიზებული და ამ პროცესში თავად ენტონი ბლინკენიც კი „გასვარეს“.

კობახიძემ ამ ინტერვიუში ისევ ილაპარაკა საქართველოს ომში ჩართვის განზრახვაზე, რომელსაც ის სწორედ „გლობალური ომის პარტიას“ მიაწერს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინის გააქტიურებასაც, უწინდელივით, ამავე პროცესის ნაწილად განიხილავს.

„ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ სანქციებს „დამოუკიდებელ სასამართლოში“ ჩარევის მიზანი აქვს და არსებობს „ბევრი სხვა თემა“, „მათ შორის - სატელეფონო საუბრებში, რას ითხოვდნენ ჩვენგან [სავარაუდოდ, ამერიკელები - რ.თ.]“, რომელზე ლაპარაკის დროც „შეიძლება მომავალში დადგეს“.

ამ პასაჟთან მიმართებით ოპონენტებმა გაიხსენეს ე.წ. სუსის ფაილები, როცა აღმოჩნდა, რომ ფარულად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - დიპლომატებსაც უსმენდნენ.

„წესებით დაგველაპარაკონ! ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა. ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით! ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე, ჩვენ დავიცავთ სუვერენიტეტს და ჩვენ დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია“, - ასეთია კობახიძის გზავნილი აშშ-სთვის.

ასევე საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და „სასამართლოს მიტაცების“ საფრთხეებზე ილაპარაკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აწ უკვე სანქცირებულმა წევრმა, მოსამართლე ლევან მურუსიძემ, 6 აპრილს, სწორედ იმ დარბაზში, სადაც - საბჭოს თავმჯდომარე და წევრები იყვნენ შეკრებილი.

„აშშ-ის საელჩოს აქვს გამალებული მცდელობა, წლებია უკვე, იმასთან დაკავშირებით, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება... არ არის მნიშვნელოვანი, ლევან მურუსიძეს სანქციები ექნება თუ არ ექნება, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საელჩომ, არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა“, - თქვა მურუსიძემ და დასძინა, რომ ამას აშშ სხვა ქვეყნებშიც აკეთებს.

მესამე სექტორი და ექსპერტები ლევან მურუსიძეს, უკვე წლებია, „სასამართლოს კლანს“ უკავშირებენ; თავად მურუსიძემ კი, ახლო წარსულში - საკუთარი თავი სასამართლოს „ლიდერად“ მოიხსენია.

აღმოჩნდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსი მოთხოვნა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც. „ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან“, - თქვა 6 აპრილს, საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.

სასამართლო სისტემის მმართველი რგოლის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმირება აშშ-ისა და ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაა, რომელიც, უკვე წლებია, შეუსრულებლად რჩება. ეს მოთხოვნა კვლავ არის ხაზგასმული ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტს უკავშირდება.

„ომი არ იქნება!“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა მოსამართლეების სანქცირებას, 5 აპრილს, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, სკანდალური განცხადებებით ცნობილი, დიმიტრი სამხარაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მან „საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა!“, „უსამართლობა“ და „ცინიზმი“ უწოდა. მანვე 6 აპრილს დაწერა, რომ „ომის პარტია მთავრობისგან ითხოვს ომის დაწყებას“, მათ შორის - „ეკლესიის განადგურებაზე“, „მომავალი თაობის გარყვნაზე“ ხელის აღების სანაცვლოდ, ანდა „ამერიკის ვიზისთვის“. დეპუტატი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხალხის აზრია; თუმცა ოპონენტები შენიშნავენ, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნის ვერსიას ხალხს თავად ხელისუფლება, უკვე კარგა ხანია, ახვევს თავს.

ენტონი ბლინკენს გადაწყვეტილება დაუწუნა გურამ მაჭარაშვილმაც. „ოცნების“ განაყოფისა და მოკავშირის - „ხალხის ძალის“ დეპუტატმა 6 აპრილს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას ქართული მართლმსაჯულების გაკონტროლების მიზანი ამოძრავებს; გაიხსენა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საკითხზე, აშშ-ის საელჩოსთან ძველი დაპირისპირების ეპიზოდი და ისიც თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მხრივაც „ძალიან დიდი მცდელობაა“.

როგორ უნდა დადგინდეს სიმართლე?

„ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემაში კორუფციის ფაქტებს არ აღიარებს და, შესაბამისად, არაფრის გამოძიებას არ ითხოვს.

საპარლამენტო ოპოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და ეს იდეა, 6 აპრილს, პარტიისა თუ ჯგუფის კუთვნილების მიუხედავად, დეპუტატებმა ერთობლივ ბრიფინგზე გაახმაურეს. ისინი სანქციებს განიხილავენ ლოგიკურ შედეგად იმისა, რომ მათ შორის - წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ყურს არ უგდებდა საერთაშორისო პარტნიორების რჩევებსა და რეკომენდაციებს, სისტემის ძირეულ რეფორმირებასთან დაკავშირებით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თუკი სხვა გზა აღარაფერი დარჩება, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამაც“ განიხილოს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი; მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი საჭიროება არ ჩანს.

სასამართლო სისტემაში კორუფციის ფაქტების მოსაძიებლად, ჩვენთან საუბარში, ხელისუფლებას გუგლის საძიებო სისტემის გამოყენებას ურჩევს „დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის“ წარმომადგენელი, კახა წიქარიშვილი, რომელიც ხშირად ლაპარაკობს სასამართლოში „კლანის“ არსებობის შესახებ.

ის ამბობს, რომ „ოცნებისა“ და კლანის ბედი, 2015 წლიდან, ერთმანეთთან იმდენად მტკიცედ არის გადაჯაჭვული“, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, უმრავლესობას „ერთადერთი მიზანი ექნება, რომ ჩიხში შეიყვანოს გამოძიება და დამალოს არსებული ფაქტები“.

დაზარალდება თუ არა საქართველო?

გიგი გიგიაძე იმედოვნებს, რომ ვერც სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართ ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულება და ვერც საერთაშორისო პარტნიორებთან კონფლიქტი, ვერ შეუშლის ხელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მოელის, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის მსგავსად, საქართველოს შემთხვევაშიც, სტატუსი მიენიჭება „ხალხს და არა ხელისუფლებას“ და „შესაძლოა მსგავსი ჩანაწერიც ვნახოთ საქართველოზე, რაც იყო ბოსნია-ჰერცეგოვინის შემთხვევაში“.

„ზოგადი აღქმა, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, არის ის, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მაქსიმალურ მხარდაჭერას - აი, ამ რთულ პერიოდში, როდესაც მმართველი გუნდი და საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ შემოაბრუნოს ქვეყნის პროევროპული, პროდასავლური კურსი - დავკარგოთ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი და საბოლოოდ დავბრუნდეთ რუსულ ორბიტაზე“, - გვეუბნება გიგიაძე, რომელიც თითქმის დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მიერ წამოწყებულ სანქცირების პროცესს ევროკავშირიც შეუერთდება და შესაძლოა, სანქცირებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG