აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პასუხობს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ "ბევრი სხვა თემაც აქვთ, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რასაც ითხოვდნენ". კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა ჩანაწერს.
"არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი. საუბრების მოსმენებზე? ყველა ქართველი იქნება ძალიან შეშფოთებული, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. არ ვიცი, რაზე საუბრობს...", - ასე უპასუხა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "მთავარი არხის" ეთერში, მათივე სინქრონული თარგმანის მიხედვით.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების საკითხზე გუშინ, 5 აპრილს, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა. მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „ის გასვარეს" ასეთი განცხადების დადებისას.
მანვე მუქარისშემცველი განცხადებაც გააკეთა და თქვა, რომ აქვს ინფორმაცია, "მათ შორის, სატელეფონო საუბრებში რასაც ითხოვდნენ" ამერიკელები.
"დანაშაულია ჩადენილი და რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი, ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ ან საზოგადოებას მაინც უთხრა. საზოგადოებას რატომ უმალავენ? კაი, „ენჯიოების" გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და უთხარი საზოგადოებას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული. რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა. ეს თემები ჩამოვთვალე მე, რაც მეტყველებს საპირისპიროდ, რომ არის პოლიტიკური ინტერესი, მოხდეს დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევა.
ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი, დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, შეიძლება, მომავალში დადგეს ამის დრო, ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის, სატელეფონო საუბრებში რასაც ითხოვდნენ და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. მე მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები. ჩვენი პრინციპია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით, ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე", - თქვა კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.