Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში" - კობახიძე მოსამართლეებისთვის სანქციების დაკისრებაზე


პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესახებ ილაპარაკა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „ის გასვარეს" ასეთი განცხადების დადებისას.

„მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით, მე პირდაპირ ვიტყვი, აქ კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში. ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში ფული არ იგულისხმება, როგორც მოგეხსენებათ, მარტო. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის არის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი. ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი მძიმე დოკუმენტები, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს", - თქვა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა ასევე საქართველოს სასამართლოს სტიგმატიზების მცდელობის შესახებ.

„შეგახსენებთ, რომ სასამართლოს სტიგმატიზაციის მცდელობა წარმოებს მთელი ამ დროის განმავლობაში, ძირითადად, უცხოელი აგენტების ხელით, მაგრამ არა მარტო, მაღალ დონეზეც აწიეს ეს ყველაფერი. ტერმინები გამოიყენება, მათ შორის, „კლანი“; ახლა ახალი ტერმინი შემოიტანეს, „კორპორატივიზმი“ და ა.შ. ეს არის სტიგმატიზაციის მცდელობა. საბჭოური მეთოდებით ცდილობენ, „დაბრენდონ“ სასამართლო სისტემა. აქაც არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა, დამოუკიდებელ მოსამართლეზე ზეწოლა", - განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძე მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს და მიიჩნევს, რომ ასეთი დამოკიდებულება არასერიოზულია.

„რაც შეეხება მტკიცებულებებს, ნული მტკიცებულება, გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი, ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ ან საზოგადოებას მაინც უთხრა. საზოგადოებას რატომ უმალავენ? კაი, „ენჯიოების" გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და უთხარი საზოგადოებას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული. რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა", - აღნიშნა დეპუტატმა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დაამატა: „ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კორუფციული პროცესები უდევს საფუძვლად".

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი განმარტავს იმ მიზეზს, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება. დეგნანმა ამ საკითხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".

XS
SM
MD
LG