ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე პირველ კომენტარს აკეთებს. მას ტელეკომპანია "მთავარი არხი" ესაუბრა.
"უჰ, არა უშავს, ცხოვრება გაგრძელდება... არ მეკუთვნის დასანქცირება. თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ?! ძალიან ცუდი იქნება პირადად ჩემთვის, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. მაგრამ ნამდვილად არ ჩამიდენია ისეთი არაფერი, რომ დასანქცირება მეკუთვნოდეს...
უსამართლობაა, მაგრამ რომ ვთქვა, მუხლები ამიკანკალდა და რამე... არც ანგარიშები არ მაქვს არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი არ დამირღვევია. თუ ახლა აშშ-ში ან ევროკავშირში არ შემიშვებენ, არც ბაბუაჩემს არ უვლია. უცხოვრია ადამიანურად და კაცურად და გადაუტანია", - თქვა მურუსიძემ.
დღეს, 5 აპრილს, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".