Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა საქართველოს 4  მოსამართლეს სანქციები დაუწესა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. როგორც სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელი სახით:

"დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. Ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად", - წერია განცხადებაში.

სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში პრობლემებია, რადგან არსებობს ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი. ეს ორი მოსამართლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - უწყებაში, რომელიც უვადოდ ნიშნავს მოსამართლეებს - 2022 წლის 23 ოქტომბერს დაბრუნდა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა დამატებით განმარტა ამ სანქცირების მიზეზი. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".

მიხეილ ჩინჩალაძე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე; ირაკლი შენგელიას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია; ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია; ვალერიან ცერცვაძე კი ყოფილი მოსამართლეა, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

XS
SM
MD
LG