შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს:
„მნიშვნელოვანი კორუფციის გამო, დღეს საქართველოს ხელისუფლების ოთხ, - როგორც ყოფილ, ისე მოქმედ, - წარმომადგენელს ავუკრძალე შეერთებულ შტატებში შესვლა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის გასაუმჯობესებლად“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. ესენი არიან:
- ლევან მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
- მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;
- ირაკლი შენგელია - ჩინჩალაძის მოადგილე;
- ვალერიან ცერცვაძე - იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩამოთვლილ პირებს გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.
განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ბლინკენი ასევე წერს:
„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას“.
„უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას“? - აშშ-ის საელჩო საქართველოში ამ კითხვაზე პასუხად წერს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს“.
ერთ-ერთმა სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ არ იმსახურებს დასანქცირებას, მაგრამ „ცხოვრება გაგრძელდება“.