კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ბოსი, ვლადიმირ სოლოვიოვი საქართველოს და მის სუვერენიტეტს ხშირად ესარჩლება და “ქართული ოცნების” მესიჯებს იმეორებს.
არადა, ჯერ კიდევ თებერვალში, იმაზე წუხდა, რომ რუსეთმა 2008 წელს “საქართველოს პრობლემა არ გადაჭრა” და თბილისი არ აიღო.
მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში “უცხოეთის აგენტების” კანონი შემოაბრუნა, სოლოვიოვი მოლბა. ბოლო კვირებია, საკუთარ ტელეგრამარხსა და საავტორო გადაცემაში ის ჰყვება, როგორ ერევა დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში.
თურმე “ქართულმა ოცნებამ” რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნაზე უარი თქვა და ამიტომაც ახლა დასავლეთი “ქართული ოცნების” ჩამოგდებას ცდილობს.
სოლოვიოვი არც იმას მალავს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან აქვს კავშირი.
15 მაისის გადაცემაში პროპაგანდისტებმა დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს. გაიმეორეს ისიც, რომ “ქართული ოცნება” ამერიკული კანონის შერბილებულ ვერსიას იღებს.
გადაცემის კიდევ ერთი თემა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდასხმა იყო. მაგრამ სოლოვიოვმა და მისმა სტუმრებმა მოახერხეს და ისიც “აგენტების კანონის” წინააღმდეგ ქართველების პროტესტს მიაბეს.
დასავლეთი საქართველოს დასჯის?
15 მაისს, სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს სამი ტყვია ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ჩინტულა ამბობს, რომ პრემიერს მისი პოლიტიკური პოზიციის გამო დაესხა თავს - ფიცო უკრაინაში იარაღის გაგზავნას ეწინააღმდეგება.
ეს სასჯელია, რომელიც ფიცოსთვის დასავლურმა სპეცსამსახურებმა გაამზადეს, - ამტკიცებს სოლოვიოვის გადაცემაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა.
საქართველოც დაისჯება იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს, და თავს იცავს უცხოური გავლენისგან - ეს ზახაროვას კომენტარია დასავლელი პოლიტიკოსების დაპირებაზე, სანქციები დაუწესონ “აგენტების შესახებ" კანონის ავტორებს.
“რამე გაბედა ქართულმა საზოგადოებამ ისეთი, რაც იქამდე სხვებს არ უქნიათ? არაფერიც. საქართველომაც გაიმეორა 60-ზე მეტი ქვეყნის გამოცდილება”, - თქვა მან.
ზახაროვას არ დავიწყებია პროპაგანდის კიდევ ერთი ნარატივიც, რომ ქართული კანონი “ამერიკულ და ევროპულ ანალოგებზე გაცილებით რბილია”.
რბილი ძალა მუშაობს
გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი, რუსეთის პარლამენტის დეპუტატი, ანდრეი ლუგოვოი იყო. მას დიდი ბრიტანეთი რუსული დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ადანაშაულებს.
ლუგოვოი კმაყოფილი ჩანდა საქართველოს მთავრობის პოზიციით და ამბობდა, რომ კრემლის რბილი ძალის პოლიტიკამ საქართველოში შედეგი გამოიღო.
“ის რასაც საქართველოს ვუკეთებდით ბოლო 5-7 წლის მანძილზე, ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. ის ეკონომიკურად შევაბით. 2023 წელს საქართველოში თითქმის მილიონ-ნახევარი რუსი ტურისტი შევიდა”, - თქვა მან.
ლუგოვოიმ დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლება “აზრზე მოდის” და მართალია, “ქართული ოცნება” “პრორუსული” არაა, მაგრამ არც “ანტირუსული” ჰგონია.
“თუკი ახლა ძალაუფლებას დათმობენ, ესე იგი ოქტომბერში [არჩევნებში] სხვები გაიმარჯვებენ. და მაშინ საქართველოს გამოიყენებენ, როგორც სამხედრო საძირკველს რუსეთის წინააღმდეგ”.
სოლოვიოვის ქართული კავშირები
გადაცემის წამყვანი იმაზე ალაპარაკდა, რომ კავშირზეა საქართველოსთან.
სოლოვიოვის თქმით, მისი თანამოსაუბრე წუხდა, რომ “სააქართველოში 20 ათასი ენჯეოა”.
“ძალადობრივი” დემონსტრაციები “აგენტების კანონის” წინააღმდეგ, სოლოვიოვის მტკიცებით, სწორედ დასავლეთის მოწყობილია.
“ადამიანები გამოდიან და ისეთ რამეს აკეთებენ, რისთვისაც ამერიკაში დიდი ხნით ციხეში აღმოჩნდებიან. ევროპა კი მათ მხარს უჭერს. ეს ორმაგი სტანდარტებიც აღარაა”, - თქვა სოლოვიოვმა. ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, რას აშავებენ საქართველოში აქციების მონაწილეები.
სოლოვიოვის კიდევ ერთი განცხადება კი ქართულმა მედიამ აიტაცა. მან თქვა, თითქოს უბრალოდ პოლიტიკოსი კი არა, არამედ პარლამენტის წევრი დაჰპირდა, რომ რუს ოპოზიციონერებს ქვეყნიდან გაყრიან.
“რელოკანტები პრობლემებს ქმნიან. დღეს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს ველაპარაკე. მითხრა, მათ ქვეყნიდან გავაძევებთ, იმიტომ, რომ აქტიურად გამოდიან ენჯეოების მხარდასაჭერადო”, - თქვა სოლოვიოვმა.
ფორუმი