„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შექმნას „აგენტების კანონის“ გამო დაწყებული საპროტესტო მოძრაობის აქტივისტების „მონაცემთა ბაზა“ და "მორალური შეფასებისთვის" გამოაქვეყნოს, მკვლევრებს გასული საუკუნის მძიმე მოვლენებს ახსენებს - "დიდი ტერორის", "ხალხის მტრების" და „შავი სიების“ ეპოქას.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ სიაში შეიყვანს "ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული" ადამიანების გარდა მათ, ვინც "ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".
ხელისუფლება არ აზუსტებს, ეხება თუ არა ეს იდეა მათ, ვინც ბოლო დღეებში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს და მათი ოჯახის წევრებს ტელეფონით შეურაცხყოფას აყენებენ, ემუქრებიან, თავს ესხმიან და სასტიკად უსწორდებიან, სახლებთან და ოფისებთან პლაკატებს უკრავენ წარწერებიით - "ერის მტერი", "გაყიდული აგენტები" და უზიანებენ ქონებას.
გეშინია?
„მეშინია მხოლოდ ჩემი შვილების გამო - რამე არ დაუშავონ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნატო* [ორი ვაჟის დედა], რომელიც, შვილებთან ერთად დადის „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე. ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება - შექმნას პროტესტის მხარდამჭერთა სიები, ძალადობას გაზრდის; მაგრამ საუბრისას იმასაც აზუსტებს, რომ „ეს მაინც ის შიში არ არის, რომელსაც შეჩერება შეუძლია“ - „ამათ [შვილებს] მაინც ვერ გავაჩერებ - არ გვინდა რუსეთში გაღვიძება“.
„სად ვიყიდო წიწაკის სპრეი?“ - ნატოსთვისაც აქტუალურია შეკითხვა, რომელზეც პასუხს ბევრი ადამიანი ეძებს სოციალურ ქსელებში მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში, გაურკვეველმა პირებმა ფიზიკურად იძალადეს „აგენტების კანონის” მოწინააღმდეგე ადამიანებზე - საპროტესტო აქციაზე თუ საკუთარ სახლებთან.
ფეისბუკის ჯგუფებში, ადამიანები ერთმანეთს რჩევებს უზიარებენ - „არ ვარგა ზეთოვანი წიწაკის გელი“, „გამოწერა ჯობია“ და ასე შემდეგ. სოციალურ ქსელებში განიხილავენ იმასაც, რა უფრო გამოსადეგი იქნება თავდამსხმელის შესაჩერებლად - წიწაკის სპრეი თუ ელექტროშოკი; თვალებში ქვიშის შეყრა აჯობებს თუ შავი პილპილის. ამბობენ, რომ გაზრდილი საფრთხეებისთვის უბრალოდ - უკეთესად სურთ მომზადება.
8 მაისს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს. სამივეს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ. არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. შს სამინისტრომ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. თავდასხმები 9 მაისსაც გაგრძელდა.
„არა, არ მაქვს შიში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიდევ ერთი დედა, რომელიც, ოჯახთან ერთად, აქციებზე სიარულის შეწყვეტას არ აპირებს.
„იცით, რას ვფიქრობ მე?! ამ ყველაფერმა, ძალადობამ, პირიქით ის გვაჩვენა, რომ ეს ყველაფერი თუ გაუვიდათ, მერე მთლად სასწაულს იზამენ და პირიქით, უფრო მობილიზებულად, უფრო მეტმა უნდა ვიბრძოლოთ“, - ეკა* ამბობს, რომ 11 მაისს დაგეგმილ აქციაზე თავადაც წავა და ეცდება მეტი ადამიანი წაიყვანოს თან.
(*ეკამ და ნატომ მაინც ამჯობინეს, რომ გვარები საჯაროდ არ გაამხილონ.)
ბუნებრივი რეაქცია და ეროვნული გამოცდილება
ფსიქოლოგი მაია ცირამუა საფრთხეზე რეაგირების სამ ტიპს იხსენებს - „გაქცევა, გაშეშება და შებრძოლება“ - არ გამორიცხავს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი შეშინდეს და ჩამოეცალოს საპროტესტო პროცესებს - თუმცა, მსჯელობისას, უფრო საქართველოს ახლო წარსულის გამოცდილებას ეყრდნობა და გვეუბნება, რომ „შიშის დათესვის იარაღი“ ამ შემთხვევაში არ იმუშავებს.
„მაქვს განცდა, რომ ამ პროცესებით ჩვენს იმდენად ღრმა ჭრილობებს შეეხნენ, ისეთი რამ გააღვიძეს ადამიანებში - რაც მართლაც კავშირშია ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან და ტკივილებთან და ამის შიშით ჩახშობა ვეღარ მოხდება... ჯერ კიდევ ცოცხლად ახსოვთ ჩვენი თაობის ადამიანებს, თუნდაც 9 აპრილი, როცა უამრავი გასაჭირი გადავიტანეთ და ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, რომ გადაგვერჩინა ეს ქვეყანა, საკუთარი ოჯახები“, - ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ „სადაც არის ღრმა ტკივილი, იქვე არის გადარჩენის ძალაც“.
მაია ცირამუა ამბობს ასევე, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილება თაობებმა ერთმანეთს გადასცეს და სწორედ აქედან მოდის ახალგაზრდების შემართება და ბრძოლისუნარიანობა.
„ყველა ადამიანი, რომელიც აზროვნებს ადეკვატურად, ყველა ხვდება რასა და რას შორის გვაქვს ახლა არჩევანი - დავუბრუნდეთ ისევ ძველ, საბჭოთა სისტემას, სადაც ერის იდენტობა იყო საფრთხის ქვეშ თუ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, სადაც ადამიანი არის მთავარი ფიგურა თავისი უფლებებით“, - დღეს შექმნილ დაძაბულ სიტუაციას ცირამუა თვლის ხელისუფლების ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად, რომ სამოქალაქო საზოგადოებისგან „მტრის ხატი“ შექმნილიყო.
„ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ“, - 9 მაისს „აგენტების კანონის“ სამიზნე ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ უკვე ამოქმედდა ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს [რუსთაველის გამზირზე რეგიონებიდან ჩამოყვანილი პარტიული აქტივისტების და საჯარო მოსამსახურეთა წინაშე] „დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები“ და „ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა“; მაგრამ „საქართველო რუსეთი არ არის“.
„ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ“, - ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მზად არიან, ყველა დაზარალებულს გაუწიონ სამართლებრივი დახმარება.
"აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებზე თავდასხმის ფაქტებზე მსჯელობისას „ქართული ოცნება“ ხელს ოპოზიციისკენ იშვერს.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალადობის ეს ფაქტები მმართველ პარტიას არ აძლევს ხელს და ორგანიზატორები „ყველაფერზე წამსვლელი რადიკალური ოპოზიციის“ რიგებშია მოსაძებნი.
„ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი, არა მარტო ცემაზე, მკვლელობაზეა წამსვლელი და მათ ეს არ შეეშლებათ. ათასჯერ აქვთ განხორციელებული... შეიძლება ყველა არა, მაგრამ გარკვეული ჯგუფი არსებობს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია მოხდეს, მით უმეტეს, ამ 11 მაისის შეხვედრის წინ“, - ამბობს გია ვოლსკი.
11 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები მორიგ მასშტაბურ აქციას გეგმავენ.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სწორედ ოპონენტების მხრიდან ძალადობის შემცირების მიზნით დაგეგმა ახალი „მონაცემთა ბაზის“ შექმნა, რომელიც ოპონენტებს ძალადობის წახალისებად მიაჩნიათ.
რისთვის იქმნება „ოცნების“ სია?
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა 8 მაისს აცნობა: შედგება „მონაცემთა ბაზა“, სადაც შევა ყველა ის პირი - „რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“ - რეალობაში თუ ვირტუალურ სამყაროში.
მიზანი ასეთია:
- „საზოგადოება ჩამოიყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით“;
- „ყველამ საკუთარ სიტყვებზე უნდა აგოს პასუხი“.
„როდესაც ხდება ზეწოლა ადამიანებზე, შანტაჟი, მათი ოჯახის წვერებზე შანტაჟი, რომელიც სისხლისსამართლებრივ განზომილებაში არ ჯდება და აქ მნიშვნელოვანია მორალური შეფასება და ადამიანებმა უნდა შეაფასონ მორალურად“, - განმარტა პაპუაშვილმა. ის ამბობს, რომ, მათ შორის - სოციალურ ქსელში დაწერილი მოსაზრებები - „არ არის ოთახში ნათქვამი სიტყვები“.
„ოცნების“ გეგმით, სია შეიქმნება: პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და „იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის“. რას ნიშნავს პარტიული სტრუქტურების გამოყენება მონაცემების შეგროვებაში, პაპუაშვილს არ დაუზუსტებია.
ძალადობას არ წაახალისებსო, - უპასუხა ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას შალვა პაპუაშვილმა. მისი ლოგიკაა, რომ სიის პოტენციური წევრები მოსაზრებებს მაინც საჯაროდ გამოხატავენ და „დაე, საზოგადოებამ ნახოს ერთ ადგილას, გამჭვირვალედ, - ვინც მათზე მორალურად ძალადობს“. მან თავი აარიდა შეკითხვას - შევლენ თუ არა ამ სიაში ადამიანები, რომლებიც „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებზე ძალადობენ.
შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ, „ხალხის ძალის“ ტელევიზიის - „POSTV“-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ თავის ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ შექმნა ტელეგრამარხი - „ამხილე“, სადაც სულ მალე - „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე კონკრეტული პირების ფოტოები, მისამართები და პირადი ნომრები დაიდო. ჟურნალისტი თავის სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს კომენტარების „სქრინებს“ და მიმართავს, მაგალითად - აქციების მხარდამჭერ პედაგოგებს, რომ ისინი დახურულ ჯგუფებშიც ჩანან.
„არის! შედეგი გამოიღო ჩვენმა შრომამ!“, „ჩვენი დაწყებული საქმე გაგრძელდება უკვე დიდი მასშტაბებით და ყველას სახე, სახელი და მონაცემი ეცოდინება მთელს ქვეყანას!“, - დაწერა ჟურნალისტმა, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ.
ისტორიის გაკვეთილებიდან
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება - შექმნას „აგენტების კანონის“ გამო დაწყებული პროტესტის მონაწილეთა „მონაცემთა ბაზა“ და მორალური განკითხვისთვის გამოაქვეყნოს - მკვლევრებს უახლესი ისტორიის მძიმე ფურცლებს ახსენებს.
„ეს ჰგავს, და ამით არის კარიკატურული და ამაზრზენი, [გასული საუკუნის ] 20-იანი და 30-იანი წლების პირველი ნახევრის პრაქტიკას, როდესაც არსებობდა ე.წ. შავი სიები - რაც სინამდვილეში იყო ხმის უფლებაჩამორთმეულთა სიები. ეს სიები დგებოდა ყველა ქალაქისა და სოფლის დონეზე... ეს იყო ტიპური ტოტალიტარული, რუსული გაგებით კლასობრივი თეორიის ვულგარული მიდგომა, რომელიც მოსახლეობის ნაწილს არასრულფასოვან მოქალაქეებად ასაღებდა“, - საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ლაპარაკობს ადამიანებზე, რომლებსაც ჰქონდათ კერძო ბიზნესი, წარმოადგენდნენ ყოფილ თავადაზნაურობას და პირველი რესპუბლიკის დროს სახელმწიფო სამსახურში მუშაობდნენ.
ამის შემდეგ, ვითარება სულ უფრო მძიმდება და „დიდი ტერორისკენ“ მიდის.
„ამ „შავ სიებში“ შესული ადამიანების უმრავლესობა, რა თქმა უნდა, თანდათან, 20-იან და 30-იან წლებში მიმდინარე წმენდების და რეპრესიების ფარგლებში გაანადგურეს - ისინი დააპატიმრეს, დახვრიტეს, გადაასახლეს და გადარჩენილთა მნიშვნელოვანი ნაწილი შემდეგ უკვე - „დიდი ტერორის“ დროს, 1937-38 წლებში ანდა შემდგომ პერიოდში, 40-იანი წლებშიც“, - გვიყვება მკვლევარი.
„ქართული ოცნების“ მიერ სიის შედგენის ინიციატივის გახმაურების შემდეგ, ბევრმა გაიხსენა საბჭოთა დასმენების პრაქტიკა და ე.წ. მორალის პოლიცია.
ირაკლი ხვადაგიანის განმარტებით, ამ სახელწოდების ორგანო საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდა, თუმცა - ეს სახელი განასახიერებს საბჭოთა სისტემის ბუნებას - როცა უშიშროება ფარულად აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - კონკრეტულ პირებს „საჩვენებელ განკიცხვას“ უწყობდნენ.
მკვლევარი იმასაც იხსენებს, რომ გასული საუკუნის 60-70-80-იან წლებში, პროტესტის რესურსის მქონე ჯანმრთელ ადამიანებს იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას უტარებდნენ - რაც მათ ანადგურებდა.
„ეს არის ბუნება ტოტალიტარული რეჟიმების და მათი მემკვიდრე თუ მიმბაძველი რეჟიმები, ადრე თუ გვიან, შეიძლება მივიდნენ ნებისმიერი ასეთი მეთოდის გამოყენებაზე“, - გვეუბნება საბჭოთა წარსულის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი.
ფორუმი