Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპრესიების დაწყების მცდელობა - ოპოზიცია "ქართული ოცნების" მონაცემთა ბაზას აფასებს


"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე დემონსტრანტების მიერ პარლამენტის შენობაზე დატოვებული წარწერა. 29 აპრილი, 2024 წელი
"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე დემონსტრანტების მიერ პარლამენტის შენობაზე დატოვებული წარწერა. 29 აპრილი, 2024 წელი

რეპრესიების დაწყების მცდელობად აფასებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” გეგმას, შექმნას “მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების მონაცემთა ბაზა”.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, “ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა 'კაგებეს' მეთოდი. წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა”. რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ "ყოველგვარი საზღვრები გადალახა", რაც ემსახურება ხელისუფლების შენარჩუნების მიზანს.

დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, თუ აქამდე პერსონალური მონაცემები ჰქონდა „ქართული ოცნების" ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც სატელეფონო ზარებით ცდილობდა ფსიქოლოგიური იერიშის მიტანას „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეებზე, „ახლა ამ სიის მეშვეობით კიდევ უფრო გაზრდის წრეს. ეს არის საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა, ეს ხომ ბოლო ჟამის ქრონიკაა?!“

გუშინ, 7 მაისს, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც "აგენტების კანონის" გაწვევის მოთხოვნით გამოდიან, ამბობდნენ, რომ უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავდნენ და აგინებდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, “მაშინ, როდესაც დღეს მთავარი მოძალადე არის სახელმწიფო, სახელმწიფოსგან, მმართველი პარტიისგან დაქირავებული 'ზონდერები' და 'ბანდები' დათარეშობენ თბილისის ქუჩებში და ძალადობენ ახალგაზრდებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე… შალვა პაპუაშვილის კიდევ აქეთ ბრალდებები არის მორიგი მანიპულაცია.“

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის თქმით, “ეს არის მანიპულაციის მცდელობა“, რომლის მიზანიც არის ის, რომ არ წავიდეს ხალხი აქციაზე იმის შიშით, რომ შალვა პაპუაშვილი "შეიყვანს რაღაც მოძალადეების სიაში“.

პარტია "ახლის" წარმომადგენლის ნიკა გვარამიას განცხადებით, "რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს არის 1937 წელი, არის ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა, ეს არის შავი სიის შექმნა, მტრების სიის შექმნა, რომელის ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, როგორც ჩანს მიუქსევენ ადამიანებს, როგორც ჩანს"

სახიფათოდ მიაჩნია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს იმგვარი სიის არსებობს, რომლის შექმნასაც "ქართული ოცნება" აპირებს.

"ვიცით, როგორ მუშაობს ასეთი სისტემა რუსეთში, სადაც კონკრეტული ადამიანები და ასეთი ბევრია, რომლებიც ციხეებში სხედან ფეისბუკზე "ლაიკების" და "შეარების" გამო".

პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ბესიკ დონაძის თქმით, "ქართული ოცნება" თავის აქტივს, კოორდინატორებს დაავალებს "მის სამეზობლოში, მის უბანში მცხოვრები ადამიანები დაასმინოს, ანუ ე.წ. დანოსი მიიტანონ ადამინებზე ვინც ეწინააღმდეგებიან "ქართულ ოცნებას", ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ანუ შალვა პაპუაშვილმა უბნის კოორდინატორები დღეს გამოაცხადა უბნის აგენტებად".

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 8 მაისს, განაცხადა, რომ პარტიული სტრუქტურების მეშვეობით დაიწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, "რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს". შალვა პაპუაშვილის თქმით, "ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის."

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“ იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG