Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების ბაზას შექმნის


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის სტრუქტურების მეშვეობით დაიწყება ყველა იმ ადამიანის მონაცემთა ბაზის შექმნა "რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".

პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის."

"ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულებს, ადმინისტრაციულ გადაცდომებს, ამაზე შესაბამის ორგანოებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ, თქვა შალვა პაპუაშვილმა, რომლის განმარტებითაც, არის "შემთხვევები ვერბალური ძალადობისა, მუქარისა და შანტაჟისა, რასაც არ აქვს სისხლისსამართლებრივი განზომილება" და არის განზომილება, "როდესაც ხდება ზეწოლა ადამიანებზე, შანტაჟი, მათი ოჯახის წვერებზე შანტაჟი, რომელიც სისხლისსამართლებრივ განზომილებაში არ ჯდება და აქ მნიშვნელოვანია მორალური შეფასება და ადამიანებმა უნდა შეაფასონ მორალურად."

მაშინ, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებია, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბაზის შექმნის მიზანია, საზოგადოებამ შეაფასოს "მორალური ტერორი, რომელსაც ახლა 'ნაციონალური მოძრაობა' ცდილობს თავის ჯგუფთან ერთად."

„ვფიქრობ, რომ ადამიანები, რასაც საჯარო განცხადებებში ერიდებიან, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებებიც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს, სოციალურ ქსელში მათ მიერ ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ. აღქმა აქვთ ჩამოყალიბებული, რომ ეს არის კერძო საუბარი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის ოთახში ნათქვამი მათი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე. ამიტომ, როდესაც საზოგადოებას ამაზე რეაქცია ექნება, ამ საკითხების მორალური შეფასება, თავისთავად უკვე ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებსა და განცხადებებს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებამდე, დღეს, 8 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება ქვეყანაში თითქოს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების” საფრთხეზე, საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე.

გუშინ კი, 7 მაისს, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც "აგენტების კანონის" გაწვევის მოთხოვნით გამოდიან, ამბობდნენ, რომ უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავდნენ და აგინებდნენ.

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“ იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

რეპრესიების დაწყების მცდელობად აფასებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” გეგმას შექმნას “მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების მონაცემთა ბაზა”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG