თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები - სიძულვილის კამპანია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების და "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებს უპირისპირდება.
"ერის მტრები", "ბოლშევიკები", "ფულზე გაყიდულები", "გრანტებით გაზრდილი აგენტურა" - ეს არის იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც პოსტერებზე კონკრეტული ადამიანების ფოტოების გასწვრივ წერია. გამოყენებულია ჰომოფობიური და უცენზურო ტერმინებიც.
პოსტერებთან ერთად, საღებავით არის ასევე დაწერილი "აგენტები", "ერის მტერი". ეს უკანასკნელი წარწერა სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს თავის ავტომობილზე დახვდა 9 მაისის დილას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მანქანა ნატა ფერაძის შეურაცხმყოფელი წარწერების გასაკეთებლად გამოიყენეს მისმა მოწინააღმდეგეებმა - 2022 წლის ოქტომბერში ნატა ფერაძის მანქანის დაზიანებაში მონაწილე პირები შსს-ს ამ დრომდე არ ჰყავს ნაპოვნი.
სიძულვილის კამპანიის სამიზნეები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" და სხვა ორგანიზაციები. მათ ოფისებთან გაკრულ პოსტერებზე მათი წარმომადგენლების ფოტოებია გამოტანილი.
9 მაისის დღის 12 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ.
"8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა - ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასოდეს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი", - ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც შეახსენებენ, რომ მზად არიან ყველა დაზარალებულს გაუწიონ სამართლებრივი დახმარება და გააგრძელონ ბრძოლა ევროპული მომავლის დასაცავად.
ეს არ არის სიძულვილის კამპანიის პირველი შემთხვევა, რომელიც ორგანიზებულად და, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან კოორდინირებულად იმართება საქართველოში. სხვადასხვა დროს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტებელი ბილბორდები და ბანერები გამოჩენილა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე პოლიტიკური კრიზისებისას და ხალხმრავალი გამოსვლებისას.
ამჯერად სიძულვილის კამპანიის ნაწილია ხელისუფლებისთვის მიუღებელ მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები დაშინებისა და შეურაცხყოფის მიზნით, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორება ოპონენტებსა და აქტიურ მოქალაქეებზე.
ფორუმი