Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრექსიტი“ დასრულდა! გაუმარჯოს „პოსტბრექსიტს“


ლონდონში „ბრექსიტის“ დასრულებას აღნიშნავენ
ლონდონში „ბრექსიტის“ დასრულებას აღნიშნავენ

ბრიუსელში, ევროკავშირის შენობის წინ, 31 იანვარს ჩამოიხსნა ბრიტანეთის დროშა, რითაც ფორმალურად დასრულდება კავშირში ბრიტანეთის ყოფნის ორმოცდაშვიდწლიანი ისტორია.

ამის შემდეგ დაიწყება გარდამავალი პერიოდი, „პოსტბრექსიტი“, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გასტანს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ, რაც, კერძოდ, ვაჭრობასა და საზღვარზე მიმოსვლას შეეხება, უწინდებურად გაგრძელდება.

1973-დან მისი წევრი სახელმწიფოს გასვლა ევროკავშირიდან, ანუ „ბრექსიტი“, გადაწყდა დიდ ბრიტანეთში 2016 წელს გამართული რეფერენდუმის შედეგად, რომელშიც მონაწილეთა უმრავლესობამ, 52 პროცენტმა, დაუჭირა მხარი ევროკავშირიდან გასვლას. 48 %-ს შეადგენდა ევროკავშირში დამრჩენთა, ანუ „რიმაინერთა“, რაოდენობა.

თავდაპირველად „ბრექსიტისათვის“ განისაზღვრა 2019 წლის 31 მარტი, მაგრამ ეს თარიღი რამდენჯერმე გადავადდა ბრიტანელი პარლამენტარების წინააღმდეგობის გამო, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისა და ევროკავშირს შორის მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას.

ევროკავშირის ლიდერთა ოპტიმიზმი და გაფრთხილება

ჩვენივე გამოცდილება გვასწავლის, რომ ჩვენს უნიკალურ გაერთიანებაში ყოფნას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ფუფუნებაში სიმარტოვეს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ბრექსიტის“ სამზე მეტწლიანი განქორწინების პერიოდის შემდეგ, 2020 წლის პირველი თებერვლიდან, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის უნდა დაიწყოს ახალი მოლაპარაკება პოსტბრექსიტული თანამშრომლობის შესახებ, რაც მოიცავს როგორც უსაფრთხოების, ისე ვაჭრობის საკითხებს.

ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირს საკუთარი ნებით ტოვებს მისი წევრი სახელმწიფო, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მომავალში ევროკავშირ-ბრიტანეთის თანამშრომლობა.

ევროკავშირის ისტორიაში ამ უპრეცედენტო ფაქტის მიუხედავად, კავშირის ლიდერები ცდილობენ შეინარჩუნონ ოპტიმიზმი და აცხადებენ, რომ 27-წევრიან ბლოკს შეუძლია ბრიტანეთის გარეშეც იოლად გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

„ჩვენივე გამოცდილება გვასწავლის, რომ ჩვენს უნიკალურ გაერთიანებაში ყოფნას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ფუფუნებაში სიმარტოვეს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, კავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციისა და ციფრული რევოლუციის საკითხებში.

თავიანთ ღია წერილში, რომელიც ევროპულ გაზეთებში გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ „გააკეთებენ ყველაფერს“ საიმისოდ, რომ ბრიტანეთთან ახალი ურთიერთობა წარმატებული იყოს.

მაგრამ სამმა ლიდერმა მკაფიოდ მიანიშნა ლონდონს, რომ ბრიტანეთს არ მიეცემა ევროკავშირის ბაზარზე წვდომა, ვიდრე ბოლომდე არ დაეთანხმება ბლოკის მიერ დაწესებულ შრომით, საგადასახადო და ეკოლოგიურ ნორმებს.

„წევრობის გარეშე შეუძლებელია წევრობისათვის არსებული უპირატესობების შენარჩუნება. ადამიანების თავისუფალი გადაადგილების გარეშე შეუძლებელი იქნება კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი მიმოქცევა“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპარლამენტის თავმჯდომარის, დავიდ-მარია სასოლის ერთობლივ სტატიაში.

„თვითდაზიანების უაზრო აქტი“

„პოსტბრექსიტის“ პერიოდში სხვა დიდი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. 1 თებერვლიდან ამა წლის დეკემბრის ბოლომდე, ვიდრე ლონდონი და ბრიუსელი ახალი შეთანხმების პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწევენ, ბრიტანელ მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს მიეცემათ ადაპტაციის პერიოდი.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი დამოუკიდებლობის დაწყებას.
ედ უიდკომი

ამასობაში მხარეებს მოუწევთ რთული მოლაპარაკებების გამართვა ვაჭრობის, საბაჟო რეგულაციების, თევზჭერის წესების, უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.

იმ დროს, როდესაც ლონდონის მიზანია „ნულოვანი ტარიფისა და ნულოვანი კვოტის“ შესახებ შეთანხმების მიღწევა, ბრიუსელი მოითხოვს, რომ ვაჭრობის სფეროში „დემპინგიც აუცილებლად გახდეს ნულოვანი“.

ანუ ევროკავშირის მოთხოვნაა, ბრიტანეთმა დაიცვას სტანდარტები და რეგულაციები, რაც უზრუნველყოფს პატიოსან კონკურენციას. მაგრამ ლონდონში აცხადებენ, რომ ბრიუსელი არ უნდა იყოს „წესების დამდგენი“, რის გამოც ბრიტანეთმა შესაძლოა უარყოს შეთავაზებული წესები.

„ბრექსიტის პარტიის“ წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში პარასკევს მხიარული შეძახილებით, ბრიტანეთის დროშების (იუნიონ ჯეკის) ფრიალითა და შოტლანდიური გუდასტვირის ჰანგზე დატოვეს ბრიუსელში მდებარე შენობა.

თანამედროვე ისტორიაში არც ერთ სახელმწიფოს არ ჩაუდენია თვითდაზიანების ასეთი უაზრო აქტი. ბრექსიტი კიდევ უფრო გააღარიბებს ბრიტანეთს.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი დამოუკიდებლობის დაწყებას“, - უთხრა მათმა წარმომადგენელმა, ენ უიდკომბმა, გარშემო მყოფ ხალხს, ვიდრე ბრიტანელ პარლამენტარებთან ერთად ლონდონისკენ მიმავალი „ევროსტარის“ მატარებლის ბაქნისკენ გაეშურებოდა.

უფრო მეტიც, მოელიან, რომ სამეფო ხაზინა მიმოქცევაში გაუშვებს 50 პენის ღირებულების მონეტას წარწერით: „მშვიდობა, აყვავება და მეგობრობა ყველა ხალხს შორის“. მონეტის მეორე მხარეზე ამოტვიფრული იქნება თარიღი - „2020 წლის 31 იანვარი“. მაგრამ ამ სიხარულს ყველა როდი იზიარებს.

„თანამედროვე ისტორიაში არც ერთ სახელმწიფოს არ ჩაუდენია თვითდაზიანების ასეთი უაზრო აქტი. ბრექსიტი კიდევ უფრო გააღარიბებს ბრიტანეთს, რასაც საკუთარი მთავრობის ანალიზიც აჩვენებს. მაგრამ დაკნინება რეალურად კიდევ უფრო დიდი იქნება. მისი ხმა საერთაშორისო არენაზე შესუსტდება და ძირი გამოეთხრება ბრიტანეთის, როგორც ღია და პერსპექტივაზე ორიენტირებული ქვეყნის, რეპუტაციას“, - წერს ირლანდიური მემარცხენე-ცენტრისტული გამოცემა „აირიშ ტაიმსი“.

24 იანვარს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლონდონში, ხოლო ევროკავშირისა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ბრიუსელში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.

პირველი თებერვლიდან, როდესაც დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად აღარ იქნება ევროკავშირის წევრი, ქვეყანას ასევე ჩამოერთმევა ხმის უფლება და ვეღარ მოახდენს გავლენას ევროკავშირის ინსტიტუტებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ევროკავშირიდან გამოსვლის კანონში ბრიტანეთმა შეიტანა ვალდებულება, რომ აღარ გააგრძელებს გარდამავალ პერიოდს 2020 წლის 31 დეკემბრის შემდეგ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG