Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული პრესა ბრიტანეთის მწვავე პოლიტიკურ კვირაზე


ბრიტანეთში კვლავ მწვავე პოლიტიკური დღეები დგას. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გეგმავს პარლამენტის ხუთი კვირით დათხოვნას, 3 სექტემბრიდან - 14 ოქტომბრამდე. ეს ძალიან ცოტა დროს უტოვებს პარლამენტარებს საიმისოდ, რომ დაამტკიცონ ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოსვლის საწინააღმდეგო კანონი. ამავე დროს, ვრცელდება ვარაუდი, რომ მთავრობა ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება, რათა „ბრექსიტის“ ოპონენტებს პარლამენტში საშუალება არ მისცეს გაიტანონ კანონი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს დაავალდებულებს გადადოს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა. რას წერს ევროპული პრესა ბრიტანეთში დამდგარ მწვავე პოლიტიკურ დღეებზე?

2 სექტემბერს საფრანგეთში გამომავალმა კოსერვატიული ორიენტაციის „ფიგარომ“ დაბეჭდა ბრიტანელი ისტორიკოსის, რობერტ ტომბსის, წერილი, რომელშიც ის ამბობს, რომ „პარლამენტი არ არის ყველაფერი“. ისტორიკოსი წერს: „დიახ, მართალია, რომ ბრიტანეთი საპარლამენტო დემოკრატიის აკვანი იყო, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ტერმინი ‘დემოკრატია’ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ‘საპარლამენტო’. ... ნუ დავივიწყებთ კრომველის ეპოქას! მაშინ პარლამენტი ხელში ჩაუვარდა რადიკალი პურიტანების რელიგიურ უმცირესობას. ის სრულიად მოშორებული იყო ხალხს. მაშინძალაუფლება კრომველმა ჩაიგდო ხელში, ღმერთის სახელით. დღეს ზოგიერთ ძალას სურს ძალაუფლებას ევროკავშირის სახელით დაეპატრონოს. .... პარლამენტი ყოველთვის არ ყოფილა დემოკრატიის გარანტი. მეტიც, ხშირად დემოკრატიული რეფორმები მისთვის ძალიან ნელი ტემპით ხდებოდა მისაღები“.

“ჯონსონი თავისი ქვეყნის ამაყ პოლიტიკურ ტრადიციებს აზიანებს“ - ასეთი მწვავე პათოსით გამოაქვეყნა წერილი დანიაში გამომავალმა ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის „ბერლინგსკემ“ 29 აგვისტოს. „ხალხის წარმომადგენლების ძალაუფლების შეკვეცა ნამდვილად არ არის დემოკრატიული გამოსავალი ბრექსიტის გორდიას კვანძისთვის. ამის ნაცვლად, ჯონსონს ახალი შეთანხმების მიღწევა უნდა ეცადა ბრექსიტზე და შემდეგ შედეგი პარლამენტისა და ელექტორატის წინაშე წარედგინა. გამოსავლის ამ პუტჩის ფორმით დაძალებით ის ბრიტანეთის დემოკრატიას უთხრის ძირს ... და ავტორიტარ პოლიტიკოსებს საშინელ პრეცედენტს უქმნის. თუ მსოფლიოს უძველესი დემოკრატიის პრემიერ-მინისტრს შეუძლია თავისთვის დისკომფორტული პარლამენტის დახურვა, მაშინ როგორ უნდა გავაკრიტიკოთ პუტინი ან ორბანი, როცა ისინიც უცებ იგივეს გაკეთებას მოისურვებენ?“

საბერძნეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „ეთნოსი“ 28 აგვისტოს წერდა, ჯონსონი ამ ნაბიჯებით, უბრალოდ, თავისივე სიტყვების ერთგული რჩებაო. „ეს არც ‘პუტჩია’, არც ‘სკანდალი’, არც ‘გადახვევა’. ყველაფერი, რაც კანონიერია, არ არის აუცილებელი მორალურადაც გამართლებული იყოს. თუკი ჯონსონმა პარლამენტის დათხოვნა გადაწყვიტა, ის ამას აკეთებს იმიტომ, რომ ბრიტანეთის კონსტიტუცია აძლევს ამის უფლებას. ... როგორც რადიკალი ევროსკეპტიკოსი (და ზოგიერთი მის ევროსკეპტიციზმს ხსნის ‘ევროკრატის’ შვილის სტატუსით ბრიუსელში გატარებული ბავშვობის უსიამოვნო წლებით), ჯონსონი ყოველთვის ამბობდა, რომ რადიკალური ფორმით განახორციელებდა ბრექსიტს. და ის სწორედ ამას აკეთებს ახლა ან, ყოველ შემთხვევაში, ამ პერსპექტივას სახიფათოდ უახლოვდება“.

„გახლეჩილი ოპოზიცია უძალოა“, - წერს 3 სექტემბერს გერმანიაში გამომავალი ყოველდღიური მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის „ფრანკფურტერ რუნდშაუ“, რომელიც ეჭვობს, რომ პარლამენტარებმა შეძლონ ბორის ჯონსონთან დაპირისპირების მოგება. „საამისოდ, მათ უნდა გაიტანონ კანონი, რომელიც ჯონსონს საშუალებას არ მისცემს ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე განახორციელოს ბრექსიტი. ეს არ იქნება ადვილი. პრემიერ-მინისტრს პარლამენტში კვლავ ჰყავს მცირე უმრავლესობა. ეს შეიცვლებოდა მაშინ, თუ ოპოზიცია ერთიან ფრონტს აჩვენებდა და რამდენიმე ძლიერ კონსერვატორს გადაიბირებდა. მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ოპოზიციამ ამგვარი გადატრიალება შეძლოს. და, როგორც ჩანს, ჯონსონი მიაღწევს თავის მიზანს. ეს სურათი არც შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ დემონსტრაციებს შეუცვლია“.

„სისტემის გიგანტური ჩავარდნა“ - ასე ასათაურებს ბრიტანეთში შექმნილ ვითარებას ავსტრიაში გამომავალი ლიბერალური გამოცემა „ვიენერ ცაიტუნგი“ 3 სექტემბერს. „ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჯონსონს არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძნელი წარმოსადგენია ბრიტანელების უმრავლესობამ ხმა ალტერნატივას მისცეს. ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი ძველი ყაიდის მემარცხენეა, რომელსაც ყოველთვის სწამდა, რომ ევროკავშირი, უბრალოდ, კაპიტალისტების ხელში არსებული მასალა იყო. მსოფლიოს უძველეს დემოკრატიას არ ძალუძს იმგვარი ალტერნატივის მოფიქრება, რომელიც უმრავლესობას მართავდა მაშინ, როცა მმართველი პარტია სისტემატურად ავლენს არაკომპეტენტურობას - და ეს ფაქტი, თავისთავად, სისტემის ჩავარდნის მასშტაბურობას აჩვენებს. ახლაც არჩევნები არ მოიტანს გამოსავალს, თუ ეს, უბრალოდ, ორ ბოროტებას შორის იქნება არჩევანი“.

ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის ყოველკვირეული „სპექტეიტორი“ 3 სექტემბრის ნომერში ჯონსონის „ტაქტიკურ თამაშებზე“ ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ჯონსონს სურს საზოგადოებას თავი წარუდგინოს როგორც ფიგურამ, „რომელიც ცდილობს ბრექსიტი განახორციელოს და, ამავდროულად, არასაჭირო არჩევნები თავიდან აიცილოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაიმართება. თუ ბრექსიტის შეთანხმების გარეშე განხორციელების მოწინააღმდეგეები - მეაბოხეები - შეძლებენ თავიანთი კანონის გატანას, არჩევნების დანიშვნა ძალიან რეალისტური ხდება. ჯონსონი, უბრალოდ, ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ ეს არ იქნება მისი ბრალი. 2017 წლის ვადამდელი არჩევნების შემდეგ, კონსერვატორებს აშინებს ბრძოლა და არ სურთ ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს თავად ცდილობდნენ არჩევნების დაჩქარებას“.

ჰოლანდიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „ვოლკსკრანტი“ 3 სექტემბერს წერს, რომ ვადამდელი არჩევნები ბრიტანეთის ოპოზიციას აშინებს. „მოულოდნელად, ლეიბორისტული ოპოზიცია გაცილებით უფრო ნაკლებ ენთუზიაზმს ავლენს ახალი არჩევნების პერსპექტივის მიმართ. მას არა მხოლოდ ჯონსონის გამარჯვება აშინებს, რაც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოსვლას უკვე პრაქტიკულად გარდაუვალს გახდის, არამედ ისიც, რომ ჯონსონმა არჩევნები შესაძლოა ბრექსიტისთვის დანიშნული ბოლო ვადის შემდეგ დანიშნოს. ... ამიტომაც, ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა ალიანსს ურჩევნია კონცენტრირდეს სასწრაფო წესით შემოღებულ კანონზე, რომელიც ევროკავშირიდან ქაოსურ გამოსვლას აღკვეთს. მათთვის არახელსაყრელია რისკზე წასვლა ვადამდელი არჩევნების სახით“.

XS
SM
MD
LG