ორშაბათს, 19 ივნისს, დაიწყო მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი, რომლითაც დასრულდება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა, ე.წ. ბრექსიტი. ამ პროცესის მთავარი ბიძგი იყო ერთი წლის წინ გამართული სახალხო რეფერენდუმი, რომელშიც ბრიტანეთის მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს კავშირის დატოვებას.
ორშაბათს ბრიუსელში გაიმართა ბრექსიტის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრის, დევიდ დევისისა და ამავე საკითხში ევროკავშირის წარმომადგენლის, მიშელ ბარნიეს შეხვედრა, რითიც ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები ევროპის კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თაობაზე.
საათი ჩაირთოო, განაცხადა ბარნიემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და მიანიშნა ხანგრძლივ და რთულ გზაზე, რომლის გავლაც მოუწევთ მხარეებს მომავალი ორი წლის განმავლობაში:
„დღეს შევთანხმდით თარიღებზე, შევთანხმდით ორგანიზებაზე და შევთანხმდით მოლაპარაკებებისთვის საჭირო პრიორიტეტებზე. პირველ რიგში, განვიხილავთ ყველაზე აუცილებელ საკითხებს. უნდა გავაქარწყლოთ ბრექსიტით გამოწვეული გაურკვევლობა. გვსურს დიდი ბრიტანეთის გასვლა მოწესრიგებულად მოხდეს. მეორე ეტაპზე სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს შევისწავლით.“
ბარნიეს თქმით, მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ იქნება მოლაპარაკებები სტრუქტურირებული. მან დააკონკრეტა, რომ თვეში ერთხელ ერთი კვირა დაეთმობა მოლაპარაკებებს, ხოლო შუალედები წინადადებების შემუშავებასა და ერთმანეთისთვის გაცნობას მოხმარდება.
დევიდ დევისმა კი ოპტიმიზმი გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები კარგ შედეგს გამოიღებს:
„კონსტრუქციული მიდგომა, რომელიც ორივე მხარემ გამოავლინა, დამაიმედებელია. ჩვენ მყარი საძირკველი ჩავუყარეთ ჩვენს მომავალ დისკუსიებს, რომელთა კალენდარი ამბიციურია, მაგრამ მისი განხორციელება სავსებით შესაძლებელია. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ორივე მხარეს გვსურს მივაღწიოთ საუკეთესო შესაძლებელ შედეგს და რაც შეიძლება, ძლიერ პარტნიორობას - ისეთს, რომელიც იმუშავებს დიდი ბრიტანეთისთვის და ევროკავშირისთვის“.
დევისის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მიმდინარე კვირაში გამოვა წინადადებით დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეების უფლებების თაობაზე, რაც საკვანძო მნიშვნელობის საკითხია ნებისმიერი სამომავლო შეთანხმებისთვის.
ამავე დროს მან დაადასტურა, რომ ბრიტანეთი დატოვებს ერთიან ბაზარს. დევისმა განმარტა, რომ ერთიანი ბაზრის, ასევე ევროკავშირთან საბაჟო კავშირის დატოვება აუცილებელია, რათა დიდმა ბრიტანეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები დადოს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან.
დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირს საბოლოოდ დატოვებს 2019 წლის მარტის ბოლოსთვის.
მიმდინარე წლის 29 მარტს ბრიტანეთის ხელისუფლებამ აამოქმედა ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფი, რის შედეგადაც დაიწყო პროცესი, რომელიც კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლით დასრულდება.
8 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტერეზა მეიზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მან შეარბილოს მთავრობის პოზიცია ბრექსიტის საკითხში და უპირატესობა მიანიჭოს ევროკავშირის ერთიან ბაზართან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას, სანაცვლოდ კი დათმოს იმიგრაციაზე კონტროლი.
თავად მეის პოლიტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არის მას შემდეგ, რაც მან არჩევნების შედეგად დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა.
ბრექსიტის პროცესმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიული დანაწევრება გამოიწვიოს. შოტლანდიამ შარშანდელ რეფერენდუმში ცალსახად დაუჭირა მხარი ევროკავშირში დარჩენას, ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთი ირლანდია კი შიშობს, რომ მყარი საზღვარი გაჩნდება მასა და ევროკავშირის წევრ ირლანდიას შორის.