Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უმასპინძლე საქართველოში“


ბათუმი
ბათუმი

პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი კომპონენტი, „უმასპინძლე საქართველოში", ამოქმედდება. ამის შესახებ ხელისუფლებამ მიმდინარე კვირას განაცხადა. ახალი კომპონენტის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა, ააშენოს ახალი სასტუმრო, გააფართოოს/გადააიარაღოს არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.

ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ტურიზმის ზრდის ხელშესაწყობად მიიღო, პარალელურად კი არსებული ტურისტული სტატისტიკა წარმოადგინა:

საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ 2016 წლის თებერვლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გაიზარდა იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაყვეს საქართველოში. ეს მონაცემი, წინა წლის თებერვალთან შედარებით, 19 %-ით არის გაზრდილი.

ორი თვის მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა იტალია (+29 %), საფრანგეთი (+29 %), დიდი ბრიტანეთი (+14 %), პოლონეთი (+12 %) და გერმანია (+7 %).

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორის შემოსვლა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან (+41.9 %), თურქეთიდან (+12.2 %), სომხეთიდან (+7.5 %), რუსეთიდან (+29.2 %) და უკრაინიდან (+23.5 %). ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ირანიდან (+80.1 %), ბელორუსიდან (+30.3 %) და ამერიკის შეერთებული შტატებიდან (+20.5 %).

2016 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და არარეგულარული რეისებით 141 843 მგზავრია გადაყვანილი. აღნიშნული მონაცემი 14,36 %-ით აღემატება 2015 წლის იანვრის მონაცემებს და თითქმის 15 %-ით მეტია 2014 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2015 წელს 33 ახალი რეისი და დანიშნულების ადგილი დაემატა არსებულ რეისებს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ერთი საერთაშირისო ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ 600 ლარს ხარჯავს.

2014 წელს ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა 1.8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, 2015 წლის პირველი სამი კვარტალის მონაცემებით კი, ტურისტულ მომსახურებათა ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2009-2014 წლების შუალედში ტურიზმის ექსპორტის საშუალო ყოველწლიური ზრდის მაჩვენებელი 27 %-ს შეადგენდა.

XS
SM
MD
LG